რას შეეწირა ზალუჟნი: ბახმუტის ტრაგედია, ჩაშლილი კონტრშეტევა, ზედმეტი პოპულარობა - გამოასწორებს თუ არა რთულ ვითარებას გენერალი სირსკი?!
უკრაინის პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გადააყენა და მის ადგილზე უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი დანიშნა...
ასეთი ჩანაცვლების შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ თვეების წინ, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა პროგნოზს აკეთებდა, რადგან გასულ წელს უკრაინის მთავარი კონტრშეტევის ჩაფუშვას ვინმე უნდა შეწირვოდა, მას დაბრალებოდა უკრაინის არმიის წარუმატებლობა და ასეთ პიროვნებად ლოგიკურად შეირჩა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გენერალი ზალუჟნი, რომელიც მანამდე, 2022 წლის შემოდგომაზე, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში წარმატებული სწრაფი კონტრშეტევების შემდეგ, ლამის ეროვნულ გმირად იქნა აღიარებული.
ზელენსკი-ზალუჟნის ჯერ ფარული, შემდეგ კი - ღია დაპირისპირების მთავარი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ ზალუჟნის უდიდესი პოპულარობა უკრაინის არმიის პირად შემადგენლობაში უკრაინის საზოგადოების დიდ ნაწილსაც „გადაედო“, რამაც რეალური საშიშროება შეუქმნა ზელენკის პოლიტიკურ პოზიციებს - გენერალი პრეზიდენტზე უფრო პოპულარული გახდა, ომში ჩაბმული ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის...
ამიტომაც ზალუჟნის მოხსნა და მისი ჩანაცვლება გენერალ-პოლკოვნიკ სირსკით, რომელიც ისედაც ასოცირდებოდა პრეზიდენტ ზელენსკის ფავორიტთან, უკვე მომწიფებული კი არა, გადამწიფებულიც იყო, მით უმეტეს - იმ ბოლოდროინდელი საბრძოლო წარუმატებლობების ფონზე, რასაც უკრაინის არმია, სამწუხაროდ, განიცდის ფრონტის ხაზზე...
მაგრამ მკითხველმა ისეც არ უნდა იფიქროს, რომ „ბოროტმა“ პრეზიდენტმა ვერ და არ დააფასა „გენიალური“ მთავარსარდლის მოქმედებები და ის მთლად დაუმსახურებლად მოხსნა...
ეს ასე არ არის - გენერალ ზალუჟნიმ, მიუხედვად იმ წარმატებებისა, რაც უკრაინის არმიამ 2022 წლის შემოდგომის კონტრიერიშებისას მიაღწია, 2023 წლის ზაფხულ-შემოდგომის წარუმატებელი კონტრიერიშების დროს ბევრი მნიშვნელოვანი შეცდომაც დაუშვა...
ამ ბლოგის ერთგულ მკითხველს იმედია ემახსოვრება, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომა-ზამთარში ვწერდი, - 2023 წლის გადამწყვეტი საგაზაფხულო კონტრიერიშები უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგის დასაბნევად შეიძლება რამდენიმე მიმართულებაზე წამოიწყოს, მაგრამ მთავარი გენერალური კონტრიერიშის მიმართულება მხოლოდ ერთი უნდა გახდეს, საითკენაც მოხდება უკრაინის არმიის მთელი ძალების კონცენტრაცია და ლოგიკურად, ალბათ, ეს მიმართულება ზაპოროჟიეს სამხრეთი ნაწილისკენ, აზოვის ზღვის სანაპიროზე გასვლა იქნება, რუსეთიდან ანექსირებული ყირიმისკენ მარიუპოლ-მელიტოპოლზე გამავალი სახმელეთო დერეფნის გადაჭრით-თქო...
დაგვიანებული კონტრშეტევები 2023 წლის ივნისში ბოლოსდაბოლოს კი დაიწყო და ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ოკუპირებული მელიტოპოლი-ბერდიანსკისკენაც იყო მიმართული, მაგრამ...
...მაგრამ ის, რომ პარალელურ რეჟიმში, უკრაინის არმია რატომღაც კონტრშეტევებს აგრძელებდა უკვე დაკარგული და მიწასთან გასწორებული ბახმუტის დასაბრუნებლადაც, რაც არავითარ სტრატეგიულ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა, ასევე, უკრაინელი მებრძოლები თავს აკლავდნენ კონტრშეტევებს უგლედარისა თუ კუპიანსკის მიმართულებებზეც, იმის ნაცვლად, რომ მთელი ძალები და რესურსები მობილიზირებული ყოფილიყო რუსი ოკუპანტების ისედაც განსაკუთრებულად გამაგრებული თავდაცვის ზღუდეების გასარღვევად...
