“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ერთხელ კიდევ ავკიაფდე იქ, სადაც საჭიროა! იქ, სადაც თეატრი არის!“ - კვირის პალიტრა

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ერთხელ კიდევ ავკიაფდე იქ, სადაც საჭიროა! იქ, სადაც თეატრი არის!“

"ცნობილი ფაქტია და ყველა მოქმედ მსახიობს ახასიათებს ასეთი რამ - გული უჩქარდება და წნევა ეწევა სპექტაკლის დაწყების, სცენაზე გასვლის წინ და როდესაც ამ ყველაფერს ხელოვნურად გიჩერებენ,­ შენს წინააღმდეგ აგორებული ტალღის გამო შინაგანი ბრაზი ერთვის და წნევა ისედაც გაქვს. როდესაც შემოქმედი ადამიანი ხედავ, რომ უკვე რამდენიმე წელია ერთ ადგილას დგახარ, სხვა გზა არ გრჩება, უნდა იმოქმედო. მეც ავდექი და მოსკოვში წავედი, საიდანაც არაერთი შემოთავაზება მივიღე, "ფეისბუკჯგუფში" დაწერილი ჩემი პოსტის შემდეგ", - ამბობს მსახიობი ბესო ზანგური, რომელმაც ეს გადაწყვეტილება სულ ცოტა ხნის წინ მიიღო და საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა. მოსკოვური გეგმების გარდა, ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის სპექტაკლებსა­ და რობერტ სტურუასთან ურთიერთობაზე გვესაუბრება, რომელთანაც ორი ათეული საქმიანი წელი და უახლოესი მეგობრობა,­ ნათელმირონობა აკავშირებს, თუმცა როგორც ამბობს, "ბოროტმა ენებმა" რეჟისორს მასზე რაღაცები "უჩურჩულეს"...

- ბესო, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც მოსკოვი? თქვენც იცით, რომ ეს საზოგადოებაში პირდაპირ იწვევს აგრესიას, რადგან რუსეთი­ ოკუპანტია. მზად ხართ ამ შემოტევისთვის?

- არც ამცდა კრიტიკა... ახლა შემოთავაზება საფრანგეთიდანაც მაქვს, მაგრამ როდესაც მე და ჩემმა აგენტმა­ როლი განვიხილეთ, არ მომეწონა. ერთი ცნობილი­ ფრანგი რეჟისორი იღებს ფილმს და მე ქართველი მამაკაცის განსახიერება შემო­მთავაზეს, რომელიც აფერისტია - იქ სავაჭროდ ჩააქვს ჩურჩხელა, ღვინო და ვიღაცები უნდა გადააგდოს... რაც შეეხება რუსეთს, დავფიქრდი, სად გვჭირდება ყველაზე მეტად ურთიერთობის დათბობა, მე რაში შეიძლება გამოვადგე ჩემს ქვეყანას - ისევ ჩემს საქმიანობაში და სად არ უნდა მივაქციო ყურადღება ხალხის აზრს. გავთიშე საკუთარ თავში ყველაფერი, ჩემი წარსული, ჩემი ამბი­ციები, და წავედი. მე ისევ ჩემი პროფესი­ით­ ვეცდები ფეხზე ავაყენო ადამიანი და ტაში დავაკვრევინო, როგორც ეს ამდენი წლის განმავლობაში ხდებოდა.

