„კარგი ქართველი კაცი იყო, კეთილი, უბოროტო, არ იყო ავყია, სიკეთის გაკეთებისთვის იყო მომართული“ - კვირის პალიტრა

„კარგი ქართველი კაცი იყო, კეთილი, უბოროტო, არ იყო ავყია, სიკეთის გაკეთებისთვის იყო მომართული“

ხომ არსებობს კადრები, რომლებიც მთელი ცხოვრება გრჩება თვალებში, მეხსიერებაში. ჩემთვის ასეთ კადრად დარჩა ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვა. როგორ აცილებდნენ გედია და შეთე მარიტას უკანასკნელ გზაზე. ახლაც კიდევ ერთხელ გამახსენდა, როდესაც სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების ამბავი გავიგე... სპორტსმენი, მსახიობი და პოლიტიკოსი სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

"რამდენჯერ მოვინდომე, ავალ, ვნახავ-მეთქი, დავრეკავდით და, მოდი, დღეს არაო, არ გვენახვებოდა"

ზაზა კოლელიშვილი, მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი: - მეც ეგ ფოტო დამრჩა, მე და სოსო რომ ვაცილებთ ლიკას... სანამ ცოცხალი ვარ, ის მოგონებები სულ მინდა ცოცხლად მახსენდებოდეს... სოსო ჩემთან არის ყოველთვის, როგორც ლიკა. შეძრული ვარ, სოსო ჩემი სულის ნაწილია, ჩემი მეჯვარე, შვილის ნათლია. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით. სოსომ იცოდა დახმარება და გვერდში ამოდგომა.

ერთმანეთი „ნატვრის ხის“ სინჯებზე გავიცანით, დავახლოვდით და მას შემდეგ ჩვენი მეგობრობა არ შეწყვეტილა. ახლობელი ადამიანი დავკარგე. ბევრი სახალისო წუთი გაგვიტარებია ერთად. მიჭირს მასზე წარსულში საუბარი.

ბოლოს 2024 წლის 00.10 წუთზე დაგვირეკა. მოგვილოცა. უფრო სწორად, მეგონა, მოსალოცად დარეკა, თუმცა, როგორც ჩანს, რაღაცნაირად დაგვემშვიდობა. არ უნდოდა გატეხილი გვენახა. კარგად გავხდები, ამოხვალთ ჩემთან და... ცოტა ხანში შევხვდებითო, ამ ფრაზით დამემშვიდობა. რამდენჯერ მოვინდომე, ავალ, ვნახავ-მეთქი, დავრეკავდით და, მოდი, დღეს არაო, არ გვენახვებოდა....

კარგი ქართველი კაცი იყო, კეთილი, უბოროტო, არ იყო ავყია, სიკეთის გაკეთებისთვის იყო მომართული. ჩემს გონებაში ასეთი სოსო დარჩება...

111-1707683698.jpg

"ძალიან ნიჭიერი, თავისებური და საინტერესო ადამიანი იყო"

თემურ ბაბლუანი, კინორეჟისორი: - სოსო ჯაჭვლიანი სიმბოლო იყო კარგი ქართველი ვაჟკაცის. ძალიან ნიჭიერი, თავისებური და საინტერესო იყო როგორც მსახიობი, საინტერესო რეჟისორული ნამუშევრებიც ჰქონდა. მისმა წასვლამ ძალიან დამწყვიტა გული. ჩემს ორ ფილმშიც ითამაშა სოსომ. კარგი ენერგია ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები მიდიან.

"ამ მოსალოდნელმა აღსასრულმა, სიკვდილმაც ვერ დააჩოქა"

ერეკლე საღლიანი, პოეტი: - თურქეთში მკურნალობდა. მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, მაინც არ ტყდებოდა, მხნედ იყო. ამ მოსალოდნელმა აღსასრულმა, სიკვდილმაც ვერ დააჩოქა. იყო ეს სოსოს გუნებაში, თავის გაწირვა. უშიშარი იყო.

სოსოსნაირი ადამიანები ვერ ეგუებიან უსამართლობას, გაუტანლობას. ბოლოს რომ ვესაუბრე, შედარებით უკეთ გრძნობდა თავს. დიდი იმედი ჩაგვესახა მაშინ, რომ გავიმარჯვებდით ამ ვერაგ ავადმყოფობაზე. ბოლოს მძიმედ იყო, იმდენად, რომ ტელეფონზეც აღარ გვენახვებოდა, თუმცა ბოლომდე გონზე იყო და გამართულად აზროვნებდა. დაილია... უშველებელი კაცი დაილია, დადნა... ერთად ვიზრდებოდით სვანეთში, ერთი ქუჩა გვყოფდა. ამბობდა ხოლმე, თუ რამე ფუჭდებოდა, იდეა შენი იყო და ჩვენ ვაკეთებდითო. მე ვუთხარი, აბა, ბიჭო, როგორ განიცდიდი იდეების სიმცირეს-მეთქი... ფაქტობრივად, ერთად ვიზრდებოდით. იმთავითვე გამორჩეული იყო გარეგნობითაც, შესაძლებლობითაც. კინოსთვის თენგიზ აბულაძემ აღმოაჩინა და დაიბადა გედია. შედევრი იყო, სასწაულად ითამაშა ეს როლი სოსომ და დარჩა მარადიულ გედიად.