აბანოთუბნელი იარაღის ოსტატი - კვირის პალიტრა

აბანოთუბნელი იარაღის ოსტატი

თეიმურაზ­ ჯალაღანია აბანოთუბანში ცხოვრობს. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც იარაღით დაინტერესდა და დროთა განმავლობაში უბადლო ოსტატადაც ჩამოყალიბდა. დღეს ის ქართული და კავკასიური საჭურვლის საუკეთესო ოსტატია. მისი თითოეული ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშია.

- აბანოთუბნელი ვარ. ამ უბანს ჩემს ბავშვობაში თათრის მოედანს, მეორენაირად კი შაითანბაზარს უწოდებდნენ. შაითან აზერბაიჯანულად ეშმაკს ნიშნავს. წინათ­ აქ ბაზარი ყოფილა და როდესაც დედა შვილს საყიდლებზე გზავნიდა, არიგებდა: შვილო, ბაზარში ბევრი შაითანია, ფრთხილად იყავი, არ მოგატყუონო. ამ უბანში ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები, ებრაელები, სომხები, რუსები, ლეკები... ამიტომ ცოტ-ცოტა ყველას ენა ვიცი. ბავშვები ბოტანიკურ ბაღში დავრბოდით, მილიცია გვიშლიდა, მაგრამ ხილს მაინც ვიპარავდით, ხის დამბაჩებით კი ნარიყალაზე ომობანას ვთამაშობდით.

სადაც ახლა ყოფილი სპორტის სასახლეა, მანდ ადრე საბურთალოს ბაზარი იყო. ხუთი ძმა მყავდა, მე ნაბოლარა ვიყავი. ერთ დღეს საბურთალოს ბაზარში გავყევი ძმებს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი იქნებოდა. ვათვალიერებდი­ დახლებს, ზოგი ომიდან ჩამოტანილ "ტელეგრეიკას" ყიდდა, ერთ მხარეს ძველი დამბაჩები იყიდებოდა, მეორე მხარეს - დამტვრეული ხანჯალი, ვათვალიერებდი თან გამყიდველებს ვეკითხებოდი, ძია, რა ღირს-მეთქი. რამდენიც არ უნდა ყოფილიყო, მე მაინც კაპიკი არ მქონდა, მაგრამ როგორც ნაბოლარას, ძმები მანებივრებდნენ და მაინც ახერხებდნენ ხოლმე ჩემთვის რაღაცის ყიდვას. გახარებული შინ რომ მივიტანდი, ვცდილობდი როგორმე დაზიანებები გამომესწორებინა. ამ წვალებაში გამოცდილება დამიგროვდა და საბოლოოდ ხელობა ვისწავლე, იარაღის მჭედლად ჩამოვყალიბდი. როდესაც ვმუშაობ, დროს ვეღარ ვგრძნობ, ჭამაც მავიწყდება.

- რა მასალებით მუშაობთ?

- ძირითადად, ოქროს ზარნიშზე ვმუშაობ - როდესაც რკინაში ვკვეთ ოქროს ან ვერცხლის მავთულს. ოქროს სინჯი 999,9-პროცენტიანი უნდა იყოს. ვერცხლისაც, ასევე, საუკეთესო სინჯის. ვმუშაობ მინანქარზეც, სპილოს ძვალზე, ვეშაპის ეშვზე.

- ახალ თაობაში თუ არის ამ ხელობის შესწავლის ინტერესი?

- არის და ეს მაბედნიერებს. იარაღის­ ოსტატი იყო გურამ გაბაშვილი. მითხრა, საფრანგეთში ვიყავი, დღედაღამ ვათენე,­ წიგნები ვქექე და ეს საქმე ვისწავლე, შენც ისწავლე და სხვასაც ასწავლეო. პირნათლად ვასრულებ მის დანაბარებს. ვასწავლი­ სხვასაც და ამაში გასამრჯელოს არ ვიღებ. მინდა ეს ხელობა საქართველოში არ დაიკარგოს. ფული დღეს არის, ხვალ აღარ იქნება, ხელობა და ტრადიციები კი დარჩება. არ დაიჯერებთ, ღამით სიზმარში ვხედავ ქართველ მეფეებს, მიყვარს ჩემი დავით აღმაშენებელი, მეფე ერეკლე.

- მითია თუ რეალობა, ერეკლე მეფის ხმალი 18 კილოგრამს იწონიდაო?

- ეს ბავშვური საუბარია, ერთხელ რომ გაიქნ-გამოიქნიო ხელი, დაგეღლება.­ 18-კილოგრამიან ხმალს ხელში დაჭერა არ უნდა?! მით უმეტეს, ბრძოლაში ვერ მოიხმარ­. ხმალი ისტორიულად 650-800 გრამს იწონიდა. ხევსურებს ჰქონდათ ყველაზე­ მჩატე ხმლები, ამიწონია და 350 გ გამოსულა. მათი ფარიც მსუბუქია. ხევსურების ხმალი რომაელთა ხმლებს მახსენებს.

- რა არის ცხოვრებაში მთავარი?

- სამშობლოს სიყვარული. ჩემს საქმეს ჩემი მოსწავლეები გააგრძელებენ და ეს კოლექცია მათი ნახელავებით კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.