"სწამდა, რომ გამოძვრებოდა. განიცდიდა, რომ დროულად არ წავიდა თურქეთში სამკურნალოდ. საქართველოში ექიმებმა დრო დამაკარგვინეს და დიდი ზიანი მომაყენესო" - კვირის პალიტრა

"სწამდა, რომ გამოძვრებოდა. განიცდიდა, რომ დროულად არ წავიდა თურქეთში სამკურნალოდ. საქართველოში ექიმებმა დრო დამაკარგვინეს და დიდი ზიანი მომაყენესო"

8 თებერვალს, დილის 5 საათზე, მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი და ყოფილი პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი თურქეთში გარდაიცვალა. ის დიდი ხანი ებრძოდა ვერაგ დაავადებას. ბოლო დროს, თურქეთში მკურნალობდა. როგორც შევიტყვეთ, მისი ვაჟი, ლუკა უკვე გაფრინდა თურქეთში და სოსო ჯაჭვლიანს მალე ჩამოასვენებენ სამშობლოში. მას საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. 1958 წლის 5 ივნისს მესტიაში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა.

image-1707407102.jpg

"სვანეთში სახლი კი არა სახლები გვაქვს, ექვსი დედმამიშვილი ვართ... სვანეთზე ყველგან ისე ვსაუბრობ, ვინმემ რომ წაიკითხოს, იფიქრებს, უშბის ძირას ცხოვრობსო... სამწუხაროდ, სვანეთში ხშირად ვერ ჩავდივარ და ამაზე ძალიან გული მტკივა. სვანეთის მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ მეგულება, თორემ სად არ ვყოფილვარ და რა არ მინახავს", - ამბობდა ის "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ერთ- ერთ ინტერვიუში.

ბოლო წლები მძიმე დაავადებას ებრძოდა და ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. მისი მეგობრები ამბობდნენ, რომ თავს უკეთ გრძნობდა, ამიტომ ყველას მისი გამოჯანმრთელების იმედი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, დაავადებას ვერ მოერია. სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით. ყველა იხსენებს მის მიერ შესრულებულ როლებს, რომელიც მართლაც დაუვიწყარია.

espsdgdhgph-1707407178.png

კახა ბასილია, მეგობარი:

- მე და სოსო დიდი ხანია ვმეგობრობთ. ბოლოს ორი კვირის წინ ვესაუბრე ტელეფონით, სტამბოლში იყო, დიდხანს ვსაუბრობდით ხოლმე. შემართებით იყო. ჩემთვის მისი გარდაცვალება ძალიან დიდი გულისტკივილია. შესანიშნავი ადამიანი იყო, ძალიან ნიჭიერი, სამწუხაროა, რომ საქართველოში სათანადოდ არ არიან დაფასებულები ასეთი ადამიანები. სიკვდილის შემდეგ იწყებენ მათზე საუბარს და მათ გაღმერთებას. სოსოს კიდევ ბევრი რამ შეეძლო გაეკეთებინა თავისი შემოქმედებით არამარტო კულტურაში, არამედ, სპორტში, მაგრამ მას ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთეს. ნერვიულობდა ძალიან და ძალიან განიცადა ის, რაც ბოლოს სპორტის სამინისტრომ გაუკეთა... ამას არ იმსახურებდა. კაცს მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა დანიშნული მკლავჭიდში, საგარანტიო წერილი პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისგან მიიღო, ფული დახარჯა, მედლები შეუკვეთა და ამ ყველაფრის მიუხედავად, გაუკეთეს ის, რაც გაუკეთეს. თან როგორ ადამიანს, რომელსაც ამ ხელისუფლების მოყვანაში ლომის წილი ჰქონდა. ხალხი სოსო ჯაჭვლიანს და მის მსგავს ადამიანებს ენდო. ჩვენი ყველა საუბარი ამით მთავრდებოდა, სულ ამბობდა, რომ გულნატკენი იყო. ბოლოსაც რომ ვესაუბრე, მაშინაც მითხრა, რომ ძალიან ნაწყენი იყო ამ ყველაფერზე.