მოსკოვში ძალიან დიდი ქართული დიასპორაა და მას ბატონი დავით ცეცხლაძე ხელმძღვანელობს, ყველაფერს თავისი კეთილი ნებით, ენთუზიაზმით აკეთებს­ და არა ვიღაცის დაფინანსებით. იქ უბრალო ადამიანები დამხვდნენ, რომელთაც სახეზე ეწერათ, ჩვენ გვიყვარს და გვენატრება საქართველო და აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ იქიდან ჩამოსული ადამიანისთვის, ოღონდ ჩვენი ქვეყანა ასახელოს. მე ჩავიტანე ჩემი მიზანი, ჩემი სიტყვა. თავიდან გადაღებაზე იყო საუბარი - ალექსა­ნდრე ინშაკოვი, რომელმაც "ბრიგადა" გადაიღო,­ ახლა სხვა სერიალზე მუშაობს, სადაც მთავარ როლს კვლავ სერგეი ბეზრუკოვი შეასრულებს, მე კი მიმიწვიეს იტალიელი პერსონაჟის განსასახიერებლად... იქ რომ ჩავალ­, სულ გადაღებები­ ხომ არ იქნება, მე კი უქმად ჯდომა არ შემიძლია, ამიტომ ასეთი აზრი მომივიდა - თბილისში ხომ გვაქვს გრიბოედოვის თეატრი, რუსეთში კი ქართული თეატრი არ არის და შევთავაზე,­ გავაკეთოთ-მეთქი. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ და გავხსენით სტუდია "არ დაიდარდო". მოსკოვში ჩაფრინდე და დიასპორის ხელმძღვანელი ამაში დაარწმუნო, მან დარეკოს, ფართობი­ გამოგიყოს, იქ ქართველები დაგხვდნენ და დიდი სიყვარუ­ლით მიგიღონ, მარტივი არ არის. იმ სტუდიაში, სადაც მივედი, ქეთა თოფურია, "ა-სტუდიო" და გიგა კვენეტაძე წერენ სიმღერებს. გიგასთან ერთად მიუზიკლზე მუშაობას დავიწყებ, როგორც კი ჩავალ.ერთადერთი, რასაც ვერ დავთმობ, რუსთაველის თეატრია. სულ რომ არ მქონდეს კონტრაქტი და ხელფასს არ ვიღებდე, ყოველთვის ჩემი სახლი იქნება, მისი მსახიობი ვიქნები და როცა დავჭირდები, ყოველთვის­ აქ ვიქნები. მაშინ, როცა ჩემი თანატოლები ბარებსა და კლუბებში ერთობოდნენ, მე დილით რომ შევიდოდი რეპეტიციაზე, შუაღამის 3-4-საათზე გამოვდიოდი­, დილის­ 9-ზე კი კვლავ სცენაზე ვიდექი...

- წლების განმავლობაში იყავით რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი, რაც ადვილი მისაღწევი არ არის, როგორ დაუახლოვდით მას და თქვენი აზრით, რით გამოგარჩიათ, რომ ასეთი ასპარეზი მოგცათ?

