აერნაოსნების საავიაციო კატასტროფა ქართულ ცაში - რამ გამოიწვია ტრაგედია - კვირის პალიტრა

აერნაოსნების საავიაციო კატასტროფა ქართულ ცაში - რამ გამოიწვია ტრაგედია

7 თებერვლის დილიდან სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა საინტერესო და ამასთან, სასიხარულო ინფორმაცია - ქართველი და პოლონელი აერნაოსნები: რევაზ უთურგაური და კშიშტოფ ზაპარტი "იმედის" ტელევიზიის ოპერატორ მიშო ბიძინაშვილთან ერთად საჰაერო ბურთით ანუ სითბური აეროსტატით, რომელსაც საქართველოს ხუთჯვრიანი და პოლონეთის ორფერიანი დროშები ამშვენებდა, ფოთის სტადიონიდან აფრინდნენ და გეზი აღმოსავლეთ საქართველოსკენ, ვაშლოვნის ეროვნული პარკისკენ აიღეს. ეს უნდა ყოფილიყო სარეკორდო გადაფრენა საქართველოს ტერიტორიის მთელ სიგრძეზე, 400 კმ-ზე მეტ მანძილზე...

...მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ სითბურმა აეროსტატმა კატასტროფა განიცადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ასურეთთან, დაახლოებით 260 კმ-ის გაფრენის შემდეგ.

საჰაერო ბურთის გონდოლაში მყოფი სამივე პირი, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დაიღუპა.

ქართულ ცაში ამ მორიგი საჰაერო ტრაგედიის, გასულ წლებში პარაპლანისა და შვეულმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ, შეიძლება გვემარჩიელა, თუ რა გახდა ამ ყველაფრის მიზეზი, მაგრამ მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა თვითმხილველების გადაღებული საავიაციო შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები, საჰაერო ტრაგედიის განვითარების 70 წამი ყველაფერს ხსნის.

პირველი - სითბური აეროსტატი არცთუ ძალიან დიდი სიჩქარით ეშვება, მაგრამ უხეშად ჯდება მიწაზე, რა დროსაც გონდოლაში მსხდომმა სამივე პირმა შეიძლება მცირე დაზიანებები მიიღეს;

მეორე - გვერდზე წაქცეული გონდოლა ხუთიოდე წამით თითქმის არ გადაადგილდება, მაგრამ ეს დრო არ არის საკმარისი, რომ მასში მსხდომნი მიწაზე გადმოხტნენ, მით უმეტეს, თუკი გონდოლის მიწაზე უხეშად დაჯდომისას მათ ტრავმაც მიიღეს;

მესამე - მიწაზე დაცემიდან ათი წამის შემდეგ ქარი ისევ ჰაერში იტაცებს სითბურ აეროსტატს, ისე, რომ მასზე ჩამოკიდებული გონდოლის ძირი მიწიდან ათიოდე მეტრის სიმაღლეზე ადის და ჩნდება იმედი, რომ სითბური აეროსტატი კვლავ უსაფრთხო სიმაღლემდე აიწევა ცაში;

მეოთხე - ... მაგრამ ოცწამიანი ფრენის შემდეგ სითბური აეროსტატი მაღალი ძაბვის სადენებში ებმება;

მეხუთე - ქარის ძალა აეროსტატის გარსს წინ ეწევა, სადენები არ უშვებენ, გონდოლა გვერდზე ფერდდება და ათწამიანი "ორთაბრძოლის" შედეგად სითბურ აეროსტატს ცეცხლი უჩნდება - მაღალი ძაბვის დენი პროპანით სავსე ბალონებს აალებს, გონდოლის კონსტრუქციას შლის და...

