„ძალიან დიდი ადამიანები წავიდნენ...“ - კვირის პალიტრა

„ძალიან დიდი ადამიანები წავიდნენ...“

"ქრება, ყველაფერი ქრება... მიდის ყველაფერი მიდის"... - ნამდვილად სენტიმენტალურია ვაჟა აზარაშვილის უკვდავ "სენტიმენტალურ ტანგოში" ამღერებული ეს სიტყვები. ცნობილი კომპოზიტორი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, დატოვა დიდი სიყვარული და მუსიკა, რომლითაც უკვდავყო საკუთარი სახელი და შემოქმედება.

"ვაჟამ თითქოს ყველაფერი მოასწრო და გაფრინდა ბედნიერი კაცი"

ლაშა თაბუკაშვილი, მწერალი, დრამ­ატ­ურგი: - ძალიან დიდ პატივს­ ვცემდი ამ საოცარ ხელოვანს და მისგანაც სითბო­ იგრძნობ­ოდა­. ბატონი ვაჟა ყოველთვის მახსენებდა­ ტანგოს, რომელიც დედასთვის დაწერა, ოთარ მეღვინეთუხუცესი და დედა რომ ცეკვავენ ფილმში "მზე შემოდგომისა".­ რატომღაც ძალიან უყარდა ბატონ ვაჟასაც­ ეს ტანგო და ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც იდუმალი ძაფი სულიერების ამ ჰანგიდან. ვაჟა ლეგენდაა და ასაკით 100 წლისაც რომ ყოფილიყო, გულისტკივილი იგივე იქნებოდა. მართლა შემკული კაცი წავიდა, უკეთილესი, უსაყვა­რლესი, გარშემო არავისთვის არას­ოდეს შეუქმნია პრობლემა. ვიცი და მიგრძნია, რომ ყველას უყვარდა.

არ დამავიწყდება, 1981 წელს დიუსელდორფში რომ გავიმარჯვეთ და თასი მოვიპოვეთ, მაშინ გერმანიაში ვიყავი. ჩემი რაღაც ითარგმნა იქ, დიდი ჰონორარი ავიღე­ ხელზე, საელჩოს რომ არ წაერთმია. ზაარბრიუკენელებთან ერთად გეზი ავიღეთ­ დიუსელდორფისკენ. წინადღით გაცნობ­ილმა მსახიობმა რიკ ჰერეტმა წაგვიყვანა­ მანქა­ნით მე, ვანო ჩხიკვაძე და კიდევ 2 ზაარბ­რიუკენელი ბიჭი. მაშინ პირველად ვიჯექი­ "მერსედესში". რიკი მერაბ თავაძე­ს­­თან ძმაკაცობდა, შეყვარებული იყო საქა­რ­თველოზე, ორმეტრიანი ვიკინგი, ძალიან ცნობილი მაშინდელ დასავლეთ გერმანიაში. ზაარბრიუკენელები შეწუხებული ჩანდნენ, ერთმა, მოჰიპო მუსიკოსი იყო, წაიდუდღუნა კიდეც გერმანულად, რა გააწყალეთ ამ საქართველოთი გულიო...

