კარგი ღვინო იყალთოელი ბოტკოველებისგან
მათემატიკის მასწავლებელი უნდა ყოფილიყო, დიპლომშიც ასე უწერია, უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ პროფესიით არ უმუშავია. გიორგი ბოტკოველი დღეს პოლიტიკოსია, პარტიის რეგიონული მდივანი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. წარმოშობით კახეთიდანაა და ძალიან უყვარს თავისი კუთხე, სადაც ოჯახის ვენახებს მონდომებით უვლის და ღვინოსაც აყენებს. მასთან სწორედ მის სამეურნეო გამოცდილებაზე ვისაუბრეთ.
- ისე გიყვართ თქვენი მხარე, რომ 2012 წლიდან ყველა არჩევნებზე კენჭს კახეთში იყრიდით...
- კი, ასეა. მამა თელავის რაიონის სოფელ იყალთოდანაა, დედა - ყვარლის რაიონის სოფელ ენისელიდან. ორივე ისტორიული სოფელია... მამა და დედა 16-18 წლისანი იყვნენ, თბილისში რომ წამოვიდნენ. 2006 წლამდე მეც თბილისში ვმუშაობდი და მერე მშობლიურ კახეთში გადავედი. ვიყავი გუბერნატორის მოადგილე, პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული და დღემდე ასეა...
სოფელი ჩემთვის მთელი ბავშვობაა. იქ მაქვს წლები გატარებული და იქაურობა ჩემთვის ყველაზე ძვირფასია - როგორც იყალთო, ისე ენისელი.
- ოჯახს ვენახი აქვს და სამეურნეო გამოცდილებაც გაქვთ.
- იყალთოში სახლი მაქვს. ჩემი მშობლები მოსავლის აღებისას იქით არიან და ამ საქმეში მეც ჩართული ვარ. 1 ჰექტარი გვაქვს ვენახი და ცარიელი ადგილი - ეს ფართობი, შევარდნაძის დროს მიწები რომ განაწილდა, იმ დროს შეგვხვდა. 3-4 ტონა ყურძენი მოგვდის და ჩვენი ოჯახისთვის საკმარისია.
კახელი რომ ხარ, რატომღაც ასე ჰგონიათ, რომ ღვინო ცისტერნებით გაქვს. ასე არ არის, მაგრამ თუ სადმე მპატიჟებენ, ჩემი ღვინით მივდივარ. ამიტომაც ღვინო ყოველთვის უნდა გქონდეს. პატარა ვენახი სახლის უკანაც გვაქვს.
- ვენახში ბავშვობაშიც მუშაობდით?
- შრომა არასდროს მეზარებოდა... მამა თებერვალში 79 წლის ხდება, ჯანზეა და მეგობრების, ნათესავების დახმარებით ვენახსაც უვლის. მეც სულ იქ ვარ, პირადად ვუვლი ეზოს ვენახს, მამა სხლავს, მე კი ზურგზე მოკიდებული აპარატით ვწამლავ. კვირა არ გავა, თბილისიდან თელავში არ ჩავიდე. საერთოდ, ხშირად ვსტუმრობ კახეთში ყველა რაიონს.
2023 წელს მოსავალი ჭარბი წვიმების გამო ვერ მივიღეთ. ეზოს ვენახი შედარებით გადაგვირჩა. წელს ქვევით ვენახი (ასე ვეძახით) არ გადაგვირჩა - ასე რომ, დასაკრეფად არც ჩავსულვართ.
სეტყვამაც გაუფუჭა ხალხს მოსავალი, მაგრამ უფრო მეტი ზარალი ჭარბი ნალექის გამო ნახეს. ამიტომ წლეულს ღვინო ნაკლები გვაქვს.
- როგორია ბოტკოველების ღვინო?
- ერთი ის ვიცი, რომ ყველგან, სადაც გემოს გაუსინჯავენ, მოსწონთ... გარდა იმისა, რომ ყურძენს იყალთოში ვწურავთ, ასევე თბილისშიც - კერძო სახლში ვცხოვრობთ. საფერავს შილდაში ვყიდულობ, ქინძმარაულის ზონაში. ქინძმარაულის საფერავს გამორჩეული გემოვანი თვისებები აქვს. საერთოდ, ტკბილს ვაყენებ...
გასულ შემოდგომაზეც დავწურე, მაგრამ ჭარბი ნალექის გამო ყურძენს სათანადო სიტკბო არ ჰქონდა. არა უშავს, მაინც კარგი გამოვიდა. თბილისში დაწურული მაქვს ქისი, ქინძმარაულის საფერავი, იყალთოში - რქაწითელი. ჩემს ღვინოზე ბევრად კარგი ღვინოები დამილევია, მაგრამ ვფიქრობ, ცუდი ღვინო არ გამომდის.
გული მწყდება, რომ წლეულს საქართველოში თუ რამის ფასი არ გაზრდილა, ეს ყურძენია. 2012 წელს 1 ლარი ღირდა, 2023-ში - 90 თეთრი. კახელი გლეხი ხშირად ამბობს ხოლმე, ჩვენს შრომას ფასი არა აქვსო, და სწორიც არის.
