„საქართველო გეოდინამიკურად აქტიური ქვეყანაა და პლანეტაზე მიმდინარე პროცესების ფონზე საფრთხეები იზრდება...“ - კვირის პალიტრა

„საქართველო გეოდინამიკურად აქტიური ქვეყანაა და პლანეტაზე მიმდინარე პროცესების ფონზე საფრთხეები იზრდება...“

გასულ კვირას საქართველოში საინტერესო პოლიტიკური მოვლენები მოხდა - პარლამენტმა დაამტკიცა ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მთავრობა, რომელშიც მხოლოდ ერთი ცვლილებაა - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა; ასევე საკანონმდებლო ორგანოს წლიური მოხსენებით მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა ყველა ეს პროცესი გადაფარა იმ სტიქიურმა უბედურებამ, რომელიც ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში მოხდა - მეწყერს 9 კაცი ემსხვერპლა. სოფელში დაახლოებით 200 მეტრის სიგრძეზე რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მიწა ჩამოწვა და სახლები მოიყოლა. შეიძლება ითქვას, ბოლო ხანს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ... ჩვენში ისევ გააქტიურდა კითხვები, შეიძლებოდა თუ არა მომხდარის თავიდან აცილება და საკმარისია თუ არა ხელისუფლების ძალისხმევა ამგვარი საფრთხეებისგან ქვეყნის დასაზღვევად იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მეწყრული ზონა საკმაოდ ბევრია?! - ამ საკითხებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან, რომელიც წლებია ხელისუფლებას ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

tvalchrelidze-sandro.jpg

- ნება მომეცით უპირველესად სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ახლობლებს. დიდი ტრაგედია დატრიალდა, ოჯახები დამარხა მეწყერმა. ძალიან ვწუხვარ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს.

თუ გახსოვთ, რაჭის ტრაგედიის შემდეგ ვთქვი, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების საფრთხე იმერეთსა და გურიაშია მოსალოდნელი-მეთქი. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. საქმე ის არის, რომ დედამიწაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების ეტაპი დგას და ეს არ არის მხოლოდ ადამიანის ზეგავლენის ბრალი. დღეს ჩვენი პლანეტა აქტიური გეოდინამიკური განვითარების სტადიაზეა. ეს ციკლური პროცესებია. საქართველო გეოდინამიკურად ისედაც აქტიური ქვეყანაა და ახლა მით უმეტეს საფრთხეები მნიშვნელოვნად იზრდება. ჯერ კიდევ დევდორაკის ტრაგედიის შემდეგ ვთქვი, რომ მთლიანად გადასახედი იყო გეოდინამიკური უსაფრთხოების კონცეფცია. ეს პატარა სადგურები და აღმრიცხველი მოწყობილობები საკმარისი არ იყო და არც ახლა არის. ადრეული შეტყობინების სისტემა რომ გვქონოდა, არ მოხდებოდა არც ვერეს ტრაგედია და არც შოვში დატრიალდებოდა ამხელა უბედურება. სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ თურმე მალე გვექნება 245 ახალი სადგური, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმ ქვეყნისთვის, სადაც 7000-ზე მეტი აქტიური ზონაა.

დააკვირდით მსოფლიო ამბების მიმოხილვებს, ეგზოგენური ბუნებრივი სტიქიური მოვლენების მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია, ძირითადად, ვრცელდება აფრიკის, სამხრეთ ამერიკის ან შორეული აღმოსავლეთის, ანუ "მესამე სამყაროს" ეკონომიკურად განუვითარებელი ქვეყნებიდან და ძალიან იშვიათად მსოფლიოს განვითარებული სახელმწიფოებიდან. რა, იქ გეოდინამიკურად აქტიური ადგილები არ არის? რა თქმა უნდა, არის, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია დანერგილია კატასტროფების ადრეული შეტყობინებებისა და პრევენციის სისტემები.

