„ჭორია, რომ დე ნირომ ქართველებს სტუმარმასპინძლობა დაუწუნა“ - კვირის პალიტრა

„ჭორია, რომ დე ნირომ ქართველებს სტუმარმასპინძლობა დაუწუნა“

ამბავი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა, დღეს უკვე ისტორიაა და თანაც საინტერესო არა მარტო ჩვენი რესპონდენტისთვის, ნინო მამუკელაშვილისთვის,­ არამედ ბევრი ცნობილი ადამიანისთვისაც, მათ შორის ერთ-ერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი რობერტ დე ნიროა, რომელიც 36 წლის წინ ჩამოფრინდა საქართველოში ქართული კინოფენომენის უფრო ახლოს გასაცნობად და ასევე ქართულ ფილმში­ გადასაღებად... თუმცა მანამდე ამერიკას ქართული კინოფენომენი მისწვდა და თავის ჰოლივუდიანად მოაჯადოვა,­ - ვინც ქართულ კინოფენომენს­ კარგად იცნობს (რომელიც ამჟამად, სამწუხაროდ, ასევე წარსულშია),­ ეს ამბავი ნამდვილად არ გაუკვირდება. ვარსკვლავს კი, რომელსაც­ შვილები და მასაჟისტი ახლდა, აეროპორტში კინორეჟი­სორი ელდარ შენგელაია დახვდა, სწორედ მან დაპატიჟა­ მსახიობი­ საქართველოში. სამწუხაროდ, ფილმის გადა­ღება აღარ გამოვიდა (რომელმაც ყველა სხვა ნებართვასთან ერთად­ კოლოსალური თანხაც მოითხოვა), სამაგიეროდ­, სტუმარი­ აღაფრთოვანა საქართველომ და კარგად დაისვენა კიდეც. მართალია, ხანმოკლედ, მაგრამ მაინც, - საქართველო ერთადერთი ადგილი აღმოჩნდა, სადაც პაპარაცები გადასაღებად არ დასდევდნენ და ხალხიც არ აბეზრებდა თავს ავტოგრაფის გამო (ეგ კი არა, ავლაბრის პარკში ავლაბრელმა სომხებმა ვერც იცნეს, რაც დე ნიროს ფრიად გაუკვირდა). ცოტა მოგვიანებით თავადვე­ მიატანინა ჩვენს რესპონდენტს კალამ-ქაღა­ლდი ავტოგრაფის მისაცემად. ეს არმაზში, სტუმრისთვის გაშლილ სუფრასთან მოხდა. ჰოლივუდის სიამაყეს იმ დღეს, ქალბატონი ნინოს ბიძამ, დათო დათოშვილმა უმასპინძლა, სუფრაზე "ჩიტის რძით".

421561976-315753240960056-7732913302626445469-n-1707672610.jpg

- ქალბატონო ნინო, 36 წლის წინათ, თბილისში დე ნიროს სტუმრობა მართლაც საინტერესო ამბავი იქნებოდა. დღეს ასე გაშინა­ურებული ამერიკა თითქოს მას "შემოჰყვა" საქართველოში ცოტა მოგვიანებით. როგორ გამოიყურებოდა დე ნირო, თავმომწონედ, თავისი აღიარებით თუ უბრალოდ?

- იმ დროს ძალიან ახალგაზრდა, მომხიბლავ და უკვე ძალიან პოპულარულ დე ნიროს თავმოწონებისა არაფერი ეტყობოდა. უბრალოზე უბრალო და ძალიან თბილი ადამიანი აღმოჩნდა. ჩვენებიც ასევე უბრალოდ და თბილად ექცეოდნენ, დიდი ხნის ნაცნობებივით. ბიძაჩემმა, რომელსაც ბრწყინვალე მასპინძლობის ნიჭი ჰქონდა, ბრწყინვალე სუფრა გაუშალა,­ რომელზეც ყველა ილხენდა სტუმარ-მაპინძლიანად და მომღერლებიანად. თამადობდა­ თემიკო ჩირგაძე. მაშინდელ თაობებს კარგად­ მოეხსენება, ის რა თამადაც იყო. სადღეგრძელოებს მსახიობი მიხაილ კოზაკოვი თარგმნიდა, მსახიობ მანანა კოზაკოვას მამა. ამ ყველაფერს სულგანაბული შეჰყურებდნენ თავად დე ნირო და სხვათა შორის, მისი შვილებიც პირველი ცოლისგან, ულამაზესი ფერადკანიანი ბავშვები,­ რომელიც მსახიობმა იშვილა და გაზარდა.­ ამ დროს დე ნირო ცოლთან უკვე გაშორებული იყო, თუმცა ბავშვები მასთან იყვნენ. მიუხედავად ხანგრძლივი სუფრისა, მათ არ მოუწყენიათ, ბიძაჩემს ეზოში აუზი ჰქონდა და იქ ხშირ-ხშირად ჩარბოდნენ ხოლმე.­ ბიძაჩემი და ელდარ შენგელაია საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ბიძაჩემი ელდარის უმცროსი გოგონას ნათლია იყო და მათ ოჯახებს უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი. შემდგომში, როდესაც ელდარს შვილი გარდაეცვალა, ბევრი რამ დამძიმდა და დასევდიანდა, იმ დღეს კი დიდი მხიარულება­ იყო და მასთან ერთად დიდი სიმშვიდეც დე ნიროსთვის. თავად თქვა ეს და აშკარად­ ტკბებოდა­, რომ კართან პაპარაცები არ იდგნენ და ავტოგრაფებისათვის არავინ ღლიდა. გულწრფელად, გაკვირვებული კითხულობდა მისთვის უცხო კერძებზე, ეს რა არისო. განსაკუთრებით ატამზე გაგიჟდა, ასეთი გემრიელი ატამი ჯერ არ მიჭამიაო. და კიდევ - ჩვენი ქართული ღვინო მოეწონა. სუფრაზე რამდენიმე სახეობის ღვინო იდგა, ის ერთზე გაგიჟდა, ძალიან კარგიაო, ამბობდა. ეს რომ გავიგონე, სხვა ბოთლი გამოვიტანე, ვიფიქრე, წასვლისას მივცემ-მეთქი. ბიძაჩემმა კი, რას ამბობ, სტუმარს მხოლოდ ერთ ბოთლ ღვინოს როგორ გავატანო და უამრავი ჩაულაგა გასატანებლად. კარგი დღე იყო, არასოდეს დამავიწყდება.