რა უნდა ვთქვა, უსამართლობა და უნიჭოების ზეიმია საქართველოში, ასე დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და ეს უნდა დასრულდესო, მეტყოდა ხოლმე.

natvris.jpg

ძალიან გული მწყდება, რომ სათანადოდ არ დააფასეს. სოსო ძალიან კარგი მეგობარი იყო. ჩვენ ბევრი პროექტი გვაქვს ერთად გაკეთებული და ყველა საქმეში სულს და გულს დებდა. ერთ-ერთი კარგი პროექტი 2010 წელს ჩავატარეთ "მის სპორტ საქართველო", უცებ მოვიდა ეს იდეა საუბრის დროს, შეიკრიბა კომისია და ჩავატარეთ. დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო სოსო. კარგ დონეზე გავაკეთეთ ყველაფერი და გვიხაროდა. კარგი ორგანიზატორი იყო, კარგი მეგობარი, რომელიც არ დაგზარდებოდა და თუ მისი მხარში დგომა დაგჭირდებოდა, მოვიდოდა და დაგიდგებოდა.

წარმოსადეგი გარეგნობის ბიჭი იყო, განათლებული და ფიზიკურადაც ძლიერი. ჩემი ხედვით, ქართველი მამაკაცის ეტალონი იყო. თუ ვინმეს გინდა უცხოეთში ქართველი მამაკაცის სახე აჩვენო, მე სოსოს ვაჩვენებდი. მისი შესრულებული როლები გამორჩეული იყო. ძალიან სხარტი აზროვნება ჰქონდა და ამის გამო სულ ვეხუმრებოდი, მე ვარ გურული, თუ შენ-მეთქი, გაიცინებდა და მეტყოდა, - გურიიდან ვართ მთაში წასულებიო. სულ ვეხუმრებოდი, სვანური კილოთი ვესაუბრებოდი და იღიმოდა. შესანიშნავი ადამიანი იყო.

277942438-498664501895132-5686283626873220502-n-1707406651.jpg
კახა ბასილია

ერთი, რაზეც მწყდება გული, ისაა, რომ ადამიანი წავიდა და თავისი გულისტკივილი თან წაიღო. როცა შენს საქმეს აკეთებ გულით და დაგეგმილის რეალიზებაში ხელოვნურად გიშლიან ხელს, ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი. უკვდავი არავინ ვართ, ყველანი წავალთ, მაგრამ სოსო ჯაჭვლიანი ასეთი გულნატკენი არ უნდა წასულიყო. ის ხომ საქართველოს სახე იყო. პოლიტიკოსები დღეს არიან და ხვალ არავის ემახსოვრება, სოსო ჯაჭვლიანი იყო, არის და იქნება მუდამ.

- მძიმე სენს ებრძოდა, როგორ იყო ბოლო დროს?

- ჩვენ ვსაუბრობდით მის დაავადებაზე, მაგრამ ეს პირადულია. იმასაც განიცდიდა, რომ დროულად არ წავიდა თურქეთში სამკურნალოდ. ამბობდა, საქართველოში ექიმებმა დრო დამაკარგვინეს და დიდი ზიანი მომაყენესო. ბოლოს კარგად გრძნობდა თავს. უფლის ნებაა, არავინ იცის, როგორ იქნება ადამიანი, მაგრამ მაინც სჯეროდა და სწამდა, რომ გამოძვრებოდა. ამბობდა, სანამ ჩვენს მისიას არ განვახორციელებთ, მანამდე ჩვენ არ წავალთ ამქვეყნიდანო.

სიკვდილზე არ ფიქრობდა.

როცა ომი დაიწყო უკრაინაში, მე მამხნევებდა. ნუ გეშინია, ყველანი სიკვდილის შვილები ვართო. მერე ეს დაავადება დაუდგინდა და ჩვენ მაინც მეომრები ვართო. ბოლომდე სჯეროდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა. ორივემ ძალიან განვიცადეთ ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალება. ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი იყო. დამირეკა და მან შემატყობინა ეს ამბავი, ამბობდა, ასეთი ახალგაზრდა როგორ წავიდაო, ჯამლეტი 77 წლის იყო, თვითონ სოსო 65 წლის წავიდა. ძალიან გულიანი კაცი და დიდი დანაკლისია მისი გარდაცვალება.

