რა მოხდებოდა, პატარკაციშვილისა და ჟვანიას ალიანსი ხელისუფლებაში რომ მოსულიყო და რა ბედი ელოდა სააკაშვილს - "გავიყვანოთ გაეროს გენმდივნად, რომ მოშორდეს ქვეყანას"
ძნელად წარმოსადგენია კიდევ სხვა ორ ადამიანს შორის არსებობდეს ისეთი ფუნდამენტური პიროვნულ–ფსიქოლოგიური განსხვავება, როგორიც ბადრი პატარკაციშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არსებობდა: ისინი სრული ანტიპოდები იყვნენ. ერთი ყველაფრის მნახველი, რომელმაც თავისი თავი თავად შექმნა და რომლის თავზედ „რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა “, მეორე – „დედიკოს ბიჭი“, რომელსაც უდავო ნიჭიერება–მოხერხებულობასთან ერთად, ყისმათიც მუდამ თან სდევდა.
რუსეთის პოლიტიკური „ჭადრაკის დაფაზე“, როცა ბორის ბერეზოვსკი სამთავრობო სფეროში კომბინაციებს ხლართავდა, პატარკაციშვილი კრიმინალურ სამყაროსთან „ალაგებდა საქმეს“. ბორისისა და ბადრის ქონება, როდესაც მილიარდ დოლარს გადასცდა, იმ დროს, ულტრალიბერალური იდეებით შეპყრობილი სააკაშვილი, უცხოეთიდან ჩაბნელებულ საქართველოში დაბრუნდა და პოლიტიკურ ველზე „ქარიშხალივით“ შეიჭრა. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უფრო ქოლერიკული (ფიცხი, ადვილად აღგზნებადი) ტიპია, ყოველ შემთხვევაში დაპატიმრებამდე ასეთი იყო, მეგალომანიის ნიშნებით უხვად „დახუნძლული“. ბადრი კი სანგვინიკური ტიპი იყო: რთული პრობლემების „კაცურად“ გადაჭრის მოყვარული. 2003 წლის 23 ნოემბრამდე პატარკაციშვილი საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში სერიოზულ „მოთამაშეებად“ მხოლოდ ედუარდ შევარდნაძეს, ზურაბ ჟვანიასა და ასლან აბაშიძეს თვლიდა, თუმცა მალევე დარწმუნდა, რომ ტყუილად არ აფასებდა სათანადოდ მიხეილ სააკაშვილის პოტენციალს. ამიტომაც იყო, რომ 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების წინ ახლობლების წრეში ბადრი ამბობდა: ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია თუ არ გაერთიანდებიან, მიშა მაგათ სათითაოდ „შეჭამსო“. მაშინ ჟვანიამ სააკაშვილთან უფრო გამონახა საერთო ენა და საარჩევნო
სიების კვოტებიც ერთად გადაინაწილეს. ამიტომაც იყო, რომ 2004 წლის 26 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ჟვანიას მიმართ განაწყენება არ დამალა. ამ სამეულიდან სახელმწიფო სტრუქტურების მართვის გამოცდილებით ვერც ბურჯანაძე დაიკვეხნიდა და ვერც სააკაშვილი. ამიტომაც იყო, რომ 2003 წლის დეკემბრიდან ტრაგიკულ გარდაცვალებამდე ჟვანიას უწევდა ქვეყნის საფინანსო–ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.
საქაართველოში აშშ–ის ყოფილი ელჩი რიჩარდ (დიკ) მაილსი „ვარდების რევოლუციიდან“ ოცი წლის შემდეგ, ერთ–ერთ ინტერვიუში იხსენებდა:
„გვიანი საღამო იყო, პიჟამა მეცვა და უკვე დაძინებას ვაპირებდი, როცა ტელეფონმა დარეკა. ზურაბ ჟვანია იყო. მეუბნება: დიკ, იცი, ხაზინაში შევიხედეთ. ცარიელია. შეგიძლია რამით გვიშველო? მე კიდევ ვეუბნები: ხომ იცი, არც კონგრესს და არც სენატს გულზე არ ეხატება, როდესაც პირდაპირ ფულის მიცემას სთხოვენ, ურჩევნიათ ექსპერტები გამოგიგზავნონ, ან კიდევ რაიმე აღჭურვილობა შეიძინონ, რაც გჭირდებათ, რადგან ასე ფული ისევ ამერიკაში რჩება... მეუბნება, ფული იმისთვის გვჭირდება, რომ პოლიციას და ჯარს ხელფასები მივცეთ. ოკ, ვეუბნები, მესმის, რა დღეშიც ხართ, ვეცდები, ვნახოთ, რა გამომივა... ავდექი და წავედი საელჩოში. ჯერ დავრეკე ვაშინგტონში, შემდეგ გზავნილი გავუშვი, ასე და ასე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ამ ხალხს ეს ფული მივცეთ, ჩვენ ამას bridging money-ს ვეძახით, ფული, რომელიც გადაუდებელი კრიზისის გადასალახად არის საჭირო. ცოტა ხანში ვაშინგტონიდან ჩამოვიდა მცირე, რამდენიმეკაციანი გუნდი, რომელსაც ერთობ გამოცდილი დიპლომატი ხელმძღვანელობდა. გაესაუბრნენ სხვადასხვა აქტორს, მათ შორის ქართველებს, რათა გაგვერკვია, მაინც რისი გაცემა შეგვეძლო. საბოლოო ჯამში, როგორც მახსოვს, დაახლოებით 20 მილიონი მივეცით მთავრობას, რათა ეს კრიზისი გადაელახათ . . . . ჟვანია ძალიან მეთოდური იყო, და ძალიან კარგი ორგანიზატორი, მას შემოჰქონდა წესრიგის ელემენტი ამ პროცესებში, რამდენადაც კი ეს შესაძლებელი იყო. (ციტატის დასასრული).
პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია ცდილობდა საქართველოში ბიზნესის „დაქოქვის“ საგადასახადო–ადმინისტრაციული წინაპირობების შექმნას, რასაც ბადრი პატარკაციშვილიც ადასტურებს ერეკლე კოდუასთან ლონდონში გამართულ „ფარულ საუბარში“ (სტილი უცვლელია) : ზურასი მჯეროდა აბსოლუტურად. ღამეები გვაქვს გათენებული ფიქრზე, იმაზე, როგორ ავაწყობდით ეკონომიკას, რას გავაკეთებდით . . . . 32%-მდე დავიყვანეთ ეს გადასახადები - დღგ და შემცირება და ა. შ. და ა. შ. ვეხვეწებოდი: შენი ჭირიმე, გავაკეთოთ ამნისტია-მეთქი, იმისთვის, რომ ბიზნესმა ამოისუნთქოს-მეთქი და ბიზნესი რომ ამოისუნთქებს, მერე უკვე ქვეყანა ეკონომიკურად სერიოზულად განვითარდება. .. . მერე იყო ეს ფონდების ამბავი, კაცო! შე დალოცვილო, მოდი, რა, რამდენი გჭირდება, მითხარი, რა! სულ ვეუბნებოდი: რა გჭირდება? რამდენი გჭირდება? მოდი, რაა, არ გინდა ეს ბიზნესის დატერორება. შეშინებული ბიზნესი ვერაფერს ვერ გაგიკეთებს მერე. ბიჭო, ვეუბნები...ზუსტად იმის მერე მივაფურთხე ყველაფერს, იმიტომ რომ მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, რა! . .. ნუ მერე წავიდა! წავიდა ჟვანიას მერე, ხომ? რა თქმა უნდა, სერიოზულად დავუპირისპირდით, ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ გაიყო, ფაქტიურად, ჩვენი გზები“.
ბუნებრივია ეს მოვლენები პატარკაციშვილის თვალითაა დანახული და სუბიექტურადაა აღქმული, თუმცა უმეტეს ნაწილში უნდა დავეთანხმოთ.
„ლონდონური საუბრიდან“ ბევრი სხვა საინტერესო დეტალიც ირკვევა. პოლიტიკოსისა და მილიარდერის დუეტი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თურმე მიხეილ სააკაშვილის მომავალ კარიერასაც განიხილავდა. პატარკაციშვილის სიტყვებით ჟვანიას აზრი იყო, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში „გაეშვათ გასაზრდელად“. აი რას ამბობს „ფარულ ჩანაწერში“ პატარკაციშვილი: „ ჟვანიას რა აზრი ჰქონდა, ფაქტიურად, მაგასთან დაკავშირებით? მაგასთან დაკავშირებით ჟვანიას ჰქონდა ერთი აზრი, რომ ჩვენ უნდა შევუქმნათ მაგას რაღაცა სისტემა, რომლითაც ეგ სადმე წავა, გაიზრდება, რა, რომ არ გვინდა ეგ… ეს იყო ჟვანიას აზრი, საწყალის, რა!.. აი, ასეთი პერსპექტივა ჰქონდა და რა, რომ მოდი, რაღაც შევუქმნათ მაგას იმისათვის, რომ გავიყვანოთ, ან გაეროს გენერალურ მდივნად, ან რაღაცა ისეთი მივცეთ, რომ მოშორდეს ქვეყანას! რომ მიაჩნდა, რომ ეგ არის ნამდვილად … რა. რაც მართალია, … იცოდა“.
