ასურელები საქართველოში - კვირის პალიტრა

ასურელები საქართველოში

1-7 თებერვალი მსოფლიო კონფესიებს­ შორის ჰარმონიული დამოკიდებულების კვირეულს აღნიშნავს. საქართველო ეთნიკური­ უმცირესობების სიმრავლით გამორჩეული ქვეყანაა, სადაც 20-მდე სხვადასხვა მცირე და დიდი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, მათ შორის არიან ასურელები.­ როგორია მათი ქართული ყოფა, "კვირის პალიტრასთან ასურული ახალგაზრდული ორგანიზაცია "ნინევიას" თავმჯდომარე ეკატერინე ბიტკაში ისაუბრეს.

- მსოფლიო კონფესიებს შორის ჰარმონიული დამოკიდებულების კვირეულს მნიშვნელობაზე ვისაუბროთ.

- ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების­ ამაღლებისათვის, უნდა ვიცოდეთ, ვინ ცხოვრობს ჩვენ გვერდით, ვიცნობდეთ მათ ტრადიციებს, კულტურასა და ადათ-წესებს.

- ორგანიზაცია "ნინევიაზე" გვიამბეთ.

- ორგანიზაცია "ნინევია" 2008 წელს დაარსდა. მისი წევრები ინტენსიურად მუშაობენ კულტურულ-საგანმანათლებლო საკით­ხებზე, ინტეგრაციასა და ქალთა ინტერესების დაცვაზე, გვაქვს პროექტები და შეხვედრები სხვადასხვა თემაზე. გამოიცა ასურული ზღაპრები ქართულ ენაზე, ასურელების საყვარელი კერძების რეცეპტების კრებული, თითქმის ყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა ტრადიციული საეკლესიო დღესასწაულები და ასურული ახალი წელი, რომელიც აღინიშნება 1-ლ აპრილს და წელს მსოფლიოში მცხოვრები ასურელები 6774 წელს აღნიშნავენ. ათვლა სამყაროს დასაბამიდან იწყება. სახელწოდება "ნინევიაც" იმ უძველესი დროიდან მოდის, ის ასურეთის დედაქალაქის სახელწოდება იყო. ამ სახელწოდებისაა დღეს ასურული ანსამბლი.

417578380-938101300546946-7032459013524126571-n-1707682308.jpg

- მეტწილად სად ცხოვრობენ საქართველოში ასურელები?

- ასურელები საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის შუახანებში დასახლდნენ, ერეკლე II-ის მეფობის დროს. ისტორიულ წყაროებში არ არის მოხსენიებული, თუ რატომ აირჩიეს საქართველო, სავარაუდოდ, ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო. ინტენსიური ჩამოსახლება მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყეს, გენოციდის გამო. მოდიოდნენ ირანიდან, თურქეთიდან და უმეტესობა დედაქალაქში მკვიდრდებოდა, სხვები კი დასავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მცხეთის რაიონ სოფელ ძველ ქანდაში. თავდაპირველად ენის უცოდინარობის გამო ისეთ საქმეს ჰკიდებდნენ ხელს, რისთვისაც ქართული ენის ცოდნა არ იყო საჭირო, მაგრამ დროთა განმავლობაში ისწავლეს და ისტორიამ არაერთი წარჩინებული ასურელის სახელი შემოგვინახა. მაგალითად, ფრეიდუნ ათურაია, ექიმი, რკინიგზის საავადმყოფოს მთავარი­ ექიმის მოადგილე, პოეტი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და თან თარჯიმანი, რომელიც ასურულ ენაზე დგამდა წარმოდგენებს; რაბი დავიდ ილიანი, პოეტი და ასურული ენის პედაგოგი და სხვა. დღეს ასურელები ინტეგრირებული არიან ქართველ საზოგადოებაში, ისეთივე პირობებში ცხოვრობენ, როგორშიც ქართველი მოქალაქეები.

- გაქვთ კავშირი საზღვარგარეთ მცხოვრებ ასურელებთან?

- ინტერნეტის წყალობით გვაქვს კონტაქტები საზღვარგარეთ მცხოვრებ ასურელებთან, ვეცნობით მათ საქმიანობას, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. ასურელები შემორჩენილი არიან მშობლიურ მიწა-წყალზე, ერაყში, ირანში, ჭარბობენ აშშ-ში, ავსტრალიაში, კანადაში,­ რუსეთში, შვედეთში, სადაც ასურული საფეხბურთო გუნდიც კი არსებობს, საფრანგეთში.

