„ზეცაში დარჩენილები“: სასიკვდილო „რეკორდული ფრენა“ - წინასწარი ვერსია:რას შეეძლო გამოეწვია ასურეთის ტრაგედია?!
ცის დამპყრობლები საუკუნების წინაც გმირებად ითვლებოდნენ, როდესაც ჯერ საჰაერო ბუშტებით, შემდეგ დირიჟაბლებით, თვითმფრინავებით შვეულმფრენებითა და კოსმოსური ხომალდებით აიჭრებოდნენ ჰაერში და ფრენის მთელ სიხარულს თავადაც იგემებდნენ და მგზავრებსაც გააზიარებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული და ასე რჩება დღესაც......რაც დღევანდელმა დიდმა ტრაგედიამაც დაგვიდასტურა-თითქოს არ გვეყოფოდა ის საშინელება, რაც სტიქიამ აჭარასა და ბაღადათის რაიონში დაატრიალა, როდესაც მეწყერმა ამდენი ადამიანი იმსხვერპლა, რომ 7 თებერვალს კიდევ ერთი ძალიან ცუდი ამბავი შეიტყო სრულიად საქართველომ-ფოთიდან კახეთისკენ გაფრენილი საჰაერო ბუშტი ასურეთთან მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს წამოეგო, ცეცხლი გაუჩნდა და მასში მსხდომი სამი ადამიანი ასე ტრაგიკულად დაიღუპა...
არადა, დილიდან სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა საინტერესო და ამასთან სასიხარულო ინფორმაცია-ქართველი და პოლონელი „ცისმფრენები“-რევაზ უთურგაური და კშიშტოფ ზააპარტი ერთ მგზავრთან, „იმედის“ ტელევიზიის ოპერატორთან მიშო ბიძინაშვილთან ერთად საჰაერო ბუშტით, რომელსაც საქართველოს ხუთჯვრიანი და პოლონეთის ორფერიანი დროშები ამშვენებდა, ფოთის სტადიონიდან აფრინდნენ და გეზი აღმოსავლეთ საქართველოსკენ აიღეს, ეს სატესტო ფრენა უნდა ყოფილიყო, რის შემდეგადაც იგივე ეკიპაჟი უკვე შორს, სარეკორდო გადაფრენას გეგმავდა...
საჰაერო ბუშტის ფრენის ასეთი მარშრუტი სრულად გასაგები გახლდათ, რადგან იმ საათებში 30-50 კმ/სთ სიჩქარის ქარი სწორედ ჩრდილო-დასავლეთის იყო, რომელსაც ეს საჰაერო ბუშტი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ უნდა გამოეფრინა...ასეც მოხდა, ბაკურიანის თავზე, შედარებით დაბალ სიმაღლეზე დაფიქსირებული იქნა ეს საჰაერო ბუშტი, რის შემდეგაც ეტყობა მალევე მოხდა კატასტროფა-საჰაერო ბუშტმა სიმაღლე დაკარგა, დაბლა ჩამოეშვა და წამოედო მაღალი ძაბვის სადენებს ასურეთთან...
ასურეთი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ზღვის დონიდან 760-800 მეტრზეა, რაც გადაულახავ სიმაღლეს არ წარმოადგენს, რაც აჩენს ეჭვს, რომ საჰაერო ბურთს უფრო რაიმე ტექნიკური პრობლემა გაუჩნდა, რამაც მას ფრენის სიმაღლე ასე კატასტროფულად დააკარგვინა...რევაზ უთურგაური Sky Travel-ის დამფუძნებელი დადირექტორი იყო-ეს ტურისტული ფირმა რამდენიმე წელია ყველა მსურველს საჰაერო ბუშტით თბილისიდან თელავისკენ გასეირნებას სთავაზობს, ხოლო თავად რევაზ უთურგაური ამ საქმის პიონერი გახლდათ და საჰაერო ბუშტით ქართულ ცაში აფრენა პირველად ჯერ კიდევ ოცი წლის წინ განახორციელა...
