„ვერც ერთმა ასეთმა ტრაგედიამ ვერ გვასწავლა ვერაფერი“
ტრაგედია დატრიალდა ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, რასაც 9 კაცი ემსხვერპლა. ხალხს მშვიდად ეძინა, როცა მოულოდნელად უზარმაზარი მთა ჩამოიშალა და 4 სახლი მოიყოლა. ტრაგედიის ადგილას თითქმის ორი დღის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდა 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. სასწაულით გადარჩა ავთო რობაქიძე, რომელიც შინ მეუღლესთან, 20 წლის შვილსა და ასაკოვან დედასთან ერთად იყო. ის ძლიერმა დარტყმამ გარეთ მოისროლა, ახლა კლინიკაშია, რადგან მრავლობითი მოტეხილობა აქვს. სამწუხაროდ, დაიღუპა მისი ოჯახის სამივე წევრი. მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ გია რობაქიძესა და მის სამ შვილს, დავითსა და ტყუპ გოგონას, ანასა და ქეთის. საუბედუროდ, ოთხივე გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვების დედა, მადონა, ემიგრაციაში იყო და იქიდან ჩამოსულს ენით აუწერელი ტრაგედია დახვდა. მეწყერმა იმსხვერპლა ასევე დედა-შვილი, შუშანა უკლება და ზოია ქაჯაია. გლოვობს მთელი საქართველო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება, ძირითადად, დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექთან. ქუთაისში, ზესტაფონსა და დიმში ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის კლიმატური ნორმის 50-80%-ია.„გააქტიურდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი. მეწყრული მასის მოცულობამ 150 000 კუბური მეტრი შეადგინა.
როგორც მერიის წარმომადგენელი სოფელ ნერგეეთში გოჩა გოგოლაძე ამბობს, ტრაგედიის ადგილიდან, რობაქიძეების უბნიდან, 8 ოჯახის გაყვანა გახდა აუცილებელი და ისინი უკვე დააბინავეს. "ამწუთას იქ არავინ არის, ოჯახები გაყვანილია. ზოგიერთი სახლი დაზიანდა, ნაწილი არა, მაგრამ ხალხი ისეა შეშინებული, რომ იქაურობა დატოვა... იტალიიდან ჩამოვიდა დაღუპული სამი ბავშვის დედა, რომელსაც ეს საშინელი ამბავი დახვდა. ოჯახის ოთხი წევრი დაეღუპა, მეუღლე და სამი შვილი... სამი ოჯახიდან 9 კაცი დაიღუპა. ძალიან მიჭირს საუბარი, ძალიან ცუდად ვარ", - ამბობს ბატონი გოჩა და კითხვას, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ ეს საშიში ადგილი იყო, ასე პასუხობს: "კონკრეტულად ეს ადგილი არასოდეს ყოფილა გამოცხადებული მეწყერსაშიშ ზონად. ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონია. რაიმე პრობლემა რომ ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ გია რობაქიძე, რომელიც ამ ტრაგედიას შეეწირა სამი შვილით სახლს გაარემონტებდა? შარშან ამისთვის 50.000 ლარი სესხად გამოიტანა ბანკიდან. ყველაფერი მოაწყო. ამიტომ იყო მისი მეუღლეც იტალიაში სამუშაოდ წასული. რობაქიძეების სახლიდან 30-40 მეტრშია ის მთა, რომელიც მთლიანად მოწყდა. გია ხშირად ადიოდა იქ, საქონელს აბალახებდა. ხომ შეამჩნევდა, თუ იყო პრობლემა, მაგრამ მოხდა რაღაც სასწაული მოწმენდილ ცაზე... ახლა ამბობენ, რომ მეწყერსაშიში ადგილია, ჩემამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა. ნერგეეთი ორკილომეტრიანი სოფელია, აქაურობა არასოდეს ყოფილა საეჭვო. 2023 წელს გეოლოგები მივიყვანეთ იმ ტერიტორიიდან ცოტა ქვემოთ, რადგან ქვემოთ მცხოვრებმა დაწერა განცხადება, შემოწმებას ითხოვდა, მაგრამ გეოლოგებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ ქვათაცვენის საშიშროება იყო და შეიძლებოდა საყრდენი კედლის აშენება... მეწყერმა 4 სახლი მთლიანად ჩაიტანა, აქედან სამ ოჯახში ცხოვრობდა ხალხი, ერთ ოჯახს აგარაკი აქვს და საბედნიეროდ, იქ არავინ იყო. საშინელებაა, ამ ტრაგედიის გააზრებაც მიჭირს. რა უნდა უთხრა დედას, რომელიც შვილებისთვის შრომობდა და ამისთვის იყო წასული ქვეყნიდან?! ეს ბავშვები ჩემ თვალწინ გაიზარდნენ. ჩემი შვილი და დათო მეგობრები იყვნენ. მეთერთმეტე კლასში სწავლობდა, ტყუპი კი მეცხრე კლასში იყო. ვფიქრობ დღისით რომ მომხდარიყო, ამხელა ტრაგედია არ დატრიალდებოდა, ბავშვები სკოლაში იქნებოდნენ, შეიძლება გიაც და სხვებიც გარეთ ყოფილიყვნენ და გადარჩებოდნენ", - ამბობს ბატონი გოჩა.