2004 წელს პრემიერ–მინისტრისა და მილიარდერის ღია, თუ ფარული შეხვედრები პრეზიდენტის და მისი „გუნდის“ , რომელთაც ძალაუფლება შარბათივით უტკბებოდათ, სერიოზული შიშის მიზეზი ხდებოდა. დიდი ანალიტიკოსობა არ სჭირდებოდა იმის გათვლას, რომ ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური გამოცდილებისა და საერთაშორისო ავტორიტეტის, ბადრი პატარკაციშვილის ფინანსურ და საინფორმაციო რესურსებთან გაერთიანების შემთხვევაში ვერავინ შეძლებდა საქართველოში მათ დამარცხებას! თუ ისინი გაერთიანდებას მოასწრებდნენ.
2005 წლის 3 თებერვალ ზურაბ ჟვანია გამოაკლდა „ვარდების რევოლუციის ტრიუმვირატს“. პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძე „უჯარო გენერალივით“ გახლდათ და საქართველოს პოლიტიკურ სივრცე „ერთი მსახიობის თეატრად“ იქცა, უხილავი „რეჟისორებისა“ და „დრამატურგების“ მიერ მართულ მარიონეტების თეატრად. საქართველოს ახალგაზრდა და გამოუცდელ პრეზიდენტზე ზეგავლენის მოპოვების მსურველთა (როგორც ადგილობრივი, ასევ უცხოელი „მრჩევლების“) ნაკლებობა ნამდვილად არ იყო. რჩევა, თუ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება, რა თქმა უნდა მისაღებია. თუმცა, თუ პოლიტიკოსი ქოლერიკული ფსიქოტიპია, თანაც განდიდების მანიით, მაშინ მივიღებთ იმას, რაც „ჯორჯლანდიაში“ მოხდა 2005–2012 წლებში.
ვფიქრობ, რომ პატარკაციშვილი, როგორც ოლიგარქი, „არაფორმალური ლიდერი“ და საზოგადოების ყველა სეგმენტში „ავტორიტეტი“, მ. სააკაშვილისა და მისი „სამკაციანი პოლიტბიუროს“ მიერ დიდ პოტენციურ საფრთხედ იყო მიჩნეული. ამას პატარკაციშვილიც ხვდებოდა. ე. კოდუასთან საუბარში ის ამბობს: „ ერთადერთი კაცი, რომელიც მას ცხოვრებაში უშლიდა ხელს, ვიყავი მე. ჩემი ტელევიზიის ეშინოდა და ჩემი ფულის ეშინოდა, ერთადერთი კაცი, რომელიც ვუშლიდი ხელს - მე და სულ ვეუბნებოდი, რომ მიშა, არა ვარ მე შენი მტერი, რა, მე არ მჭირდება არც შენი თანამდებობა, ბიჭო. თანამდებობა ეგდო! მე რომ თანამდებობა მდომოდა, რა უნდოდა მაშინ თანამდებობის აღებას? ეგდო, მიწაზე ეგდო, რა, დაგდებული იყო თანამდებობა, რა უნდა მაგის აღებას? ახლა თუ შემიძლია მილიარდების დახარჯვა, მაშინ 50 მილიონს ვერ დავხარჯავდი და ას მილიონს, რომ ეს თანამდებობა ამეღო?! რა ჯანდაბად მინდოდა?!“. ამ ამონარიდს კომენტარების გარეშე დავტოვებ.
ფარული დაპირისპირება სააშკაროზე პირველად პატარკაციშვილმა გამოიტანა და სააკაშვილის ხელისუფლებას რამდენიმე „ფრონტიდან“ შეუტია.
არაფერი მოასწავებდა, რომ 2006 წლის 29 მარტის დილას დაწყებული შეხვედრა, სადაც „საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის 2005 წლის საქმიანობის ანგარიში“ უნდა მოესმინათ, მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცეოდა. საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტის, ბადრი პატარკაციშვილის სიტყვით გამოსვლას „ატომური ბომბის აფეთქების “ ეფექტი ჰქონდა.
მან გამოსვლა ჯერ კონკრეტული ფაქტით დაიწო და განაცხადა: „ტელეკომპანია “იმედმა“ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის დეტალები გააშუქა, სადაც მითითებული იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი მაღალჩინოსანი შესაძლოა მკვლელობის საქმესთან კავშირში ყოფილიყვნენ . . ეს გახდა ხელისუფლების უკმაყოფილების მიზეზი და ამის გამო ძალოვანი და საფინანსო სტრუქტურები აქტიურად სწავლობენ ჩემს კომპანიებს, რათა შექმნან მოტივაცია, რომ განვახორციელო ზეწოლა „იმედის“ ჟურნალისტებზე და ხელი შეუწყონ ხელისუფლებისათვის სასურველი სურათის შექმნასო“.
