„ზურაბიშვილი შესაძლოა გადადგეს და ჩაერთოს საარჩევნო პროცესში, რადგან დასაკარგი არაფერი ექნება საკუთარი ბორკილების გარდა“
პრეზიდენტმა პარლამენტში თავისი ბოლო ანგარიშის წარდგენისას, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვან საკითხებზე ოპოზიციის შეთანხმების აუცილებლობაზეც ისაუბრა. "მივმართავთ ოპოზიციას, რამეთუ თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა. დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობასა და ნიჰილიზმს აღვივებს... ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ და გითხრათ, გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის შესახებ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა. ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და სწორედ ამას მოაყოლა ერთიანი პლატფორმის შექმნის იდეა. "მიზანი გვაქვს - ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის!" მე მზად ვარ ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგითა და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას".
პრეზიდენტის მიზნები და პლატფორმის პერსპექტივა
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული იდეის - "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" ორ შესაძლო მიზანზე საუბრობს.
- ორი ვარიანტია: ეს გადაიზარდოს საარჩევნოდ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში და მეორე - შეიძლება საერთოდ არაფერი მოჰყვეს: იმუშაონ რაღაც დოკუმენტზე, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით შეიმუშაონ წინადადებები, რეფორმების სქემა, მოხდეს ამის ინიცირება და მორჩა - ანუ რეალურად არაფრით არ დამთავრდეს. ამ ორი ვარიანტიდან რომელი იქნება რეალური, დამოკიდებულია პრეზიდენტის პოლიტიკურ ნებაზე, რა გზას აირჩევს. თუმცა, ჩემი აზრით, თუკი შემოიფარგლება მხოლოდ დოკუმენტებზე მუშაობით, რასაც შედეგი არ მოჰყვება, ეს შემდგომში ასეთი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმის ალბათობას უფრო შეამცირებს.
სალომე ზურაბიშვილი ორიგინალური და პრინციპული ადამიანია. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული, ხელისუფლების მაღალი წრეებიდან ის იყო ერთადერთი, რომელსაც მკაფიო პროდასავლური და პროუკრაინული პოზიცია ეჭირა. მან დიდი როლი ითამაშა კანდიდატის სტატუსის მიღებაშიც, მაგრამ აქვს თავისი მინუსებიც - დიდი ხანია ვიცნობ როგორც პოლიტიკოსს და ნაკლებად არის გუნდური მოთამაშე. კონსულტაციებს კი გადის, მაგრამ არავინ იცის, რას აპირებს. შესაძლოა ჯერ არაფერი აქვს გადაწყვეტილი.
- არჩევნებამდე ცოტა დროა და ფიქრობთ, რომ ისევ არ ექნება გადაწყვეტილი?
- იმ პოლიტიკოსების ადგილზე რომ ვიყო, ვინც მას ხვდება, შევეცდებოდი მკაფიო პასუხები მიმეღო და ამის მიხედვით გადამეწყვიტა, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტთან ურთიერთობის ინტენსივობის ხარისხი. ერთია, როდესაც ხარ პოლიტიკაში და ფიქრობ პრეზიდენტთან ერთად ან პრეზიდენტის ეგიდით წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას, და მეორე, როცა ამას არ აპირებ. ასეთ დროს ტაქტიკები განსხვავებულია და ამიტომ ამის გარკვევას აუცილებლად შევეცდებოდი.
რა შემთხვევაში იქნება პლატფორმა წარმატებული
ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტიკოსი: სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის წარმატების გარანტიად ასახელებს ყველა პოლიტიკური ძალის და მათ შორის, მმართველი პარტიის ამ პლატფორმაში მონაწილეობას, მაგრამ არა საარჩევნო მიზნისთვის, არამედ სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და ევროინტეგრაციის წარმატებისთვის.
როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამ პლატფორმის შესახებ აკეთებდა განცხადებას, ძნელი წარმოსადგენია, მას "ქართული ოცნების" მხარდაჭერის მოლოდინი ჰქონოდა. მიუხედავად ამისა, ლევან ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ "მას, როგორც პრეზიდენტს, აქვს მოვალეობა, ყველაფერი სცადოს ამ ქვეყნის კონსტიტუციური პრიორიტეტების შესრულებისთვის".