მეწყერს გადაურჩა, თუმცა სახლი დაენგრა გია სოსელიას. მან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ღამის 2-ის ნახევარზე დარეკა. მეწყერმა მის სახლს აივნები მოუნგრია, დაბზარულია კედლებიც. ამ დღეებში სტიქიამ პრობლემები შეუქმნა უამრავ ქალაქსა და სოფელს. ხაშურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები 7 თებერვალს ღამის 11 საათზე დაიწყო. დაბა სურამში, ზინდისის დასახლებაში, მთის ფერდობიდან მიწის მასა სახლებისკენ დაიძრა. ტალახმა, ქვა-ღორღმა და ხეების ფრაგმენტებმა გურამიშვილის ქუჩამდე მიაღწია. სტიქიის ეპიცენტრი სურამი იყო. მალევე დაიწყო ევაკუაცია. მეწყერსაშიში ზონიდან 40 ოჯახი გაასახლეს. მოსახლეობის ინფორმაციით, ზინდისის დასახლებაში მეწყრული პროცესები 2007 წლის შემდეგ დაიწყო. მაშინ იქ სპეციალისტებიც ჩავიდნენ. ტერიტორიის ნაწილი წითელ ზონად გამოცხადდა, თუმცა მას შემდეგ იქ არაფერი გაკეთებულა. მეწყრული პროცესები გააქტიურდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთშიც. ჩამოშლილმა ქვა-ღორღმა საცხოვრებელ ზონამდე მიაღწია და ხალხის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა შეიქნა საჭირო. რთული მდგომარეობა იყო შიდა ქართლის თითქმის ყველა რაიონში.
რთულია ვითარებაა მაღალმთიან აჭარაშიც. სტიქიის ერთ-ერთი ეპიცენტრი გახდა ხულო. 8 თებერვალს, გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის ხეობაშიც. მიწის მასამ ჩაიტანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და დაანგრია ხიდი. ხეობის 20-მდე ოჯახი გაიხიზნა. ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში ორი კაცი დაიღუპა. სოფელ ყინჩაურაში მეწყრის გამო გახიზნეს 40-ზე მეტი ოჯახი. ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდანაც უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს 130 ოჯახი. სტიქია მძვინვარებდა იმერეთშიც. ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხეში მთიდან მიწის მასა ჩამოიშალა. მეწყერი ჩამოზვავდა სოფელ რცხილათის დამაკავშირებელ გზაზეც. უხვი ნალექის გამო სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გაჩნდა, რის გამოც "ჯორჯიან მანგანეზმა" მუშაობა ოთხ მაღაროში დროებით შეაჩერა. მეწყერი ჩამოწვა ხარაგაულის რაიონის სოფელ მოლითში, რასაც რკინიგზის გაჩერება მოჰყვა. ინტენსიური თოვის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა სვანეთშიც, რამდენიმე წერტილში ზვავი ჩამოწვა. რაჭისა და სვანეთის ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. მართალია, ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ არაფერი იცოდა ამ საშიშროებაზე, თუმცა სულ სხვა რამ წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის საინფორმაციო ბიულეტენში. 2023 წლის დოკუმენტში ნათქვამია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია იმერეთის რეგიონის შვიდ სოფელში: ობჩაში, დიმში, წილეთხევში, ფერსათში, ნერგეეთში, შუბანსა და ზეგანში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მოსალოდნელია ქვათაცვენა და ნაპირგარეცხვითი პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება ბაღდათი-ზეკარის მშენებარე საავტომობილო გზის, მდინარე ხანისწყლისა და მისი შენაკადების ხეობებში. ნერგეეთში მეწყერი სწორედ მდინარე ხანისწყლის ნაპირზე მდებარე სახლებთან ჩამოწვა. გარემოს ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ მეწყერსაშიშ ზონებზე ინფორმაციას მუნიციპალიტეტებს რეგულარულად აწვდიან და რეკომენდაციების აღსრულების გაკონტროლება მათ უფლებამოსილებას სცდება. ვინ არის კონტროლზე პასუხისმგებელი, ჯერ არავინ საუბრობს.
„ადგილზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ვინმე, ვინც რუკას დახედავს და მიხვდება რა პრობლემაა“
შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის აცილება, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორს, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილს ვკითხეთ.
- ძნელია ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ქვეყანაში უფრო გამართული რომ გვქონდეს პრევენციის სისტემა, ტრაგედიის შემცირება მაინც შეიძლებოდა. ეს ადგილები რუკებზე მონიშნულია როგორც საშიში ადგილები და იქ დამატებითი კვლევები უნდა დაწყებულიყო. კონკრეტულად როდის ჩამოწვება მეწყერი, ამის პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ როცა ვიცით მეწყერსაშიში ადგილია, უნდა დაიწყოს მუშაობა. გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში გამოცდილი გეოლოგები მუშაობენ, მათ 2016 წელსაც მონიშნული ჰქონდათ ეს ადგილი. მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათასი ადგილია მონიშნული სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. როგორც ვიცი, მუნიციპალიტეტებში მიდის ინფორმაცია, მაგრამ რუკა რომ მივა, იქ სპეციალისტი უნდა დახვდეს, ან ინსტრუქცია მაინც უნდა მიჰყვებოდეს, როგორ უნდა იმოქმედოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ამიტომ გაცილებით დეტალური რუკებია საჭირო. მეწყერსაშიში ზონების გამოვლენა, ინტენსივობა და სიხშირე საფრთხის რუკებში ჩანს. მათზე დატანილია შენობებიც. ასეთ საფრთხეებს ვერ ავიცილებთ, თუ მოსახლეობა, ადგილობრივი მმართველობა და ბიზნესმენები საქმეში არ ჩაერთვებიან. რაც არ უნდა მაღალი დონის იყოს გეოლოგიური სამსახური, საქართველოს მასშტაბით ბევრს ვერაფერს გააკეთებს. დიახ, ბიულეტენებს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ადგენს, მაგრამ ადგილზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ვინმე, ვინც რუკას რომ დახედავს, მიხვდება რა პრობლემაა. გამგებელი როგორ წაიკითხავს მას? აუცილებელია ასეთ ადგილებში გეოლოგი ან ისეთი პირი იყოს, ვისაც გარემოს ანალიზი, საფრთხეების შეფასება შეუძლია. მოსახლეობამაც აუცილებლად უნდა მოითხოვოს დეტალური მოქმედების გეგმა.
2014 წელს იყო დარიალი, 2015 წელს - ვერეს ხეობაში რაც დატრიალდა, გვახსოვს. ამ პრობლემის მიხედვა მაშინ რომ დაწყებულიყო, დღეს სხვა შედეგი გვექნებოდა. ვერც ერთმა ტრაგედიამ ვერ გვასწავლა ვერაფერი. 2016 წელს ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თაოსნობით სვანეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის დეტალური რუკა გაკეთდა, რაც შვეიცარიამ დააფინანსა. ასევე უნდა გაკეთდეს ყველა ცხელი წერტილისთვის და რაც მთავარია, აუცილებელია მოსახლეობის განათლება. ყველამ უნდა იცოდეს, როგორ უნდა აღუდგეს და როგორ უნდა იცხოვრონ იმ ადგილებში ისე, რომ მაქსიმალურად შეამცირონ რისკი. ზოგ ადგილას გაფრთხილებულია ხალხი, რომ საშიშროება მოელით და უნდა დატოვონ ტერიტორია, მაგრამ არ ტოვებენ, რადგან რისკები არ აქვთ გაანალიზებული... ამ პროცესების ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი ძლიერი წვიმაა, თუ რამდენიმე დღე გრძელდება, მით უმეტეს ფერდობიან-მთაგორიან ადგილებში, ჰავაც ტენიანია, ქანები კი გამოფიტული, საფრთხის ალბათობა გაცილებით დიდია. სახიფათო შეიძლება სხვა ფაქტორებიც იყოს, მაგალითად, ფერდობზე გზის გაჭრა და ა.შ.
- გავრცელდა ევროკავშირის ინფორმაცია მსოფლიოში გლობალური დათბობის შესახებ. ამას როგორ უნდა შეხვდეს საქართველო?