საუბედუროდ, მიუხედავად ჩვენი მთავრობის მტკიცებისა, რომ ეკონომიკურად სწრაფი ტემპით ვვითარდებით, ფაქტია, გეოდინამიკური უსაფრთხოებით საქართველო "მესამე სამყაროს" მიეკუთვნება. ჩვენთან, სამწუხაროდ, ველოდებით ტრაგედიებს და მერე ვიწყებთ შედეგების აღმოფხვრას. პროგნოზი ძალიან არასაიმედოა - სტიქიური უბედურებები არ შეჩერდება და მსხვერპლიც იქნება, ვიდრე არ გადავალთ აბსოლუტურად სხვა სისტემაზე. უამრავი თანამედროვე მეთოდი არსებობს, მათ შორის კოსმოსიდან დაკვირვება და ა.შ. თუ ჩვენც არ გვექნება მაღალტექნოლოგიური სისტემები და არ შევუერთდებით ამ საერთო ქსელს, მანამდე არაფერი გამოვა. ვიმეორებ, საშიშ ზონებზე დასაკვირვებლად არსებობს სხვადასხვა მეთოდიკა, მაგალითად, აშშ-ში ამ მიმართულებას ნასა გეოლოგიურ სამსახურთან ერთად ხელმძღვანელობს და ა.შ. ასეთი ტექნოლოგიები საქართველოშიც დასანერგია. ალბათ, იკითხავთ, რატომ არ ინერგებაო? ჩემი პასუხი ამაზე ასეთია: ამის უმთავრესი მიზეზია საქართველოში გეოლოგიური სამსახურის გაუქმება, რასაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ერთ-ერთ მთავარ დანაშაულად მივიჩნევ. ბევრს ახსოვს, ალბათ, ქართული გეოლოგიური სკოლა უპირველესი იყო არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. წარმოგიდგენიათ, დღეს ჩვენთან მოწვეულ ექსპერტებად ის ხალხი ჩამოჰყავთ, ვისაც ამ დარგს ჩვენ ვასწავლიდით, ჩვენთან კი უზარმაზარი დარგი კვდება. გეოლოგიური სამსახურის ნაცვლად შეიქმნა სააგენტოების ქსელი, რაც ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას. იქ პროფესია საერთოდ არ ვითარდება, ვინაიდან ამ სააგენტოებს, ძირითადად, იურისტები და ზოგადი პროფილის მენეჯერები ხელმძღვანელობენ. ისინი შეიძლება კარგი სპეციალისტებიც არიან, მაგრამ მათ არა აქვთ დარგის განვითარებისთვის საჭირო ცოდნა და არც სტრატეგიული ხედვა.…თუ ასე გაგრძელდა, ვერასდროს გვექნება მწყობრი სტრატეგია ამ დარგის განსავითარებლად და რისკების დასაზღვევად. მაგალითად, 5-6 წელიწადია, მუშავდება სამთო კოდექსი, რისთვისაც ჩამოიყვანეს ექსპერტები იმ ქვეყნიდან, სადაც სამთო კოდექსი არ არსებობს, შედეგად მომზადებული პროექტი კოტ-დ’ივუარის კანონმდებლობაზე უარესია, რომ აღარაფერი ვთქვათ ნიგერიასა და აფრიკის სხვა უფრო განვითარებულ ქვეყნებზე. არ შეიძლება ასე მუშაობა, მთლიანად მიდგომაა არასწორი. საქართველოში სასწრაფოდ უნდა აღდგეს გეოლოგიური სამსახური. სხვანაირად რამდენი სადგურიც არ უნდა დავამონტაჟოთ, საქმეს არ ეშველება. ევროკავშირში გაწევრების პრეტენზია კი გვაქვს, მაგრამ რას ვაკეთებთ იქაური სტანდარტების დასანერგად?..

- გასული კვირის პოლიტიკურ პროცესებსაც გადავხედოთ. მოგეხსენებათ, გასულ კვირას პარლამენტმა დაამტკიცა ახალი პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი, რომელშიც რეალურად მხოლოდ ერთი ცვლილებაა, თუ არ ჩავთვლით თვითონ ღარიბაშვილის კობახიძით შეცვლას. რას ფიქრობთ, რას ემსახურებოდა ეს ცვლილება?

- რაღა დაგიმალოთ და, ღარიბაშვილის შეცვლას უფრო ადრე ველოდი. ყოველთვის ასე ხდება ხოლმე - ივანიშვილი არჩევნების წინ პოლიტიკაში მეტ-ნაკლები აქტიურობით ბრუნდება და რაღაც ცვლილებებიც ხდება მთავრობაში. მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი მინისტრის შეცვლა, თანაც ისე, რომ თვითონ თქვა ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრობაზე უარი, მიანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება. ვფიქრობ, პროცესები უფრო ხისტი გახდება სამთავრობო კულუარებში, მაგრამ სტრატეგია არ შეიცვლება, ტაქტიკური სვლები კი, ალბათ, უფრო მეტად არჩევნებზე მორგებული გახდება.