ბოლოს სულ თურქეთში იყო, რამდენიმე თვე საავადმყოფოში გაატარა. მთელი დღე მეგობრების მოკითხვაში იყო, დრო ასე გაჰყავდა. ბოლოს რომ ვესაუბრე, ძალიან მხნედ იყო და ამიტომ, ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის დღეს ამ ამბის გაგება.

ბოლოს, მესიჯი მივწერე რამდენიმე დღის წინ და არ მიპასუხა. ვიფიქრე, საქართველოში მიდის-მეთქი, მეც ფრონტის ხაზზე ვარ და მერე ისევ არ შევხმიანებივარ... რაც დრო გავა, რთული იქნება. ისეთი ხალხი მიდის, საქართველოს დიდი მამულიშვილები. ასეთი იყო ჯამლეტი, სოსო, მათ საერთაშორისო არენაზე გაჰქონდათ საქართველოს სახელი. ძალიან მძიმე დაკალისია სამეგობროსთვის.

საქართველოში არ ვარ და ჯერჯერობით ვერ ვაანალიზებ ჯამლეტ ხუხაშვილის სიკვდილს, რომ ჩამოვალ, ეს იქნება ისევ დიდი ტკივილის განახლება, ახლა სოსო წავიდა, ყველაფერი უფლის ნებაა... მე ერთი მწამს, რომ სოსოს აუცილებლად შევხვდები სასუფეველში. მანამდე ჩვენ, მისი სამეგობრო შევეცდებით მისი დაწყებული საქმე გავაგრძელოთ. ძალიან ღირსეული ადამიანი იყო და მეამაყება, რომ სოსო ჯაჭვლიანი ჩემი მეგობარი იყო.

okita_1.jpg

დავით ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი:

- სოსო არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და სამწუხაროა მისი გარდაცვალება. პირველ რიგში, კარგი ადამიანი იყო და მერე იყო კარგი მსახიობი. მისი როლები დაუვიწყარია, განსაკუთრებით დაუვიწყარი სახე შექმნა "ნატვრის ხეში". ორი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო მთავარ როლში - ლიკა ქავჟარაძე და სოსო ჯაჭვლიანი. ახალგაზრდა თაობამ უნდა იცოდეს ისინი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის.

ძალიან რთულია ბატონ სოსოზე დღეს წარსულში საუბარი და ერთი ვიცი, კინოში, სპორტში, პარლამენტში, ყველგან თავისი კვალი დატოვა. მე სულ ვკითხულობდი მის ამბავს, ვურეკავდი და ძალიან მხნედ იყო. ამიტომ, ყველას ძალიან გაგვიკვირდა დღეს ეს სამწუხარო ამბავი. თვითონაც ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ამბობდა, საქართველოში მალე ჩამოვალო და გვეგონა ქიმიამ შედეგი გამოიღო, მაგრამ ეს ისეთი ვერაგი დაავადება, რომ ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და დილის 5 საათზე გარდაიცვალა თურქეთში.

ახლა გადმოასვენებენ და პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. მე მასთან წლები მაკავშირებს. მე, ლიკა ქავჟარაძეს და სოსოს ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და ძალიან მატკინა გული.

soso-jachvliani-1703091994.jpg

თავად ბატონ სოსო ჯაჭვლიანს ძალიან უყვარდა კინოზე, ხელოვნებაზე საუბარი და ჟურნალისტებთან სიამოვნებით იხსენებდა როგორ აღმოჩნდა კინოში.