- თავიდან არც მქონდა გათვლა იმაზე,­ რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი, რუსთაველის თეატრზე არც ვოცნებობდი. ჩემი პედაგოგი თეატრალურის ამჟამინდელი რექტორი გიორგი შალუტაშვილი იყო, რომლისაც უზომოდ მადლიერი ვარ, მან ჩადო ჩემში ყველაფერი. ის და ალეკო მახარობლიშვილი მსახიობის ოსტატობას ერთად გვიკითხავდნენ. გადაწყდა, რომ ქალაქ რუსთავში უნდა დაედგათ ედუარდო დე ფილიპოს "აჩრდილები", სადაც აფერისტ გასტონეს ვთამაშობდი. ერთ დღეს რეპეტიციაზე ნაბახუსევი მივედი და უცებ ატყდა ჩოჩქოლი, რობიკო მოვიდაო, ჩამოუსხდნენ წინ და შესციცინებენ თვალებში. მე ჩემთვის ბოლთას ვცემ სცენაზე... მინდა არ შემა­მჩნიოს, მათთან საუბარი მალე დაასრულოს, რეპეტიცია გავაგრძელო და დროულად წავიდე შინ. უცბად მესმის, ყმაწვილო, თქვენ რატომ დაძრწიხართ სცენაზე? განა თქვენთვის არ უსწავლებიათ, რომ სცენაზე უსაქმურად სიარული არ შეიძლება? მაშინ, წავალ-მეთქი, თავხედურად ვუთხარი. კი ბატონო, ჯობს დატოვოთ სცენაო. წამოვედი და მეცნენ, ეს რა გააკეთე, შენ თეატრალური ტოტი მოიჭერი, მორჩა, შენთვის­ ყველაფერი დასრულდაო. მივედი დედასთან, რომელიც რუსთავში ცხოვრობს და ცოტა ხანში მომდის მესიჯი: "ვიწყებ "ვეფხისტყაოსანს", თუ თანახმა ხარ, რომ ტარიელი ითამაშო, დღეს 7 საათზე რუსთაველის თეატრში გელოდები", - პატივისცემით რობერტ სტურუა". ვინ მეღადავება-მეთქი, გავიფიქრე, და დავრეკე, ბიჭო, შენი საღადაო ვარ?! ვინ ხარ-მეთქი! რობიკო ვარ, თუ გინდა მანქანას გამოგიგზავნიო. მოკლედ, წავედი რუსთაველის თეატრში, მაგრამ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ იქ მართლაც რობერტ სტურუა დამხვდებოდა. რესტორანში წავედით, ჩვენ, დავით უფლისაშვილი და ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი, რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარი მირიან შველიძე. რობიკომ მით­ხრა, ორ კვირაში მოსკოვში "ჰამლეტი" მიგვაქვს და იქიდან რომ დავბრუნდებით, დასში აგიყვან, ხვალ კი ბათუმში მივდივარ­ და შენც წამოდი, იქ უკეთ გაგი­ცნობ როგორც მსახიობსო. მეუღლეც ახლდა - ქალბატონი დუდანა. ბათუმიდან რომ დავბრუნდით, თეატრში რაღაც კონფლიქტი მოხდა და მითხრა, რომ გასტროლზე ვერ წამოვიდოდნენ ზაზა პაპუაშვილი - ჰამლეტის როლის შემსრულებელი, ლევან ბერიკაშვილი - მეფე და ნინო კასრაძე, რომელიც დედოფალს განასახიერებდა. რობერტმა გადაწყვიტა, რომ მეფის როლი მე უნდა მეთამაშა, რადგან დენიელ დეი-ლუისს მიმამსგავსა (სხვათა შორის, ალან რიკმანთან ერთად მითამაშია რუსთაველის თეატრის სცენაზე, მან მთავარი როლი შეასრულა სტურუას "ჰამლეტში", სამჯერ იყო საქართველოში). როლი უმოკლეს დროში, ორ კვირაში უნდა მომემზადებინა... მოკლედ, წავედით გასტროლზე, 23 ოქტომბერს და 2003 წლის 9 ნოემბერს ოფიციალურად გავხდი რუსთაველის თეატრის მსახიობი. აქედან დაიწყო ჩემი აღმასვლა... რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ჩემში რასაც ხედავენ, ალბათ, ის არის, რომ ყველასთან ისეთი ვარ, როგორიც ვარ, არც ცნობილი დედა მყავს, არც მამა, არც ნათლია, არავინ პროტექციის გამწევი და თუ ადამიანს ვუერთგულე, რომც მიღალატოს, მაინც ერთგული ვრჩები. ეს ცუდი თვისებაა... ალბათ, ეს დაინახა ჩემში რობერტ სტურუამ. გახსოვთ, პრეზიდენტის როლი მათამაშა და მერე იმ სპექტაკლის გამო მიხეილ სააკაშვილმა ის თეატრიდან გაუშვა. რეპრესიები დაიწყო და მთელი ქარცეცხლი გამოვიარეთ, სახლთან სულ ვიღაც იდგა... ბოროტების მთელი მანქანა ჩემს წინააღმდეგ ამუშავდა. წარმოუდგენელი რამ ხდებოდა... მერე კი, ქურდს რა უნდოდა, ბნელი­ ღამეო და, ამ ყველაფრით კიდევ ერთმა ადამიანმა ისარგებლა - მოხვია ხელი მთელ ჩემს სპექტაკლებს, არ ვიცი, რობიკოს რა, როგორ და რანაირად ჩაუჩურჩულა და დამტოვა ერთი როლის ამარა... ხელფასი შემინარჩუნდა. მე უმაღლესი კატეგორიის მსახიობი ვარ და თეატრიდან ჩემი გაშვება ასე მარტივი არ არის.