დამაინტერესა, ევროკავშირი როგორ უდგება მეღვინეობისა და მევენახეობის განვითარებას, და ეს საკითხი შევისწავლე. მხოლოდ მევენახეობისთვის ევროკავშირი საკუთარი ქვეყნებისთვის 1 მილიარდ 60 მილიონს გამოყოფს. ჩვენ ხომ მეღვინეობის ქვეყანა ვართ და წარმოიდგინეთ, ევროკავშირის წევრები რომ გავხდებით, იმ მილიარდ 60 მილიონში რამხელა წილი გვექნება. ცალკე ახალგაზრდა ფერმერებისთვისაც გამოყოფენ თანხებს...
- ქართველი ფერმერებს ევროკავშირი დღესაც აძლევს გრანტებს...
- აქ გრანტების 80% ჩინოვნიკებთან მიდის და აშენებენ ვენახებს, კომშის, თხილის ბაღებს. მხოლოდ 20%-ია ხალხზე გადანაწილებული... როცა ევროკავშირის წევრი ქვეყანა ხდები, მას სხვა ნორმები მოჰყვება. გრანტს აღარ მისცემენ მას, ვინც არ იმსახურებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატიული მეურნეობების პროექტი ჰქონდა, რომელიც ჩააფლავეს. დაფინანსებული კოოპერატივები არ არსებობს. კი, დაფინანსდა, მაგრამ იქ ახლა არაფერია.
- ღვინოს ბოთლებში ასხამთ?
- დიახ... ეს დღეები სულ სარდაფში ვარ, ვსაქმიანობ. ბოთლებისთვის კარადა გავაკეთე. ვასხამ გაფილტრულსაც და გაუფილტრავსაც, ოღონდ ღვინოს არ ვყიდი.
- ისე, ბოტკოველები კახეთში როგორ აღმოჩნდით?
- წარმოშობით ფშავლები ვართ. გომბორისკენ რომ მივდივართ, ზემოთ, გზიდან 5 კილომეტრში, ტყეშია სოფელი ბოტკო. საუკუნეების წინ ფშავიდან სწორედ იქ ჩამოვსახლდით.
გვარი სოფლის სახელიდან წარმოიქმნა. თამარ მეფის დროიდან მოიხსენიება სოფელი ბოტკო. მერე სოფელ იყალთოში გადმოსულან. ყველა ბოტკოველი იყალთოელია. ბოტკო სოფელ კოჭბაანის თავზეა, 3,5 კილომეტრში, ოღონდ იქ ახლა ნასოფლარია, არავინ ცხოვრობს. მთელი ბავშვობა ვნატრობდი, იქ მიწა მქონოდა. შვილებიც ავიყვანე და იქაურობა ვაჩვენე. ორი წლის წინ კი ავედი და მიწა ვიყიდე. ახლა ბოტკოში ჩემს სახელზე 5 000 კვმ მიწაა რეგისტრირებული, კოჭბაანელისგან შევიძინე 10.000 ლარად.
- იქაც აპირებთ მეურნეობის გამართვას?
- კი, რა თქმა უნდა, ოღონდ ზამთარში ბოტკოში ვერ ახვალ, გზა არ ვარგა. ასე რომ, ახლა სოფელ ბოტკოში ვარ ბოტკოველი... ისე, სკოლასა და უნივერსიტეტში ბოტკოს მეძახდნენ, პარტიაშიც ბოტკოს მეძახიან, აქ, უბანში კი - კახელოს.
- ძალიან გიყვართ, ალბათ, თქვენი კუთხე?
- ძალიან... იყალთოში 1986 წელს აშენებული სახლია და კვირაში 2 დღე იქ ვარ.
- ბავშვები სამეურნეო საქმეებში გეხმარებიან?
- 4 შვილი მყავს და ყველას თავისი საქმე აქვს - უფროსი 17 წლისაა და ფეხბურთელია, მომდევნო 15 წლისაა, კომაროვში სწავლობს, მესამე 12 წლისაა და ისიც კომაროვში აპირებს სწავლას, სულ პატარა კი საბალეტო სკოლაში დადის.
- კახელი გლეხების უმრავლესობა ყურძენს სახელმწიფოს აბარებს. ღვინის მასობრივ წარმოებაზე რატომ არ ფიქრობენ?
- არა აქვთ საშუალება, რომ სახლში თუნდაც ისეთი ღვინო დააყენონ, რომელსაც გაყიდიან. ამიტომ უნდა მივაღწიოთ, რომ ჰქონდეთ მოწყობილობა, რომლითაც გაფილტრავენ, დააღვინებენ... ევროკავშირის ბაზარზე ღვინოზე დიდი კონკურენციაა - იტალია, საფრანგეთი, მოლდოვა, ესპანეთი - ეს ქვეყნები აქტიურობენ. თუ საქართველოს ღვინით თავის გამოჩენა შეუძლია, ეს ქვევრის ღვინოა. პარლამენტში აგრარული კომიტეტის წევრიც ვარ და სულ ამას ვამბობ, ქვევრის წარმოების პროექტი ცალკე დავიწყოთ-მეთქი. კახელი გლეხი ჩამბარებლიდან მწარმოებლად უნდა ვაქციოთ. აღარ უნდა იფიქროს, რომ 1 კგ ყურძენში 90 თეთრს გადაუგდებენ. ხელი უნდა შევუწყოთ, რომ დაკრიფოს და ქვევრშიც თვითონ დააყენოს. ქვევრის ღვინო კონკურენციას ევროპულ ღვინოს ნამდვილად გაუწევს.