"რეზო გაბრიაძემ მომნახა და წამომიყვანა... შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი, როცა წარმოვიდგენ, სად ვიყავი და ახლა სად ვარ... წარმოიდგინეთ, რა ხალხში: სესილია თაყაიშვილი, კოტე დაუშვილი, გიორგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, გივი ბერიკაშვილი, ია ხობუა, სოფიკო ჭიაურელი და კიდევ რამდენი, არ მინდა ვინმემ გამომრჩეს..., - ამბობდა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში და იხსენებდა იმ დღეს, როცა ის პირველად შეხვდა რეზო გაბრიაძეს:

"ინსტიტუტში სწავლის დაწყებიდან ორ თვეში დავინახეთ, რომ ინსტიტუტში ვიღაც უცხოები მოვიდნენ... ჩვენი ფაკულტეტის დეკანი გახლდათ მაგარი ქალი - ზაირა ნათაძე. იგი ჩვენს აუდიტორიაში შემოვიდა და გვითხრა, კინოსტუდიიდან მოვიდნენ, წესიერად მოიქეცით, აქ შემოვლენ, ბიჭებს ეძებენ კინოში გადასაღებადო... გაერთიანებული ლექცია გვქონდა, დაახლოებით 150 სტუდენტი ვიყავი აუდიტორიაში... ამ დროს შემოვიდნენ ოთხნი: რეჟისორები - რეზო გაბრიაძე, ამირან დარსაველიძე, მიშა სიმხაევი, ოპერატორი - ლერი მაჩაიძე და ბიჭებს გვათვალიერებდნენ... მე და მალხაზ მერმანიშვილი იმ დროს სულ უკანა რიგებში ვისხედით. (მე და მალხაზ მემანიშვილი ამჯერად ნათელ-მირონები ვართ, მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, რომელიც შემდგომში მინსკის სახელით გამოდიოდა)...

მე და მალხაზი, როგორც მოგახსენეთ, უკან ვისხედით, ჩვენთვის ვმაიმუნობდით და წინა დღეს რომ ფილმი - „კარტუში“ ვნახეთ, სადაც ბელმონდო და კლაუდია კარდინალე მთავარ როლებს თამაშობდნენ, ამ ფილმს განვიხილავდით... დათვალიერებაზე დაახლოებით ათი კაცი აარჩიეს გაიყვანეს, იდგნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ... ის ბიჭი, წეღან რომ გარეთ ვნახეთ, ნეტავ სად არისო და ამ დროს უკანა რიგებში მე დამინახეს და აი, ეგერ ზისო... მე აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა და დამიძახეს, რომ იკრიჭები მანდ, შენც წამოდიო... მალხაზმა ხელი მომარტყა და მათ უთხრა, ეს სვანი ბელმონდოაო, ჟარგონის ენაზე რომ ვთქვათ, წაიღადავა... თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ენამ უყივლა. იმ დღიდან ოთხ წელიწადში რვა ფილმში გადამიღეს... ყველას ჰგონია, რომ გედია ჩემი პირველი როლი იყო...

ნაკლებად იციან მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „სიყვარულო ძალსა შენსა“... სამი ნოველა იყო და ერთ-ერთი ნოველა გახლდათ - „კავკასიური რომანსი“, სადაც მე და ლიკა მთავარ როლებს ვთამაშობდით... სინჯებზე დაახლოებით ორიათასამდე ახალგაზრდა ვიყავით, თურმე მთელი საქართველოს მასშტაბით იღებდნენ ფოტოებს და გმირს ეძებდნენ... ბოლოს დაახლოებით 30 ბიჭი აგვარჩიეს და კინოსტუდიაში წაგვიყვანეს. ეს ყველაფერი რამდენიმე კვირა გრძელდებოდა, მახსოვს, გაგვაფრთხილეს, თმა არ გადაიხოტროთო... დიღომში, ახალი კინოსტუდიის ბაზაზე თავლა იყო, სადაც დაახლოებით 80 ცხენი იყო... გვითხრეს, გვაინტერესებს, ცხენზე ვინ დაჯდებაო... მე ერთი ცხენი მომეწონა. „ნატვრის ხეში“ რომ ცხენი კვდება, აი, ის ცხენი იყო, რომელსაც „სატრაპი“ ერქვა... „სატრაპი“ სამი წლით ადრე ფილმში „მთვარის მოტაცება“ გადაიღეს, თარაშ ემხვარი რომ ზის თეთრ ცხენზე ამხედრებული. როგორც კი ცხენები გვაჩვენეს, მაშინვე ვიკითხე, თუ შეიძლება იმ თეთრ ცხენზე დავჯდე-მეთქი?.. რეზო გაბრიაძე და ამირან დარსაველიძეც იქ იყვნენ... დიდ სტადიონზე გავედი ცხენით, არც აღვირი გამიკეთებია (სვანეთში ცხენზე ჯირითის მეტი რა ვიცოდი) ფაფარში წავავლე ხელი და ისე მოვახტი ამ ცხენს... ცხენი გაიქცა და სადაც თავლა იყო, იქ სურდა შეშინებულს შევარდნა... სანამ შევარდებოდა, კარებში ცხენიდან გადმოვხტი და ჩვეულებრივად ფეხზე დავდექი. რეზო გაბრიაძე გაგიჟდა - აი ეგაა ჩვენი გმირი, მორჩა ვიპოვეთო...