რაც შეეხება იმ ვარიანტს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიზანი შეიძლება საარჩევნო აქტიურობა იყოს, ლევან ლორთქიფანიძე ამბობს: "არ ვიცი, რა აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ თუ აქვს გადაწყვეტილი პოლიტიკაში წასვლა, ამ პლატფორმაზე ყოფნა ვიღაცებთან ერთად, "ნაციონალებსა" და სხვებთან, ვფიქრობ, შეცდომა იქნება, რადგან უამრავი ღირებულებითი წინააღმდეგობაა სალომე ზურაბიშვილსა და იმ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის. ამასთან, საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტები აქტიურ პოლიტიკაში, როგორც წესი, არ ბრუნდებიან. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი გააგრძელებს თავის გონივრულ პოლიტიკას და ოპოზიციასთან არ აითქვიფება. თუ მაინცდამაინც პოლიტიკაში წასვლა უნდა, შეუძლია ეს მარტომ გააკეთოს, ან რამდენიმე ოპოზიციონერთან ერთად, რომლებსაც "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობის და მათ ორბიტაზე ტრიალის გამოცდილება არა აქვთ. მოკლედ, პრეზიდენტმა არ უნდა დაასხას წყალი სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" წისქვილზე, თორემ მისი კაპიტალი შეიძლება წყალში ჩაიყაროს".
ის, რომ ზურაბიშვილის "ნაცმოძრაობასთან" ერთად ყოფნა ვერ იქნება წარმატებული ახალი გაერთიანებისთვის, თუნდაც მესამე ძალის შესაქმნელად, გასაგებია. თუმცა, მეორე მხრივ, ვისთან ერთად შეიძლება გაერთიანდეს, რათა შექმნას ალტერნატივა, ამისთვის დავით ზურაბიშვილი რამდენიმე პირობას ასახელებს:
- თუ ის ფიქრობს საარჩევნოდ გაერთიანების შექმნას, ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, წარმატებული იქნებოდა, თუკი შეძლებდა რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებას. პირველი - "ნაცმოძრაობა" და ის საკულტო ფიგურები, ვინც "ნაცმოძრაობასთან" არიან ასოცირებული, არ უნდა გაიკაროს. მაქსიმუმ, თუ იქნებიან "ნაცური" წარსულიდან ვიღაც-ვიღაცები, შეიძლება იყოს პერსონალურად რამდენიმე პირი და არა პარტიის სახელით. მაგალითად, მელიას ან გვარამიას პარტიასთან ერთად ყოფნა მისთვის წამგებიანი იქნება. თუ ზურაბიშვილი გადაწყვეტს გაერთიანების შექმნას, მისი მიზანი უნდა იყოს გაერთიანება, რომელიც წამოიყვანს "ოცნების" მომხრეების მოყოყმანე ან იმედგაცრუებულ ნაწილს, ან საზოგადოების იმ სეგმენტს, რომელსაც მიაჩნია, რომ "ოცნება" ნამდვილად აღარ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ "ნაცმოძრაობა" კიდევ უარესია, ან ნაკლებად უარესი არ არის. ამიტომაც, თუ პარტიულ დონეზე ფიქრობს ბლოკის გაკეთებას, მე მის ადგილზე შევეცდებოდი ერთად დამესვა ხაზარაძე და გახარია. ამ ფლანგზე ეს ორი პარტიაა ყველაზე მსხვილი. გახარიას პარტია უფრო რეიტინგულია, ხაზარაძე კი უფრო ფინანსურად ძლიერი.
- ექსპერტების შეფასებით, ხაზარაძისა და "ლელოს" მესიჯები, ფაქტობრივად, "ნაცმოძრაობის" მესიჯების იდენტურია და ხელისუფლება ამას გამოიყენებს...
- კი, ხაზარაძის მესიჯბოქსი ძალიან ქაოსურია და ხშირად ემთხვევა "ნაცმოძრაობის" მესიჯბოქსს, მაგრამ თუ ასეთი გაერთიანება უნდა, კეთილინებოს და გადააწყოს. ასეთი ბლოკის მესიჯბოქსი უნდა იყოს პოზიტიური პროგრამა, ლოზუნგით "ჩვენ მოვალთ და გავაკეთებთ", არა ის, რომ "ოცნება" ცუდია, ივანიშვილი ამდენ და ამდენ დღეში თუ კვირაში მოსკოვში იქნება და ა.შ. ამიტომ ვამბობ, არ გამოვა ასეთი გაერთიანება, რადგან ხაზარაძესა და "ლელოს" საქმე ძალიან გაფუჭებული აქვთ. თუმცა, თუ პრინციპულად შეიცვლიან ხედვას და შეცვლიან მესიჯბოქსს, შესაძლებელია გაერთიანების შექმნა გახარიასთან. არიან პატარ-პატარა პარტიებიც, ალეკო ელისაშვილის, ანა დოლიძის... ასევე შეიძლება გაერთიანდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ექსპერტები, რომლებიც არ არიან ასოცირებული "ნაცებთან". ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დიდი ერთობის შექმნის განცდა გაჩნდეს, ოღონდ მკაფიოდ არანაცურის.
