"ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე - ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო" - ირაკლი კობახიძე - კვირის პალიტრა

"ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე - ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო" - ირაკლი კობახიძე

ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად დაძლევა.

„დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის „ქართული ოცნება“ და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო.

საქართველოს მთავრობის საქმიანობა როგორც 2024 წელს, ისე 2025-2028 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისკენ და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა სამთავრობო პროგრამაზე და აღნიშნა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა ეფუძნება „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამას, რომელიც თავის დროზე მისი, როგორც საარჩევნო შტაბის უფროსის ხელმძღვანელობით დაიწერა.

„რაც შეეხება უშუალოდ სამთავრობო პროგრამას, ჩვენ მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა ეფუძნება „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამას, რომელიც თავის დროზე ჩემი, როგორც საარჩევნო შტაბის უფროსის ხელმძღვანელობით დაიწერა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობას ხელახლა უნდა გამოუცხადოს ნდობა „ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო პროგრამის საფუძველზე, ბუნებრივია, ჩვენ მიერ ახლად წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა მხოლოდ 10 - თვიან პერიოდს მოიცავს.

შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტი, არსებითად „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამითა და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ბოლომდე მიყვანას ითვალისწინებს, რომლებიც უკვე ბიუჯეტის დონეზეა გაწერილი.

იმავდროულად, დაიწყება მუშაობა „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამაზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამას დაედება საფუძვლად“, - აღნიშნა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"