natvris-xe-008-1676447508.jpg

ცხოვრებაში ხომ ყველაფერი სასწაულია და ძალიან მინდა ამ მოვლენებიდან სამი წლით უკან რომ დავბრუნდეთ და ერთ სასწაულზე გიამბოთ:

მე მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია და არც მიფიქრია... დაახლოებით მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, ჩემს ოთახში ჩიტი შემოფრინდა... ჩიტი რომ დავიჭირე, ამ დროს დედაჩემი შემოვიდა და იფიქრა არ მოკლასო, ამიტომ მითხრა, თუ სურვილს ჩაუთქვამ, ყველაფერი აგიხდებაო... ჩავუთქვი სურვილი და ეს ჩიტი მეორე დღესაც შემოფრინდა, რადგან იქ საკვები ეგულებოდა... დედაჩემმა რომ დაინახა, მითხრა, ეტყობა კარგად ვერ ჩაუთქვი სურვილი და კიდევ გაიმეორეო... ჩიტს ფეხზე ძაფი შემოვახვიე და ჩემდაუნებურად შემდეგი სურვილი ჩავუთქვი - კრისივით მაცხოვრე-თქო... ჩვენთან მესტიაში ფილმი „შესანიშნავი შვიდეული“ იყო ჩამოტანილი და ჩემი კლასელი, მეგობარი, აწ გარდაცვლილი -ემზარ გერლიანი სადღაც მეშვიდე-მერვე კლასში იყო და თან კინოს გამშვებად მუშაობდა... უმაგრესი ბიჭი იყო, სასწაული სპორტსმენი... სირბილში ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი ჭიდაობაში, სიმაღლეზე ხტომაში ჩემპიონი და სწავლაშიც ჩემპიონი, თან ტექნიკაშიც მაგრად ერკვეოდა. სრულიად უნივერსალი ტიპი...„შესანიშნავი შვიდეული“ რუსულ ენაზე იყო და ეს ფილმი რომ ვნახე გავგიჟდი იმდენად მომეწონა... მე და ემზარი შევდიოდით და მთელი ღამე ამ ფილმს ვატრიალებდით. რუსული არ ვიცოდი და წარმოიდგინეთ ჩემი ფავორიტი გმირის -კრისის ტექსტები რუსულად ზეპირად ვისწავლე და მომინდა კრისივით მეცხოვრა, სწორედ ეს სურვილი ჩავუთქვი ჩიტს... იმ მოკლემეტრაჟიან ფილმში ჩემი ბედი ფაქტობრივად რეზო გაბრიაძემ და მისმა ჯგუფმა გადაწყვიტა... მერე გოგოებს ეძებდნენ, არ ვიცი რამდენი გოგოდან მხოლოდ 30 დარჩა ბოლოს და იქიდან ვინ თუ არა ლიკა ქავჟარაძე აარჩიეს... მახსოვს, ძველი კინოსტუდიიდან ახალ კინოსტუდიაში მოვდიოდით და წინ რეზო გაბრიაძე, გვერდით ამირან დარსაველიძე ისხდნენ, უკანა სავარძელზე მე... რეზომ და ამირანმა ერთმანეთს გადახედეს, რეზომ თვალი ჩაუკრა და რეზომ მკითხა,, ახლა შენ როლზე დამტკიცებული ხარ, შენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და რომელი გოგო "გევასებაო"? ამ დროს თურმე ლიკა ჰყავდათ არჩეული და მე მხოლოდ მცდიდნენ... მე ვუთხარი, აი თმები რომ აქვს ასე-მეთქი და მივახვედრე რომ ლიკას ვგულისხმობდი. ვითომ არ ვიცოდი ლიკა რომ ერქვა... გამეხუმრნენ, შენ რადგან ეგრე თვლი, ჩათვალე, რომ ის როლზე დამტკიცებულიაო. ფილმის მიხედვით, ჩემი გმირი ევროპელია, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ცხენზეა ამხედრებული, ულამაზესი გოგო შეუყვარდება და მას რამდენჯერმე იტაცებს... ასე ვიტაცებდი ლიკას და სხვათა შორის, ეს ფილმი ძალიან მიყვარს!", - ამბობდა ის ამ ინტერვიუში და დასძინა:

"2012 წლამდე მქონდა აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება, მაგრამ ამისთვის მიშა სააკაშვილის მთავრობა კი არ მაფინანსებდა, ფინანსები თავად მოვიძიეთ... სამი ფილმი გადავიღეთ, მრავალ ფესტივალზე ვიყავით და საამაყო პრიზებიც ავიღეთ... ბოლო წლებში ყველაფერი გაიყინა... სცენარი მაქვს - „ვისია უშბა?“, რომელმაც უკვე მეშვიდეჯერ მიიღო მონაწილეობა კინოცენტრის კონკურსში და ბოლო კონკურსზე გაიმარჯვა კიდეც... გამარჯვება ყველამ მომილოცა და მეორე დღეს, გამარჯვებულად სხვები გამოაცხადეს... ასე ხდება, ასეთი უხერხემლო და უტვინო სიტუაციაა საქართველოში. ჯერ გილოცავენ და მერე სხვას აცხადებენ...მე ამ ფილმს მაინც გადავიღებ, მაგრამ ამათ გარეშე! ამათ ხელში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, თუ დაბლა არ გაეფინები... ამას კი სოსო ჯაჭვლიანი არასოდეს იკადრებს! სცენარი ვინც არ წაიკითხა, ყველა აღფრთოვანდა... დადეშქელიანმა რომ უშბა აჩუქა უცხოელ ქალს, ამ საოცარ ისტორიაზეა... ძალიან ხანმოკლეა ეს ცხოვრება და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, მერე დაიწყებენ თავის ქნევას, აფსუს, ეს ფილმი გადაეღოო... ლიკაზეც მქონდა სცენარი დაწერილი, ქალები რომ საზღვარგარეთ ცდილობენ წასვლას, ასეთ როლში...სცენარის მიხედვით მისი გმირი აეროპორტში რომ მიდის, მერე უკან ბრუნდება... არც ეს დააფინანსეს... 30 წელია წყალს ნაყავს საქართველო! 30 წელს რომ გადავცდი, ორმოცამდე ფილმში ვიყავი უკვე გადაღებული და რომ უნდა ავფრენილიყავი, იმის მერე სულ ჭაობში ვარ!"

jachvliani-1695817687.jpg
სოსო ჯაჭვლიანი და გია ბურჯანაძე კლინიკაში

სოსო ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია ათობით ფილმში, მათ შორის: „ნატვრის ხე“, „თეთრი ბაირაღები“, „ამაღლება“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“, „უძინართა მზე“, „ფესვები. ის იყო დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმების: „ჩემი პირველი სიყვარული“; „მანიაკები? ფანატიკები?“; „სვანი“; „მაიტა ნასოსი“.

რაც შეეხება მის მოღვაწეობას სპორტში, სოსო ჯაჭვლიანი 1998 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო 2018 წელს ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. ასევე, ჯაჭვლიანი იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016) - ის იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი 2012-2016 წლებში გახლდათ საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ - "რომ უნდა ავფრენილიყავი, იმის მერე სულ ჭაობში ვარ!"