"თბილისი სავსეა მეტროსექსუალებით" - კვირის პალიტრა

"თბილისი სავსეა მეტროსექსუალებით"

სილამაზის კანონები სათავეს უხსოვარი დროიდან იღებს, ეს კანონები არა მარტო ქალის, მამაკაცისთვისაც იყო განკუთვნილი. პირველ კოსმეტოლოგებს "კოსმეტებს"­ უწოდებდნენ, სწორედ აქედან მოდის მედიცინაში ეს მიმართულება. კოსმეტებს უნდა ემკურნალათ სხვადასხვა პრობლემით დაზიანებული კანისთვის, ეს პრობლემები კი როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებსაც ჰქონდათ. პირველი კოსმეტოლოგი იყო ფილოსოფოსი, ექიმი, ანტიკური მედიცინის რეფორმატორი ჰიპოკრატე. ალბათ, არ გაუკვირდებოდა, დღეს სტატისტიკისთვის რომ გადაევლო თვალი, თუ რამდენად ბევრი მამაკაცი სტუმრობს ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს. ამერიკის პლასტიკური ქირურგიის საზოგადოებამ გამოაქვეყნა 2022 წლის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ მამაკაცებში ინვაზიურ პროცედურებს შორის ლიდერობს ბოტოქსი და დისპორტი. ამისთვის დაახლოებით 8 მილიონმა მამაკაცმა მიმართა­ ესთეტიკურ ცენტრებს­ ამერიკაში.­ მეორე ადგილზეა ფილერით სახის კორექცია, რომელიც 4 მილიონზე მეტმა მამაკაცმა გაიკეთა. ქიმიური პილინგი,­ წმენდა და ა.შ. 3 მილიონზე მეტმა მამაკაცმა ჩაიტარა, 3 მილიონი კი ლაზერის მომსახურებით სარგებლობს. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ თავის მოვლით მამაკაცები ქალებს არათუ არ ჩამოუვარდებიან, შესაძლოა უსწრებენ კიდეც. თუმცა საინტერესოა, რა მდგომარეობაა საქართველოში? სწორედ ამ კითხვით მივმართეთ ესთეტიკოს-კოსმეტოლოგ სოფო თოიძეს.

- კოსმეტოლოგია, როგორც მედიცინის­ მიმართულება, ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში დაიბადა. უკვე მაშინ იკეთებდნენ ადამიანები­ სხვადასხვა პროცედურას, რათა უფრო ლამაზები და ჯანმრთელები ყოფილიყვნენ. ძველმა ეგვიპტელებმა გვასწავლეს, რომ ტალახსა და თიხას შეუძლია მკურნალობა, ინა და ბასმა კი თმის ფერს ცვლის და ა.შ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არა მარტო ქალების, არამედ მამაკაცების კოსმეტოლოგიაც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. თურმე სამხედროები, რომლებიც ბრძოლის ველიდან ბრუნდებოდნენ, აუცილებლად იკეთებდნენ წმენდის პროცედურებს და ეს რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. იყენებდნენ რძეს, ახალ ლუდს, სპეციალურ ბალზამებს, რომლებიც სხვადასხვა მცენარისგან მზადდებოდა, პოპულარული­ იყო კონტრასტული აბაზანებიც. ყოველივე­ ამის შემდეგ კანი და საერთოდ ორგანიზმი ახალგაზრდავდებოდა. თანამედროვე კოსმეტოლოგიაც მამაკაცებისთვის ისევ და ისევ ომის შემდგომ პერიოდს უკავშირდება - ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაყურებელს ძალიან მოსწონდა ტოქ­შოუებში მოვლილი და კარგად ჩაცმული მამაკაცები...

dermoaroma-botox-men-1707680542.jpg

- დღეს ვხედავთ, რომ სტატისტიკა მზარდია.

- დღეს მსოფლიოში მამაკაცებისთვის სპეციალური კოსმეტოლოგიური მიმართულება არსებობს. საქართველოში მომხმარებელთა 35% ესთეტიკურ ცენტრებში მამაკაცია, განსაკუთრებით პოპულარულია სახის მოვლის პროცედურები. იყო მეტროსექსუალი, დღეს ტრენდულია. ტერმინი "მეტეროსექსუალი" ინგლისელმა ჟურნალისტმა მარკ სიმპსონმა 1994 წელს შემოიღო. მან გააერთიანა ორი სიტყვა - Metropolitan (დედაქალაქელი) და Sexual - (სექსუალური). მეტროსექსუალი არის ის, ვინც დიდ ქალაქში ცხოვრობს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას.

- რა პროცედურებს იკეთებენ მამაკაცები?

- იმ პროცედურებს, რაც ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას - მასაჟს, აპარატურულ კოსმეტოლოგიაა, ინიექციებს... მამაკაცები ბოტოქსის მოყვარულებიც არიან.

- საქართველოში პირველ ადგილზე მამაკაცებში სახის პროცედურებიდან რომელია?

- სახის წმენდა, მასაჟი და ბოტოქსი.

- ინიექციების არ ეშინიათ?

- არა. ბევრი ქალი არ უვლის თავს ისე, როგორც მამაკაცი. არიან მამაკაცები­, რომლებიც რეგულარულად იკეთებენ ბოტოქსს.

- ბოტოქსის გარდა, რომელ ინიექციებს იკეთებენ მამაკაცები?

- ფილერებს, იმავე შემავსებელს. ჩემს პაციენტებში მამაკაცის მოვლის კულტურა ძალიან მაღალ დონეზეა. თავის მოვლის კულტურაში იგულისხმება სუფთა კანი, მოვლილი სახე, ასეთ კაცს შეხედავ და სახეზე ეტყობა, რომ მოვლილია.

- დაბერების მამაკაცებს უფრო ეშინიათ­ თუ ქალებს?

- ძალიან ბევრ მამაკაცს ეშინია დაბერების. დაახლოებით 30 წლიდან იწყებენ ზრუნვას სახის კანზე, მით უმეტეს, თუ პრობლემური კანი აქვთ. ასეთ დროს წმენდა საჭიროა.

- ქალებისა და მამაკაცებისთვის სახის მოვლისთვის რჩევები განსხვავებულია?

- მოვლის წესები ერთი და იგივეა - დღისით და ღამით სახის მოვლა. კერძოდ, სახის დაბანა, სპეციალური დამატენიანებელი საცხი, გომაჟი ან სახის სკრაბის გამოყენება. მამაკაცები ნიღბებსაც იკეთებენ. ისინი არ ჩამორჩებიან ქალებს, შეიძლება უსწრებენ კიდეც. თბილისი მეტროსექსუალებით სავსეა.

- დაბერების პროცესი როგორ მიდის მამაკაცებში?

- ჰორმონალური ცვლილებები მამაკაცებსა და ქალებში სხვადასხვანაირად მიდის. საზოგადოდ, დაბერება ცხოვრების წესზეა დამოკიდებული.

- რას ურჩევთ მამაკაცებს იმისათვის, რომ სახის კანი წესრიგში ჰქონდეთ?

- უნდა მოუარონ, გაიწმინდონ სახე, ოღონდ სპეციალისტს მიმართონ და არა თვითნებურად. იმავეს ვურჩევ ქალებსაც.