„გაეროს ორგანიზაციაში ბევრი ისეთი პირი მუშაობდა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ტერაქტების მოწყობაში“ - კვირის პალიტრა

„გაეროს ორგანიზაციაში ბევრი ისეთი პირი მუშაობდა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ტერაქტების მოწყობაში“

სამხრეთი აფრიკა ისრაელის სამხედრო ოპერაციის გენოციდად ცნობას მოითხოვს,­ მაგრამ ჰააგის სასამართლომ მოსარჩელე სამხრეთ აფრიკის მოთხოვნა ისრაელის სამხედრო ოპერაციის გენოციდად ცნობისა­ და ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ის, რასაც სამხედრო ოპერაციის მოწინააღმდეგეები გენოციდად მიიჩნევენ­, ისრაელისთვის ტერორიზმთან ბრძოლა და 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ლეგიტიმური­ პასუხია. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, "ჰამასის" წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერა­ცია გაგრძელდება მანამ, სანამ­ მძევლები­ არ გათავისუფლდებიან და "ჰამასი" არ განად­გურდება. სამართლებრივი და პოლიტიკური განხილვის პარალელურად უწყვეტია საბრძოლო მოქმედებები ღაზის ტერიტორიაზე. თელ-ავივში მცხოვრები­ ებრაისტი ლაშა შაყულაშვილი გვიამბობს, თუ რა ვითარებაა ისრაელში.

- ისრაელისთვის მსოფლიოს მხარდამჭერ რუკაზე სხვადასხვა­ ფერშია­ ნაჩვენები­, რომელი სახელმწიფო უჭერს ან არ უჭერს მხარს. ომის დაწყების­ პირველივე დღიდან­ საქა­რთველო ამერიკასთან, ევროკავშირთან, იაპონიასთან,­ კანადასთან, ახალ ზელანდიასთან­ (და ა.შ.) ერთად არის მონიშნული როგორც ისრ­ა­ე­ლის მოწინავე­ მხარდამჭერი. ისრაელს ტერორიზმთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის ყველა­ სტრატეგიული პარტნიორი უჭერს მხარს და ჩვენი ქვეყანა­ დგას დემოკრატიული­ და ცივილიზებული სამყაროს გვერდით. როცა დიდი დასავლური სახელმწიფოების გვერდით რუკაზე ჩემი ქვეყანაა, დიდი სიამაყის განცდა მაქვს. დღეს ისრაელს ეწინააღმდეგება ყველა­ ის ავტორიტარული და ფაში­ს­ტური ქვეყანა, რომლებიც მხარს უჭერენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობას", ანუ ჩვენ ერთი და იგივე მოძულე მტერი გვყავს... არის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება ისრაელის პოლიტიკას, მაგრამ საქარათველოში არც ერთი ანტიისრაელური ინციდენტი თუ გამოსვლა არ ყოფილა. ახლახან გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში გამოქვეყნდა, მან პირველად ოფიციალურად აღიარა­ ყველაფერი - მას შემდეგ, რაც ისრაელის სახელმ­წიფო 2005 წელს ოფიციალურად გამოვიდა ღაზის სექტორიდან, მთელი ტერიტორია და პალესტინელი ხალხი ჩაიბარა გაეროს­ ორგანიზაციამ, რომელიც ძალიან დიდ დაფინანსებას იღებდა პალესტინელების­ კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის, რომ სკოლები აეშენებინა, ინფრასტ­რუქტურა გამართულიყო. ბოლო წლებია ისრაელში საუბარია, რომ ეს ფული არ არის პატიოსნად დახარჯული. ისინი ტერორისტებს ხელს აფარებდნენ, გაეროს ორგანიზაციაში ბევრი ისეთი პირიც მუშაობდა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ტერაქტების მოწყობაში. ის სახელმძღვანელოები, რომლებიც გაეროს ორგანიზაციაში იბეჭდებოდა, ისრაელშიც შემოდიოდა, მეც ნანახი მაქვს და მათში პალესტინელი ხალხის ეროვნულ გმირებად მიჩნეულნი არიან ისინი, ვინც თავი აიფეთქეს და ტერაქტებით ყველაზე მეტი ებრაელი მოკლეს. ისრაელი მუდმივად მიუთითებდა იმაზე, თუ რა იდეოლოგიით ზრდიან პალესტინელ ბავშვებს, მსოფლიო კი დუმდა ან გაერო უარყოფდა ამას და ამბობდა, ისრაელი აზვიადებსო. ახლახან ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, რითაც არ დააკმაყოფილეს სამხრეთ აფრიკის საჩივარი ისრაელის წინააღმდეგ. სასამართლოს არანაირი ცეცხლის შეწყვეტა არ მოუთხოვია, პირიქით, ჩაწერა, "ჰამასმა" მძევლები გამოუშვას და ისრაელმა თავიდან აიცილოს გენოციდიო.