103058517-312283976599647-2361988133627209839-n-6078283da2ec3-1707668603.jpg

- რუსთაველის თეატრში ახლა მხოლოდ "თორმეტ განრისხებულ მამაკაცში" მონაწილეობთ, ხომ? ბოლოს მანდ გიხილეთ.

- სამწუხაროა, მაგრამ ასეა... მსახიობი­ თავისუფალი უნდა იყოს, ხალხის ჭორიკანობაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული მისი საქმიანობა. მისი პირადულით არც უნდა დაინტერესდე, თუ ის სცენაზე მაყურებლისთვის მისაღებია.

- მახსოვს, როცა წლების წინ "მტრის ნიღაბი" ვნახე, ისე შემართებით და პროფესიონალურად თამაშობდით, შთაბეჭდილებებით დატვირთული გამოვედი, ძალიან საინტერესო სპექტაკლი იყო...

- დიახ, მართლაც კარგი სპექტაკლი იყო, მე და გაგი სვანიძე ვასრულებდით მთავარ როლებს. ასეთ დინამიკაში თამაში­, იცით, რთული იყო ფსიქოლოგიურად...­ ამ სპექტაკლით პარიზში­ ვიყავით გასტროლზე,­ გაზაფხულის ფესტივალზე, და იქ მოვიდა ავტორი, ამელი ნოტომი, თავზე ჩიტის ბუდის ფორმის ქუდი ეხურა და შიგნით ცოცხალი ჩიტები ისხდნენ. გამიკვირდა, ეს ქალი ვინ არის-მეთქი?.. ამელი ნოტომიაო.

ძალიან მიყვარდა მონოსპექტაკლიც "ფსიქოზი 4:48", სარა კეინის. ყველა როლს აქვს თავისი განსაკუთრებული ისტორია, თვითონ მუშაობის, პერსონაჟის შექმნის პროცესია საინტერესო. მკაცრი რობიკო და მუშაობის მერე რესტორანი, ცოტა განტვი­რთვა, აი, იქ მიდიოდა ნამდვილი მუშაობა. თუკი რაიმეს ჰქვია კაიფი, სწორედ ესაა, როცა შენი საქმით კაიფობ, როცა შენს როლში რაღაცას მიაღწევ, მთავარს დაიჭერ და მაყურებელს მოაწონებ. შესანიშნავი სპექტაკლები იყო, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ეს ყველაფერი ვიღაცების ენებს შეეწირა...

- რას გულისხმობთ? როგორც ვხვდები,­ თქვენ და რობერტ სტურუას ის სიახლოვე აღარ გაქვთ...

- სიახლოვე როგორ გექნება რეჟისორთან, თუკი კვეთა არა გაქვს თეატრში?.. ისე კი ჩემი მეჯვარეა, შვილის ნათლია, მაგრამ, როგორც ჩანს, მისმა ყურმა სხვა ადამიანების "ჩურჩული" უფრო სარწმუნოდ მიიჩნია... ან, ალბათ რაღაც მოჰბეზრდა მასაც... წარმოიდგინეთ, 20 წელი ყოველდღე რაზე შეიძლება ისაუბრო სუფრაზე? ერთსა და იმავეზე, უკვე ხომ ყველაფერი მოვუყევით ერთმანეთს... ბანალური ხდება, მერე კი სადღაც წყდება ურთიერთობის კვანძი.

