"მაკვირვებს ადამიანებმა ადამიანობა რომ დაკარგეს" - გივიკო ხახიძე შეცვლილ დედამიწაზე, პერსონაჟზე და დიდ სტიმულზე - კვირის პალიტრა

"მაკვირვებს ადამიანებმა ადამიანობა რომ დაკარგეს" - გივიკო ხახიძე შეცვლილ დედამიწაზე, პერსონაჟზე და დიდ სტიმულზე

"საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე, რომ სულსწრაფი არ უნდა ვიყო. სულსწრაფობამ ბევრჯერ დამღუპა", - ამბობს გივიკო ხახიძე. რას ფიქრობს პერსონაჟზე, რომელსაც სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" განასახიერებს, ჰგავს თუ არა მას, რა არის მისთვის ყველაზე დიდი სტიმული, რას ეუბნებიან ქუჩაში უცნობი ადამიანები და რა აკვირვებს ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...2006 წლის 13 ოქტომბერი.

- მომავალში მინდა გამოვიდე...

- ...არ ვიცი, ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია, არჩევანის გაკეთება მარტივი არ არის. ბავშვობაში მინდოდა მსახიობი გამოვსულიყავი, დღეს ზუსტად ვიცი, რომ მსახიობობა აღარ მინდა.

- ამ პროფესიისადმი დამოკიდებულება რატომ შეგეცვალა?

- პატარა რომ ვიყავი, მამას (მსახიობი დავით ხახიძე) თეატრში ხშირად მივყვებოდი. ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ. მაშინ მქონდა სურვილი, მეც მამის პროფესია ამერჩია, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, ინტერესი შემეცვალა. იმის სურვილი, რომ სამსახიობოზე ჩავაბარო, ნამდვილად აღარ მაქვს.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ გულუბრყვილო და კეთილი ვარ, ამას უმეტესად მეგობრები აღნიშნავენ.

- მშობლებისგან ყველაზე ხშირად, რა გესმის?

- ფრაზა - "შეგიძლია და არ აკეთებ".

- საკუთარ წარსულში შევცვლიდი...

- ...ბევრ რამეს. მაგალითად, ფეხბურთიდან არასდროს გამოვიდოდი...

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ეს არ იყო პირველი როლი, მაგრამ ვთვლი, რომ იყო პირველი წარმატება, როდესაც სპექტაკლში "პატარა უფლისწული" ვითამაშე და სცენაზე ისეთი ბუმბერაზი მსახიობის გვერდით ვიდექი, როგორიც კახი კავსაძე გახლდათ. წარმატება იყო, როდესაც მერაბ კოკოჩაშვილმა ფილმში "ტერცო მონდო" გადამიღო. კამერასთან მუშაობის გამოცდილება მივიღე.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას, მამას და ბებიას. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ჯერ ბებიას და მერე - მშობლებს. როგორ პიროვნებადაც ჩამოვყალიბდი, ეს ბებიაჩემის დამსახურებაა, ასეთი ადამიანი მან გამზარდა. სამსახიობო მიმართულებით ჩემს წარმატებებში წვლილი მშობლებს მიუძღვით.

- დღეს მათ რჩევებისთვის ხშირად მიმართავ?

- რა თქმა უნდა. როდესაც ეკრანზე "ჩემი ცოლის დაქალების" ის სერია გადის, რომელშიც ვთამაშობ, ყოველთვის ვურეკავ მშობლებს და ვეკითხები, როგორ აფასებენ ჩემს თამაშს? ყველა დეტალზე ყურადღებას მიმახვილებენ და მერე სულ ვცდილობ, მათი ნათქვამი მომავალში გავითვალისწინო.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" შენი პერსონაჟი აქტიურად ჩანს. რას იტყვი ამ როლზე, ამ ბიჭში ყველაზე მეტად რა მოგწონს?

- დაჩი ძალიან კარგი ადამიანია, მის მშობლებს აქვთ მანკიერი თვისებები, ამპარტავნებაში გადასული სიამაყე, მაგრამ დაჩი მათ საერთოდ არ ჰგავს და ეს მომწონს. შეყვარებულია და მშობლები სიყვარულს უშლიან. კარგია, რომ არაფერი გამოსდით. მომწონს, რომ დაჩის არ აკვირვებს ელიტური ცხოვრება, ფული, არ იყენებს მამის თანამდებობას.

- ეკრანულ მშობლებთან მუშაობა რამდენად კომფორტულია?

- ზვიად დოლიძე და თეკო ჩუბინიძე ძალიან კარგი ადამიანები არიან, ორივე ამ პროექტზე მუშაობის დროს გავიცანი და დიდ პატივს ვცემ, მათ გვერდით მუშაობა სასიამოვნოა.

- მათ გამოცდილება აქვთ, როლის შექმნაში რამდენად გეხმარებიან?

- უმეტესად, რჩევებს ზვიადისგან ვიღებ. კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მირჩევს, რა როგორ აჯობებს, თეკოც ყოველთვის მეხმარება. ჩემი პარტნიორი ქეთა უსაყვარლესი გოგოა, პირველივე დღიდან დავმეგობრდით, მარტივად შევთამაშდით.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...არ ვიცი, ბედნიერი ვარ (პაუზის შემდეგ)? ჰო, ბედნიერი ვარ, რომ ხალხს ვუყვარვარ; როცა გარეთ გავდივარ, ქუჩაში ხშირად პატარა ბავშვები ჩემკენ მორბიან, მეხუტებიან, ეს ძალიან კარგი გრძნობაა.