robert-deniro-zura-yifshidze333-73681-1707672610.jpg

- როგორც ამბობენ, ქართული სუფრით აღტაცებულმა ამერიკაში ჩასულმა დე ნირომ ქართველებს სტუმარმასპინძლობა დაუწუნა, რა ამბავია ამდენი ჭამა-სმა, კინაღამ დამახრჩვესო.

- არა, რას ამბობთ, ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, ქართული ჭორია. ეს ჭორი რომ გავიგე, ელდარ შენგელაიას ვესაუბრე და მითხრა, პირიქით, დე ნირომ ამერიკიდან მადლობა გადამიხადა საქართველოსთვისო. არ არის ეს კაცი უმადური და რატომ ვაბრალებთ, არ მესმის, არ შეიძლება მისნაირი­ თბილი ადამიანი უმადური იყოს. სუფრასაც რომ თავი დავანებოთ, საოცრად მოსწონდა ჩვენი მსახიობები... თბილისში ყოფნისას რამდენიმეს დაუახლოვდა კიდეც. დე ნირო ნიჭიერი კაცია, ნიჭიერი ადამიანები კი, როგორც წესი, არავის არაფერს აბრალებენ.

271488465-1610811255961864-6556043493728570766-n-1707672609.jpg

- მე ძალიან მომწონს ფოტო, რომელიც უკვე მოხუც ჰოლივუდის ვარსკვლავ, NBA -ს ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიასთან აქვს გადაღებული. ფოტოს ისტორია არ ვიცი, მაგრამ ძალიან თბილი კი არის.

- კი, მეც ვიცი ეგ ფოტო. თავად ზაზაც ძალიან კარგი ადამიანია. ეს ჩემი ძმისშვილისაგან, სანდრო მამუკელაშვილისაგან ვიცი, რომელიც ასევე NBA-ში თამაშობს.

- ჩვენი ქვეყნის სასახელო ძმისშვილი გყავთ. მეორე ძმისშვილი რას საქმიანობს?

- დათომ ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა და სტუდენტებს ასწავლის ამერიკაში. სხვათა შორის, სპეციალური ნებართვა აიღო, რათა სტუდენტებისთვის ინგლისურად ნათარგმნი ვაჟა-ფშაველა ესწავლებინა, რითაც ისინი მართლაც გააოცა. იმ სტუდენტებს შორის ერთიც არ დარჩენილა, რომ ვაჟას სამშობლოში ჩამოსვლა და მისი ნახვა არ მოესურვებინა.

2018042122552281694-1707672610.jpg

- როგორ მოიფიქრა, რომ ამერიკაში ვაჟა-ფშაველა ესწავლებინა? ვაჟა, რომელსაც ქართულ სკოლებში მიფუჩეჩებით ასწავლიან. ისე, თქვენს ძმისშვილებს სამშობლოში დაბრუნებას ვუსურვებ.

- ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ადამიანს რეალიზება შეუძლია და ეს ახალგაზრდებს ძალიან სჭირდებათ. სხვათა შორის, ამერიკაში ბოლო ყოფნისას ერთი რამ ძალიან არ მომეწონა: ბევრი ახალგაზრდა ამბობს, რომ შვილებს არ იყოლიებს. მიზეზად შესაძლო კატაკლიზმებს ასახელებენ, რამაც შეიძლება წამებში მოსპოს ადამიანების სიცოცხლე. ცოტა ირონიულად კი ვუყურებ, მაგრამ მილიონერი ამერიკელები ახალი ნოეს კიდობნის აშენებაზეც კი ბჭობენ. ერთი ამერიკელის სახლი ვნახე, რომელსაც ბორბლები ჰქონდა გამობმული, მასპინძელი ამბობდა, ტორნადოს დროს ამ სახლს დავავლებ ხელს და საცა მომინდება, იქ გადავიტანო. ცოტა არ იყოს, ამან შემზარა...