იცით, რა არის ჩემთვის ძალიან გულსატკენი? - რუსთაველის თეატრიდან ზაზა პაპუაშვილის წასვლა. მან ყველაზე რთულ დროს გადაარჩინა თეატრი, როდესაც არ იყო სინათლე, გათბობა, იყო შიმშილი და გასაჭირი. რობერტ სტურუას ის ბოლომდე გვერდში ედგა და საკუთარ მხრებზე, ენთუზიაზმზე გადაიტანა ის სირთულეები და ლელო დადო, თავისი ბეჭედი დაასვა და სწორედ ამ ზაზა პაპუაშვილს ძალიან მწარედ უღალატა ზოგიერთმა. დღეს რომ ზაზა თეატრში არ არის, მე უკვე მიადვილდება, რომ მეც აღარ ვარ. მასზე მეტი მე რა უნდა გავაკეთო? ჩვენ ბევრგან ვითამაშეთ ერთად, მის სპექტაკლებზე გავიზარდე. ზაზა ნიჭის უშრეტი წყაროა. აი, ეს ჩემთვის იმაზე მეტად გულსატკენია, ვიდრე ჩემი სიტუაცია.

422956944-900700641501140-2654562382364856894-n-1707668603.jpg

- იგივე ხომ გვსმენია ერთ დიდ მსახიობზე, მათ შორის შავმა კატამ გაირბინაო... რობერტ სტურუას, რომელიც მიამიტი ადამიანი ნამდვილად არ არის, "შავი კატის" სჯერა? მით უმეტეს, როცა საქმე მის უახლოეს ადამიანებს ეხება, რომლებთანაც პირადად აქვს ყოველდღიური ურთიერთობა... სხვისმა ნათქვამმა მასზე გავლენა როგორ უნდა მოახდინოს?

- ვერ გეტყვით... ამ კითხვაზე, ალბათ, თვითონ უკეთ გიპასუხებთ. რობერტ სტურუა ჩემთვის ისევ იმ პიროვნებად დარჩება­, ვინც აქამდე იყო და რადაც ვთვლიდი. 85 წლის ასაკში ადამიანმა შენზე რაიმე რომც დაიჯეროს, არა გაქვს უფლება, მასზე ცუდი რამ თქვა - ჩემგან ეს გამორიცხულია! თუნდაც რამე საშინელება რომ გამიკეთოს. ის გენიოსია და მსოფლიო რეჟისორების სამეულშია შესული. ხომ იცით, გენიოსები რთული ადამიანები არიან. მან მე ისე გამზარდა, წამით ხელს არ მიშვებდა, ყველაფერი მასწავლა. ჩვენ კამათი არასდროს მოგვსვლია. უბრალოდ, შეწყდა ურთიერთობა, ჩვეულებრივად, დროებით და, ალბათ, აღდგება... იმედი მაქვს. ხომ იცით, არა არს დაფარული ქვეყანასა ზედა, რაიც არ გაცხადდების!როცა ვინმეს რამე უჭირს, ჩვენ ჩვეულებრივად ერთად ვართ. თუ მას ესხმიან თავს, მე იქ ვარ, და როდესაც მე გამიჭირდა, პირველი რობერტ სტურუა აღმოჩნდა ჩემ გვერდით. ჩვენ შორის არსებობს უხილავი ძაფები, რომელთაც ვერანაირი ენა ვერ გაწყვეტს. სადამდეც ვჭირდებოდი და სადამდეც გამომწურა ის, რაც ჩემში დაინახა, მანამდე დამაკავა სპექტაკლებში, და სადაც საჭირო არ ვარ, იქ არ ვჩერდები. ალბათ, მოვა ადამიანი, ვისაც ამ თეატრში დავჭირდები, ვითანამშრომლებ და ჩემს სათქმელს სპექტაკლიდან ვიტყვი. მერე, ალბათ, იტყვიან, ზანგური მარტო სტურუას არტისტი არ ყოფილაო. თუმცა ახლაც რომ დამიძახოს, ბევრ რამეზე მომიწევს უარის თქმა და ვიტყვი კიდეც, რადგან რობერტ სტურუაა და როგორც ვთქვი, რუსთაველის თეატრი ჩემი ოჯახია. ბედნიერება მქონდა, მასთან 10 მთავარი როლი მეთამაშა, შექსპირით დაწყებული, სხვა კლასიკოსებით დამთავრებული. 20 წელი არც ერთი დღე არ გვქონია ერთმანეთის გარეშე, სულ რეპეტიციაზე ვიყავით და ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. დამვიწყებია მზე როგორია, თოვლი არ მინახავს, ზამთარი ისე გასულა, სიცივე არ მიგრძნია, იმიტომ, რომ საგრიმიოროშიც კი დავრჩე­ნილვარ - მაგალითად, "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი" 9 თვის განმავლობაში იდგმებოდა.

