"ქალი კიოდა, ვაიმე, შვილოო... დაღუპულებს შორის ერთი უბრალოდ გამვლელია - ტაქსისტი" - რუსთავში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
უმძიმესი ფაქტი მოხდა დღეს დილით რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე. ახალგაზრდა შეიარაღებული მამაკაცი მოულოდნელად იმ სექციაში შეიჭრა, სადაც საქონლის ხორცი იყიდება და იქ დახლზე მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. სამწუხაროდ, სროლის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი და ერთი დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს და უწყებამ ინფორმაციაც გაავრცელა. მათი ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში - 112-ში შევიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.-მ. სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის, დამნაშავის ბიძა, ნოდარ ორველაშვილი, ძმები, დათო და მალხაზ აბულაშვილები და ტაქსის მძღოლი პაატა მჭედლიძე. ამ დრომდე კლინიკაში რჩება დაჭრილი 25 წლის ნიკა ორველაშვილი.
დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ. ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები. ჯერ გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში არ არის გადასვენებული.
ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი უბრალოდ გამვლელია, რომელიც ტრაგედიის ადგილას იმ დროს ხორცს ყიდულობდა.
"ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. უკვე მისული ვიყავი სამსახურში და გავიგე სროლის მაგვარი ხმა, მაგრამ მეგონა, საახალწლო ასაფეთქებელი იყო. მერე, უცებ, კივილის ხმა გაისმა და ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. დაღუპულია 4 ადამიანი და მათ შორის, ერთი გამვლელია, ტაქსის მძღოლი, რომელიც იმ მომენტში იქ ხორცს ყიდულობდა და ამ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. როგორც მითხრეს, ეს ტაქსის მძღოლი "6 ნომრის" გაჩერებასთან იდგა და ტაქსიზე მუშაობდა, თავისი მანქანით. სრულიად უდანაშაულო ადამიანი მოკლეს.
რაც შეეხება სხვა გარდაცვლილებს, პირადად ვიცნობდი მათ. მათი ვინაობა ჩვენი დაცვის თანამშრომლებისგან გავიგე, ხორცის სამი გამყიდველია მოკლული, მათ შორის, ორი ძმა - დათო და მალხაზი, მე როგორც ვიცი, ყველა ერთმანეთის ნათესავია. მათი ბიძა იყო ნოდარი, რომელიც ასევე დაღუპულია და დაჭრილია ნოდარის ბიჭი, რომელიც ახლა კლინიკაშია მოთავსებული.
იმ ოთხი გარდაცვლილიდან ერთი ცოცხალი იყო და კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა. თქვეს, რომ თავდამსხმელი ნოდარის ძმისშვილია. ის შემოვარდა შეიარაღებული დაახლოებით 10 საათსა და 30 წუთზე და შურისძიების მოტივით გახსნა ცეცხლი და როგორც გითხარით, ბიძა და ბიძაშვილი დაჭრა, ასევე, ძმები დათო და არსენა.
მე არ ვიცნობ დამნაშავეს, მაგრამ ამბობენ, რომ ისიც იქ მუშაობდა, ბაზარში, და ადგილის გამო ჰქონდათ დავა ერთმანეთთან. სხვების მონაყოლს ვამბობ, არ ვიცი, ეს რამდენად ზუსტი ინფორმაციაა, თურმე, მათ მოკვლით დამუქრებია, მე თქვენ გაჩვენებთ, რას გიზამთო, მაგრამ ამას ვინ წარმოიდგენდა, მოვიდა დღეს და ცეცხლი გაუხსნა.
ვინც ადგილზევე დაიღუპა, მათი ცხედრები ჯერ პროზექტურაში არ გადაუსვენებიათ.
მერე იარაღი შუა გზაზე დაუგდია და სადაც ყვავილები იყიდება, იქ დააკავეს, გარბოდაო. ახლა ბაზარი მთლიანად დაიკეტა, რადგან იმ ადგილზე ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი და საგამოძიებო მოქმედებებში ხელი ეშლებოდათ ძალოვნებს. ალბათ, მეტ დეტალს ძალოვნები იტყვიან, შოკირებული ვარ მომხდარით. დაღუპულები საშუალო ასაკის ადამიანები არიან და ძალიან დასანანია", - გვითხრა იქ მომუშავე ერთ ერთმა ქალბატონმა.
ჩვენ ფაქტის კიდევ ერთ თვითმხილველს გავესაუბრეთ. ქალბატონი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო და ტირილით გვიამბო ეს ამბავი.
