მეწყრის შედეგად დაკარგულთა შორის, სავარაუდოდ, 3 ბავშვია - კვირის პალიტრა

მეწყრის შედეგად დაკარგულთა შორის, სავარაუდოდ, 3 ბავშვია

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გეთ­ში რამდენიმე საათია, სამაშველო ჯგუფები შეუჩერებლად მუშაობენ. მაშველები მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, საკუთარი სახლის ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საუბარია, სავარაუდოდ, 6 ადამიანზე, მათ შორის სამი ბავშვია. ნაპოვნია სამი ცხედარი. ცოცხალი ამოიყვანეს მაშველებმა ერთი მამაკაცი.

„იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.

სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.

სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ: ტრაგედია ბაღდათში: საქართველოს სტიქია უტევს - დაღუპულია 3 ადამიანი, 6 მოქალაქეს ეძებენ. მიწის ქვეშ 4 სახლი მოჰყვა