- როდესაც პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობდა, შეიძლება ითქვას, კობახიძე აშკარად ცდილობდა ყოფილიყო ნაკლებად ხისტი, ცინიკური და მაქსიმალურად კონსტრუქციულად ეპასუხა ოპოზიციის კითხვებისთვის. ამასთანავე, ბოლო ხანს შეიცვალა ოპოზიციის რიტორიკაც.

- კობახიძე აქამდე პარტიას წარმოადგენდა და როგორც ჩანს, იმ პოსტიდან გაცილებით მეტის უფლებას აძლევდა თავს პარტიის ინტერესების დასაცავად. როგორც პრემიერ-მინისტრმა, მან უნდა უხელმძღვანელოს მთელ ქვეყანას, მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერებსაც. როგორც ჩანს, შეიცვალა თანამდებობა და მანაც შეცვალა ქცევაც, რაც კარგია. როგორც ჩანს, აანალიზებს, რომ ის ახლა სხვა პოზიციაზეა. რამდენ ხანს ეყოფა ამისთვის ნერვები, რესურსი და გამჭრიახობა, ეს სხვა საკითხია. ვნახოთ, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

რაც შეეხება ოპოზიციას, აშკარაა, ისინიც ცდილობენ ქცევისა და რიტორიკის შეცვლას, ვფიქრობ, ამისკენ ჩვენმა პარტნიორებმაც უბიძგეს. თუ ძველებურად გაგრძელდა და "ქართულ ოცნებას" მხოლოდ პრორუსული ეძახეს, სახელისუფლებო ძალას ალტერნატივა არ გამოუჩნდება. ვფიქრობ, პოზიტიურ დღის წესრიგზე ზრუნვა ოპოზიციურ ძალებს შარშანვე უნდა დაეწყოთ, თუმცა ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს, რა თქმა უნდა, არჩევნებზე მორგებული ტექნოლოგიებია. დღესდღეობით ისე ჩანს, რომ "ქართული ოცნება" ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, თუმცა საკითხავია, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მან მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს?

- მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კობახიძე შეცვლიდა ღარიბაშვილს, ყველაზე მეტი კითხვა მაინც ქვეყნის საგარეო კურსის მომავალზე დაისვა, თუმცა კობახიძემ თქვა, რომ პრემიერის რანგში ის პირველი ვიზიტით ჩავა ბრიუსელში და ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხებზე ილაპარაკებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.

- რასაკვირველია, ამას გააკეთებს, რადგან მშვენივრად იცის, რომ საქართველოს მოსახლეობის გადამწყვეტ უმრავლესობას ევროკავშირთან ინტეგრაცია სურს. გავიხსენებ, აშშ-ის ელჩისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის მისალოც განცხადებებს, ისინი პოზიტიურად არიან განწყობილი ახალი პრემიერისადმი და ელიან მასთან თანამშრომლობას. ვფიქრობ, კობახიძე პროდასავლური კურსიდან ვერსად ვერ გადაუხვევს, რაც არ უნდა უნდოდეს.

- 6 თებერვალს პარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. ის საკმაოდ კრიტიკული იყო მმართველი გუნდის მიმართ, კითხვებით მიმართა "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს. ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიქმნას საკოორდინაციო ცენტრი, "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის", რომელიც თავს მოუყრის ყველა კონკრეტულ შეთავაზებას ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის.

- ვფიქრობ, ეს ინიციატივა უფრო პიარსვლაა და რეალურად მომავალი არა აქვს. ამას აზრი ექნებოდა, თუ ყველა გაერთიანდებოდა "ქართული ოცნების" ჩათვლით, მაგრამ ეს არ მოხდება. ირაკლი კობახიძის აბსოლუტურად წინდაუხედავი ახირების გამო, მოეწყოთ იმპიჩმენტი პრეზიდენტისთვის, "ქართულმა ოცნებამ" მოიჭრა ყველა გზა პრეზიდენტთან სათანამშრომლოდ. ეს იყო პოლიტიკურად ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, დღესდღეობით სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ყველაზე აწონილია, ის დასავლური პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით გამოირჩევა, ერიდება პიროვნებების კრიტიკას, თუმცა სვამს მწვავე კითხვებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. შეიძლება ვიღაცამ იკითხოს, რატომ მიმართა მაინცდამაინც ახლა ივანიშვილსო? იმიტომ, რომ ოფიციალურად ივანიშვილი აქამდე არ იყო პოლიტიკაში. ახლა ის დაბრუნდა, წარმართავს "ქართული ოცნების" პოლიტიკას და კითხვებიც სწორედ მას უნდა დაესვას. თუმცა დარწმუნებული ვარ, კითხვები პასუხგაუცემელი დარჩება. რაც შეეხება პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენებას, ტრადიციულად სავსე იყო საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პათოსით. მან გააკრიტიკა ყველა და ყველაფერი, რაც, მისი აზრით, ამ პროცესს ეწინააღმდეგება.