- ასურულ ენაზეც გვითხარით...

- ასურული ენა უძველესია. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ შევძელით მისი შენარჩუნება და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ კიდევ მრავალ საუკუნეს გაუძლოს. რთული ენაა, აქვს ანბანი, დამწერლობა, და სემიტურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. გასახარია, რომ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში ასურული ენა ისწავლება საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის მიხედვით, რომელიც 8 წლის წინ დაიწყო.­ მხვდა წილად ბედნიერება და ამ პროექტის თანამონაწილე ვარ, მოსწავლეებს ვასწავლი მათ მშობლიურ ასურულ ენას.

ასურული სამზარეულო, როგორც ყველა აღმოსავლური შეჭამანდი, მეტად ნოყიერი და კალორიულია. ასურულ ოჯახებში ტრადიციულად ასურული კერძები კეთდება ქართულ კერძებთან ერთად. ინგრედიენტები რძის პროდუქტები, ხორცი და ხორბლეულია. მაგალითად, ჰარისას ქათმის ხორცისა და ხორბლისგან ვამზადებთ, შობის ღამეს იხარშება და დილით ამ კერძით ხსნილდება. ასურული კერძია ჯაჯიკიც, დაწურული მაწვნითა და მწვანილით, მურთოხა, რომელიც ტრადიციულად მარეზობის დღესასწაულზე მზადდება ხორბლის ფქვილისგან, რძისა და ერბოსგან. შევინახეთ ჩვენი ცეკვები, სიმღერებიც. ასურული დღესასწაულები ჩვენი ფოლკლორის გარეშე წარმოუდგენელია.

ჩვენში ტრადიციულად აღინიშნება საეკლესიო წმინდანების დღესასწაულები, მარეზობა, მარორა, მარიამობა და გიორგობა, ასევე ასურული ახალი წელი.

- როგორია ასურული ქორწილი?

- ძველად უფრო ტრადიციულად აღინიშნებოდა, ასურელ პატარძალს წითელი კაბა ეცვა, ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ მეჯვარესა და ნათლიას - მეჯვარე აუცილებლად ოჯახის ნათლია უნდა ყოფილიყო, რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ. ქორწილის დღეს ნეფე ოჯახთან ერთად ჯერ ნათლიისა და მეჯვარის სახლში მიდიოდა, ილოცებოდა და იქიდან ყველანი პატარძლის სახლში მიეშურებოდნენ. პატარძალს არავინ გაატანდა ნეფეს, თუ გამოსასყიდს არ გადაიხდიდა, რაც მაღალი იყო გამოსასყიდი, მით უკეთესი. მეჯვარის ოჯახი ამზადებდა კალათს, სადაც აწყობდა ტკბილეულს და ნეფე-პატარძლისთვის საჩუქრებს, შემდგომ ამ კალათიდან შეეძლო აუქციონით გაეყიდა ტკბილეული და შემოსული თანხა მეფე-პატარძლისთვის ეჩუქებინა, ან მთლიანი კალათა ეჩუქებინა, აუქციონის გარეშე.

- როგორ ჟღერს ასურულად "მე შენ მიყვარხარ"?

- ასურულ ენაში სქესობრივი სხვაობაა, მიმართვა სქესის მიხედვით ხდება.­ მამაკაცი ქალს ეუბნება: "ანა მაღუბევენ კათახ",­ ქალი კი მამაკაცს - "ანა მაღუბევან კათუხ".

- თქვენ შესახებაც მიამბეთ.

- როგორც გითხარით, ძველი ქანდის სკოლაში ვასწავლი ასურულ ენას, პარალელურად თბილისის 208-ე საჯარო სკოლაში რუსული ენის პედაგოგი ვარ. ჩემი მეუღლეც ასურელია. გვყავს 2 შვილი, ბიჭი, ლევიკო, 12 წლისაა, გოგო, ანა, 10 წლის.მინდა მთელ მსოფლიოში მშვიდობა იყოს. ასევე ჩემი უდიდესი ოცნებაა ჩემი წინაპრების მიწა-წყალზე დავდგა ფეხი.

- დღეს რამდენი ასურელი სახლობს საქართველოში?

- დაახლოებით 4 ათასი, ქართველები­ვით, ნაწილი პერიოდულად ემიგრაციაში­ მიდის.