- როცა ამხელა შრომაა ჩადებული სპექტაკლებში, მაყურებელს მოსწონს, ესწრებიან და უცებ მოიხსნება ან თქვენ აღარ მონაწი­ლეობთ, მსახიობისთვის გულდასაწყვეტია, არა?

- რა თქმა უნდა. ბევრი ადამიანი მინახავს სტურუასთან მისული, გეხვეწები, აღმადგინეო, მაგრამ მე ეს არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ.

- ოჯახზეც გვიამბეთ, გვანცა წულეისკირი როგორ გაიცანით და როგორ გადაწყვიტეთ კიდევ ერთხელ დაოჯახება.

- გვანცა ჩემს სპექტაკლებზე ხშირად დადიოდა. მეგობარმა, ლევან ბეგლარიშვილმა ჩემს პირველ კრებულს რედაქტირება­ გაუკეთა და გვანცა იქ გავიცანი, მერე კი აეწყო ჩვენი ურთიერთობა. კიევში მივდიოდი საქმეზე და ვთხოვე, გამყევი-მეთქი. გაუკვირდა, ბიჭები კიევში რომ მიდიან, გოგონები არ მიჰყავთო, მაგრამ ვუთხარი, როცა ქალი გიყვარს, კიევში კი არა, ყველგან წაიყვან-მეთქი. მე ერთგული ადამიანი ვარ, მით უმეტეს, როდესაც ადამიანი მიყვარს და პატივს ვცემ. ამის მერე ეგვიპტეშიც ვიყავით ერთად... შვილი რომ შეგვეძინა, ბესო უნდა დავარქვაო, სურვილი გამოთქვა, ნიკოლოზად მოვნათლეთ და ყველა ბუსას ვეძახით. უკვე 10 წლისაა. სხვათა შორის, მე 28 აგვისტოს დავიბადე და ჩემი ყველა შვილიც 28 რიცხვში მოევლინა ქვეყანას. ხუთი შვილი­ მყავს. ძალიან მინდოდა გოგონა და ბუსას გაჩენიდან, გვანცა მალევე დაფეხმძიმდა მარიამზე. ეს რომ შემატყობინა, გავგიჟდი სიხარულისგან. ერთ დღესაც "შემომაპარა", კიდევ შვილს ველოდებითო, ისევ გოგონა დაიბადებაო, და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა!­ გოგონა შვილი სასწაულია, ჩემი გოგონების გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, საოცრებები არიან.

beso-zanguri-gvanca-culeiskiri-1708247738.jpg

- როგორი მამა ხართ მათთვის?

- აბსოლუტურად ყველაფერში ვარ ჩართული, მათ მოვლაში, დაბანაში, კვებაში,­ დაძინებაში. გოგონები სულ სხვანაირები არიან.

- ზღაპრებს თუ უყვებით ხოლმე თქვენეული არტისტობით?

- კი, მთელი ემოციებით და გაფორმებებით, ლამის მინისპექტაკლებს ვდგამთ­ ხოლმე. თუმცა ბოლოს მაინც ყველას დედა უფრო ურჩევნია, როგორც მე ვგიჟდები დედაჩემზე... დედა მყავს საფიცარი.

