"მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნოთ და თანახმა ვარ, პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთხელ შეიცვალოს..." - მორიგი "კარუსელი" თუ ცვლილება, რომელიც საქართველოს წინსვლას მოუტანს? - კვირის პალიტრა

"მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნოთ და თანახმა ვარ, პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთხელ შეიცვალოს..." - მორიგი "კარუსელი" თუ ცვლილება, რომელიც საქართველოს წინსვლას მოუტანს?

მორიგი "კარუსელი" თუ ცვლილება, რომელიც საქართველოს წინსვლას მოუტანს?

ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის სავარძელი ირაკლი კობახიძეს გადაულოცა, თვითონ კი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა. თანამდებობიდან წავიდა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც - ოპოზიციის მომხრეები ფიქრობენ, რომ ეს, მორიგი "კარუსელია", ხოლო "ოცნების" ელექტორატი მიმდინარე ცვლილებებს დადებითად აფასებს...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

სერგო ჩიხლაძე, პოლიტიკოსი:

"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი შეიცვლება. ღარიბაშვილი ერთი სკამით იქით გადაჯდება თუ პრემიერის სავარძელში დარჩება, ეს ჩვენს ცხოვრებას ვერ შეცვლის, მით უმეტეს, რომ მისი შემცვლელი - ირაკლი კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და ეკონომიკას ააყვავებს. ის არც ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის შესვლას დააჩქარებს. დავაკვირდეთ, რას აკეთებდა კობახიძე ბოლო წლების განმავლობაში: ის მედიასთან ხშირად საუბრობდა ბიძინა ივანიშვილზე, ოლიგარქის ფულზე, კაპიტალზე; დარდობდა, რომ მის მფარველს ფული არ დაეკარგა. ოდესმე სადმე თუ უმსჯელია საქართველოს მოქალაქეების სიღატაკეზე, ბავშვთა შიმშილსა და სიღარიბეზე, მოქალაქეთა ღირსეულ ანაზღაურებასა და სიღარიბის დაძლევაზე?.."

ნუგზარ კვაშალი, მომღერალი:

"ახალი პრემიერიც ისეთივე განათლებული და თავისი საქმის პროფესიონალია, როგორიც ძველი იყო. მოსახლეობისთვის მთავარია, ხელფასები და პენსიები გაიზარდოს, ფასები კი - შემცირდეს. ჩვენთან ევროპული ფასებია და პროდუქტი 4-5-ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მოსახლეობის შემოსავალი კი მწირია - აი, რაზე უნდა ვიფიქროთ და ვიდარდოთ. ევროპული ფასები თუ იქნება, მაშინ ანაზღაურებაც ევროპული უნდა იყოს... მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი მშვიდობაა. ჩვენ ირგვლივ ორი დიდი ომი მიმდინარეობს, ქალაქები და სოფლები იბომბება, საქართველოში კი სიმშვიდეა. მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნოთ და თანახმა ვარ, პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთხელ შეიცვალოს..."

სოფო ხორგუანი, კრიზის-მენეჯერი:

"ეს არ არის ცვლილება, ეს მხოლოდ გადაადგილებაა და იმას ემსახურება, რომ ძალაუფლება მეოთხედ შეინარჩუნონ. ხვალ და ზეგ რა იქნება, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ იციან. ყველამ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც გვარწმუნებდა, პრემიერი არ შეიცვლებაო, მაგრამ რამდენიმე დღეში შეიცვალა. ჩემთვის ეს ყველაზე მძიმე სანახავი იყო! იმ დღეებში დავრწმუნდი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ფორმალური პატივისცემაც კი არა აქვთ..."

ლადო კახაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი:

"ირაკლი ღარიბაშვილს დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან "ქართული ოცნების" მმართველობის 11 წლიდან, რვა წლის განმავლობაში საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა. ჯერ პრემიერი იყო, მერე 2 წელიწადი შსს-ს მინისტრი, მერე ისევ პრემიერ-მინისტრი გახლდათ ურთულეს წლებში, როცა ზოგიერთებს სურდათ, საქართველო ომში ჩართულიყო. სწორედ მისი პრინციპულობის გამო, ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადაწყდა. მხოლოდ კარგი უნდა ვთქვა ირაკლი კობახიძეზეც, რომელიც ინტელექტის, განათლებისა და წესიერების განსახიერებაა. ორივეს ერთი რამ აერთიანებს - თავისი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარული, ქვეყნის გამთლიანების სურვილი და საქმის ერთგულება..."

დეა მეტრეველი, კულტურის სფეროს მენეჯერი:

"როგორც ჩანს, მმართველ გუნდში ცვლილებები აუცილებელი იყო, ბიძინა ივანიშვილიც ამიტომ დაბრუნდა პოლიტიკაში და პრემიერიც ამიტომ შეცვალა. სამთავრობო "კარუსელის" მიზეზი ის იყო, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი მინიმუმამდეა დასული. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც თავადაც კარგად იციან. მმართველ გუნდში სერიოზული შიში აქვთ, რომ ოქტომბერში პოზიციებს დაკარგავენ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 8 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე