გელათის ვარამი
ბოლო დროს გელათის რეაბილიტაციის თემა საზოგადოებაში კვლავ გახდა მითქმა-მოთქმის საგანი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 5-6 თებერვლის ღამეს ტაძარში წყალი ჩავიდა, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ უნიკალურ მხატვრობას. რა ხდება დღეს გელათში, შევძლებთ თუ არა ქართული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლის გადარჩენას, ამ საკითხებზე საქართველოს საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს არქიმანდრიტ კირიონს (ონიანი) ვესაუბრეთ:
- მას შემდეგ, რაც ძეგლი ხელიდან ხელში რამდენჯერმე გადავიდა და ყველა ჯერზე ახალი "პატრონი" გელათის გადარჩენას გვპირდებოდა, მომხდარმა უიმედობის განცდა გააჩინა...
- ამჟამად ტაძარზე მომუშავე ადამიანებისთვის - რესტავრატორებისთვის, არქიტექტორებისთვის, ჩვენთვის, კომიტეტისთვის, ეს ნამდვილად თავზარდამცემი იყო. რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ - ტაძარი უკვე მესამე წელია დროებით გადახურულია თუნუქით. ამ ხნის განმავლობაში დიდი წვიმებიც ყოფილა, თუმცა წყლის ჩამოჟონვა არასდროს დაფიქსირებულა. მოგეხსენებათ, 5-6 თებერვლის ღამეს სტიქიური უბედურების მომსწრე გავხდით, ხალხი დაგვეღუპა, ოჯახები ცოცხლად ჩაიმარხა. ამგვარ უბედურებას წინასწარ ვერ განსაზღვრავ. ამ პროცესს თან ახლდა ძალიან ძლიერი ქარი, რომელმაც სოფელ გელათში სახლებს სახურავები გადახადა, ღობეები წააქცია და ხეები დაგლიჯა. ადგილობრივები მეუბნებოდნენ, რომ მსგავსი რამ არც უნახავთ, მთელი ღამე ქარი ისე ღმუოდა, თუ გათენდებოდა, არ გვეგონაო. ქარმა წვიმა იმდენად მიწნეხა ტაძარზე, რომ საპირე წყობიდანაც კი შეიჟონა. წყალი შევიდა სხვა ისეთ შენობებშიც, რომელთა კედლებიც ოთხმხრივად გალესილია. ასეთი სიტუაციის პრევენცია ძალიან რთულია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ყველა საპირე წყობის, რომ იტყვიან, ლუპით დათვალიერება, ამას კი სჭირდება დროებითი გადახურვის ხარაჩო - ე.წ. ქოლგა, რომლის ქვეშაც შესაძლებელია ყველაფრის დეტალურად დათვალიერება, ამის საშუალება კი დღეს არა გვაქვს. ველოდებით ლეიერის ხარაჩოს გაკეთებას, ამისთვის კი აუცილებელია იუნესკოს ნებართვა, რომელსაც ნოემბრიდან ველოდებით. პროექტი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 5 ნოემბერს გავგზავნეთ და ველოდებით, რომელ პროექტზე მოგვცემენ ნებართვას, გუმბათიანზე თუ უგუმბათოზე (ტაძარი გუმბათიანად მოექცეს ქოლგის ქვეშ თუ მხოლოდ კალთები - ავტ.) იუნესკოს გარეშე ვერაფერს ვაკეთებთ და ვართ ასე მოლოდინში. როგორც კი ტაძარი "ქოლგის" ქვეშ მოექცევა, სტიქიებისგან დააზღვევს ტაძარს, რადგან ის სრულად შეიფუთება და წვიმის ან თოვლის შეღწევა შეუძლებელი იქნება.
- მაგრამ განა პრობლემა არ არის, რომ ტაძარს დროებითი გადახურვა აქვს? არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს ვიქნებით ასე, თუ იუნესკოდან ნებართვა დროულად არ მოვიდა.
- ძირითადი გადახურვა რომ გაკეთდეს, პირველ რიგში გელათი "ქოლგის" ქვეშ უნდა მოექცეს. მას შემდეგ უნდა აიხსნას დროებითი გადახურვა და მის ქვეშ დადებული კრამიტი... ყოველივე ამას თავისი პროცედურები აქვს, რაღაცებს ვერ დავაჩქარებთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ჩვენთვის საზიანო იყოს. ჩვენ გვქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით კავშირი იუნესკოსთან, ჩვენმა მექომაგეებმაც სცადეს და დაგვპირდნენ, რომ თებერვლის შუა რიცხვებისთვის მოგვცემენ პასუხს. იუნესკო დიდი სტრუქტურაა. უამრავი ძეგლის მდგომარეობა აქვთ Yგანსახილველი, არც ისინი სხედან გულზე ხელდაკრეფილი, მაგრამ ჩვენ ჩვენი გვტკივა და გვეჩქარება.
- გელათის ბოლოდროინდელ ისტორიას თუ გადავხედავთ, იკვეთება, რომ იუნესკოს დამოკიდებულება გელათისადმი ერთობ უცნაურია, თუმცა ეს ცალკე თემაა... რა ბერკეტი გვაქვს, რომ იუნესკომ გულთან მიიტანოს გელათის გასაჭირი თუნდაც როგორც გამონაკლისი.
- ჩვენ ყველა ბერკეტი მოვსინჯეთ, ყველაფერი ვცადეთ პროცესის დასაჩქარებლად, ნებართვის მისაღებად. რაც შეეხება ხარაჩოს დამზადებას, დროს გავუსწარით და ვცდილობთ ეს ვადები მაქსიმალურად შევკვეცოთ. დავიწყეთ საფუძვლის მომზადება, საუბარია ბეტონის ფილებზე, რაზეც უნდა დადგეს გადახურვის დგარები, არსებობს სტანდარტი როგორც გუმბათიანი, ისე უგუმბათო გადახურვისთვის და ჩვენ ვთქვით, მოდი, ნუღარ დავაგვიანებთ, დავიწყოთ მუშაობა და როცა ნებართვას მოგვცემენ, რაც ამ ორ პროექტს შორის პროფესიული განსხვავებაა, მხოლოდ ის გვქონდეს დატოვებული. ჩამოვიყვანეYთ საუკეთესო გერმანული კომპანიები. გავიარეთ ყველა საკითხი და ამ კომპანიებიდან უფრო საუკეთესოს შევარჩევთ. დროს ნამდვილად არ ვკარგავთ, ამის ფუფუნება არ გვაქვს. ყოველდღიურად ვმუშაობთ, ჩვენთვის შაბათ-კვირა არ არსებობს...
- რა ბედი ელის 5-6 თებერვლის ღამეს დაზიანებულ ნაწილებს?
- საუბარია ორ წერტილზე. მაქსიმუმ 5-7 სმ-ია, საიდანაც, სავარაუდოდ, წყალი ჩავიდა. ერთ ადგილას ძალიან მცირედ არის შეჟონილი, მეორეგან უფრო დიდია. წყალი შეჟონილია წმინდა გიორგის ტაძარში გუმბათის სარკმლის ცხაურიდანაც, საუბარია 150-200 გრამ წყალზე, რომელმაც შემოჟონა, ცხაურიდან ჩამოჰყვა სარკმელს და იატაკზე დაიღვარა. ეს კატასტროფული შედეგები არ არის, მაგრამ ყოველი ასეთი ფაქტი მტკივნეულია...
- იუნესკოს წარმომადგენლები თუ აპირებენ ჩამოსვლას? ხშირად ყოფილა, იუნესკოს დისტანციურად პროექტი მოუწონებია, თუმცა მოგვიანებით ადგილზე ჩამოსვლისას პოზიცია მკვეთრად შეუცვლიათ, რაც არაერთ პრობლემას იწვევდა არა მარტო გელათის მაგალითზე.
- ჩამოსვლას აპირებენ, თავად მოგვწერეს. მარტში ჩამოვა იუნესკოს რეაქტიული მისია, რომელსაც სურს სამუშაო პროცესის შესწავლა და ანგარიშების მოსმენა. ისინი მძიმე გამოცდილების გამო უფრო ფრთხილობენ და ყურადღებით უდგებიან საკითხს, რაც პროცესს ნამდვილად წაადგება. ჩვენც გვჭირდება ძეგლის ინტერესებზე ორიენტირებული პროფესიული ოპონირება. რა თქმა უნდა, გვექნება შეხვედრები, არაფერს მოერიდებიან, ყველაფერს გვეტყვიან.
- იმედია, "ქოლგა" ხარაჩოს ქარი ერთ დღესაც არ წაიღებს...
