"სტუდენტი გავთხოვდი, მეგონა, საყვარელ ადამიანთან ერთად, ბედნიერი ვიქნებოდი, მალე დავორსულდი კიდეც... მაგრამ რამდენიმე წლის მერე, კრიზისულ მომენტამდე მივედით"
საბერძნეთის ლამაზი კუნძულიდან შინ დაბრუნება და სოფელში მეურნეობის გაძღოლა
"ჩემი ცხოვრება ძალზე ცარიელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ უამრავი ადამიანი ტრიალებდა. ვცხოვრობდი და ვმუშაობდი საოცრად ლამაზ კუნძულზე, რომელსაც სანდორინი ჰქვია. იშვიათია ასეთი სილამაზისა და ისტორიის კუნძული... მონატრებამ მოსვენება დამაკარგვინა და როცა საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე, არა მგონია, იმ მომენტში ვინმე ჩემზე ბედნიერი თუ იქნებოდა", - ამბობს ნათია ჩიბუხაშვილი, რომელიც თავის რთულ, მაგრამ საინტერესო და შთამბეჭდავ ცხოვრებაზე გვიამბობს...
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ოჯახის შექმნამ მთელი ჩემი გეგმები თავდაყირა დააყენა... მესამე კურსის სტუდენტი გავთხოვდი. ჩემი მომავალი მეუღლე ძალიან მომწონდა და ვფიქრობდი, რომ მთელი ცხოვრება საყვარელ ადამიანთან ერთად, ბედნიერი ვიქნებოდი... თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მალე დავორსულდი კიდეც. მეოთხე კურსზე ვიყავი, პირველი შვილი - თამთა რომ შემეძინა. ჩვენს სადაქალოში პირველს მე მეყოლა ბავშვი და ყველას ძალიან უყვარდა. პრაქტიკებზე რომ დავდიოდი, პატარას ჩემი მეგობრების დედები იტოვებდნენ: ხან მზია დეიდას ჰყავდა, ხან - ნანი დეიდას. დღემდე მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც მეხმარებოდნენ, რომ როგორმე, სწავლა დამესრულებინა..."
"რამდენიმე წლის მერე მე და ჩემს მეუღლეს ურთიერთობაში პრობლემები შეგვექმნა. აზრთა სხვადასხვაობამ, საერთო ინტერესების არქონამ ურთიერთობის კრიზისულ მომენტამდე მიგვიყვანა და ამ ყველაფრის დასრულება გადავწყვიტე..."
"ემიგრაციაში გამგზავრება დავგეგმე, რადგან ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდი. ბავშვებს ბევრი რამ სჭიდებოდათ, ოჯახშიც პრობლემები გვქონდა და ერთადერთ საუკეთესო გამოსავალი სამშობლოდან ჩემი წასვლა იყო. გამიმართლა იმ მხრივ, რომ საბერძნეთში ძალიან კარგ და მეგობრულ გარემოში მოვხვდი. ჩემზე ზრუნავდნენ და მამხნევებდნენ..."
"ეს ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც რთული იყო, რადგან ჩვენ სულ ერთად ვიყავით, მანამდე ერთი ღამეც კი არ გაუთევიათ ჩემ გარეშე. დედაჩემმა ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მათ უჩემობა არ ეგრძნოთ, რისთვისაც მადლობელი ვარ... ძალიან რთული იყო შვილების გარეშე ცხოვრება, მაგრამ ვცდილობდი, თავი ხელში ამეყვანა და საქმეზე გადავრთულიყავი... ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემს გამოგზავნილ საჩუქრებს იღებდნენ..."
"ჩემს ჩამოსვლას პანდემია დაემთხვა, რამაც ჩემი სოფლის საქმეებისადმი უფრო დიდი ინტერესის გაღვივება განაპირობა. გადავწყვიტე, სოფლის მეურნეობის ყველა ის მიმართულება განმევითარებინა, რაც კი გვქონდა. იმ გაზაფხულზევე დავხანი მიწა და დავთესე იონჯა, საქონლისთვის საკვები რომ მქონოდა. ყველა ხბო დავიტოვე, რაც ძროხებმა გააჩინეს. დავრგე ხეები, რომელთა ნერგებშიც საკმაოდ ძვირი გადავიხადე, მაგრამ გამიხმა, რადგან სარწყავი წყალი ნაკვეთამდე ვერ ჩამოვიყვანე. გული კი დამწყდა, მაგრამ ვერაფერი ვუშველე..."
სტატიას წაიკითხავთ ჟურნალში "გზა", 8 თებერვლის ნომერში.
მანანა გაბრიჭიძე