საიდუმლო ინფორმაცია, რომელზეც დასავლეთის სპეცსამსახურები ნადირობდნენ - რა ღირს სიკვდილის მანქანა?!
ყველაფერი ადრე თუ გვიან ცნობილი ხდება, მათ შორის - უკვე ყბადაღებული ირანული კამიკაძე-დრონების „შაჰიდების“ ის ფასიც, რომელზეც ლეგენდები დადიოდა...
Prana Network-ის დაჯგუფების ჰაკერებმა „გატეხეს“ ირანული კომპანია IRGC Sahara Thunder-ის სერვერი და ინტერნეტსივრცეში „ჩააგდეს“ თავის დროზე ძალზე გასაიდუმლოებული ის ინფორმაციები, რომლებზეც მთელი დასავლეთის სპეცსამსახურები ნადირობდნენ...
2022 წლის სექტემბრიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, სტაციონალური ობიექტების-სამხედრო აეროდრომების, იარაღის საწყობების, ქარხნებისა და, ასევე, საცხოვრებელი კორპუსების წინააღმდეგ აქტიურად დაიწყეს ახალი ტიპის კამიკაძე-დრონების გამოყენება, რომელთა დაბალ სიმაღლეზე ფრენას თან ახლდა სპეციფიკური ხმა, რომელიც მოტოციკლის ძრავის ხმას ძალზე წააგავდა...
უკრაინელმა სამხედროებმა მალევე დაადგინეს, რომ ეს ირანული წარმოების Shahed-136-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გახლდნენ, რომლებიც ოპერატორის მიერ დისტანციურად კი არ იმართებოდნენ, არამედ - ინერციული ნავიგაციური სისტემით, მასში წინასწარ შეყვანილი მარშრუტის საშუალებით, ხოლო ფრენის სიზუსტის კორექციას კი, დროდადრო, თანამგზავრული ნავიგაციის სისტემა ახდენდა.

მიუხედავად არცთუ დიდი სიზუსტისა და მისი დაზიანება/ჩამოგდების შედარებითი სიადვილისა, ირანულმა „შაჰიდებმა“ დიდი პრობლემები შეუქმნეს და ეხლაც უქმნიან უკრაინის საჰაერო თავდაცვას -ერთია, თუკი მორიგ „შაჰიდს“ საზენიტო ტყვიამფრქვევების ტყვიების ჯერებით ჩამოაგდებენ და მეორე - თუკი მის „დამიწებაზე“ ასე დეფიციტურ და, ამასთან, ძვირად ღირებულ საზენიტო რაკეტებს მიახარჯავენ...
აქამდე ითვლებოდა, რომ ირანული Shahed-136-ის თვითღირებულება 20 ათას დოლარს თუ უტოლდებოდა და მის ჩამოსაგდებად ერთი-ორი 100-200-ათასდოლარიანი საზენიტო რაკეტების გახარჯვა ძალზე დიდი ფუფუნება იქნებოდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის...
მაგრამ მას შემდეგ, რაც ჰაკერების ჯგუფმა ირან-რუსეთის საიდუმლო კომერციული გარიგებების დოკუმენტები მოიპარა და გაასაჯაროვა, ბევრი რამ სხვანაირად გამოჩნდა - თურმე, ირანმა რუსეთს Shahed-136-ის პირველადი გასაყიდი ფასი, არც მეტი და არც ნაკლები... 375 000 აშშ დოლარი დაუსახელა!

შემდგომი ვაჭრობის შედეგად ფასების კორექტირება მოხდა - 2 ათასი „შაჰიდის“ შეძენის შემთხვევა, მისი ერთი ეგზემპლარის ფასი 290 000 დოლარი იქნებოდა, ხოლო 6-ათასერთეულიანი პარტიის ყიდვისას კი ერთი „შაჰიდის“ ფასი 193 000 დოლარამდე ეცემოდა...
საბოლოო ჯამში, მოსკოვი თეირანს 6 ათასი Shahed-136-ის 1,75 მლრდ დოლარად შეძენაზე შეთანხმებია და თანხის ნაწილი ოქროთიც გადაუხადა.
გამოვიდა, რომ ირანმა, რომელსაც ერთი Shahed-136-ის წარმოების თვითღირებულება შეიძლება 19 ათასი დოლარიც კი არ უჯდება, ის "ოთუსბირად", ათჯერ ძვირად მიჰყიდა რუსეთს, რითაც კარგი ფინანსური მოგებაც ნახა.
თუმცა წაგებულად არც რუსეთი დარჩენილა, რადგან მისთვის, რომელიც ნავთობსა და ბუნებრივ აირს, მიუხედავად უამრავი საერთაშორისო სანქციისა, მაინც დიდი რაოდენობით ყიდის, 1,75 მლრდ დოლარი კრიტიკულ თანხას არ წარმოადგენს. სამაგიეროდ, რუსი ოკუპანტების არსენალში გამოჩნდა შეიარაღების ისეთი სახეობა, რომელიც მანამდე საერთოდ არ ჰქონდა და რომლის საშუალებითაც შეუძლია უკრაინის ქალაქების სისტემატური დაბომბვების განხორციელება.

მით უმეტეს, რომ რუსეთ-ირანის გარიგებაში შედიოდა ამ „შაჰიდების წარმოების ლოკალიზაცია, თავად რუსეთის ტერიტორიაზე, „ალაბუგის“ საწარმოში, თათრეთში, სადაც აწყობილ ირანულ Shahed-136-ებს უკვე Герань-2-ებად ნათლავენ.
„შაჰიდ/გერანის“ სერიული აწყობა (რუსეთში წელიწადში 100 ათასი ასეთი კამიკაძე-დრონის წარმოებას გეგმავენ), სავარაუდოდ, დიდ პრობლემებს არ წააწყდება, რადგან „შაჰიდში“ გამოყენებული დეტალები არ არის სამხედრო დანიშნულების (გარდა საბრძოლო ქობინისა) და მათი თავისუფლად შეძენა შეიძლება ამერიკის, ევროპისა თუ ჩინეთის სპეციალიზებულ მაღაზიებში, ხოლო კონსტრუქციის რიგი ნაწილების წარმოებას თავად რუსებიც გაართმევენ თავს.
მოსალოდნელია, რომ რუსი კონსტრუქტორები „გერანებს“ ოპტიკურ-ელექტრონული დამიზნების სიტემებს დაუყენებენ, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააძვირებს მათ ფასს, მაგრამ, სამაგიეროდ, ოპერატორს საშუალება ექნება, კამიკაძე „გერანი“ უკვე მოძრავ სამიზნეზეც ზუსტად მიმართოს...