- თქვენთან ინტერვიუში ადრეც აღვნიშნე, რომ ჩვენ დავუკავშირდით გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ბოლო 15 წლის განმავლობაში ქარის ვარდული მონაცემები გამოვითხოვეთ.
- ჰო, მაგრამ მე ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევებს ვგულისხმობ, 5-6 თებერვლის ღამეს რომ იყო.
- კი, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. გამოთხოვილი მონაცემები გადაიგზავნა გერმანიაში ინჟინერთან. ამჟამად დამატებით კიდევ აძლიერებენ ხარაჩოს მდგრადობას, რათა მან დაფაროს და დაიცვას ტაძარი რთული კლიმატური პირობების დროს. თუ მოხდა 9-ბალიანი მიწისძვრა, მაინც ვერაფერი დაგვიცავს.
- წყალმა ფრესკები არ დააზიანა?
- ნებისმიერი წყლის ჩამოდინება, თუნდაც ძალიან მცირე, დამაზიანებელია. უპირველესი მტერი წყლის ინფილტრაციაა, რომელიც ააქტიურებს მარილებს. გააქტიურებული მარილები იწყებს ნალესობისა და პიგმენტის დაზიანებას. სწორედ ამ პროცესს აღიქვამენ კონსერვაციის სპეციალისტები ყველაზე მტკივნეულად.
- დაიწყო უკვე კონსერვაციის პროცესი?
- მუშაობა გეგმურად მიმდინარეობს. დასრულდა მთავარი ტაძრის ცენტრალური სივრცის გრაფიკული დოკუმენტაციის შექმნა, დასრულდა მხატვრობის მდგომარეობის, ასევე ორიგინალი ტექნოლოგიის პიგმენტების შესწავლა. სამწუხაროდ, მიკროსკოპული შემოწმების დროს მანამდე ჩვენთვის უცნობი უამრავი მასალა ამოვიდა. მაგალითად, გელათის მხატვრობას სოკო რომ ჰქონდა, არ ვიცოდით.
- შეგიძლიათ გვითხრათ, რომ გელათში კვლევითი პროცესი მთავრდება?
- დიახ და მარტიდან დაიწყება ფართომასშტაბიანი მუშაობა. 9 მარტს სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე ჩამოდიან, მხატვრობის კონსერვაციის ხელმძღვანელები, რომლებიც პროცესს ბოლომდე უხელმძღვანელებენ. ქართული ჯგუფი მათი ზედამხედველობით იმუშავებს. უკვე შეკვეთილია მასალები, რომლებიც 60 ერთეულს აღემატება და ძალიან გაფანტულია, ზოგი ბრიტანეთშია, ზოგიც იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. ამჟამად მათი ჩამოტანის ორგანიზებაზე ვმუშაობთ. მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები დაიწყებენ ამ მასალების ტესტირებას, მხატვრობაზე იმ 21 კრიტიკული კერის გამაგრებაზე, რომლებიც გელათში უკვე მონიშნულია. 11 მარტს ჩამოვა "მოზაიკის მამა", რობერტო ნარდი, თავისი ჯგუფით, და დაიწყება მოზაიკის შესწავლა, რათა საკონსერვაციო პროგრამა შემუშავდეს. მარტის ბოლოს ჩამოდიან მინეროლოგებიც, რომლებიც შეისწავლიან ტაძრის მარილების ბუნებას, დაადგენენ, რა ტიპის სოკოა და ა.შ. ასევე ჩვენთან იქნებიან გერმანელი გეოფიზიკოსები, რომლებიც გელათის ტერიტორიას გეოლოგიურად შეისწავლიან. ჩამოდის სტუდია "კროჩიც", რომელიც გელათის მთავარ ტაძარს სტრუქტურულად შეისწავლის.
- რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამოსვლის დროს კულტურის მინისტრმა თქვა, არ ვიცი, გელათში რა ხდებაო. ასეთმა პასუხმა გააჩინა განცდა, რომ გელათში კიდევ რაღაც რიგზე ვერ არის.
- ქალბატონი მინისტრის ნათქვამი მე ისე არ აღმიქვამს, თითქოს ისრებს საპატრიარქოსკენ სწევდეს. უბრალოდ, მისმა უწყებამ ყველაფერი დეტალურად არ იცის. როდესაც იუნესკოში დოკუმენტებს ვგზავნით, ჯერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მიდის და მხოლოდ მას შემდეგ იგზავნება იუნესკოში.
- აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ იცის, გელათში რაც ხდება...
- როცა გელათზე საუბრობ და რაღაც კარგად არ იცი, შეიძლება შეცდომა დაუშვა და შემდეგ ეს პრობლემური გახდეს. ვფიქრობ, მინისტრმა თემაზე, რომელსაც კარგად არ იცნობს, გაბედულად ვერ ილაპარაკა.
- ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ აკადემიური წრეების ნაწილს, და არა მარტო მას, ერთი სული აქვს, რომ ძეგლის მესაკუთრეს (საპატრიარქოს) რაღაც არ გამოუვიდეს და ნიშნი მოუგონ. ხომ არ ნანობთ პროცესში ჩართვას?
- არა ვარ ახალგაზრდა, რომ ეს წინდაწინ არ მქონოდა გათვალისწინებული, ისევე როგორც ჩვენს ეკლესიას. მოგეხსენებათ, მეუფე შიო თავად არის ამ პროცესის ხელმძღვანელი და ამ კომიტეტის თავმჯდომარეც. ყველა დეტალი მასთან განიხილება და წყდება. რთულია, მაგრამ ხელებს ვერ დავიბანთ, განზე ვერ განვდგებით. ის მაღალი მეცნიერული სტანდარტი, ის ფილტრები, რომლებიც ყველა მიმართულებით შევქმენით საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯგუფებით, მაღალი კლასის ექსპერტებით, რომელთა მჯობნი მართლაც არ დაილევა, დიდი შრომის შედეგია, მაგრამ ვერ ვხედავ თანაგრძნობას, თითქოს საზოგადოების ნაწილის ინტერესი ის არის, რაღაც ნაკლი მოგიძებნონ. ამ დროს ვერ ხვდებიან, როცა ამხელა პასუხისმგებლობას ერკინები, თანაგრძნობაა საჭირო. გელათი უნიკალური მემკვიდრეობა და ქართული სახელმწიფოებრიობის ბეჭედია. როგორ შეიძლება გენდო და არ გაგაკონტროლო, მაგრამ კონტროლში კეთილგანწყობაც უნდა ჩანდეს...
- როგორც ცნობილია, მთელ პროცესს პრემიერი ქომაგობდა. მას შემდეგ, რაც ის შეიცვალა, ხომ არ ხედავთ საფრთხეს გელათთან მიდგომაში?
- სახელმწიფო გელათის საკითხში განზე არასდროს გამდგარა. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უშუალოდ იყო ჩართული პროცესში. მან პირდაპირ განგვიცხადა, რაც გელათს დასჭირდება, უკან არაფერზე დავიხიოთ და მეფე დავითის წინაშე თავი არ შევირცხვინოთო. არა მგონია, განსხვავებული ხედვა ჰქონდეს ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს. ეს წარმოუდგენელია!
- გადარჩება გელათი?
- აუცილებლად. როგორც გითხარით, მარტში დაიწყება სამუშაოების შტურმი და ეს შეუჩერებლად გაგრძელდება. ჩვენ დავინახავთ უმაღლესი ევროპული სტანდარტის ძეგლს. კომიტეტი მუდმივად ვიზრუნებთ გელათის განვითარებაზეც. დავითმა რა გააკეთა გელათში? მან რწმენა და მეცნიერება გააერთიანა. ის, რაც მიუხედავად მცდელობისა, ვერ შეძლო ბიზანტიამ. დავითმა ეს ორი ერთი მიმართულებით - შემეცნებითი მიმართულებით წაიყვანა. სირცხვილია, რომ ამ ერის შვილები და ამ მეფის შთამომავლები მხოლოდ კონსერვაციაზე ვსაუბრობთ. განვითარებაც საჭიროა, რათა მოსულ მომლოცველს თუ ტურისტს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ დღესაც რაღაცას ვაკეთებთ. გელათმა იმდენი ტკივილი გვანახა, რომ არ არის გასაკვირი ადამიანების უნდობლობა. ნიჰილიზმი ჩვენ მიმართ ეს სავსებით ლეგიტიმურია. ჩვენ ღვთის წყალობითა და მეოხებით საზოგადოებას დავანახებთ გადარჩენის გზას.