- გაეროს გამოქვეყნებულ ანგარიშში რა წერია, რას გულისხმობთ "აღიარებაში"?

- აღმოჩნდა, რომ ღაზის სექტ­ო­რში თვითონ გაეროს უწყებებში თანამ­შ­რომლების­ 10% "ჰამასის" წევრია და მის რიგ­ებში იბრძვის. გაერომ დაადასტურა, რომ მათი 12 თანამშრომელი ადამიანების­ გატაცება-დასახიჩრება-გაუპატიურებაშია ბრალდებული, აქედან 8 არის დაწყებითის, 2 - მათემატიკის, 2 კი არაბული ენის მასწავლებელი. ბოლო 18 წელია, გაეროს ეს ქვედანაყოფი პასუხისმგებელია ღაზის სექტორში დიდი დაფინანსების მიღების შედეგად იზრუნოს მოსახლეობაზე, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. პირველივე წუთს, როცა გაეროს ანგარიში გამოქვეყნდა და ყოველივე ეს ყველაფერი დადასტურდა, რამდენიმე სახელმწიფომ ღაზის სექტორში გაეროს ქვედანაყოფს ოფიციალურად შეუჩერა დაფინანსების 58% (დაახლოებით ათმა ქვეყანამ). გაეროს დიდი ხანია ჰქონდა ხელშეუხებლის იმიჯი, მასზე ცუდი არავის უნდა ეთქვა, მაგრამ მისი 12 თანამშრომელი რომ ასეთ დანაშაულებშია ბრალდებული, ამის წაყრუება დაუშვებელია. გაეროს 100-ზე მეტი დღე დასჭირდა ეღიარებინა, რომ ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც "ჰამასის" წევრები არიან და ესეც იმიტომ გააკეთა, რომ ჰააგამ ისრაელს ცეცხლის შეწყვეტა არ დაავალა. ჰააგა თუ ისრაელის გაკრიტიკებას დაიწყებდა, მათ ყველაფრის ახსნა და პასუხის გება არ მოუწევდათ.შარშან, როცა ჰააგამ პუტინის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა (ვინც ისრაელს უჩივლა და მის წინააღმდეგ ჰააგაში შეიტანა­ სარჩელი) მედიაში განაცხადა, პუტინის დაპატიმრება მსოფლიოში უდიდესი ომის დასაწყისის ტოლფასია, როგორ შეიძლება ამის გაკეთებაო, მისი მომავალი ვიცე-პრეზიდენტი კი პირდაპირ ამბობს ინტერვიუებში, აფრიკელებს პუტინზე ახლო მოკავშირე არავინ გვყავსო. როცა ვხედავთ ვინ უჩივის ისრაელს, ვინ ითხოვს მის შეზღუდვას, დასკვნა ხომ უნდა გამოვიტანოთ?

- ვიცით, რომ ვითარება კვლავ დაძაბულია ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, კიდევ სად არის დაძაბულობის კერები?

- დიახ, ჩრდილოეთში დაძაბულობაა და იქიდან ხალხი ევაკუირებულია, ვინაიდან საზღვარია და საფრთხე არ განელებულა. ამ დროისათვის ისრაელში 217.921 იძულებით გადაადგილებულია და მათი დიდი ნაწილი ჩრდილოეთ ისრაელზე მოდის. ღაზის­ სექტორში, საიდანაც ისროდნენ რაკეტებს, ყველა წერტილი განეიტრალებული არ არის. სამხედრო ანგარიშების თანახმად, ღაზაში, იმ ტერიტორიაზე, სადაც სამხედ­რ­ოები შევიდნენ, არც ერთი სკოლა, საბავშვო ბაღი, მეჩეთი თუ საავადმყოფო არაა დარჩენილი, საიდანაც "ჰამასი"­ რაკეტებს­ არ ისროდა, ყველა გამო­ყენებული იყო სამხედრო მიზნებისათვის. ომის დაწყების შემდეგ­ ჯარისკაცების­ რაოდენობა შემცი­რებულია. ისრაელში ბევრად მეტი ადამიანი გამოცხადდა სამხედრო­-სავალდებულო სამსახურსა და რეზერვში, ვიდრე ამის საჭიროება იდგა. ამ დროისათვის რეზერვისტების რაოდენობა 295 ათას კაცს შეადგენს.­ ოფიციალურად დადასტურებულია, რომ დაღუპულია 564 ჯარისკაცი და მათ შორის არიან ქართველი ებრაელებიც, პატრიოტი ადამიანები.