ურთულესია იმის ნახვა, თუ როგორ იღუპებიან აერნაოსნები და ჩვენი კოლეგა - ისინი ხომ აერნაოსნობის დიდმა სიყვარულმა შეყარა ერთად ქართული ცის გადასალახავად და ამის ამსახველი ულამაზესი ვიდეოკადრების ყველა ჩვენგანისთვის გასაზიარებლად. მართალია, ამ საშინელმა ვიდეოკადრებმა ზუსტად აჩვენა, თუ როგორ ვითარდებოდა ტრაგედიის თითოეული წამი (იმ თვითმხილველებს, რომლებიც კადრს მიღმა აზერბაიჯანულად ლაპარაკობენ და განიცდიან ამ ყველაფერს, დიდი მადლობა ეკუთვნით, რადგან ეს ვიდეოკადრები ბევრად გაუადვილებს გამოძიებას სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს), მაგრამ უცნობი რჩება ამ საავიაციო შემთხვევის დაწყების უმთავრესი მიზეზი - რამ განაპირობა სითბური აეროსტატის ასე დაბლა დაშვება, იყო წინასწარ განსაზღვრული თუ ტექნიკური პრობლემის შედეგია?

მანამდე აერნაოსნებმა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გამყოფ ლიხის ქედს გადაუფრინეს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 900-2 471 მ-ს შორის ცვალებადობს და ზღვის დონიდან 760-800 მ-ზე მდებარე ასურეთის თავზე გადაფრენაც არ უნდა გასჭირვებოდათ, რომ არა რაღაც ტექნიკური პრობლემა, რომელმაც სითბური აეროსტატის ასეთ მცირე, სახიფათო სიმაღლემდე იძულებითი დაშვება გამოიწვია.

2-aerostati-1707662898.png
მაღალი ძაბვის სადენებზე შემორჩენილი კატასტროფაგანცდილი სითბური აეროსტატის გარსის ნაფლეთები...

ამ ტრაგედიით შეძრწუნებული ობივატელების დიდი ნაწილი კითხვას სვამს, ხომ იყო გამოცხადებული დიდი ქარი და რატომ არ გაითვალისწინესო. საქმეც ის არის, რომ სითბურ აეროსტატს სწორედ... ქარი სჭირდება, ისე ჰორიზონტალურად არ დაფრინავს.

საჰაერო ბურთი, იგივე სითბური აეროსტატი ისეთივე საფრენი აპარატია, როგორიც თვითმფრინავი და შვეულმფრენი, ოღონდ მათზე ბევრად "უხუცესი" - ცხელი ჰაერით გავსებული ბურთით ადამიანი ცაში პირველად ჯერ კიდევ 1783 წელს აფრინდა და ამასთან, მას არა აქვს ძრავა, არც შიდაწვის და არც რეაქტიული.

თანამედროვე სითბური აეროსტატის შევსება ხდება პროპანის გაზქურის გამოყენებით, როდესაც პროპანის დაწვის შემდეგ წარმოქმნილი თბილი ჰაერი აეროსტატის შიგთავსში შეედინება - იმის გამო, რომ ცხელი ჰაერი ცივზე მსუბუქია, საჰაერო ბურთს აფრენა შეუძლია.

საჰაერო ბურთის დაბლა დასაშვებად აერნაოსანი-პილოტი სპეციალური სარქვლებიდან ნელ-ნელა გარეთ უშვებს თბილ ჰაერს, რის შემდეგაც საჰაერო ბუშტის ასაწევი ძალა მცირდება.

გონდოლის ბორტზე ჩამოკიდებულია ქვიშის ტომრები, რომლებიც ბალასტის როლს ასრულებენ, მათი ჩამოგდების შემდეგ საჰაერო ბუშტის მასა მცირდება და ის უფრო მაღლა ადის.

რაც შეეხება ფრენის მიმართულებას, ამ შემთხვევაში საჰაერო ბუშტის გონდოლაში მყოფნი, ფაქტობრივად, ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე არიან მინდობილი, თუმცა საჰაერო ბუშტის სიმაღლეზე ასვლის ან დაშვების შემთხვევაში ის შეიძლება სხვადასხვა დინების ქარში მოხვდეს და ამით შეიცვალოს ფრენის მიმართულებაც.

საჰაერო ბუშტის მართვას დიდი პროფესიონალიზმი სჭირდება, რათა ძლიერმა ქარმა არ გაიტაცოს. ცალკე პრობლემაა პროპანის აირის ბალონები და თავად ცეცხლის ის ალი, რომელიც პროპანის გაზქურიდან გამოიტყორცნება საჰაერო ბუშტის გარსის სიახლოვეს - ჰაერში ხანძრის გაჩენა კატასტროფის მომასწავებელია.

