„ავტოინსტრუქტორობა მადლიანი საქმეა. არ ვიცი, რა საქმიანობა შეიძლება დამეწყო, რომ ამდენი დადებითი ემოცია მიმეღო“
ნინო კახნიაშვილმა ავტოინსტრუქტორობა გასულ წელს დაიწყო. მისი მოსწავლეები ისინი არიან, ვისაც უკვე აქვთ მართვის მოწმობა. რატომ აირჩია ნინომ ეს პროფესია და რას ნიშნავს მისი გაგებით კარგი მძღოლი, ამაზე და ავტოინსტრუქტორის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე ნინო კახნიაშვილი გვესაუბრება:
- ძალიან ბევრი ავტოინსტრუქტორად მიცნობს, მაგრამ ჩემი პროფესია შორს არის ამ საქმიანობისგან, 15 წელია სამედიცინო სფეროში მარკეტინგის განხრით ვმუშაობ, თუმცა ავტომობილის მართვა ყოველთვის ჩემი ჰობი იყო. ამიტომაცაა, რომ აგერ უკვე ერთი წელია საქმიანობად ვაქციე. მართვის მოწმობა 23 წლისამ ავიღე, თუმცა საჭეს როცა მივუჯექი, 26-ის ვიყავი. ეს იყო 15 წლის წინ... ჩემი ინსტრუქტორები ჩემი მეუღლე და მამა იყვნენ. დღემდე მახსოვს მათი რჩევები და ვფიქრობ ხოლმე, ნეტავ ჩემით როდის მივხვდებოდი იმ ყველაფერს, რაც მათ გამიზიარეს-მეთქი. ნამდვილად საუკეთესო მასწავლებლები მყავდნენ, მათი დამსახურებაა, რომ დღეს კარგი მძღოლი ვარ. აქედან გამომდინარე, ვიცი რას ნიშნავს კარგი მასწავლებელი, კარგი რჩევა და ამიტომ გადავწყვიტე ავტოინსტრუქტორობა, მინდოდა ჩემი ცოდნა გამეზიარებინა სხვებისთვისაც.
- ბიჭები უფრო ჭარბობენ მოსწავლეებში თუ გოგონები?
- რადგან დამწყები მოსწავლეები არ ამყავს, ესაა მიზეზი, რომ ჩემი მოსწავლეების უმრავლესობა ქალები არიან. თუმცა უამრავი ბიჭიც მირეკავს და მწერს, რომელთაც სურთ გამოცდისთვის მომზადება, უფრო თეორიული, რისი წყალობითაც გაუადვილდებათ გამოცდის ჩაბარება, თორემ მართვა რაღაც დონეზე უკვე იციან. როგორც წესი, მამები აქტიურობენ ხოლმე და ბავშვობიდანვე სვამენ საჭესთან. ამიტომ როდესაც მართვის მოწმობას იღებენ, მოთხოვნა აღარ არის, რომ ქალაქში სიარული და პარკირება ისწავლონ.

გოგონებს თავიდან უწევთ ყველაფრის გავლა, მით უმეტეს, როგორც ამბობენ, ოჯახის წევრები არც ისეთი კარგი მასწავლებლები არიან, უჭირთ მღელვარების მოთოკვა, უყვირიან შეცდომების გამო, რაც აბნევთ დამწყებ მძღოლებს. ამიტომ ურჩევნიათ სპეციალისტთან ისწავლონ შედარებით მშვიდ გარემოში. კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი - მართვის მოწმობის აღებიდან მალევე ბიჭები ავტომობილს ყიდულობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მალევე იწყებენ პრაქტიკას. გოგონას შეიძლება მართვის მოწმობა ჰქონდეს, მაგრამ ავტომობილი წლობით არ ჰყავდეს, ამიტომ რაც იცის, ისიც ავიწყდებათ. ამიტომ ინსტრუქტორთან ერთად უწევთ ყველაფრის გახსენება. მართლაც, თუ დავაკვირდებით ქართულ ოჯახს, პირველი ავტომობილი ყოველთვის მამაკაცისაა, მეორე შეიძლება ქალს უყიდონ. აი, აქედან იღებს სათავეს აზრი, რომ მამაკაცები უკეთესი მძღოლები არიან, ვიდრე ქალები. ქალისთვის საჭე, ასე ვთქვათ, ახალი ხილია. ჩვენი მშობლების თაობაში იშვიათობა იყო, მაგრამ ჩემს თაობაში უკვე ბევრი მძღოლი ქალია, ჩვენი შვილების თაობაში კი, ალბათ, თანაბარი რაოდენობით იქნებიან და სასაცილოდ აღარ ეყოფათ კითხვა, ქალი უფრო კარგი მძღოლია თუ მამაკაცი.
