მშვიდობის 2 ვარიანტი უკრაინაში და 108 წლისწინანდელი მოვლენების განვითარების საფრთხე - რას დათმობს ზელენსკი და რას დათანხმდება პუტინი?!
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ (The New York Times) 7 თებერვლის ნომერში სათაურით - „მშვიდობა უკრაინაში: როგორი შეიძლება იყოს სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის შესახებ“ (ავტორი - ჯულიან ბარნსი, ჟურნალისტი სპეცსამსახურებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში).
გასულ წელს უკრაინის კონტრშეტევა წარუმატებლად დასრულდა - რუსეთის თავდაცვის ხაზი უკრაინის არმიამ ვერ გაარღვია. ვაშინგტონში რესპუბლიკელები უკრაინისადმი დახმარებას ბლოკავენ. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს, პოსტიდან გაათავისუფლოს მთავარსარდალი, რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლება მისი პოლიტიკური მეტოქე გახდეს.
დღეს უკრაინისთვის ძალზე რთული და მძიმე დრო დგას. კიევისათვის კიდევ ერთი ასეთი პირდაპირი შეტევა მსგავსი იქნება 1916 წელს მომხდარი დრამატული მოვლენების, რომელმაც პირველ მსოფლიო ომში უამრავი მსხვერპლი გამოიწვია, მაგრამ ბრძოლის ველზე სიტუაცია არ შეცვლილა - მოწინააღმდეგეეები იმავე პოზიციაზე დარჩნენ.
დღეს საკითხი ისე დგას, რომ უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია, რაღაც წარმატებას მიაღწიოს. მე შევეცდები ავხსნა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს სიტუაციის დარეგულირება მოლაპარაკების გზით, მისი უკეთესი და უარესი ვარიანტებით. ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ უკრაინამ ან რუსეთმა მიმდინარე წელს შედარებით წარმატებულად განახორციელონ საომარი მოქმედებები, ვიდრე ამას ექსპერტები პროგნოზირებენ, მაგრამ 2024 წლის ყველაზე სავარაუდო შედეგი მაინც ჩიხური სიტუაციის შენარჩუნება იქნება. სწორედ ამ ჩიხის მიხედვით იქნება განსაზღვრული, თუ რით და როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი.
ვარიანტი პირველი: უკრაინის აწმყო
უკრაინას ტერიტორიების დაბრუნება სურს, მაგრამ საეჭვოა, რომ ეს მართლაც ასე იქნება. უკრაინელებს იმედი აქვთ, რომ რუსებს უკან დაახევინებენ, ისევე, როგორც 2022 წელს მოხდა, კიევთან, როგორც დაიბრუნეს ხერსონი და როგორც შეავიწროვეს რუსები ხარკოვთან. უკრაინის არმია ბრძოლებშია გამოწრთობილი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ის უფრო ძლიერია, ვიდრე რომელიმე ევროპული ქვეყნის არმია. უკრაინის ჯარი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ამერიკული და ნატოს ქვეყნების ტექნოლოგიითა და სტანდარტებით. არმია არ შედრკა და თავიდან აიცილა სწრაფი და სრული მარცხი, შეტევებს გაუძლო და რუსებს ქვეყნის მთავრობის დამხობის და კიევში კრემლის მარიონეტის დასმის შესაძლებლობა არ მისცა. ახლა ბევრი უკრაინელი ფიქრობს, რომ ნებისმიერი დათმობა რუსეთის მიმართ იმას ნიშნავს, რომ თანამემამულეები ომში ტყუილუბრალოდ დაიღუპნენ.
მაგრამ სიტუაციას რეალურად თუ შევაფასებთ, დავინახავთ, რომ მდგომარეობა ძალიან უღიმღამოდ და პირქუშად გამოიყურება. ქვეყანამ თავისი ტერიტორიის თითქმის მეხუთედი დაკარგა. 2014 წელს რუსეთმა საკანონმდებლო (მაგრამ არალეგიტიმურად) საფუძვლით მიიერთა ყირიმი და ხელი შეუწყო დონბასის სეპარატიზმს უკრაინისაგან, რომელიც საბოლოოდ ომში გადაიზარდა და მასაც ყირიმის ბედი ეწია.
