"ტყუპი გოგონა და ერთი ბიჭია - ბავშვების დედა იტალიაშია სამუშაოდ წასული და მამასთან ერთად იყვნენ" - რას ჰყვება მერის წარმომადგენელი? - კვირის პალიტრა

"ტყუპი გოგონა და ერთი ბიჭია - ბავშვების დედა იტალიაშია სამუშაოდ წასული და მამასთან ერთად იყვნენ" - რას ჰყვება მერის წარმომადგენელი?

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა და სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. შემთხვევის ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე მაშველია მობილიზებული და ამ დრომდე დამეწყრილ სოფელში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ამ დროისთვის ნაპოვნია სამი ადამიანის ცხედარი, ერთი მოქალაქე მაშველებმა სამშვიდობოს გამოიყვანეს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. უცნობია 6 ადამიანის ადგილსამყოფელი, მათ შორის არიან არასრულწლოვნები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ისინი ცოცხლები ამოიყვანონ. დაკარგულებს შორის არის მამა და მისი სამი შვილი. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ისინი სახლიდან გამოსვლას ვერ შეძლებდნენ.

ჩვენ დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ ნერგეეთში. ბატონ გოჩა გოგოლაძეს. მას ძალიან გაუჭირდა ამ ამბავზე საუბარი.

გოჩა გოგოლაძე:

"არ ვიცი, რა უნდა გითხრათ, საშინელი მდგომარეობაა. ამ წუთას ვიპოვეთ კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალბატონი, მეოთხე დაღუპული ადამიანი. ვეძებთ კიდევ 5 ადამიანს, მათ შორის სამ არასრულწლოვანს. რობაქიძეების უბანში დატრიალდა ეს საშინელი ტრაგედია. ძალიან მძიმე სურათია, 4 სახლია მოყოლილი მეწყერში. მთა ჩამოწვა და ჩაიყოლა ეს სახლები, რომლებიც გვერდიგვერდ იყო. ამ ეტაპზე იძებნება 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ოჯახის 4 წევრი და კიდევ, მეორე ოჯახიდან მოხუცი ქალბატონი, გვარად უკლება. ცოტა ხნის წინ ვიპოვეთ დაკარგული მოხუცი ქალბატონის ცხედარი. ის ავთო რობაქიძის დედაა. თავად ავთო სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. სახლში იყო თავის ცოლ-შვილთან და დედასთან ერთად. მისი ოჯახის სამი წევრის ცხედარი ნაპოვნია. მისი ქალიშვილი მეორე კურსის სტუდენტი იყო. დედა-შვილი გარდაცვლილი ვიპოვეთ, ახლა ავთოს მოხუცი დედაც ნაპოვნია. კიდევ ერთი ასაკოვანი ქალბატონის ცხედარია ნაპოვნი. ანუ სულ 4 ადამიანი. ვეძებთ ასევე მამას თავის სამ არაჩვეულებრივ შვილთან ერთად. ისინიც რობაქიძეები არიან. ბავშვების დედა იტალიაშია სამუშაოდ არის წასული და ბავშვები მამასთან ერთად იყვნენ. საუკეთესო ბავშვები, სკოლის მოსწავლეები. ორი ტყუპი გოგონა და ერთი ბიჭი. ღმერთმა ქნას ცოცხლები იყვნენ, მაგრამ...

მიცვალებულები მაინც რომ ვნახოთ, კარგი იქნება. მთიანი ზონაა. მთა მოწყდა, იქვე მდინარე მიედინება და მდინარეშია სახლები ჩატანილი. საუბრის გაგრძელებას ვეღარ შევძლებ. ძალიან ცუდად ვარ".

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ნერგეეთის სკოლის დირექტორს, მანანა გურგენაძეს. მან დაგვიდასტურა, რომ მისი სკოლის სამი მოწავლეა მეწყერში მოყოლილი.

"არ ვიცი რა ვთქვა, იმედს არ ვკარგავთ. ჯერ არ არიან ნაპოვნი ბავშვები და მათი მამა. გამორჩეული ბავშვები არიან, ტყუპი დები მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან და მათი ძმა მეთერთმეტე კლასშია. დედ-მამამ გაზარდა ეს ბავშვები, არაჩვეულებრივები, რომლებსაც მოკითხვაც კი არ სჭირდებოდათ. ორი წელი იქნება, რაც დედა იტალიაში წავიდა სამუშაოდ და მამასთან იყვნენ ბავშვები. გია რობაქიძეა ბავშვების მამა, ძალიან კარგი ადამინი. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი ისეთ ემოციებში ვარ. ახლა მოვედი სკოლაში შემთხვევის ადგილიდან და ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.

"ორი სახლი მთლიანად მიწასთან არის გასწორებული, იმ ერთ სახლში მამა თავის 3 შვილთან ერთად იყო. ჯერჯერობით ვერ პოულობენ და ძალიან განვიცდით. იმედს არ ვკარგავთ, რომ ისინი ცოცხლები იქნებიან", - ამბობს ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განცხადება.

"იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 4 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 5 პირის მიმართ. სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს. სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, მისი თქმით, ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, რომელმაც ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიქცია. „ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და პირველ რიგში, მინდა დაღუპულების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ფაქტია, რომ ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია 4 საცხოვრებელი სახლი. თავიდანვე ვეძებდით 10 ადამიანს. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, რომელსაც შეუძლია ამ ლოკაციაზე იმუშაოს, ცოცხალი ძალა და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სამუშაოებს,“ - აცხადებს შალამბერიძე.

(სპეციალურად საიტისთვის)