შემდეგ პატარკაციშვილი ბიზნესის „დატერორებას“ შეეხო და განაცხადა: “ვარდების რეცოლუციიდან“ ცოტა ხნის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა არმიის განვითარების და სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდები, რომელთა მიზანსაც, ხელისუფლების თქმით, წარმოადგენდა შემოწირულობების შეგროვება “პატრიოტი ბიზნესმენებისგან“ ქვეყნის შეიარაღებული ძალების და სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერებისათვის. . . . ერთ-ერთი ასეთი ფონდი იყო პროკურატურასთან არსებული ფონდი, რომელშიც გადახდილია არც ბევრი, არც ცოტა 160 მლნ ლარი… ეს ფონდი იღებდა თანხებს, რომლებიც ბიუჯეტში უნდა შესულიყო და თითქმის არ დარჩა ბიზნესი, რომელმაც არ იწვნია ეს… მე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელზეც საზოგადოებამ უნდა გაიგოს სიმართლე აუცილებლად და პირველ რიგში იმ ბიზნესმენებმა, რომლებმაც ამ ფონდში სხვადასხვა საშუალებებით გადაიხადეს თანხები, ზოგმა მანქანების, ზოგმა აქციების, ზოგმა ნაღდი ფულის სახითო“.
აქ მცირე კომენტარი უნდა გავაკეთო: პატარკაციშვილი ახსენებს ორ „ფონდს“ – არმიის განვითარების ( რეალურად ეწოდებოდა: „ქართული არმიის განვითარების ფონდი“) და სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდებს, ამ სტრიქონების ავტორი თავად გახლდათ "ქართული არმიის განვითარების ფონდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და 2004 წლის მარტიდან – 2005 წლის ივლისამდე გამგეობის წევრი. სრული პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადო, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში აღნიშნული ფონდი მხოლოდ ერთი ქართველი ბიზნესმენის ნებაყოფლობითი შემოწირულობით ფინანსდებოდა, მის ვინაობაზე და ზოგადად "ქართული არმიის განვითარების ფონდის" (რომლის დაარსებიდანაც მალე ოცი წელი შესრულდება) საქმიანობაზე უფრო დაწვრილებით მარტში მოგითხრობთ. ე.წ. „პროკურატურის ფონდს“, რაც შეეხება: ის მართლაც იყო „დატერორებული“ ბიზნესმენების მიერ „შესაწირის გადახდის“ დაფარვისა და წართმეული ქონების მითვისების აკუმულირების საფარი.
ბ. პატარკაციშვილმა კი მაშინ გამოსვლა ძალზე მრავალმნიშვნელოვანი განცხადებით დაასრულა: „მე აღარ ვაპირებ გავჩუმდე იმ მეთოდებზე, რომლებსაც ხელისუფლება იყენებს . . . სიჩუმე დღეს დანაშაულის ტოლფასიაო“.
არანაკლებ „მსუყე ფერებში“ იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გიგა ბოკერიას „დიპლომატიური“ პასუხიც: ეს ოლიგარქების, მოსკოვის და ქურდების მიერ საქართველოს მთავრობის დაშანტაჟების მცდელობაა და პატარკაციშვილი იმიტომ გვაკრიტიკებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საშუალება არ მისცა ქართული ეკონომიკის „დონ კორლეონე“ გამხდარიყოო.
ბოკერიამ პატარკაციშვილის გამოსვლაში ოპოზიციის მომავალი ლიდერისა და შესაძლო სპონსორის სილუეტიც დალანდა. თუმცა, ამის მიუხედავად, შეპირდა, რომ სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია და თქვენს ტელევიზიას არავინ ემუქრება, ჩვენ „პუტინის რუსეთი“ კი არ ვართ, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერენ და ტელევიზიებს უხურავენო. საინტერესოა გაახსენდა თუ არა ბოკერიას საკუთარი სიტყვები 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმების შეჭრისა და დარბევის დროს?
ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი
ამ სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ორივე მხარე ცდილობდა გარე თვალისთვის მათი ურთიერთობა კვლავ მეგობრულად გამოჩენილიყო: ყოველ შემთხვევაში 2006 წლის დეკემბრის ბოლომდე გარეგნულად ასე ჩანდა. დააკვირდით ფოტოს, რომელიც იმავე წლის 19 დეკემბერს, თბილისში ხანუქას აღსანიშნავ დღესასწაულზეა გადაღებული – მტრების შეხვედრას ნამდვილად არ ჰგავს! თუმცა ვინ იცის რა ხდებოდა მათ გულ–გონებაში: შეიძლება ერთი მეტოქის ლიკვიდაციას გეგმვდა, ხოლო მეორე ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა–დაფინანსებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას?
(მეჩვიდმეტე ნაწილის დასასრული)