გენერალ ზალუჟნის გარემოცვა, მოგვიანებით, კონტრშეტევების ამ ტაქტიკის გამართლებას იმით ცდილობდა, რომ თითქოს რუსეთის საოკუპაციო ძალების დაქსაქსვა სურდათ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე დაწყებული კონტრშეტევებით, მაგრამ რეალობა ბევრად მწარე აღმოჩნდა - რუსი ოკუპანტების მთავარი საქმე... ნახევარსაუკუნოვანმა საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებმა გააკეთეს, რომლებმაც ასე ნაქები „ლეოპარდები“ და „ბრედლები“ ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მოწყობილ თავდაცვის პირველ ზღუდემდეც კი არ მიუშვეს...
2023 წლის ზაფხული-შემოდგომის წარუმატებელ კონტრიერიშებში მარტო გენერალ ზალუჟნის დადანაშაულება არასწორი იქნება, რადგან ეჭვი მაქვს, უკვე დაკარგული ბახმუტის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება სწორედ პრეზიდენტ ზელენსკის გუნდიდანაც მოდიოდა, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდა პოლიტიკური ქულების ჩაწერა დასავლეთელ კოლეგებთან -„ვაგნერის“ მიერ დაპყრობილი ბახმუტი უკან დავიბრუნეთ და პუტინს ნაადრევი სიხარული ჩავუშხამეთო...
მეორე დიდი უთანხმოება პრეზიდენტ ზელენკისა და მთავარსარდალ ზალუჟნის შორის, უკრაინაში სრული მობილიზაციის გამოცხადებას უკავშირდება...
გენერალმა ზალუჟნიმ გააჟღერა, რომ სასწრაფოდ საჭირო იყო ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზება უკრაინის არმიის იმ მებრძოლების დასახმარებლად-ჩასანაცვლებლად, რომლებიც თვეებია, როტაციის გარეშე, ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან.
თუმცა 500 ათასი კაცისა და ქალის მობილიზაცია პრეზიდენტ ზელენკისთვის შეიძლება პოლიტიკურად დამღუპველიც აღმოჩნდეს, რადგან ამის განხორციელება დღეს მხოლოდ ძალის გამოყენებით - ქუჩებსა და ტრანსპორტში მოქალაქეების „გამოჭერით“ თუა შესაძლებელი - ფრონტზე ბოლო თვეებში განვითარებული არცთუ სახარბიელო მოვლენების ფონზე, უკრაინის მოქალაქე მამაკაცების უდიდესი ნაწილი ყველა ხერხით ცდილობს, თავი აარიდოს ფრონტზე მოხვედრას...
არადა, უკრაინას რუსი ოკუპანტების შეუწყვეტელი შეტევების მოსაგერიებლად აუცილებლად სჭირდება ცოცხალი ძალის გაზრდა, მით უმეტეს - იმის ფონზე, როდესაც ტრამპისტი რესპუბლიკელები მიზანმიმართულად, მეოთხე თვეა, ბლოკავენ უკრაინისთვის 60 მლრდ დოლარზე მეტი ამერიკული სამხედრო დახმარების გამოყოფას და ამით პუტინის არმიას ახალი შეტევებისკენ უბიძგებენ...
ზალუჟნის ჩანაცვლება სირსკით რაიმე განსაკუთრებულ დადებით ცვლილებას ფრონტის ხაზზე ვერ მოიტანს, ამისთვის უკრაინის დამცველებს, პირველ რიგში, სჭირდებათ უფრო მეტი მებრძოლი და საარტილერიო ჭურვი, თუმცა თუკი ახალი მთავარსარდალი სირსკი ავდეევკიდან სასწრაფოდ გამოიყვანს ჯარებს (ავდეევკა მრავალწლიანი გმირული დაცვის შემდეგ, დღეს, ფაქტობრივად, დაკარგულია და ალყაში რომ არ მოექცნენ მისი დამცველები, მათი სასწრაფო ევაკუაციის განხორციელებაა საჭირო ერთადერთი დარჩენილი გზით, ზურგში, რომლის ბლოკირების შემთხვევაში, უკრაინელი მებრძოლები ბევრად უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან) და ამასთან, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, კრინკის პლაცდარმიდან მოხსნის იმ დანაყოფებს, რომლებსაც აღმოსავლეთით შეტევის განვითარების არავითარი პერსპექტივა არ გააჩნიათ, სამაგიეროდ, დღე და ღამე რუსი ოკუპანტების დაუნდობელი საარტილერიო და საავიაციო დაბომბვების ქვეშ იმყოფებიან...