მწერმაც კი იცის, ქლიავი რა ხილია
ქლიავის ნაყოფჭამია - ასე უწოდებენ ენტომოლოგები მავნებელს, რომელსაც პირის გემო კარგი აქვს: გარდა ქლიავისა, ძალიან მოსწონს ატამი, გარგარი, ჭერამი, ალუჩა და ა.შ. რატომ არის ქლიავის ნაყოფჭამია საშიში მავნებელი? - ეს შეკითხვა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორს, ენტომოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ გიორგი ჯაფოშვილს დავუსვით.
გიორგი ჯაფოშვილი: - ქლიავის ნაყოფჭამია მართლაც სერიოზული მავნებელია, რომელიც ევრაზიის მთელ კონტინენტზე გვხვდება - პორტუგალიიდან იაპონიამდე. მისი ბიოლოგია გავრცელების არეალის მიხედვით იცვლება: ჩრდილოეთისკენ ეს მწერი მხოლოდ ერთ თაობას იძლევა, ხოლო სამხრეთში - ორ-სამს. ეს ნიშნავს, რომ სამხრეთში უფრო სწრაფად შეუძლია გამრავლდეს და დიდი ზიანი მიაყენოს სოფლის მეურნეობას. ეს მწერი მიეკუთვნება ფოთოლხვევიების ოჯახს, რომელსაც სხვაგვარად ჩრჩილებსაც უწოდებენ. მისი ლათინური სახელწოდებაა Gრაპჰოლიტა ფუნებრანა - ასეა მიღებული თანამედროვე ენტომოლოგიაში, თუმცა ქართულ წყაროებში მას ისევ ძველი ლათინური სახელით მოიხსენიებენ, რაც გაუმართლებელია.
- როგორ აზიანებს მოსავალს ქლიავის ნაყოფჭამია?
- დაზიანებული ადგილიდან ფისისმაგვარი ნივთიერება ჟონავს და ყავისფერი ლაქა უჩნდება, ბოლოს ქლიავის ან სხვა მცენარის ნაყოფი იჩუტება და მიწაზე ცვივა. მიჩნეულია, რომ ქლიავის ნაყოფჭამია ნაკლებად საშიშია ზღვის დონიდან 800 მეტრს ზემოთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. ამას ჩემი გამოცდილებით ვამბობ: სოფელი, სადაც აგარაკი მაქვს, თელავის რაიონში, გომბორის ქედზე მდებარეობს. ეზოში ათამდე ძველი ქლიავის ხე მაქვს გაშენებული და ნაყოფჭამია ყველას აზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ადგილია, ქლიავის ნაყოფჭამია იქაც პრობლემებს ქმნის, განსაკუთრებით თბილ ზამთარში. როდესაც ცივი ზამთარია, მაშინ დაზიანება ნაკლებია, რადგან მავნებელი ერთ თაობაზე მეტს ვერ იძლევა, მაგრამ თუ ზამთარი თბილია, ორ თაობასაც ასწრებს. მეორე თაობა ხეხილისთვის გაცილებით საშიშია.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მეორე თაობის პეპლები ივნის-ივლისში ჩნდებიან და ეს პერიოდი ხილის მომწიფების პერიოდს ემთხვევა. დაბლობ ადგილებში, სადაც ზამთარი თბილია, შესაძლოა 2-3 თაობა თავისუფლად განვითარდეს, შესაბამისად, მოსავლის დაზიანების საფრთხეც იზრდება, მით უმეტეს, რომ ქლიავის ნაყოფჭამია მთელ საქართველოშია გავრცელებული - დაბლობიდან მოყოლებული, მთიან სოფლებამდე. სწორედ ამიტომაა ქლიავის ნაყოფჭამია საშიში მავნებელი.
- მისი პეპელა და მატლი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. საინტერესოა, როგორ ვითარდება ქლიავის ნაყოფჭამია?