კიდევ ერთი საკითხია ჩრდილოვანი კაბინეტის მსგავსის შექმნა. მე მის ადგილას შევეცდებოდი წარმედგინა, მომავალში ვინ იქნება პრემიერი, მნიშვნელოვანი სამინისტროს ხელმძღვანელები და 4-5-კაციანი გუნდი შემექმნა, რომელიც ბევრად მიმზიდველი იქნებოდა ამომრჩევლისთვის, ვიდრე ახლანდელი კაბინეტი. ვფიქრობ, ასეთმა სინერგიამ - პრეზიდენტი, გახარია, ხაზარაძე, ექსპერტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა, მართლაც აქაჩოს 20%-მდე, თუ სწორად წაიყვანენ ყველაფერს. თუმცა არ ვარ დიდად ოპტიმისტურად განწყობილი, რადგან ამ ყველაფერში ყველაზე პრობლემურად "ლელოს" პოზიცია მიმაჩნია, რომელსაც, გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე. მეორე მხრივ, სალომესთვისაც რთული იქნება, რადგან ასეთი გაერთიანება მოითხოვს კომპრომისებს და ეს რამდენად გამოუვა, ცოტა ხისტი ხასიათის გამო, არ ვიცი. გახარიაც აშკარად ორიენტირებულია ცალკე გასვლაზე და მათაც ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, თუმცა, 5%-იან ბარიერს გადალახავენ და ამას მივესალმები, რადგან მინდა პარლამენტში იყოს ერთი მკაფიოდ არანაცური ძალა მაინც.
- გახარია-ხაზარაძე ახსენეთ, რომელიმეს გარეშე გაერთიანებას წარმატება არ ექნება?
- თუ იქნება გაერთიანება "ლელოს" გარეშე, ეს ყველაზე მეტად "ლელოს" დააზარალებს. დააზარალებს სალომესაც და გახარიასაც. იმავეს ვიტყვი გახარიაზე - თუ სალომე პლუს "ლელო" იქნება გახარიას გარეშე, გახარიაც დაზარალდება ამით და სალომეც. თუმცა სულ არაფერს ეს ნაკლული ვარიანტი მაინც სჯობს. ჯერ ვერ ვხედავ იმ შანსს, რომელიმე პარტია რეიტინგით "ნაცმოძრაობის" დონეზე ავიდეს, მიუხედავად "ნაცმოძრაობის" მძიმე მდგომარეობისა. ჯერ არ ვიცით, გვარამია ცალკე შექმნის პარტიას თუ მელიასთან. თუმცა ერთად თუ გააკეთებენ, ნამდვილად გაუყოფენ ხმას "ნაცმოძრაობას", ცალ-ცალკე კი წაართმევენ. ცხადია, "ოცნებას" ეს ნაკლებად აწუხებს, რადგან მისი მოყოყმანე ამომრჩეველი იქით ნაკლებად წავა...
რა უნდა სააკაშვილს?
სალომე ზურაბიშვილს განცხადებაც კი არ ჰქონდა დამთავრებული, რომ სააკაშვილი გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა ამ პლატფორმაში ჩასართავად.
"სააკაშვილზე არსებობს არაჩვეულებრივი გამონათქვამი, ამ კაცს სურს პანაშვიდზეც კი ყურადღების ცენტრში იყოსო, და ახლაც სწორედ ამ ვითარებასთან გვაქვს საქმე. ზურაბიშვილი ცდილობს არჩევნებისთვის ელემენტარული წესები იყოს უზრუნველყოფილი, გამოიკვეთოს ევროკავშირის პრიორიტეტი. სააკაშვილი აქაც ციხიდან ეჩრება და ცდილობს ყველანაირი სადისკუსიო რესურსი, რაც შეიძლება იქ გამოჩნდეს, თავის მხარეს გადაიტანოს. ასე რომ, ეს არის სააკაშვილის მიერ მთელი პროცესის ხელში ჩაგდების მცდელობა", - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ "სალომე ზურაბიშვილს თუ ჭკუა აქვს, და მე მას ვიცნობ და ვიცი, რომ აქვს, სააკაშვილთან ერთად ღია პოლიტიკურ და პარტიულ აქტიურობაში არ უნდა ჩაერთოს"...
კონკრეტულად რა უნდა სააკაშვილს - ასე ვთქვათ, ზურაბიშვილისთვის თავის შეცოდება თუ პოტენციური მესამე ძალის შექმნის ჩაშლა, რაც თუ რეალურად შეიქმნება, არც "ნაცმოძრაობას" და არც "ქართულ ოცნებას" არ აწყობთ, რადგან ორივე დაკარგავს მთავარ ბერკეტს, რითაც წლების განმავლობაში პოლიტიკურ ველზე ძალაუფლებას ინარჩუნებდნენ ისე, რომ არავის აძლევდნენ განვითარების საშუალებას.