ქეთი:
- შოკირებული ვარ, ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და არ ვიცი, შევძლებ თუ არა ახლა სამსახურში წასვლას. ბაზარში შევედი, მართალია, დამნაშავე ვერ დავინახე, მაგრამ სროლის ხმა გავიგე. ისე შემეშინდა, რომ მეორე მხრიდან გამოვიქეცი. მერე ისევ მომიწია ბაზარში შესვლამ, რადგან ძაღლით ვიყავი, ალიკაპი ეკეთა და იქვე მყავდა მიბმული, ის მოვხსენი და გამოვედი. ყველაფერი ასე მოხდა, ქათმის ხორცი ვიყიდე ძაღლისთვის, პარკი ავიღე და ამ დროს უცებ ატყდა სროლები. ამას მოყვა წივილ-კივილი და გავიგე, რომ დიდი უბედურება დატრიალდა. 4 ადამიანია დაღუპული და ერთი დაჭრილი.
სადღაც 4-5 გასროლა გავიგე, მერე ზოგიერთი იძახდა მკვლელი აზერბაიჯანელიაო, ზოგი ამბობდა ქართველიაო. მე პირადად არ ვიცი მოკლულების ვინაობა, ხორცის სექციაში ხშირად შევდიოდი და მათთან ძვლებს ხშირად ვყიდულობდი მიუსაფარი ცხოველებისთვის. სახეზე კი ვიცნობდი ყველას. მათ შორის მამა-შვილს, იქ არ ვმუშაობ, ჩვეულებრივი მყიდველი ვარ და ვაპირებდი იმ მიმართულებით წასვლასაც, მაგრამ გარეთ გამოვვარდი შეშინებული. ძაღლთან რომ შევბრუნდი, ამ დროს ტირილით მოვიდა ქალი, რომელიც კიოდა, ვაიმე, შვილოო, ეტყობა რომელიღაც დაღუპულის დედა იყო. ამ ქალის განწირული ხმა და სროლის ხმა ყურებიდან არ ამომდის. საშინელება დატრიალდა. ეტყობა ვიღაცაზე გაბრაზებულმა დამნაშავემ სხვებიც მიაყოლა. გასამართლება რად უნდა ასეთ ადამიანს, 4 კაცი იმსხვერპლა. რის გამო, განა რა ეკუთვნოდა ამისთანა, რომ ამხელა ტრაგედია დაატრიალა. იქ ამბობდნენ წილის გამო მოხდაო. ან უღირდა ამდენი ადამიანის სიკვდილი? არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. წარმოუდგენელი ამბავია.
დამნაშავე დაკავებულია და, ალბათ, იტყვის, რატომ დახოცა ამდენი ადამიანი, მათ შორის, შემთხვევით გამვლელი, ხომ შეიძლება იქ მეც ვყოფილიყავი იმ დროს და - ნებისმიერი სხვა ადამიანი. სიმართლე, ალბათ, გაირკვევა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 25 წლის ახალგაზრდა რუსთავის კლინიკაშია მოთავსებული, მას ჭრილობა ზედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. ფაქტზე გამოძიება გრძელდება, ვნახოთ, რა გაირკვევა გამოძიებით.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში მომუშავეების განცხადებით, მამაკაცს, რომელმაც 4 ადამიანი მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებული ალკოჰოლს ხშირად მოიხმარდა.
როგორც ბაზარში მომუშავეები ამბობენ, მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავების მიერ დაკავებული ახალგაზრდა კაცი დაახლოებით ორი თვის წინ ბაზარში თავადაც მუშაობდა და ბიძას ეხმარებოდა. მათივე თქმით, დაკავებულს ფერმა ჰქონდა, ბიძა კი ხორცის გამყიდველი იყო.
ამასთან, ადგილზე მომუშავეები მოკლულ ტაქსის მძღოლზეც საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ტაქსის მძღოლი ბაზარში ხორცის საყიდლად შევიდა, რა დროსაც გასროლა განხორციელდა, ის მოკლულების დახმარებას შეეცადა, რა დროსაც ტყვია მასაც მოხვდა.
„ბიჭს ფერმა ჰქონდა და მოკლული ბიძა ხორცის გამყიდველია. ეს ბიჭი სვამდა ხოლმე. ტაქსის მძღოლი დილით ვნახე, მომესალმა, წავალ ხორცს ვიყიდი და მოვალო, მითხრა და მერე ეს ამბავი მოხდა“, - განაცხადა ბაზარში მომუშავემ.
(სპეციალურად საიტისთვის)