საპრეზიდენტო პლატფორმა, „საოცრება“ პარლამენტის სხდომაზე და„განსაკუთრებულების“ კონკურენცია - კვირის პალიტრა

საპრეზიდენტო პლატფორმა, „საოცრება“ პარლამენტის სხდომაზე და„განსაკუთრებულების“ კონკურენცია

ტრაგიკული და მძიმე კვირა იყო. აჭარაში ზვავმა 2 კაცი იმსხვერპლა, მეწყერმა იმერეთში - 9, საჰარეო ბურთი ასურეთთან ბოძს შეეჯახა და სამი კაცი დაიღუპა, რუსთავის ბაზრობაზე ტიპმა ოთხი კაცი გააგორა... მართლაც ისეთი დღეები იყო, რომ არც ტელევიზორის ჩართვა მოგინდებოდა კაცს და არც რაიმეს წაკითხვა. "კვირის პალიტრა" უსამძიმრებს ყველა დაღუპულის ოჯახს. სამწუხაროდ, ტრაგედიები ხდებოდა, ხდება და მოხდება. ყველაფრის პრევენცია შეუძლებელია. თუმცა თუნდაც სტიქიების გააქტიურება განგაშის სიგნალი უნდა იყოს, უნდა დააჩქაროს ყველა ის სამუშაო, რომელთა თაობაზეც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები საუბრობდნენ შოვის ტრაგედიის შემდგომ. რაც შეეხება პოლიტიკურ მოვლენებს,­ გასული კვირა მაინც განსაკუთრებული გახლდათ. ჯერ პრეზიდენტი წარდგა ანგარიშით პარლამენტის წინაშე, შემდეგ კი ახალი მთავრობაც დამტკიცდა. ამასობაში ნიკა გვარამიამ პარტიის შექმნა დააანონსა...

პრეზიდენტის მოხსენება

სალომე ზურაბიშვილმა მწვავე განცხადებები გააკეთა პარლამენტში. დინამიკა იყო საინტერესო - აკრიტიკა, აკრიტიკა, აკრიტიკა ხელისუფლება (არ გამორჩენია არც რუსული მიგრაცია და არც მოსკოვთან საჰაერო ფრენები) და როცა სიტუაცია მაქსიმალურად "დაამძიმა",­ პოლიტიკოსებს გამოსავლად შესთავაზა "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" - ანუ იდეაში­ პოლიტიკოსები უნდა მივი­დნენ პრეზიდენტთან და შეუერთდნენ ამ პლატფორმას. თუმცა­ რა გაგრძელება უნდა მოჰყვეს ამ პროცესს­, ბუნდოვანია. უფრო ზუსტად, უხეშად რომ ვთქვათ, ვის რა სარგებელი ექნება ამ პროცესისგან?! სავარაუდოდ, არავის არავითარი სარგებელი, ზურაბიშვილის გარდა.

ევროპა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სურს. ნებისმიერი­ მთავარი მოთამაშე პარტია ოფიციალურად აცხადებს, რომ პროდასავლურია. შესაბამისად, ოპოზიცია რომ შეუერთდეს "ერთობის პლატფორმას", ეს იქნება კიდევ­ ერთი ლამაზსიტყვებიანი დოკუმენტი­, როგორიც არაერთი გვინახავს.­ ეს არ ნიშნავს პოლიტიკურ ალიანსს და ერთიანი ფრონტით მონაწილეობას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. არადა, პარტიებს აქვთ კონკრეტული ამოცანა - როგორმე გადალახონ 5%-იანი ბარიერი და რამდენიმე დეპუტატის მანდატი მაინც მოიპოვონ.

სამაგიეროდ, "ერთობის პლატფორმა­ ევროპისთვის" სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება გამოიყენოს თავისი "განსაკუთრე­ბულობის" ხაზგასასმელად. მას შეუძლია თქვას და იტყვის, რომ ოპოზიცია გააერთიანა "ევროპული პლატფორმის" გარშემო­. პარალელურად კი, დიდი ალბათობით, შეეცდება, თუ ოქტომბრის არჩევნები ამის შანსს მოიტანს, იყოს ოპოზიციის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი.

ეს "განსაკუთრებულობაზე" ხაზგასმა ეწყინათ სხვა "განსაკუთრებულებს (უფრო ზუსტად იმათ, ვისაც ამაზე პრეტენზია აქვთ) - სააკაშვილსა და გახარიას. კერძოდ, გახარიას პარტია მაშინვე გაემიჯნა­ "ერთობის­ პლატფორმას". თუმცა მათი არგუმენტები­ გაუგებარია. ჯერ თქვეს, ეგაო (ანუ­ ზურაბიშვილის ინიციატივა) "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" ერთობლივი თამაშიაო. შემდეგ თქვეს, ვერ დავსხდებით იმ ხალხ­თან, რომლებსაც მხოლოდ სააკაშვილის შეწყალება აინტერესებთო. შეგახსენებთ, რომ გახარიას პარტია "ოცნებაზე" მეტად გარადიკალდა "ნაცმოძრაობის" მიმართ და ითხოვს, სააკაშვილი "ვივა მედის" კლინიკიდან სასწრაფოდ დააბრუნონ ციხეში.

photo1707417247-1707667485.jpeg

გახარია სალომე ზურაბიშვილთან რომ მისულიყო, "აითქვიფებოდა" სხვა ოპოზიციონერებში და მთავარი ფიგურა "ოპოზიციის გამაერთიანებელი" (თუნდაც ერთი ფორმალური დოკუმენტის ირგვლივ) სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა. ამიტომ გახარია ისევ "მესამე პოზიციაში" ჩადგა.­ თუმცა მას მაინც ბევრჯერ წამოაძახებენ "ნაცმოძრაობასთან" ალიანსს სხვადასხვა საკრებულოში, რამდენიც არ უნდა იძახონ,­ რომ მათ კი არ ჰქონდათ კოალიცია "ნაცმოძრაობასთან", არამედ "ნაცმოძრაობას" ჰქონდა ალიანსი გახარიას პარტიასთან. კოალიცია და ალიანსი სიყვარული არ არის, რომ ცალმხრივი იყოს. მეორეც - თუ გახარიას ასეთი შინაგანი ჭმუნვები აქვს "ნაცმოძრაობასთან" ერთ ჭერქვეშ ყოფნაზე (თუნდაც პრეზიდენტის ეგიდით), რატომ მოიმიზეზა პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის ოფიციალურ მიზეზად ის, რომ ნიკა მელიას ვერ დაიჭერდა? მაშინდელი ნიკა მელია დღევანდელი ნიკა მელია არ არის და როდესაც გახარია პრემიერი იყო, რადიკალიზმით ზოგჯერ სააკაშვილსაც კი უსწრებდა ხოლმე.

სალომე ზურაბიშვილის ზემოხსენებული ინიციატივის შემდეგ მეორე "განსაკუთრებულიც" აიჭრა და თან იეჭვიანა. სააკაშვილი "ვივა მედის" კლინიკაში კი არა, მარსზეც რომ იყოს, ვერ აიტანს, მის გარდა ვინმეს პრეტენზია გაუჩნდეს ოპოზიციაში მთავარ ფიგურობაზე. გახარიასგან განსხვავებით, სააკაშვილი ზურაბიშვილის ინიციატივას ასე ვერ გაემიჯნებოდა იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ დიდწილად სააკაშვილის საკნის გასაღები პრეზიდენტს აქვს და მისი მომდურება არ იქნებოდა მიზანშეწონილი (ამ პრინციპს იცავს სააკაშვილი მას შემდეგ, რაც დააკავეს). შესაბამისად, მან იხელმძღვანელა პრინციპით: "თუ ვერ ერევი, შეუერთდი". მან მოიწონა სალომე ზურაბიშვილის ინიციატიცა და იქვე მიანიშნა, რომ მიხვდა, თუ ვინ შეიძლება იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი. თუმცა შემდეგ ორი დღე იფიქრა და მაინც ვერ გაძლო, რომ ცოტა ხანი საკუთარი პერსონა წინა პლანზე არ წამოეწია.

სასამართლოში ჩართვისას მან სალომე­ ზურაბიშვილს, ფაქტობრივად, რევოლუცი­ისკენ მოუწოდა, გაავსოს რუსთაველი და ჩვენ მათ მხარს დავუჭერთო (სხვათა­ შორის, "ნაცმოძრაობასთან" ალიანსში მყოფმა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებმა­ მიშას­ ძალიან, ძალიან მორიდებით, მაგრამ მაინც შეჰბედეს, დღეს აქციების დრო არ არისო), შემდეგ კი უკვე საკუთარი პერსონა­ "ჩართო"­ - თქვა, რომ "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს უხელ­მძღვანელებს და ხმების მცველის სკოლას ქმნის, რადგან "ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

სააკაშვილს აქვს ერთი პროგრამა - რადაც არ უნდა დაუჯდეს, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ხვალ რომ საოცარი ამბავი­ მოხდეს, მიშა ციხიდან გამოუშვან და ის უკრაინაში დაბრუნდეს, წამითაც არ შეწყვეტს ფიქრს, რომ საქართველოში ისევ მოიპოვოს ძალაუფლება. ოქტომბრის არჩევნები მისთვის კიდევ ერთი შანსია და შესაბამისად, ადვილი წასაკითხია ის სქემა, რომლითაც აპირებს მოქმედებას (რაც აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია). ხმის მიცემის პროცედურების დასრულების შემდეგ არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებს და ყველას (პირველ რიგში კი, საკუთარ პარტიას) მოუწოდებს დაუმორჩილებლობისა და რევოლუციისკენ და ვინც "ენას შეუბრუნებს", მოღალატედ გამოაცხადებს.

