„ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა „ოცნების“ წევრებს აჯობა ირაკლი კობახიძის­ ქებაში“ - კვირის პალიტრა

„ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა „ოცნების“ წევრებს აჯობა ირაკლი კობახიძის­ ქებაში“

"ჩვენთვის საჩუქარია ირაკლი კობახიძე პრემიერის პოსტზე", - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გახარიას გუნდი­ "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" შექმნის თაობაზე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას არ შეუერთდება. "პლატფორმაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან იქ არიან პირები, რომელთათვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია და 2024 წლის არჩევნები დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან. ჩვენ მათთან საერთო არაფერი გვაქვს", - აღნიშნა ბუჩუკურმა. უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ რატომ არის კობახიძე საჩუქარი გახარიას გუნდისთვის და რატომ ამბობენ უარს ერთობის პლატფორმაზე, ამის შესახებ ანა ბუჩუკური გვესაუბრება.

- "ქართულ ოცნებაში" ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები ჩვენი გუნდისთვის ახალი შესაძლებლობაა, პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძე კი საჩუქარია. რატომ? იმიტომ, რომ ის არის ნულოვანი წონისა და მხარდაჭერის პოლიტიკური­ ფიგურა. გარდა იმისა, რომ მის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი ოპოზიციური საზოგადოება, ის არც საკუთარ­ გუნდში­ არ უყვართ, არც რაიმე გამარჯვე­ბასთან ასოცირდება, არც ღირებულებებთან. ეს არის ადამიანი, რომელიც თავს იწონებს, კონსტიტუციის შემქმნელი ვარო, და თავადვე არღვევს კონსტიტუციას. მან ორჯერ მისცა ბიძგი ქვეყანაში მრავალათასიან საპროტესტო აქციას - ერთხელ გავრილოვი­ მოიწვია და საკუთარ სავარძელში­ ჩასვა და მეორედ რუსული კანონი შემოგვთავაზა. ის ტყუილებში დაკარგული "ქართული ოცნების" დეგრადირებული სახეა. შესაბამისად, ჩვენი გუნდისთვის ის საჩუქარია, შესაძლებლობა, რომ "ქართული ოცნება" ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ჩვენ ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ!

- თქვენი აზრით, რატომ გაგიკეთათ ასეთი­ საჩუქარი ბიძინა ივანიშვილმა?

- ნამდვილად არ ვიცი, რით დავიმსახურეთ, აშკარად "ძაღლის თავია დამარხული" ამ საქმეში, მაგრამ ცხადია, ჩვენ ახალი შესაძლებლობები მოგვეცა და აუცილებლად გამოვიყენებთ. სხვათა შორის, მადლობა მინდა გადავუხადო იმისათვის, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესაც კი, მაშინ, როდესაც პირველად წარდგა საზოგადოების წინაშე პრემიერის სტატუსით, ყველაზე მეტი დრო ჩვენზე საუბარს დაუთმო­. საზოგადოებას მინდა შევახსენო, როგორ აქებდა და ადიდებდა გიორგი გახარიას, როდესაც ის პრემიერი იყო. 20 ივნისის შესახებ კობახიძის სიტყვები სრულად იმეორებდა "ნაცმოძრაობის" ნათქვამს, თან მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ, შავით თეთრზე თქვა, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტზე ორგანიზებულ შეტევას ანუ შტურმს. თუმცა­ 2020 წლის 26 მაისს მან ზუსტად ამ მოვლენაზე ასეთი რამ თქვა: "ამ ბრძოლაში განსაკუთრებული­ მადლობა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს (გახარიაზეა საუბარი), რომელიც საზოგადოების წინაშე წარდგა. მე ვიტყოდი ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა".

- საინტერესოა, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ამ შესაძლებლობის გამოყენებას?

- ჩვენი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს ისიც ვერ გაურკვევიათ, რა კომბინაციით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას...

ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალური კვლევა ადასტურებს, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი ვართ, რომელსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა­ არა აქვს. ჩვენ არ ვართ იმ ოპოზიციური პარტიების დღეში, საარჩევნო ბარიერი გადალახვისთვის ვაჭრობას რომ იწყებენ "ქართულ ოცნებასთან" ან "ნაციონალურ მოძრაობასთან". იმის მაგივრად, ელექტორატის გაზრდასა და საკუთარი იდენტობის გამოხატვაზე იფიქრონ, სახეს კარგავენ. ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა "ოცნების" წევრებს აჯობა ირაკლი კობახიძის­ ქებაში. ზოგიერთს ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობაც აკავშირებს მამუკა მდინარაძესთან. ალბათ, მალე კიდევ ბევრი რამ ამოვა ზედაპირზე.

- იაგო ხვიჩიას გულისხმობთ?

- არა მარტო! "გირჩებს" არც "ინჯიები" ჩამოუვარდებიან.

- ოპოზიციაში არიან სხვა პარტიებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ უპრობლემოდ გადალახავენ ბარიერს, თუმცა ექსპერტების დიდი ნაწილის აზრით, ოპოზიციური პარტიები დიდი ერთობის, პლატფორმის ან საერთო სტრატეგიის შექმნის გარეშე "ოცნებას" ვერ დაამარცხებენ. ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც.

- ძალიან დიდი ინფორმაცია მოგვდის მმართველი პარტიიდან. უფრო მეტიც, პირადად მე უფრო მეტი რამ ვიცი, ვიდრე "ოცნების" მთავარმა შემადგენლობამ. ამას გარდა, სანამ ჩვენი გუნდი გამოჩნდებოდა, მუდმივად კრახით მთავრდებოდა ოპოზი­ციური ერთობის შექმნის ცდები. ჩვენ როგორც კი გადმოვინაცვლეთ ოპოზიციურ ველზე, მაშინვე დავდეთ შედეგი - "ქართულ ოცნებას" 7 მუნიციპალიტეტში დავაკა­რგვინეთ ძალაუფლება. რაც შეეხება­ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, ჩვენ ვითამაშეთ ყველაზე აქტიური როლი პრეზიდენტის იმპიჩმენტის ჩაშლაში.­ უბრალოდ, ამ კონკრეტულ ფორმატში ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, ვინაიდან ამ ფორმატში მონაწილე პარტიები სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ასევე არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას. ამ ფორმატში არიან პირები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ არ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, რადგან სააკაშვილი ციხეშია... ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილს, ჩვენ გარდა, ყველა ოპოზიციური პარტია მიიჩნევს პოლიტპატიმრად. არიან პარტიები, რომლებმაც "ნაციონალებთან" თანამშრომლობით იდენტობა დაკარგეს. ამ ფორმატში ჩვენ არ ვიქნებით, მაგრამ ეს არ შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ.

- თქვენც ხომ თანამშრომლობდით "ნაციონალურ მოძრაობასთან" რიგ შემთხვევებში, თუნდაც ადგილობრივ არჩევნებში?

- ამაზე საუბარი არის "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივი. ორივე ხედავს, რომ მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა დაყვანილი­, ჩვენ კი ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელსაც მზარდი რეიტინგი აქვს. გახარია ნომერი პირველი ლიდერია არა მარტო ოპოზიციურ ლიდერებს შორის. გამოდიან ახლა და რაღაც სისულელეებს გვაბრალებენ. ჩვენ 4 მუნიციპალიტეტში "ოცნებასთან" ვითანამშრომლეთ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - ბიუჯეტის დამტკიცებაში. ეს ნიშნავს, რომ "ოცნება" ვართ?! ჩვენ ვამბობთ, რომ "ნაცმოძრაობა" იქნება, "ოცნება" თუ სხვა, ყოველთვის გამოვიყენებთ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებისთვის.

- ანუ კოალიციური მთავრობის პირობებში­ "ნაციონალებთანაც" ითანამშრომლებთ?

- კოალიცია არ გვექნება არც "ნაცებთან" და არც "ქოცებთან". ჩვენი მიზანია, 50%-ს ქვემოთ ჩავტოვოთ ორივე. რაც შეეხება პატარა პარტიებს, ან თავს დაანებებენ "ნაციონალების" ფუნქციების შესრულებას, ან მათ ბედს ხალხი გადაწყვეტს.

ხათუნა ბახტურიძე