იმ ჯგუფში, რომელიც დიუსელდორფში­ სტადიონზე დაგ­ვხვდა, ვაჟაც იყო. იქვე იყვნენ ჩემი მეგო­ბრები, ასევე პარიზელი ემიგრაცია, ებრაელი ემიგრანტები... იქიდან­ რომ წამოვ­ედით, რადგან­ ჰონორარი ჯიბეზე­ მქონდა,­ გადავწყვიტე, პატივი მეცა იმ ზაარბრიუკენელი ძმაკაცებისთვის და რესტორანში გავშალე სუფრა. უცებ ფარდა იხსნება და ვხედავ ქართული­ პურმარილით გადაძეძგილი 80-კაციანი სუფრაა გაშლილი. გადავიყვანე ბიჭები ქართული სუფრისკენ... 5 ყუთი შამპანური მოიტანეს ქართველმა ებრაელებმა. გურამ ფანჯიკიძემ სადღეგრძელო თქვა და დამთავრებული არ ჰქონდა, ვაჟა აზარაშვილმა დასცხო მრავალჟამიერი, აქედან ჯანო ბაგრატიონის ბანები, იქით გივიკო საყვარელიძე...­ მოკლედ, წავიდა საოცარი ამაღლება. უცებ ვხედავ, ის შეწუხებული ზაარბრიუკენელი მოჰიპო მუსიკოსი მოდის და ვაჟას სიმღერის ფონზე მეუბნება, ახლა მივხვდი, საქართველო რა ყოფილაო... რატომ, იცი? იმას ეგონა, იქ, გამარჯვებულების ღრეობა­ იქნებოდა, "კრუშკების" ბრახაბრუხით აღნიშვნა, ხმაურიანი და ზღმურდლიანი და ეს სიფაქიზე რომ დაინახა, განიმსჭვალა ბიჭი, ახლა მივხვდი, რაზეც საუბრობდით მთელი გზა, რომ შემშალა რიკმა საქართველოზე ლაპარაკითო. ვაჟა აზარაშვილი ჩემთვის ამ 2 ისტორიასთან ასოცირდება - დიუსელდორფში თასის აღებასა და დედას ტანგოსთან.

ძალიან დიდი ადამიანები წავიდნენ, ბოლო ხანებში ანზორ ერქომაიშვილი, რეზო გაბრიაძე, გურამ დოჩანაშვილი, მიშა კობახიძე, ბუბა ხოტივარი... რომელი ერთი გავიხსენო... რეზო გაბრიაძე მირეკავდა ხოლმე ხან ღამის 3-ზე, ხან დილის 7-ზე, როდესაც აპარატზე არ იყო. ერთხელაც სწორედ დედას და ოთარის ცეკვისთვის უყურებია და დამირეკა... მერე შეძრულმა მკითხა, ანზორს სად ასაფლავებენო. მთაწმი­ნდაზე-მეთქი. აუ, რა კარგი­ უქნიათო. გავიდა 1 კვირა და ანზორს რეზო მიუწვინეს გვერდით, გაბრიაძე... ვაჟას წასვლაც რაღაც ეტაპია, თან დიდი მთავრდება,­ თან დიდი იწყება. ამიტომ საბჭოთა წარსულზე საუბარს, ჩვენმა ახალგაზრდობამ იმ კულტურულ ბაზას მიხედოს, რაც დაგვიტოვა უფროსმა თაობამ. ვაჟამ თითქოს ყველაფერი მოასწრო და გაფრინდა ბედნიერი კაცი.

ერთსაც გავიხსენებ. 1972 წელია, ბაკ­უ­რიანის სიმპოზიუმია. კარგ დროს ვატა­რებდით,­ ნიჭიერი ხალხი იკრიბებოდა... ნანიმ იმღერა "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება", დაინგრა ყველაფერი... მერე ვსხედვართ, ჩეხური ლუდი გვქონდა, ვაჟამ შემოიტანა ჩემს ნომერში, და თითო ჭიქა დავლიეთ. მითხრა, ლუდისტი კი არა ვარ, უფრო ღვინისტი ვარო. რაღაც გულდაწყვეტილი მეჩვენა. რა იყო, ბატონო ვაჟა-მეთქი, ვკითხე­. კაცო, ხომ უნდა თქვან ვისი დაწერილია ის სიმღერაო... ნანის ყოველთვის ხელისგულზე ვატარებდით და როგორც ავტორს, ჩანს, გული დასწყდა, როგორც მწერლებს ჩვენს ფრაზებზე გვწყდება გული, როცა არ მოგიხსენიებენ. უნიჭიერესი კაცი იყო, თბილი, კეთილი და კარგი ადამიანი. ნათელში იყოს... ეპოქა წავიდა.... ახალგაზრდებს გისურვებთ ერთმანეთის დანახვასა და დაფასებაში გეცხოვროთ.