უკრაინამ დაღუპულებისა და დაჭრილ-დასახიჩრებულების სახით ახალგაზრდების მთელი თაობა დაკარგა. უკრაინის არმიას აკლია საბრძოლო მასალები, სამხედრო აღჭურვილობა და სამხედრო რეზერვები. აქვს ქვემეხები, მაგრამ აკლია ჭურვები; აქვს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მაგრამ აკლია რაკეტები. მართალია, ევროკავშირმა ახლახანს დაამტკიცა 54-მილიარდიანი დახმარება, მაგრამ კიევის სამხედრო ძლიერებას, ძირითადად, ამერიკული დახმარება განაპირობებს, რომლის წინააღმდეგ რესპუბლიკელი კონგრესმენები გამოდიან. თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ თვით პროუკრაინულად განწყობილ კონგრესმენებს უჭირთ სიტუაციიდან გამოსავალის პოვნა და თეთრი სახლის ჩინოვნიკებს სთხოვენ, რაიმე იღონონ. კონგრესში უკრაინისადმი ფინანსური დახმარების საკითხი საზღვრის დაცვის პრობლემას მიება და დებატებში და კამათში „გაიჭედა“.
და თუ უკრაინა ვერ შეძლებს იმის მიღებას, რაც მას სურს და სჭირდება რუსეთზე გამარჯვებისათვის, როგორი შეთანხმების დადება შეიძლება ასეთ სიტუაციაში?
ვარიანტი მეორე: უკრაინის პერსპექტივა
ვლადიმერ პუტინს შეუძლია, დათანხმდეს ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მას დაუკანონებს იმ ტერიტორიას, რომელიც კრემლს ამჟამად აქვს ოკუპირებული. რუსეთი დათანხმდება უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს, რომელიც შეაჩერებს კიევის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. უკრაინელები ასეთ შეთანხმებას კაპიტულაციად თვლიან, მაგრამ აშშ-ის დამატებითი დახმარების გარეშე დარჩენილი უკრაინა იძულებული იქნება, ასეთ შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
უფრო მოგებიანი გარიგება უკრაინას შესაძლებლობას მისცემდა, დაებრუნებინა ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი მაინც - ამერიკისა და ევროკავშირის დაპირებით, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. ვლადიმერ პუტინი, თუ ის რაიმე ცუდს ჩაიფიქრებს უკრაინის მიმართ, იძულებული გახდება, მრავალჯერ აწონ-დაწონოს დაგეგმილი ნაბიჯის გადადგმა. ბუნებრივია, ამ სცენარით უკრაინის გაწევრება ნატოსა და ევროკავშირში გაჭიანურდება.
მაგრამ იმისათვის, რომ ასეთი შეთანხმება რეალურად განხორციელდეს, უკრაინამ უნდა გააგრძელოს თავისი არმიის გაძლიერების პროცესი - ისეთი არმია უნდა შექმნას, რომელიც რუსეთის ძლიერებას შეასუსტებს. ფაქტია, რომ რუსეთის არმიამ დიდი დანაკარგები განიცადა, მას მაღალტექნოლოგიური საბრძოლო ტექნიკა აღარ აქვს, მოდერნიზაციის პროცესი შეჩერდა. თუ აშშ-ის დახმარების 60-მილიარდიანი პაკეტი რეალიზებული იქნება, მაშინ უკრაინას შესაძლებლობა ექნება, უფრო გაბედულად მიაყენოს ძლიერი დარტყმები რუსეთს, ღრმა ზურგში. ასეთ ოპერაციებს კრემლი წონასწორობიდან გამოჰყავს.
მოკლედ რომ ვთქვათ, კონგრესის მიერ დამტკიცებული დახმარების მოცულობა შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს ცუდ და არცთუ ცუდ შეთანხმებას შორის. ამერიკელი კანონმდებლების გადაწყვეტილება უკრაინის პოზიციებს განამტკიცებდა მოლაპარაკების მაგიდასთან.
თუ ასე არ მოხდება, მაშინ ვლადიმერ პუტინი მართალი აღმოჩნდება თავის გათვლებში, რომ რუსეთი უფრო მეტხანს გაუძლებს, ვიდრე - დასავლეთი.
მოამზადა სიმონ კილაძემ