"თბილისში ვაშლიჯვარი ძალიან სახიფათო ზონად არის მიჩნეული... კავკასიონზე კიდევ არის მოსალოდნელი ცვლილებები" - რას ამბობენ სპეციალისტები მეწყერსაშიშ ზონებზე? - კვირის პალიტრა

"თბილისში ვაშლიჯვარი ძალიან სახიფათო ზონად არის მიჩნეული... კავკასიონზე კიდევ არის მოსალოდნელი ცვლილებები" - რას ამბობენ სპეციალისტები მეწყერსაშიშ ზონებზე?

უმძიმესია ბაღდათის სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიის შედეგები. დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. ტრაგედიის ადგილას ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გია რობაქიძის და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის ძებნა. მაშ­ვე­ლებ­მა მა­მი­სა და მისი სამი შვი­ლის - უფ­რო­სი ვა­ჟი­სა და ტყუ­პი გო­გო­ნე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.

"ქვეყანას უნდა ჰქონდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა. ჩვენ აღარ გვაქვს დრო, ბუნება საშუალებას არ მოგვცემს, რომ ამოვისუნთქოთ", - ამბობს "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის" საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, რომელმაც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დეტალურად ისაუბრა პრობლემის ირგვლივ და ცალსახად თქვა, საქართველოს ადრეული გაფრთხილების სისტემა რომ ჰქონოდა, მეწყერის ზონაში ადამიანებს დროულად გაასახლებდნენო.

"ერთადერთი პრევენცია, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს ასეთ დროს, ეს არის გაასახლოს მოსახლეობა იმ ზონიდან, სადაც საშიშროება არის. მით უფრო, განცხადებები მანამდეც კეთდებოდა, რომ ძალიან სერიოზული პრობლემებია აჭარა-თრიალეთის ქედთან მიმართებით. არის საუბარი იმაზე, რომ მცირე კავკასიონიც მოყოლილია ასეთ აქტიურ ზონაში. ჩვენ ზოგადად ვიცით, რომ ეს ყველაფერი უფრო და უფრო მეტად გააქტიურდება, იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილება გვაქვს სახეზე, იმიტომ, რომ უხვი ნალექი მოდის ერთ დღეში. ის, რაც 3 თვის განმავლობაში მოდიოდა. ამ შემთხვევაში, როცა ეროზირებული გაქვს ძალიან ბევრი მიწა, რა თქმა უნდა, ეს მოწყდება, თან რომ დააკვირდეთ კადრებს, ნახავთ, რომ ფერდის ზედა ნაწილი პრაქტიკულად მოცილებულია. ახალი ნერგებია, რამდენადაც ვხვდები, მანამდე ჭრას ექვემდებარებოდა, ადამიანის ძალიან დიდი ზემოქმედება ჰქონდა ფერდს და არავინ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო.

სამწუხაროდ, ჩვენ დღეს არანაირი წინასწარი გაფრთხილების სისტემა არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რომ ინფორმაციას აგზავნიან მუნიციპალიტეტებში. როგორც შოვის ტრაგედიაზე ვამბობდი, იქ წამკითხველები მაჩვენეთ, ვინც ამას კუთხლობს-თქო ან ვინც ამაზე ცალკე გადის, ცალკე მონიტორინგს აკეთებს, ცალკე აკვირდება, აფრთხილებს მოსახლეობას, მანახეთ ასეთი ხალხი. პრაქტიკულად ამის პოტენციალი ადგილებში, მუნიციპალიტეტებში არ არის. ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს სპეციალისტების მხრივ“, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

ჩხობაძის თქმით, სახელმწიფომ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნაზე უნდა იზრუნოს.

"უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, სადაც ვიცით, რომ რაღაც ხდება. თუ საფრთხის შემცველია, მაშინ წესით გამოჰყავთ სოფლიდან ადამიანები ან სპეციალური დამცავი ღონისძიებები ტარდება. კლიმატის ცვლილება გვაქვს სახეზე, უხვი ნალექი მოდის. ერთ დღეში, რაც მოვიდა არის ის, რაც მოდიოდა სამი თვის განმავლობაში. თოვლის სახით, რაც უნდა მოსულიყო, მოვიდა წვიმის სახით. ჩვენ არ გვაქვს დრო, არ მოგვცემს ბუნება ამოსუნთქვის საშუალებას. სისტემა რომ ყოფილიყო ეს ადამიანები დღეს ცოცხალი იქნებოდნენ. კავკასიონზე კიდევ არის მოსალოდნელი“, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

იგივე პოზიციაზეა სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი და ისიც მიიჩნევს, რომ სისტემების დამონტაჟება ასეთ დროს არის გამოსავალი მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად.

"პრევენცია უფრო ადრე უნდა დაიწყოს. ანგარიშებს ბოლო წლებისას გადავავლე თვალი. ეს სოფელი და მიმდებარე სოფელი უკიდურესად საშიშ ზონაშია შეტანილი. კონკრეტულად ამ მეწყერზე იყო საუბარი, თუ სხვა მეწყერზე რამდენჯერმე ნახსენებიც არის მეწყერი. ბაღდათის სოფლები ხშირად ხვდება საშიშ ზონაში. უხვი ნალექი იწვევს გააქტიურებას. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გააქტიურდება.. უფრო დეტალური კვლევა უნდა ჩატარდეს საშიშ ადგილებში. ბუნებრივი საფრთხეების შერბილება, თავიდან აცილება უნდა გადავიდეს ადგილობრივ ხელისუფლებაზე, მოსახლეობაზე. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილება. მთელ მსოფლიოშია კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე საფრთხები გაზრდილი და ყველა ამბობს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია. ადრეული გაფრთხილების სისტემა უნდა არსებობდეს. უამრავი ასეთი მეწყერია დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, ამ რეგიონში განსაკუთრებით, აჭარაში. სოფელში ყველამ უნდა იცოდეს რა კატასტროფებია მის საცხოვრებელ ადგილას მოსალოდნელი, რუკებიც დეტალური უნდა შედგეს. როცა 7- 10 წლის წინ საპილოტე პროგრამა განხორციელდა მაშინ არამარტო ის ადგილები მოიხაზა, სადაც მეწყერებია საშიში არამედ ისიც, სადაც ალბათობა იყო ამის... ძლიერი მიწისძვრა გაცილებით იშვიათად ხდება, მაგრამ ძლიერი მიწისძვრის დროს გაცილებით დიდი ფართობი ზიანდება და სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდია. მეწყერი ლოკალური მოვლენაა. ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ. მიწისძვრები მოხდება და ეს მეწყერული ზონები ყველგან დაიძვრება. როგორც რაჭის დროს მოხდა, ათასობით მეწყერი იყო და ამ მეწყერმა მიწისძვრაზე მეტი ზარალი მოიტანა და მსხვერპლი ყველაზე დიდი იყო. მთლიანად სოფელი დაიმარხა ასეთი მეწყერისგან. ბუნებირივ საფრთხეებზე ერთიანად ყველამ უნდა იცოდეს რა არის მოსალოდნელი... სადაც არის სისტემები იქ დაცულები არიან. ყველა უმაღლეს სასწავლებლებიც უნდა იყოს ამ პროცესებში ჩართული“, - ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი.

360 გრადუსის წამყვანის კითხვაზე თბილისში რომელი ადგილია საშიში, ვაშლიჯვარი დაასახელა და ისიც თქვა, თბილისში საშიში ზონების გაცნობა მოსახლეობას მერიის ოფიციალურ გვერდზე შეუძლიაო.

"მერიის საიტზეც დევს ეს რუკა და ყველას შეუძლია გაეცნოს. რუკა შეიქმნა 2017 წელს და ვაშლიჯვარი ძალიან სახიფათო ზონად არის მიჩნეული. თუ შესწავლილი იქნება, თანამედროვე ტექნოლოგიებით შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს. სამწუხაროდ, მშენებლობა წავიდა და მეწყერები წამოვიდა. მეწყერზე დაკვირვების სისტემა თუ გვექნება, მსგავს ტრაგედიებს ავიცილებთ“.