ტრაგედიის მსხვერპლნი

z30677890ampkrzysztof-zapart-i-revaz-uturgauri-podczas-ostatni-1707662898.jpg

სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას 3 კაცი ემსხვერპლა: ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი, საქართველოს აერონავტიკის ფედერაციის პრეზიდენტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, ფრენის 19-წლიანი სტაჟის მქონე რევაზ უთურგაური და ფრენის 13-წლიანი გამოცდილების მქონე პოლონელი მფრინავი კშიშტოფ ზაპარტი. "კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

"საუკეთესო მასალა რომ გადაეღო, რისკზე წავიდა, არ შეეშინდა, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს უდიდესი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა მიშო";

untitled-1-copy-1707662898.jpg

"საშინელი ტრაგედიაა, მიშოს ოჯახის, მეგობრების ტკივილს ვიზიარებ. ვუსამძიმრებ იმედელებს";

"ყველას თავი ყოვლისშემძლეები გვეგონა. ვფიქრობდით, რომ რაღაც უხილავი ჯავშანი გვქონდა და სულ გადავრჩებოდით, არასდროს არაფერზე დაგვიხევია უკან.…იმ ისტორიებსაც სიამოვნებით ვუზიარებდით ხოლმე ერთმანეთს, სადღაც წინ, 500 მეტრში რომ დაიბომბა და ჩვენ გადავრჩით, ვერტმფრენს ესროლეს და აგვცდა... მაგარი კადრი გვქონდა, მეწყერზე გადავიარეთ და ლამის ჩამოიშალა და რამდენი ასეთი, ყველას გვიწყვია "ხურჯინში".

"იმდენჯერ შევეჯიბრეთ სიკვდილს, იმდენჯერ და მერე ამპარტავნულადაც კი ვექცეოდით, არ ვაღიარებდით, მართლა ბევრჯერ ვაჯობეთ და ბოლოს ყველას ერთად მოგვიგო, გაგვანადგურა", - წერენ მიშო ბიძინაშვილის კოლეგები და მეგობრები."გუშინ მამაჩემი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე ფიქრობდა. ღიმილით წავიდა თავისი ძალიან ლამაზი, საყვარელი საქმის კეთებისას და დამტოვა მიწაზე", - წერს რევაზ უთურგაურის ქალიშვილი.

ისტორიული რაკურსი - საჰაერო ბურთები და საქართველო

როგორც ისტორიული წყაროები გვამცნობს, 1783 წლის 21 ნოემბერს პარიზის თავზე საჰაერო ბურთით ადამიანების აფრენის ისტორიულ მომენტს ჩვენი თანამემამულეც ესწრებოდა, რომელმაც შემდგომ უსტარი "სიტყვა საჰაერო ფრენებზე" მეფე ერეკლე II-ს მოსწერა, რომელშიც დეტალურად აღწერდა საჰაერო ბუშტის აგებულებასა და ფრენის პრინციპს.

საქართველოს ცაში სითბური საჰაერო ბურთით ადამიანის პირველი აფრენა ოფიციალურად 1874 წლის 10 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც მუშთაიდის ბაღიდან ფრანგი აერნაოსანი ბედე აფრინდა.

1910 წლის 15 მარტს ქართულ ცაში საჰაერო ბურთთან დაკავშირებული პირველი ტრაგედიაც მოხდა - ქუთაისიდან აფრენილი საჰაერო ბურთი ძლიერმა ქარმა მდინარე რიონისკენ წაიღო და მიწას დაანარცხა, რასაც აერნაოსანი ჰუგო ტაილორის დაღუპვა მოჰყვა.

პირველ ქართულ აერნაოსნად მიჩნეულია ვლადიმერ გარაყანიძე, რომელიც 1920-30-იან წლებში საბჭოთა კავშირში ძალზე რთულ გადაფრენებს ასრულებდა სითბური აეროსტატებით და იალბუზის მწვერვალზეც კი დაჯდა.დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოში ჰაერნაოსნობა 2005 წლიდან განახლდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ენთუზიასტი სწორედ რევაზ უთურგაური გახლდათ.