- ისევ არსებობს ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე?

- შუა აღმოსავლეთზე ვერ იტყვი, რომ ერთნაირად უბერავს ქარი, მაგალითად, როგორც ევროპაში, რომელიც ერთიანია. აქ არის სირია, რომელზეც რუსეთს აქვს უდიდესი გავლენა. მისი პრეზიდენტი პირდაპირ დაკავშირებულია პუტინთან. არის ლიბანი, რომლის სამხრეთშიც განლაგებულია "ჰესბოლა" და მას უცხო სახელმწიფო (ირანი) აფინანსებს და მასზე ლიბანის მთავრობას არანაირი გავლენა არ აქვს, ვერ აკონტროლებს. არის ეგვიპტე, რომელმაც ბოლო ხანს უდიდესი კედელი ააშენა, რათა მის ტერიტორიაზე ვერავინ გადავიდეს. ის პირდაპირ თანამშრომლობს ისრაელთან, აქვს სახმელეთო საზღვარი, გადადიან ტურისტები, აქტიურია მისვლა-მოსვლა. ახლო აღმოსავლეთში არის იორდანიაც, რომელსაც ოფიციალურად აქვს ისრაელთან სახმელეთო საზღვარი, აქვთ მიმოსვლა. ამას ემატება საამიროები, რომელიც დასავლეთის ძლიერი მოკავშირეა და ამერიკის მაღალჩინოსნები რომ ჩამოდიოდნენ, შეხვედრებს იქაც მართავდნენ. იქ არის საუდის არაბეთი და ეს ომი ხომ სულაც იმის გამო დაიწყო, რომ მას ისრაელთან ურთიერთობის დათბობა და ნორმალიზება სურდა? რუსების ოცნებაა, დაიწყოს დიდი ომი შუა აღმოსავლეთში, მაგრამ ეს არ მოხდება, იმიტომ, რომ იქ გეოგრაფიულად და ტერიტორიულადაც ბევრად დიდი ფართობი უჭირავთ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც "ჰამასი" არ უნდათ. ბევრს ტყუილად ჰგონია, რომ ამ ქვეყნებში ისლამური ფუნდამენტალიზმის მიმდევრები­ არიან უმრავლესობაში, ბევრი მათგანი განვითა­რებისკენ ისწრაფვის და მათ უნდათ დასავლეთთან ურთიერთობა. არაბულმა­ სახელმწიფოებმა გამოთქვეს მედიაციის სურვილი (მაგალითად, მძევლების­ გათავისუფლებისა და სხვა საკი­თხებში). ერთადერთი შეხვედრა, რომელიც გააუქმა იორდანი­ის­ მეფემ, იყო აშშ-ის პრეზიდენტთან, ვინა­იდან "ჰამასმა" დააჯერა მსოფლიო (ზუსტად ვიზიტის წინადღეს), თითქოს ისრაელმა საავადმყოფო დაბომბა და მერე აღმოჩნდა, რომ პალესტინის ისლამური ჯიჰადის ნასროლი რაკეტა იყო, რომელიც პარკინგის ტერიტორიაზე აფეთქდა. ამაზე ბოდიში­ არავინ მოიხადა. დღესაც მიდის პროპაგანდა, თუმცა ისრაელი ზედმეტად დაკავებულია იმით, რომ ფიზიკურად გადაირჩინოს თავი და სახელმწიფო შეინარჩუნოს.

- მძევლების მდგომარეობის შესახებ რა ისმის? როგორც ვიცი, ტერორისტებმა თქვენი თანამშრომელიც გაიტაცეს.

- დღეს "ჰამასის" ტყვეობაში 136 კაცია და არავინ იცის, ცოცხლები არიან თუ არა. ქუჩაში რომ გადიხართ, მაგალითად, სადაც მუშაობდა რომელიმე მძევალი, იქ გამოკრულია აბრა წარწერით "დაგვიბრუნდება", აივნებზე გადმოფენილია პლაკატები მძევლების ფოტოებით. გარდა "ჰამასისა", გამტაცებლები არიან პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" წევრები, ასევე, კერძო პირებიც. მძევალთა შორისაა ჩემი თანამშრომელი იერუსალიმის ბიბლიოთეკიდან, ალექსანდერ დანციგი, რომელიც თავისი სახლიდან გაიტაცეს. ის ისრაელელია, მაგრამ პოლონეთშია დაბადებული, პოლონელი ებრაელების ისტორიის უბადლო მცოდნე გახლავთ. "ჰამასმა" რამდენიმე კვირის წინ 4 ნაცემი გოგონას ვიდეო ატვირთა. ემოციური ტერორი ძალიან მძიმეა, ვხედავ, ეს როგორ მოქმედებს ადგილობრივ მოსახლეობაზე. მაშინ, როცა "ჰამასი" ადამიანების გამოშვებაზე უარს ამბობს, ღაზის ტერიტორიაზე ყოველდღე შედის ჰუმანიტარული ტვირთები, ისრაელი მაინც აძლევს ნებართვას, მისი ტერიტორიიდან შევიდეს ტვირთი. ისრაელელებისთვის არ არის იოლი ასატანი, როდესაც ხედავ, შენი სახელმწიფო ყოველდღე ატარებს ჰუმანიტარულ დახმარებას და შენს მძევლებზე კი იმასაც არ გეუბნებიან, ცოცხლები არიან თუ არა. წარმოიდგინეთ, რას გრძნობენ და განიცდიან ამ ადამიანების ოჯახის წევრები.