სხვათა შორის, ამ დღეებში კვლავ გააქტუალურდა თემა - შეიწყალებს­ თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ­ სააკაშვილს. თქვენი მონა-მორჩილის სუბიე­ქტური­ აზრით, არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პოლიტიკური წონა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შეიძინა ბოლო ერთ წელიწადში, განულდება.

ახალი მთავრობა და "საოცრება" პარლამენტში

გასულ კვირას პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა და ჰოი საოცრებავ, ჩვენმა თანამოქალაქეებმა მეტ-ნაკლებად გაიგეს, რა არგუმენტები ჰქონდა ოპოზიციას, რა უმრავლესობას და რას პასუხობდა მათ პრემიერობის კანდიდატი. არადა, მანამდე მსგავსი "ღონისძიებები" საკანონმდებლო ორგანოში კაკოფონიას ემსგავსებოდა. აქეთ ოპოზიცია იხევდა ტანსაცმელს და მოღალატეს უწოდებდა უმრავლესობას, იქით უმრავლესობა სისხლიან ცხრა წელს ახსენებდა კოლეგა-დეპუტატებს, იქით პრემიერობის კანდიდატი იმუქრებოდა ხოლმე, დაგასრულებთო. მოკლედ, იმის თქმა გვინდა, არაჩვეულებრივად მშვიდ ვითარებაში დამტკიცდა მთავრობა. სურათი ოდნავ გააფუჭა ყოფილი თანაგუნდელების ("ოცნება" - გახარიას პარტია) მცირეხნიანმა სიტყვიერმა დაპირისპირებამ.

ფარდა ასეთი უჩვეულო სიმშვიდის­ საიდუმლოს "გირჩელმა" იაგო ხვიჩიამ ახადა­ - მას თურმე კოლეგა-დეპუტატებმა­ "ნაცმოძრაობიდან" უთხრეს, რომ "ახალი პიარკონსულტანტი ჰყავთ, რომელმაც ურჩია, აგრესია არ ვარგა და კეთილშობილები­ უნდა იყვნენ". დიდი ალბათობით, ხვიჩია არ ცრუობს. სხვანაირად, "ნაცმოძრაობის" ასე გადასხვაფერება მართლაც უცნაური იქნებოდა. თუ ეს მართალია, მაშინ სააკაშვილის პარტიას ჭკვიანი კონსულტანტები ჰყოლია, რომლებიც მიხვდნენ, ხალხს უკვე რა რეაქცია აქვს წყევლა-გინებასა და გულზე მჯიღების ბრაგუნზე. მეორეც - თუ ასე გააგრძელეს კონსულტანტებმა, მათ უნდა მივანიჭოთ ორდენი "დეპოლარიზაციისთვის".

"ახალი" თუ ძველი?!

ნიკა გვარამიამ დააანონსა პარტიის შექმნა "ახალი" (AHALI, როგორც თვითონ დაწერა სოცქსელში). არადა, გვარამიას ნიკა მელიასთან ელოდებოდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, საფუძველს მოკლებული არ ყოფილა გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ნაცმოძრაობის" არ იყოს, გვარამიას პარტიის მთავარი სპონსორიც კეზერაშვილი იქნება. შესაბამისად, დიდი ალბათობით, კეზერაშვილთან დაპირისპირებული მელია ჩაიხსნა ამ სქემიდან. სხვათა შორის, ყოფილი "ნაციონალები" "ევროპული­ საქართველო­დან" ირონიით გაიძახიან, ოქტომბრის არჩევნებზე­ სააკაშვილი სამი პარტიით იასპა­რეზებსო. ვნახოთ, შესაძლოა ასეც იყოს, თუ მელია პირადად არ გაემიჯნა სააკაშვილს.

"ახალი" პარტიის ლიდერი კი იქნება,­ მაგრამ გვარამიას ძველი ცოდვების ტვირთი­ აკიდებული აქვს. არაერთხელ დაისმება კითხვები გენპროკურორობისას მის მოადგილეებზე (თავისთავად, გენპროკურორის მოადგილეობა კომპრომატი არ არის, კომპრომატია ის, თუ გვარამიას დროინდელი პროკურატურა როგორ ატერორებდა ბიზნესმენებსა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს) და იმაზე, როგორ ასრულებდნენ ზურაბ ადეიშვილის დავალებებს, ცნობილ ფილმზე, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები რუსეთის აგენტებად ჰყავდა გამოყვანილი, სააკაშვილის რუპორობასა და მედიის პარტიულ პროპაგანდისტულ რუპორად ქცევაზე. რაც მთავარია, გვარამიას არაერთხელ ჰკითხავენ, ადრე ასე რომ იქცეოდა, დღეს გამოსწორდა, დღევანდელი გადასახედიდან ამ ყველაფერს შეცდომად თვლის, თუ დღესაც ისე მოიქცეოდა, როგორც მაშინ?

მართლაც საინტერესო იქნება გვარამიას პასუხები ამ კითხვაზე... და არა მარტო გვარამიასი...

გიორგი კვიტაშვილი