„ის თვითონვე უშლიდა­ ხელს მისი სახელის განდიდებას“

ნიკოლოზ წულუკიძე, ხელოვნებათმცოდნე, ტელეწამყვანი: - ვაჟა აზარაშვილი განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ მუსიკალურ აზროვნებაში, მისი შემოქმედება­ იმდენად მრავალმხრივია. მე პირველად ვეზიარე, როდესაც სკოლიდან მიუზიკლებზე მუსკომედიის თეატრში დავდიოდით. იმდენი არაჩვეულებრივი მიუზიკლი აქვს ბატონ ვაჟას, მარტო "მეჩექმე გაბო" და ბადრი ბეგალიშვილის სიმღერები რად ღირს, რომ არაფერი ვთქვათ მის საესტრადო თუ კინომუსიკაზე, კლასიკურ ნაწარმოებებზე. ბატონი ვაჟა ურთიერთობაში იყო უშუალო, უბრალო, ყველანაირი სირთულეების გარეშე. ის თვითონვე უშლიდა­ ხელს მისი სახელის განდიდებას. ამიტომ რაც დრო გავა, დარწმუნებული ვარ, ვაჟა აზარაშვილი მით უფრო დაფასდება და მით უფრო მ­ნიშვნელოვანი იქნება მისი მუსიკა. "დინამო, დინამო", სიმღერა "ქსოვრელები", "სენტიმენტალური ტანგო", "დღეები მიდიან", "ნოქტიურნი" - ერთმანეთზე უკეთესი მუსიკა. სხვათა შორის, ბატონი თემურ ფალავანდიშვილი იხსენებდა, როდესაც ფილმს "მზე შემოდგომისა" ვიღებდი, ხომ არის სუფრის სცენა, ლადო გუდიაშვილი კინტ­ოურს რომ ცეკვავს, იქვე არიან სესილია თაყაიშვილი, ჟორა საღარაძე, თამარ ციციშვილი, ჯანო ბაგრატიონი, ელენე ახვლედიანი... ამ სცენის გადაღებისას უთხოვიათ ბატონი ვაჟასთვის, როგორც ფილმის კომპოზიტორი, იქნებ თქვენც დაბრძანდეთო. რას ამბობთო, დაურცხვენია ბატონ ვაჟას. ეს ერთი დეტალიც მეტყველებს ბატონი ვაჟას მორიდებულობაზე. დაგირეკავდა, მოგიკითხავდა, მადლიერი კაცი იყო. არ გასულა წელიწადი, რომ მასზე 2-3 გადაცემა არ გამეკეთებინა. ძალიან მოწესრიგებული ადამიანი გახლდათ. იცით, როგორი მემკვი­დრეობა დაგვიტოვა? ყველაფერი­ თავის ადგილას... დიდი მნიშვნელობის კაცი იყო და გული მწყდება, მასზე წარსულში რომ ვსაუბრობთ. არასოდეს არ არის ასაკი მოსატანი ისეთ შემოქმედთან, როგორიც ვაჟა აზარაშვილი იყო.

"ფეხბურთისადმი სიყვარულს "დინამო დინამოთი" გამოხატავდა. ამ სიმღერით გვეფერებოდა"

ვლადიმერ გუცაევი, ფეხბურთელი:­ - ვაჟა აზარაშვილის წასვლა დიდი დანაკლისია­ ოჯახისთვის, მშობლებისა და მთელი საზოგადოებისთვის. პერსონალურად ვიტყვი ფეხბურთელების გულისტკივილზე. ვაჟა აზარაშვილი ჩვენთვის უბრალ­ოდ კომპოზიტორი არ იყო, ის იყო ფეხბურთელების, კერძოდ, ჩვენი პლეადის ძალიან ახლო მეგობარი. ერთმანეთს რომ ვხვდებოდით, იყო დიდი აჟიოტაჟი, სიხარული, პატივისცემა იგრძნობოდა. შემიძლია ვთქვა, რომ მუსიკოსებს შორის ასეთი­ დიდი ქომაგი ფეხბურთელებს არ გვყოლია. ჩვენი ნომერი პირველი გულშემატკივარი იყო. ფეხბურთისადმი სიყვარულს სიმღერა "დინამო დინამოთი" გამოხატავდა. ამ სიმღერით გვეფერებოდა. ძალიან დაგვწყვიტა გული. წავიდა და წაიღო მთელი ქვეყნის დიდი სიყვარული.