- საერთოდ, პეპლებს ახასიათებთ სრული ან ნაწილობრივი მეტამორფოზი. ქლიავის ნაყოფჭამია განიცდის სრულ მეტამორფოზს და განვითარების რამდენიმე ფაზას გადის. თითოეულ ფაზაში ეს მავნებელი იმდენად განსხვავებულია, რომ სხვადასხვა ორგანიზმი გეგონება. ამით ის განსხვავდება არასრული მეტამორფოზის მქონე მწერებისგან, რომლებიც ასე ძალიან არ იცვლებიან. ქლიავის ნაყოფჭამია მატლის, პეპლისა და იმაგოს ფაზაში სრულიად განსხვავებულია. სწორედ ამაში მდგომარეობს ევოლუციის მთელი ხიბლი, რადგან ევოლუციის პროცესმა სწორედ ასეთი, განსხვავებული ორგანიზმები შექმნა. მართალია, მავნებელს ვუწოდებთ, მაგრამ ბუნებაში ამ მწერსაც თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს, განსაკუთრებით, კვებით ჯაჭვში. ასე რომ, სიტყვა "მავნებელი" მხოლოდ პირობითი შეფასებაა.
- და მაინც, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ მავნებელს?
- ვინაიდან ის ნაყოფში ვითარდება, მასთან ბრძოლა რთულია. ამიტომ მცენარეთა დამცველებმა მისი ბიოლოგია კარგად უნდა იცოდნენ. ხშირად ფერმერები პესტიციდების გამოყენებას ამჯობინებენ, მაგრამ ეს ნაკლებად ეფექტიანი გზაა. შეიძლება ითქვას, უშედეგოც: მავნებელი ხომ ნაყოფში ბინადრობს და პესტიციდები მასზე როგორ იმოქმედებს? ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა დროს მიმდინარეობს კვერცხდება. ეს თუ გვეცოდინება, მავნებლის წინააღმდეგ ბიოლოგიურ მეთოდს გამოვიყენებთ, მაგალითად, პარაზიტულ სიფრიფანაფრთიანებს, რომლებიც ნაყოფჭამიას რიცხოვნობას კარგად არეგულირებენ. მათი გამრავლება ბიოლაბორატორიებში შეიძლება, მაგრამ ჩვენთან ეს სისტემა მოშლილია. მე, როგორც ბიოლოგიური მეთოდების მომხრე, ყველას ვთხოვ, რომ მავნე მწერების წინააღმდეგ გამოიყენონ ბიოლოგიური, მექანიკური და ფიზიკური მეთოდები და ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდები შეარჩიონ. რასაკვირველია, ქიმიური მეთოდიც უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში - თუ მდგომარეობაა რთული და სხვა გამოსავალი აღარ გვრჩება.
- რატომ უნდა მოერიდონ ფერმერები ქიმიური მეთოდების გამოყენებას?
- ქიმიურმა პრეპარატმა შეიძლება მავნებლის რიცხოვნობა შეამციროს, მაგრამ პარალელურად, სასარგებლო მწერებიც დახოცოს. ამასთანავე, ქიმიური ნაერთები ჯერ ნაყოფში აღწევს და მერე ადამიანის ორგანიზმში. ამას გარდა, პესტიციდები და სხვა ქიმიური ნივთიერებები ნიადაგს ფიტავს, აზიანებს და ის თანდათან გამოუსადეგარი ხდება. ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბიოლოგიური და ფიზიკური მეთოდები გამოვიყენოთ. როგორც ვიცით, მატლის ფაზაში ეს მავნებელი ნაყოფში ბინადრობს, ამიტომ ნაყოფიდან გამოსვლის შემდეგ, როცა ნიადაგში 4-5 სანტიმეტრის სიღრმეზე ჩადის, შეიძლება მის წინააღმდეგ ფიზიკურ მეთოდებსაც მივმართოთ. ამ დროს მარტო მისი ბიოლოგიური მტრები კი არა, მტაცებელი ფრინველებიც დადებით როლს ასრულებენ, რადგან ნაყოფჭამიებს დიდი სიამოვნებით ჭამენ.
- როგორ გამოიყურება ეს პატარა მავნებელი, რომელსაც შეუძლია მთელი მოსავალი გაანადგუროს?