- უფროსებისგან რას ისმენ?

- მამის და დედის ტოლი ხალხი მოდის და მეუბნებიან, კარგი ადამიანი ხარო. ჩემი თანატოლებისგან უსიამოვნო საქციელიც მიგრძნია, ვითომ დაცინვა თუ რაღაც ამდაგვარი.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...კომუნიკაბელურობა, სხვისი მდგომარეობის გულთან მიტანა. მაგალითად, როდესაც მეგობრების გარემოცვაში ვინმე ერთი უცხო ადამიანი აღმოჩნდება, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მან თავი უცხოდ არ იგრძნოს, მინდა გაუჩნდეს განცდა, რომ ჩვენიანია.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...უფრო და უფრო მეტს მივაღწიო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...რთული სათქმელია. მეგობრობა შემიძლია.

- მგონია, რომ საკუთარ პერსონაჟს ჰგავხარ.

- (იცინის) ეგ მართალია. ზოგჯერ დაჩი რასაც ამბობს და როგორც იქცევა, მგონია, მსგავს სიტუაციაში რომ აღმოვჩენილიყავი, მეც მისნაირად მოვიქცეოდი.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ზოგჯერ თავში აზრი გამიელვებს, მომავალში ჩავფლავდები-მეთქი. მინდა მეტად თავდაჯერებული ვიყო. როცა ვიტყვი, ეს უნდა გავაკეთო, იმწამსვე ავდგე და გავაკეთო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ერთი შეხედვით ადამიანი არ უნდა განვსაჯოთ და არ შევაფასოთ. რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა და აღმოვაჩინე, რომ არასწორი წარმოდგენა შემექმნა. საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე, რომ სულსწრაფი არ უნდა ვიყო. სულსწრაფობამ ბევრჯერ დამღუპა.

- პატიება შემიძლია...

- ...მარტივად, მაგრამ არასდროს მავიწყდება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...პროფესიით მსახიობი რომ არ გავხდები, ეგ ვიცი, სხვა არაფერი. ჩვეულებრივი მოქალაქე ვიქნები, პრეზიდენტობას არ ვაპირებ.

- ვიბნევი...

- ...როცა ვნერვიულობ, ძალიან ემოციური ვარ. გარემოს რომ შევეჩვევი, მერე ნერვიულობა მეხსნება და უკვე თავს კარგად ვგრძნობ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...კარგ რესტორანში, მეგობრებთან და მათ მშობლებთან ერთად.

- მეგობრები მშობლებთან ერთად იკრიბებით?

- ერთხელ შევიკრიბეთ ამ ფორმით და ის საღამო ძალიან კარგად გვახსოვს.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ისევ მე თუ შემიძლია. რაღაც რომ მეშლება, საკუთარ თავზე ვბრაზდები.

- სიყვარული ეს...

- ...ძალიან ძნელია ახსნა, რა არის, ეს როგორ უნდა გადმოვცე? რომელი სიტყვები უნდა ვთქვა, არ ვიცი.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...პატარა ვიყავი.

- ახლა შეყვარებული....

- ...ვარ. ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა, რადგან მიმაჩნია, რომ გასაჯაროებული არ უნდა იყოს, პირადია.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანებმა ადამიანობა რომ დაკარგეს. როგორც უნდა იქცეოდნენ, ისე აღარ იქცევიან.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...ეს მეგობრებს შეუძლიათ.

- ...ვრისკავ...

- ...ძალიან, ძალიან იშვიათ შემთხვევაში.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ხანდახან მარტივად მეშლება ნერვები.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მრცხვენია, თან მიხარია, მაგრამ უხერხულობისგან ვწითლდები.

- მეშინია...

- ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...გაკვეთილებზე დაგვიანების გამო. დროს ვერ ვითვლი, სახლიდან როდის უნდა გავიდე, რომ არ დავიგვიანო. ვცდილობ, ადრე გავიდე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მაგვიანდება.

- ვიტყუები, როცა...

- ...მეგობარი მეტყვის რაღაც ამბავს და მთხოვს, არავის ვუთხრა. მერე ვიღაც იმ ამბავთან დაკავშირებით დამისვამს შეკითხვას და საიდუმლო რომ არ გავცე, ამ დროს ვიტყუები.

- თავისუფლებაა...

- ...როდესაც დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს, რაც მინდა იმას ვაკეთებ, მაგრამ ისე, რომ სხვას არ ვაზარალებ და მართალი ვარ ჩემს სინდისთან.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...დედამიწას შევცვლიდი.

- რას შეცვლიდი დედამიწაზე?

- ყველანაირ ავადმყოფობას გავაქრობდი, არც ერთი ადამიანი აღარ იშიმშილებდა და ყველა ღირსეულად იცხოვრებდა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს მეგობრებთან გასვლა და ლაპარაკი მშველის.

- ყველაზე დიდი სტიმულია...

- ...ჩემი მშობლების სიხარული. ვცდილობ, ხშირად გავახარო.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბავშვობაში ბებია მეუბნებოდა, ჩხუბის, კამათის დროს შენ პირველმა არ იმოქმედო, მშვიდი და წყნარი იყავი; ისეთი არაფერი გააკეთო, მერე რომ ვერ გამოასწორებო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ვიყოთ თავდაჯერებულები, გულწრფელები, გვიყვარდეს ერთმანეთი და ყოველთვის სიმართლეს მხარეს ვიდგეთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"