- მახსოვს, მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ახლა როგორ არის?

- ხუთი წელია ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის... ინსულტის შემდეგ. ეს ტრაგედია იყო ჩემთვის და სწორედ ამ დროს დამარტყეს... პასუხის გაცემის ენერგიაც კი არ მქონდა. მაშინ ტაბახმელაში ვცხოვრობდით, რადგან თბილისის სახლი ბანკში იყო ჩადებული. რა აღარ დამწამეს, რთული პერიოდი გამოვიარეთ, სიმწარეები, კბენები და ბოლოს, გაიხედავ ზოგიერთ ტელევიზიაში და ადამიანებს რომ აწამებდნენ, ის ხალხი უზით ეთერში, შენ ვის წინააღმდეგაც გამოდიოდი და აპროტესტებდი... ამას რომ უყურებ, ყველაფრის აზრი და სურვილი გეკარგება. ხელოვანი ადამიანი ვარ, როდემდე უნდა ვიყვირო? მოდი, ახლა ჩემს თავს მივხედავ და ყველაფერი კარგად იქნება. ერთად­ერთი, რაც არ შემიძლია, ოჯახისგან შორს ყოფნაა და გახლეჩა ორ ქვეყანას შორის. აქეთ-იქით სიარული მომიწევს, მაგრამ რა ვქნა, სხვა გამოსავალი არა მაქვს, დროებით ასეა საჭირო.

- არ გიცდიათ მსგავსი სტუდია თბილისში­ გაგეხსნათ?

- კი, მქონდა, მაგრამ ვერ გაამართლა,­ ფინანსური მხარეები ვერ დავალაგე... სხვათა შორის, სულ ახლახან თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლი დავდგი "ემიგრანტები". როცა მერიის კულტურის სამსახურში ჩემი პროექტი შევიდა, თურმე მისი განხილვისას ჩემს პირად ცხოვრებაზე იყო საუბარი და არა იმაზე, თუ რაზე უნდა ყოფილიყო სპექტაკლი. მოკლედ, ერთხელ თუ დაგედო ბლოკი... ის ამბავი სამართლებრივად რომ მქონდეს დამტკიცებული, კიდევ მესმის, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ჭორის დონეზე შეიძლება ადამიანი დაბლოკო? გეუბნებით, ქრისტე რომ საქართველოში დაბადებულიყო, ყველა ქვას ესროდა. სწორედ ასეთი პერიოდია ახლა ქვეყანაში, რაღაცნაირად აირია ყველა ფასეულობა. ვერ ვხვდები, რა ხდება და მირჩევნია, გავეცალო.

- უახლოესი გეგმები გაგვიზიარეთ, რა სპექტაკლის დადგმას აპირებთ?

- "არ დაიდარდოში" ნოდარ დუმბაძის­ შვილიშვილის მოთხრობა მინდა გავაპიესო და დავდგა "მოსკოვი-თბილისი", ამით პატარა ხიდი გავდო იქაურ ქართველებთან. ირგვლივ ოკუპანტები რომ გვასევია, ამას ხომ არავინ უარყოფს, მაგრამ საზღვარზე ერთი ადგილის ჩვენებით ტერიტორიებს ნამდვილად ვერ დავიბრუნებთ. მე მაინც ერთ რამეს ვიტყვი: ადამიანებო, არ გაჩერდეთ, ყოველთვის იარეთ წინ, "მემორიც" კი არ გახსნათ სოციალურ ქსელში, მაგის დროც მოვა, როცა თვითონ გაგახსენებს თავს ის წარსული და დაგაფიქრებს. მე ერთი წელი სახლში ვიჯექი, გავჩერდი და ამან ძალიან დამხია უკან. ამიტომ ახლა გავაქტიურდი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთხელ კიდევ ავკიაფდე იქ, სადაც საჭიროა! იქ, სადაც თეატრი არის!