- ქლიავის ნაყოფჭამიას მატლი მოწითალო ფერისაა, ხოლო პეპელა - ნაცრისფერი. ერთი შეხედვით ის ძალიან ჰგავს ჩრჩილს, მაგრამ ზომით ჩრჩილზე დიდია. ნაყოფჭამიას სიგრძე 10-15 მილიმეტრია, ჩვეულებრივი ჩრჩილი 1 სანტიმეტრზე დიდი არ არის. ქლიავის ნაყოფჭამია არ აზიანებს მცენარის ფესვებს, ტოტებს ან ფოთლებს, ის ნაყოფში იჭრება და მის ლპობას იწვევს, თანაც, ერთ ინდივიდს რამდენიმე ნაყოფის დაზიანება შეუძლია. მას შეუძლია ერთი ნაყოფიდან მეორეზე გადაინაცვლოს და ერთდროულად რამდენიმე ნაყოფი დააზიანოს. მასზე ძალიან კარგად ნადირობენ მწერები, რომლებიც სხვადასხვა სახეობის ჩრჩილით იკვებებიან. ხშირ შემთხვევაში ქლიავის ნაყოფჭამიაზე სპეციფიკური სახეობები ნადირობენ, რაც კარგად იციან პროფესიონალმა ენტომოლოგებმა და მცენარეთა დამცველებმა. სამწუხაროდ, მცენარეთა დაცვის მიმართულება ჩვენთან ძალიან ჩამორჩება, ეს საგანი არც ერთ უნივერსიტეტში სათანადოდ არ ისწავლება.
- ესე იგი, ამ სფეროშიც არა გვყავს სპეციალისტები?
- სამწუხაროდ, ასეა. არადა, საბჭოთა პერიოდში ორი დიდი მცენარეთა დაცვის სადგური მუშაობდა: ერთი ბათუმში, ხოლო მეორე სოხუმში. გარდა ამისა, უზარმაზარი მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი გვქონდა ბაგებში, სადაც მცენარეთა დაცვის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები იზრდებოდნენ. სამწუხაროდ, ეს სისტემა დაიშალა და დღეს აღარაფერი გვაქვს. ამ საკითხებზე თითო-ოროლა კაცი მუშაობს, ისინი ყოველგვარ პირობებს არიან მოკლებული და ძლივს ახერხებენ ექსპერიმენტების ჩატარებას. საქართველოში ამ ტიპის კვლევები პრაქტიკულად, შეჩერებულია. თუ გვინდა სოფლის მეურნეობა განვითარდეს, ამ სფეროს განვითარება აუცილებელია. ენტომოლოგიის საფუძვლიანი ცოდნის გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოუდგენელია. იმისათვის, რომ კარგი მოსავალი მივიღოთ, მავნებლები დროულად უნდა შევნიშნოთ და მისი ბიოლოგიის მიხედვით განვსაზღვროთ, როგორ და რა მეთოდებით შევებრძოლოთ. თუ ღონისძიებებს სწორად და დროულად დაგეგმავ, არც ეკოსისტემა დაზიანდება და დადებით შედეგსაც მალე მიიღებ. ამიტომ ჩვენს ფერმერებს ვურჩევ მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეთ სპეციალისტებთან.
- საინტერესოა, როგორ აგვარებენ ამ ტიპის პრობლემებს დაწინაურებულ ქვეყნებში?
- განვითარებულ ქვეყნებში ეს საკითხი მაღალ დონეზეა. მაგალითად, აშშ-ში ყოველწლიურად იმართება ენტომოლოგთა შეხვედრა, რომელსაც 3 ათასამდე ენტომოლოგი ესწრება. პროცენტულად თუ ვიანგარიშებთ, საქართველოში 50-მდე კარგი ენტომოლოგი მაინც უნდა გვყავდეს, მაგრამ რეალურად მთელ მუნიციპალიტეტში ერთი კარგი სპეციალისტიც კი არა ჰყავთ, რომელიც ფერმერებს დააკვალიანებს. პირველ ყოვლისა, ეტყვის, რომ პესტიციდების არასწორი გამოყენებით შესაძლოა უარესი შედეგი მივიღოთ: ერთი მავნებელი გავანადგუროთ, მაგრამ სხვა, უფრო სახიფათო მავნებელი მოვაძლიეროთ, რომელიც მოსავლისთვის გაცილებით საშიშია.
ხათუნა ჩიგოგიძე