რა შეიძლება გამხდარიყო ამ ტრაგიკული საჰაერო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ან მიზეზები? საჰაერო ავარიისა (რომელსაც არ მოჰყვა მსხვერპლი) და ავიაკატასტროფის (რომლის შედეგადაც უშუალოდ საფრენი აპარატის ბორტზე ან მიწაზე 24 სთ-ის განმავლობაში ვინმე დაიღუპა) გამოძიებებისას, როგორც წესი სამ ძირითადგამომწვევ მიზეზს ასახელებენ თავიდანვე-ეკიპაჟისშეცდომა, საფრენი აპარატის ტექნიკური პრობლემა დართული მეტეოროლოგიური პირობები, თუმცა საავიაციო შემთხვევის გამომწვევი შეიძლება ზემოხსენებული ორი ან სულაც სამივე მიზეზიც კი გახდეს. სამწუხაროდ, გასულ წლებში უკვე ვიხილეთ არაერთი ტრაგედია, როდესაც ქართული ციდან სხვადასხვა მიზეზების გამო (მათ შორის საბრძოლო მოქმედებების დროსაც) თვითმფრინავები (მათ შორის სამგზავრო) და შვეულმფრენები ვარდებოდნენ და დიდ მსხვერპლთან გვქონდა საქმე. სხვათა შორის, მაღალი ძაბვის სადენებთან წამოდების შემთხვევებიც ყოფილა, ერთი-ორი შვეულმფრენი გადაგვირჩა, მაგრამ სამწუხაროდ კატასტროფით დამთავრდა თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადებული „იაკ-58“ ტიპის ბიზნეს კლასის თვითმფრინავის გამოცდა, როდესაც ერთადერთი შიდაწვის ძრავის გათიშვის შემდეგ მფრინავმა ოლეგ ცატიაშვილმა დაბლა დაშვებული თვითმფრინავი მარნეულში, თამარისსთან მაღალი ძაბვის ხაზს კი ააცილა, მაგრამ იქვე გამავალ სხვა,უფრო პატარა და ძნელად შესამჩნეევ ელექტროგადამცემ ხაზს კი ვეღარ აუარა გვერდი...
საჰაერო ბუშტი ისეთივე საფრენი აპარატია, როგორც თვითმფრინავი და შვეულმფრენი, ოღონდ მათზე ბევრად უფრო უხუცესი-ცხელი ჰაერით გავსებული ბუშტით ძმები მონგოლფიები ცაში პირველად ჯერ კიდევ 1783 წელს აფრინდენ-და ამასთანავე მას არ გააჩნია არავითარი ძრავა-არც შიდაწვის და არც რეაქტიული...თანამედროვე საჰაერო ბუშტის შევსება ხდება პროპანის გაზქურის გამოყენებით, როდესაც პროპანის დაწვის შემდეგ წარმოქმნილი თბილი ჰაერი ბუშტის შიგთავსში შეედინება - იმის გამო, რომ ცხელი ჰაერი ცივზე მსუბუქია, ხდება საჰაერო ბურთისა და მასზე ჩამოკიდებული გონდოლის აფრენა. საჰაერო ბუშტის დაბლა დასაშვებად „ცათმფრენი“-პილოტი სპეციალური სარქველიდან ნელ-ნელა გარეთ უშვებს თბილ ჰაერს, რის შემდეგაც საჰაერო ბუშტის ასაწევი ძალა მცირდება.გონდოლის ბორტებზე ჩამოკიდებულია ქვიშის ტომრები, რომლებიც ბალასტის როლს ასრულებენ-მათი ჩამოგდების შემდეგ საჰაერო ბუშტის მასა მცირდება და ის უფრო მაღლა ადის, რაც შეეხება ფრენის მიმართულებას-ამ შემთხვევაში საჰაერო ბუშტის გონდოლაში მყოფნი ფაქტობრივად მთლიანად ქარის მიმართულაბასა და სიჩქარეზე არიან მინდობილნი, თუმცა საჰაერო ბუშტის სიმაღლეზე ასვლისა ან დაშვების შემთხვევაში, ის შეიძლება სხვადასხვა დინების ქარში მოხვდეს და ამით შეიცვალოს ფრენის მიმართულებაც. საჰაერო ბუშტის მართვას დიდი პროფესიონალიზმი სჭირდება, რათა ძლიერმა ქარმა არ გაიტაცოს. ცალკე პრობლემას წარმოადგენს პროპანის აირის ბალონები დათავად ცეცხლის ის ალი, რომელიც პროპანის გაზქურიდან გამოიტყორცნება საჰაერო ბუშტის გარსის სიახლოვეს-ჰაერშიხანძრის გაჩენა კატასტროფის მომასწავლებელია...
პ.ს.საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრის თანახმად, კატასტროფაგანცდილი საჰაერო ბუშტი-აეროსტატი Cameron Z-315-ის ტიპის იყო, ის 2022 წელს გახლდათ გამოშვებული, ქართულ ცაში დაფრინავდა 4l-BAV სარეგისტრაციო(საბორტე) ნომრით(რეგისტრაციის თარიღი 13.12.2022) და ეკუთვნოდა პირადად რევაზ უთურგაურს, ხოლო შპს Sky Travel-ის ბალანსზე კიდევ სამი საჰაერო ბუშტი-აეროსტატი ირიცხება.