ჩემი ხედვით, ზურაბიშვილი ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ვიწროპარტიულ თუ პირად ინტერესებზე მაღლა აყენებს.

რაც შეეხება მითქმა-მოთქმას საარჩევნო პროცესში მისი ჩართვის თაობაზე, პირადად მე ამას არ ვურჩევდი და თითქმის დარწმუნებული ვარ, არც იზამს. როგორც კი ის გადავა აქტიურ საარჩევნო პროცესში და რომელიმე პარტიის თუ პარტიათა გაერთიანების მხარეს დადგება, მისი რეიტინგი დაეცემა. არადა, ზურაბიშვილი დღეს, ჩემი აზრით, ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ფიგურაა. გარდა ამისა, ვფიქრობ, გაუჭირდება პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელობა, ამას სჭირდება ძალიან ხისტი მენეჯმენტი, რაც მას, ჩემი აზრით, არ გამოუვა. ამავე დროს ამას სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი, რაც სალომე ზურაბიშვილს არა აქვს.

- მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო ამერიკელი კომენტატორის ტაკერ კარლსონის ინტერვიუმ ვლადიმირ პუტინთან, რომელიც 9 თებერვალს გამოქვეყნდა. ტაკერ კარლსონი წლების განმავლობაში იყო აშშ-ის უმსხვილესი ტელეარხ Fox News-ის წამყვანი, ხშირად ავრცელებდა შეთქმულების თეორიებს, რომლებსაც ამერიკაში ბევრი რასისტულად მიიჩნევს. Fox News-მა კარლსონი შარშან აპრილში დაითხოვა მიზეზის განუმარტავად. საინტერესო, რას ფიქრობთ ამ ინტერვიუზე, რომელიც უამრავი ტყუილით იყო გაზავებული.

- რაღა დაგიმალოთ და, საერთოდ არ მაინტერესებს პუტინის ინტერვიუ და მისი განცხადებები. ის მატყუარა თავიდან ბოლომდე, რაც არ უნდა თქვას, მეორე დღეს გადათქვამს. აბსოლუტურად არა აქვს ფასი მის სიტყვას, ისევე როგორც ბევრი ჩვენი პოლიტიკოსისას. ადრე ქართველი კაცი იმით ფასობდა, რომ სიტყვას არ გადავიდოდა, ახლა კი სიტყვის კაცი სანთლით საძებნელია. ეს, სამწუხაროდ, რუსებისგან ისწავლეს. ტყუილი მათი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. იმას კი არ უნდა ვუყუროთ, რას ამბობს პუტინი, არამედ იმას, რას აკეთებს. ის ახლა მოხვდა რკინის ფარდის მიღმა, ასეთ ვითარებაში რუსებს შეუძლიათ არსებობა, ოღონდ თუ თავის დროზე საბჭოთა კავშირი იყო თვითკმარი ქვეყანა, ახლა რუსეთს ამის საშუალება არა აქვს. მათ სჭირდებათ დასავლური ტექნოლოგიები. აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა მოახერხონ და რუსეთს ამ ტექნოლოგიებზე ყოველგვარი წვდომა გადაუჭრან. სამწუხაროდ, რუსეთი მაინც პოულობს ხვრელებს, რადგან დასავლეთშიც გამოჩნდნენ ხარბი ადამიანები, ვინც ამაში ეხმარებიან. დღეს მთავარი ამოცანაა ეს ხვრელები ამოიქოლოს.

ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა, მალე უკრაინას გამოუყოფენ 60 მილიარდ დოლარს. ამას მივუმატოთ 50 მილიარდი დოლარი, რომელიც გამოუყო ევროკავშირმა და მივიღებთ 110 მილიარდს ანუ უკრაინას ექნება უფრო მეტი ფული არმიის განსავითარებლად, ვიდრე რუსეთს. ეს კი ნიშნავს ერთმნიშვნელოვან რამეს - ცივილიზებული მსოფლიო გადავიდა რუსეთის შეკავების სტრატეგიიდან მისი დამარცხების სტრატეგიაზე, რასაც მივესალმები.