- მე დღეს მეჩვენება, რომ ქალები უფრო კანონმორჩილები არიან და უკეთესად მართავენ ავტომობილს.
- ასეა და მიხარია, რომ ამას ამბობთ. დიახ, ქალები უფრო იცავენ უსაფრთხოების წესებს. რაც უფრო უსაფრთხოდ მართავ, მით უფრო კარგი მძღოლი ხარ. ამ საკითხზე ყველაზე ფართო კვლევა მილიონ 400 ათას მძღოლზეა ჩატარებული, მათი დაზღვევის მონაცემები შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ხვდებიან ავტოსაგზაო შემთხვევებში და მათი დაზიანებები უფრო სერიოზულია, ვიდრე ქალების. მამაკაცები უფრო ხშირად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, არ იკრავენ ღვედს, აჭარბებენ სიჩქარეს, ქალებს შორის კი ავტოსაგზაო შემთხვევები უმეტესად პარკირების დროს ხდება, რასაც მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მოჰყვება. თუმცა საწყის ეტაპზე განსხვავება ნამდვილად არის - მამაკაცი უფრო სწრაფად სწავლობს, მართვის მოწმობასაც უფრო სწრაფად იღებს, ვიდრე ქალი.
- რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა აპირებენ ავტომობილის მართვის შესწავლას?
- მინდა მათ მივცე რჩევა არა როგორც ავტოინსტრუქტორმა, არამედ მეგობარმა და გამოცდილმა მძღოლმა - გაიარონ მომზადების სრული კურსი. 2-3 გაკვეთილი არ არის საკმარისი, რათა ქალაქში უსაფრთხოდ იარონ. სულ ცოტა, 10 გაკვეთილი მაინც არის საჭირო, რომ უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლო. დამწყები მძღოლი ვერ ხვდება, რომ შეცდომას უშვებს, თუმცა შესაძლოა ბევრი შეცდომა დაუშვა და საავარიო სიტუაციებიც შექმნა. ავტოინსტრუქტორის მოვალეობა სწორედ ისაა, დაანახოს შეცდომა და გაააზრებინოს, რა მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამას, ასწავლო, როგორ იყო შესაძლებელი შეცდომის თავიდან არიდება. მათ, ვისაც უკვე აქვთ მართვის მოწმობა, მე ქალაქში მართვას და პარკირებას ვასწავლი. რადგან არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მართვა, შინ ვაკითხავ ხოლმე, ამიტომ წინასწარ არ ვიცი, სად აღმოვჩნდები რამდენიმე საათში. ახლობლები უკვე მიეჩვივნენ, რომ სადაც არ მელიან, შეიძლება იქ გადამეყარონ. ბედნიერებაა, როდესაც ხედავ, შენ თვალწინ როგორ იზრდება კარგი მძღოლი. იცით, არც მოველოდი, თუ ამდენი მსურველი გამოჩნდებოდა და ამდენი მადლიერი მოსწავლე მეყოლებოდა. ავტოინსტრუქტორობა მადლიანი საქმეა. არ ვიცი, რა საქმიანობა შეიძლება დამეწყო, რომ ამდენი დადებითი ემოცია მიმეღო.
ავტომობილის მართვა ძალიან მიყვარს. ვარ საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციის წევრი, არაერთ შეჯიბრებაში მიმიღია მონაწილეობა და ვარ არაერთგზის პრიზიორი. მომწონს ექსტრიმი, ვმონაწილეობ "თბილისი რალის" შეჯიბრებებში, ეს ჩემთვის ახალი გამოცდილებაა. მოსწავლეები ხშირად მეუბნებიან, რა კარგია, კარგი მართვა რომ იცით, ალბათ, სულ სწრაფად დადიხართო. მე კი ვპასუხობ: "არა, მე დავდივარ ნელა, როგორც ყველა კარგი მძღოლი".
- ვერ დავიჯერებ, რომ თქვენს საქმიანობას კურიოზები არ ახლავს....
- ყველაზე ხშირად კურიოზები პარკირების გაკვეთილებზე გვემართება. რომ ხედავენ, ორი ქალი ვართ, მე რაღაცებს ვკარნახობ, ის კი წვალობს განკუთვნილ ადგილას ჩასადგომად, მამაკაცები მოდიან და გვეხმარებიან ხოლმე. ხშირად ცარიელ პარკირების სივრცეში მდგარ ორ კინკილა მანქანას შორის ვცდილობთ ჩადგომას. ასეთ დროს გვეუბნებიან, შე დალოცვილო, რას წვალობ, წადი, სხვაგან დააყენე, მილიონი ადგილიაო.