„ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში!“ - კვირის პალიტრა

„ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში!“

ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა და კამათი სკოლებში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების­ თაობაზე. ამ საკითხზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ სააგენტო "ინტე­რპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში­ ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენ, ჯერჯერობით, განვსაზღვრავთ ჩვენი მოქმედების ველს, სივრცეს. მათ შორის ეს ვერსიაც ძალიან აქტიურად განიხილება - არა, საზოგადოდ, გაუქმების, არამედ შესატყვისი მოცუ­ლობითა და შესაფერისი მეთოდოლოგიით სწავლების. აღნიშნულს განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატიც გამოეხმაურა. გიორგი ამილახვრის განცხადებით, სამინისტროს პოზიციაა, რომ სკოლებში ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს. უნდა ისწავლებოდეს თუ არა ჰაგიოგ­რაფია სკოლებში ან უნდა შემცირდეს თუ არა სწავლების მასშტაბი, ამ საკითხზე მწერალს, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილ დირექტორსა და "ბიბლუსის" შემოქმედებით დირექტორს გიორგი კეკელიძეს­ ვესაუბრეთ:

- პატივს ვცემ ყველა კვალიფიციურ მოსაზრებას, თუმცა, ჩემი აზრით, "შუშანიკის წამება" უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რადგან პირველადვე - ლიტერატურა არის სტილი და მის მიღმა, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რა განზრახულობით იწერება იგი, ემიჯნება თუ არა გამონაგონობას და სხვა. "შუშანიკის წამების" ლიტერატურული სტილი არის მაღალი. თუ ლიტერატურა, განსაკუთრებით პროზა, უნდა აჩენდეს კითხვებს, იძლეოდეს ინტერპრეტაციისა და დისკუსიის შესაძლებლობას - შესანიშნავი საშუალებებია ამ ტექსტში. ამ ტიპის ტექსტების სწავლება არაერთი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი: 1) ისტორიზმის პრინციპი - მოსწავლე იაზრებს იმ მთლიანობას, რა გზაც მხატვრულმა სიტყვამ გაიარა ამ ქვეყანაში. 2) უკვე ნახსენები მხატვრული მასშტაბი­ - რიგი ეპიზოდები სამივე პოპულარულ ჰაგიოგრაფიულ ტექსტში დადასტურებულად უმაღლესი პილოტაჟი გახლავთ. 3) ენის განცდა - ბუნებრივია, ამ ტიპის ტექსტის სწავლება შესაბამისი და უხვი განმარტებებით უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ თუნდაც ფრაგმენტული შეხება მეხუთე საუკუნის ქართულ ენასთან, არა მგონია, მაინცდამაინც მავნებელი, მსუბუქად რომ ვთქვათ.

ცხადია, წლების განმავლობაში­ ­სწა­ვლების ფორმა გაუგებარი და შესა­ცვლელი­ იყო. არამართებული იყო ზეპირობის ვალდებულებაც და მით უფრო ამის ნიშნებში ასახვა - მიუხედავად იმისა, რომ მე სუბიექტურად მომწონს დაზუთხვის ვარჯიში. ახლა ეს მიდგომები შეიცვალა, თუმცა კიდევ ბევრია სამუშაო.

- "რა ტექსტები უნდა ისწავლებოდეს ლიტერატურის სწავლების დროს? ჩვენი მწერლები რომ უნდა ვასწავლოთ, რის გარეშეც ქართველად ვერ გაიზრდები, "ვეფხისტყაოსანი" თუ "დავითიანი", ილია, ვაჟა თუ გალაკტიონი, ეს გასაგებია. უნდა ისწავლებოდეს თუ არა მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებიც? ვფიქრობთ, რაღაც ელემენტები აუცილებლად უნდა იყოს შემოტანილი, რათა მსოფლიო მწერლობა განზე არ დარჩეს - ქართულ მწერლობას ვერც შეისწავლი მსოფლიო კონტექსტის გარეშე", - ამბობს გია მურღულია...

- მე მივესალმები სწავლების ამ მეთოდს, რომელიც თავის დროზე ვახტანგ როდონაიამ და მისმა ჯგუფმა დანერგეს. გარდა იმისა, რომ მსოფლიო ლიტერატურის პარალელური სწავლებით მოსწავლის თვალსაწიერი ფართოვდება, ამ გზით მოზარდი კარგად იგებს საკუთარი ქვეყნის ლიტერატურის მაღალ დონეს და თანაბარზომადობას მსოფლიო შედევრებთან.

- უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში ბიბლია და მითოსი?

- ვფიქრობ, ეს რელიგიის ისტორიის საგნის ნაწილი უფროა, თუმცა მითოსი,­ როგორც ფოლკლორის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგალითად, ეპოსის რომელიმე ნიმუშის ფორმით, ვთქვათ, ,,ამირანიანი", შეიძლება თან დაერთოს ლიტერატურის სწავლებას.

- "სკოლა არის ზოგადი განათლების მიღების ადგილი... ჩვენი ამოცანაა კარგი­ მკითხველის აღზრდა სკოლაში! "კარგი მკითხველი" ნიშნავს, რომ ესმოდეს, რასაც კითხულობს, ადეკვატურად იაზრებდეს­ და შეეძლოს მიღებული ცოდნის გამოყენება ახალი­ ცოდნის კონსტრუირებისას - ამბობს გია მურღულია და დასძენს - სკოლაში ყველაფერი კი არ უნდა ასწავლო­, უნდა ასწავლო იმდენი, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო". ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? სად გადის ზღვარი, თუნდაც ჰაგიოგრაფიის ამოღების ან შემცირების ხარჯზე, რომ მოხდეს კლასიკური ნაწარმოებების ჩანაცვლება?

- ვფიქრობ, ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ჰაგიოგრაფიის შესაბამისმა, თანამედროვე მეთოდიკის მოდელებს დაფუძნებულმა სწავლებამ არა მგონია, ბაზისურ მომზადებას აგური გამოაცალოს.

- ქართული ენა და ლიტერატურა ინტეგრირებულად უნდა ისწავლებოდეს თუ ცალ-ცალკე? არის მოსაზრება, რომ ენისა და ლიტერატურის გაერთიანებული სწავლებით ბავშვებს წერაც უჭირთ და საუბარიც.

- ორივე მეთოდით შეიძლება კარგი შედეგის მიღწევა - მთავარი ჯეროვანი სახელმძღვანელო და კარგი მასწავლებელია.

- "ჩვენთან უმაღლეს სასწავლებელს ნაკლებად (ან საერთოდ არ) აინტერესებს სკოლაში რა გააკეთე, რაც არის წყვეტა და ცუდი. კანონში გვიწერია, რომ გვაქვს განათლების უწყვეტი სისტემა. რისი უწყვეტი­ სისტემაა, როცა უნივერსიტეტს არ აინტერესებს, სკოლაში რა ქენი, რა შედეგს მიაღწიე, მაშინ, როცა დასავლურ უნივერსიტეტებს აინტერესებთ... უმაღლესი განათლების სისტემაში ჩარიცხვა უნდა იყოს დაკავშირებული რამდენიმე არსებით კომპონენტთან. ამაზე საუბარი მიდის და როგორ სახეს შეიძენს, ყველა ერთად ვნახავთ", - ამბობს გია მურღულია. ეთანხმებით მოსაზრებას, რომ უნდა შეიცვალოს უნივერსიტეტებში ჩაბარების პრაქტიკა? ასევე, დამამთავრებელ კლასებში მიღებული ნიშნები უნდა იყოს გათვალისწინებული უმაღლეს სასწავლებელში მიღებისას?

- რამდენადაც ვიცი, ეროვნული გამოცდები შემოიღეს როგორც ბევრი მანკიერი პრაქტიკისგან დამზღვევი ფორმატი და საკუთარი როლი შეასრულა კიდეც, თუმცა, ადრე თუ გვიან, სკოლის გაძლიერების კვალად, ჩვენ მოგვიწევს დასავლური პრაქტიკების გაზიარება.

- ბოლო მე-9, მე-10, მე-11 კლასებში ზოგიერთ სკოლაში არის საგნების გაღრმავებული სწავლება, მაგალითად, საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, ეკონომიკური. თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა ეს მიღებული პრაქტიკა ყველა სკოლაში?

- ამგვარი ექსპერიმენტი ჩემს დროს, ოთხმოცდაათიანების მიწურულს, უფრო მკვეთრი ფორმით ჩატარდა და მე დღემდე ვნანობ რომ ე.წ. ტექნიკური საგნები შედარებით სუსტად ვიცი. თუმცა ჩემი პერსონალური სინანული ვერ გამოდგება პროცესის შესაფასებლად - ამ ყველაფერს მეტი დაკვირვება და ანალიზი სჭირდება.

სოფო კაჭარავა