დავით ზურაბიშვილი: - სააკაშვილი თავისი ინტერესიდან გამოდის, ამიტომაც გამოეხმაურა ინიციატივას, რადგან არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობს, რომ თუ ვინმე მასთან რაიმე ფორმატში იქნება, ეს ვინმე შეავსებს "ნაცმოძრაობას" და არა პირიქით.
- ანუ სააკაშვილს შეეშინდა პოზიციების დაკარგვის და არა ხმების?
- ორივესი. "ნაცმოძრაობის" მომხრეებს მე პირობითად გავყოფდი ორ ნაწილად. ერთია ის ნაწილი, ვინც ძალიან მიშისტია, ანუ სადაც სააკაშვილია, იმას აძლევს ხმას, მაგრამ "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი მხოლოდ ეს არ არის და არცთუ ცოტაა ისეთი, ვისაც მართლა უნდა ხელისუფლების შეცვლა - ანუ არ იყოს ბიძინა არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ მიშა მოვიდეს, და თუ დაინახეს, რომ სალომეს გაერთიანებამ შეიძლება შეცვალოს ბიძინა, არ არის გამორიცხული, იქით წავიდნენ. გამსახურდიას მომხრეების დიდმა ნაწილმა 2003 წელს მხარი დაუჭირა სააკაშვილს, რადგან ჩათვალეს, რომ იყო ის ადამიანი, ვინც შევარდნაძეს გააგდებდა. შესაძლოა აქაც ეს ვარიანტი გათამაშდეს. ამიტომ ამომრჩევლის ნაწილი შესაძლოა დაკარგოს, მაგრამ, უფრო კონკურენტის გაჩენის და პოზიციების დაკარგვის შიში აქვს.
რომელი პოსტისთვის იბრძოლებს ზურაბიშვილი
დავით ზურაბიშვილი: - მე პირადად არსად წარმომიდგენია, გარდა პრეზიდენტობისა. მაგრამ თავისუფლად შეიძლება სწორედ ის გახდეს ოპოზიციის კანდიდატი, თუკი ოპოზიცია გაიმარჯვებს. თუმცა მანამდე, არ უნდა გადადგეს, რადგან მის რეიტინგში მის პრეზიდენტობას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს. ცხადია, პიროვნული ფაქტორიც არის, მაგრამ ე.წ. სკამის რეიტინგი მას ბევრს მატებს. იმ რისკზეც შეიძლება წასვლა, რომ არჩევნების წინ გადადგეს და პირადად ჩაერთოს საარჩევნო პროცესში, რადგან დასაკარგი არაფერი ექნება საკუთარი ბორკილების გარდა. თუ "ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში, მას პრეზიდენტად აღარ აირჩევენ, ამიტომ არ არის გამორიცხული, ასეთ რისკზე წავიდეს და ბოლო ერთ თვეში საარჩევნო კამპანიაში მისი მონაწილეობაც მნიშვნელოვანი იქნება - საზოგადოებას ეტყვის, ევროპული მომავლის გადასარჩენად მოვდივარო. მეორე მხრივ, კამპანიის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, არ იყოს სიძულვილსა და "ოცნება" რუსეთის "მარიონეტობაზე" ორიენტირებული, რადგან "ოცნება" თუ რამე საშინელებას არ ჩაიდენს, და ეჭვი მაქვს, არ ჩაიდენს, "ბიძინა რუსეთია" კამპანია არ იმუშავებს. ამიტომ უნდა შეეცადონ კამპანია იყოს არა "ბიძინა რუსეთია", არამედ "ჩვენ ვართ ევროპა და რეალურად ჩვენ მოგიტანთ ევროპულ მომავალს". ეს უნდა დაიჯეროს ამომრჩეველმა და სინერგიას ეს შეუძლია, ცალ-ცალკე პარტიები კი ასეთ განცდას ვერ გაუჩენენ.
ლევან ლორთქიფანიძე ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის გარდაუვალ კრახს ვარაუდობს: "მე მჯერა, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს მართლა ერთადერთი მიზანი - პოლიტიკური ძალები შეათანხმოს ელემენტარული ეთიკის ნორმებსა და თამაშის წესებზე, რათა არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს. მეორე მიზანია, საყოველთაოდ და უნივერსალურად იყოს აღიარებული ის, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, რომ მივდივართ ევროკავშირისკენ. ვფიქრობ, სწორედ ამას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი. დანარჩენი მერე გამოჩნდება. თუკი სხვა რამეს დააპირებს, ეს მისთვის იქნება საზარალო".
რუსა მაჩაიძე