- როგორ ფიქრობთ, დიდხანს გასტანს "ჰამას"-ისრაელის ომი?

- სახელმწიფოს მეთაურები ამბობენ, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება. საქმეს ართულებს მაჰმუდ ჰაბასიც, რომელიც აცხადებს, რომ მისი დასაყრდენი და ავტორიტეტი პუტინია. გაურკვეველია, ვის უნდა ანდონ პალესტინა, სადაც ამხელა დახმარება შედიოდა და ის მხოლოდ გვირაბების გაკეთებას მოხმარდა? გვირაბებს ბოლო არ უჩანს, მუდმივად ახალ-ახალს პოულობენ, არადა, ისინი არც მარტივად მოსაძებნია. ისრაელის თავდაცვის ძალები სადაც შევიდნენ, იმ ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველა შენობა ათვისებულია ტერორისტული საქმიანობისთვის, ხოლო ორგანიზაციას, რომელიც ამხელა დაფინანსებას იღებდა, ერთი თავშესაფარიც კი არ აუშენებია. ასეთ დროს კი "ჰამასს" იმდენი­ დამცველი ჰყავს...

ისრაელელები ქუჩაში რკინის ჟეტონებით დადიან, რომლებზეც ივრითზე აწერია: "ყველა მძევალი სახლში დააბრუნეთ". ყველას ახსოვს ტერორისტების ტყვეები... ამ ადამიანების უმრავლესობა ჰოლოკოსტს გადარჩენილთა შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები არიან. ამ ოჯახებისთვის ძალიან მძიმეა, ისევ ისე რომ წაათრიეს სახლებიდან, როგორც მათი წინაპრები მეორე მსოფლიო ომის დროს. ინტერნეტში ვებგვერდებია შექმნილი, სადაც იძულებით გადაადგილებული ისრაელელები წერენ, მაგალითად, გამარჯობა, მე მქვია ხანა, ვარ ამა და ამ ქალაქიდან, მომიწია ევაკუაციამ და ჩემი სახლის დატოვებამ, მაქვს ეს პროფესია (ვხატავ, მუსიკას ვასწავლი, ექთანი ვარ და ა.შ.) და თუ დამეხმარებით, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებო. ასეთ განცხადებებზე­ ტაციაობაა, ბევრი ეხმაურება და დასაქმებას­ სთავაზობს. ეს დიდი სოლიდარობაა მათ მიმართ, ვინც მძევალია, ვინც ომშია წასული. ძალიან მინდა ვახსენო ერთი ქართველი­ ქალბატონი, ლილი მაგალი (მაღალაშვილი), რომელმაც ახალი წლის წინადღეს ჩურჩხელების დიდი ყუთი მომცა, რათა ჩემი მეზობლებისა და მათი დანაყოფის წევრებისთვის გადამეცა. ქალბატონი ლილი ისრაელში ცნობილი მეცნიერია. ის ცხინვალშია დაბადებული და ისრაელში კარგა ხნის წინ წამოვიდა. იყო შემთხვევები, როცა ქართველმა ემიგრანტმა ქალებმა ხაჭაპურები და ლობიანები დააცხვეს და ჯარისკაცებს ფრონტზე გაუგზავნეს. აქაურ ნიუსებში ეს ქველმოქმედებაც გაშუქდა. ვინც არა ვართ ებრაელები და აქ ვცხოვრობთ, ქართულ დიასპორას ვეკუთვნით, ჩვენ გარდა აქ უამრავი­ დიასპორაა და ყველანი ერთად ვართ, ვთვლით, რომ 7 ოქტომბერს ყველას ერთად დაგვესხნენ თავს და ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ ქვეყნის დაცვას ისე, როგორც შეგვიძლია.

მჯერა, ისრაელი აუცილებლად გაიმარჯვებს ამ სასტიკ და უსამართლო ომში.