- კლიმატის ცვლილება მკვეთრად აისახა ბუნებრივ საფრთხეებზე, მათ შორის წყალდიდობაზე, მეწყერზე, წყალმოვარდნაზე, განსაკუთრებით გააქტიურდა მყინვარული ღვარცოფები. მაგალითად, აჭარაში არის მეწყრების საფრთხე, ძალიან გააქტიურდა ტენიანი ჰავა, რელიეფიც მთაგორიანია, ამიტომაც დიდი პრობლემაა. გლობალურ დათბობაზე ათეული წლის წინ დაიწყო საუბარი, დაიდო საერთაშორისო შეთანხმებები, ზოგიერთზე საქართველოს ხელი აქვს მოწერილი. მზად უნდა ვიყოთ საფრთხეებისთვის, მაგრამ მზად არა ვართ.
- მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ანტიციკლონი "ზევსი" უახლოვდება საქართველოს...
- ციკლონებიც და ანტიციკლონებიც ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ დროს მკვეთრად იცვლება ამინდი, ქრის ქარი, უხვია ნალექი. შეიძლება ციკლონი ძლიერი იყოს ან არც ისე, ეს გამოჩნდება მაშინ, როცა მოგვიახლოვდება. ალბათ, გსმენიათ, რომ ამბობენ, უცნაური ამინდიაო. ეს კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული. მაგალითად, შარშან ზამთარი შედარებით თბილი იყო და მარტში მთელი წლის ნალექი მოვიდა. შოვსა და გურიაში რაც მოხდა ზაფხულში, ვნახეთ. შარშან შავ ზღვაზეც ძალიან ძლიერი შტორმი იყო, თითქმის არნახული სიძლიერის ქარები. სწორედ ამაში გამოიხატება კლიმატის ცვლილება. ანტიციკლონი სანამ აქამდე მოაღწევს, ზოგჯერ სიჩქარეს კარგავს და ნელ-ნელა მიილევა. თუ სიჩქარე დაკარგა, შეიძლება ჩვეულებრივ ქარად და წვიმად გადაიქცეს. თუ ძლიერი სახით მოვა ჩვენამდე, ესეც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ სადაც ანტიციკლონი შევა, მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს, იცოდეს, როგორ მოიქცეს. გარემოს დაცვის სააგენტოს შეტყობინებები სულ არაფერს სჯობია, მაგრამ ბევრი არაფრის მომცემია, თუ არ მოჰყვა ინსტრუქციები... ანტიციკლონს სატელიტებით აკვირდებიან, ხედავენ, რა სიჩქარით მოდის და როდის მოვა ჩვენს სანაპიროსთან. რამდენიმე დღით ადრე ამის თქმა რას შეცვლის, თუ, ვთქვათ, სახლების სახურავები არ არის შეკეთებული, მოვარდება და გადახდის სახურავებს, დააზიანებს ელექტროგადამცემ ხაზებს, ზღვის სანაპიროს. თუ ქარებს წვიმები მოჰყვა, მეწყრებიც მოჰყვება. ამიტომ დღესვე უნდა დავიწყოთ სამზადისი.
- თბილისშიც ბევრი საშიში ადგილია? ვაშლიჯვარზე მუდმივად საუბრობთ.
- თბილისის მერიის საიტზე დევს რუკა და შეგიძლიათ ნახოთ, თბილისში სად არის სახიფათო ადგილები. რუკაზე ბევრი უბანი გაწითლებულია და მშენებლობა ამის გათვალისწინებით უნდა მიდიოდეს. ვაშლიჯვარი მეწყერსაშიშია. გახსოვთ, ალბათ, იქ გზა გაჰყავდათ და წინასწარ არ გათვალეს, ეს რამდენად საფრთხის შემცველი იყო. პრობლემა რომ შეიქმნა, მხოლოდ ბეტონის ფილა დაადეს და გააგრძელეს მუშაობა, სანამ დიდ მასშტაბს არ მიაღწია ზიანმა. მერე დაიწყეს გამაგრება და ამას დიდი თანხებიც დასჭირდა. თუმცა რამდენად კარგად არის გაკეთებული, ინფორმაცია დახურულია... ყველამ არ იცის ისიც, რომ თბილისის მერიის საიტზე დევს ინფორმაცია საფრთხის შემცველ ადგილებზე, არადა, ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ ასეთ ადგილებში ძვირად ღირებულ სახლებს, ბინებს. ყველას ვურჩევ ქონების შეძენამდე გაეცნოს ამ ინფორმაციას. დეველოპერებმაც უნდა გაითვალისწინონ საფრთხეები, ძირფესვიანი კვლევა უნდა ჩაატარონ, განსაკუთრებით ფერდობების.
- მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება აგვაცილებს ნერგეეთის მსგავს ტრაგედიას?
- საქართველოში რამდენიმე ათასი ცხელი წერტილია, ყველგან სისტემა ვერ დამონტაჟდება, ეს არ არის იაფი. მაგრამ დავუშვათ, დამონტაჟდა, მაგრამ სისტემატური მონიტორინგი სჭირდება. მაგალითად, ბეთანიაში დაამონტაჟეს, მაგრამ როგორც ვიცი, რამდენიმე წლის შემდეგ შეწყვიტა მუშაობა. შარშან დავინტერესდი ამით და არავინ ჰყავს პასუხისმგებელი...
„ამას სიგნალის სისტემაც ვერ შველის, ყველაზე კარგი გამოსავალია მუდმივი მონიტორინგი ადგილზე“
ნინო ჩხობაძე "აღმოსავლეთპარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის" ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე:
- ქართველები ძალიან ნელა ვმოქმედებთ, როცა რაღაცას გვიწერენ, არ ვკითხულობთ, რა როგორ წერია. თუ Uგაამახვილებდნენ ყურადღებას, თვითონ მოსახლეობა დასვამდა კითხვას და ატყდებოდა განგაში. ის ტერიტორია დიდი ხანია საშიშ ზონაშია. პირდაპირ რომ მისულიყვნენ მოსახლეობასთან და ეთქვათ, უნდა გაგასახლოთო, შეიძლება არ დათანხმებულიყვნენ. ამიტომ უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომლითაც ხალხს ავუხსნით რისკებს. იქაურ ხალხს რომ ჰკითხო, გეტყვიან, როგორ შეიძლებოდა აქ მეწყრული ზონა ყოფილიყოო. აბა, ტყუილად ხომ არ გააკეთეს ეს შეფასება გეოლოგებმა?! იქაურობას 0,7, 0,9 კოეფიციენტი აქვს მინიჭებული, როცა ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ერთია. გამოდის, ყველაზე საშიში ზონა ყოფილა. როცა ასეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, უხვი ნალექი მოდის, აუცილებელია ხალხი გაიყვანო. სამუშაოა როგორც მოსახლეობასთან, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. სამინისტრომ კონკრეტულ ადგილებზე რისკების შეფასება დაიწყო, მზადდება დამატებითი რუკები, მაგრამ დრო აღარ ითმენს. ხომ ხვდებით, რამდენად ექსტრემალური მდგომარეობაა? კლიმატის ცვლილების გამო ზუსტ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ. ამ სიტუაციაში მკაფიო ინსტრუქციები უნდა ჰქონდეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ადგილზე უნდა იყვნენ სპეციალისტები. საინფორმაციო ბიულეტენები ყოველ წელს გამოდის და ეგზავნება თითოეულ მუნიციპალიტეტს. სამწუხაროდ, 2006 წლიდან აღარ არსებობს გეოლოგიის სამსახური, რომელიც მონიტორინგს უზრუნველყოფდა. ადრე მივლინებული იყვნენ თბილისიდანაც და მუშაობდნენ ადგილობრივებიც, აკვირდებოდნენ, რა მოხდებოდა, ახლა არაფერი ხდება. მოვიდა დიდი რაოდენობით ნალექი, რომელსაც დაერთო ქარიშხალიც. ამას სიგნალის სისტემაც ვერ შველის. ყველაზე კარგი გამოსავალია მუდმივი მონიტორინგი ადგილზე, ამისთვის კი სპეციალისტია საჭირო. დღეს გეოლოგების ნაწილი გარემოს დაცვის სამინისტროშია, ნაწილი - ეკონომიკის სამინისტროში, სულ 20 კაცამდეა. წარმოგიდგენიათ, რამხელა სტრუქტურა იყო და რა დონეზე ვართ დასული? უნდა იყოს ერთი სამსახური, ერთად უნდა მოქმედებდნენ. ჩვენ მთიანი ქვეყანა ვართ და ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებით ყოველთვის. შოვის ტრაგედიის დროსაც იგივე ვთქვი - ამ ბიულეტენების წამკითხველი ადგილზე მაჩვენეთ, რომელიც კითხვას დასვამს, რა უნდა გავაკეთოთო. ამის პოტენციალი მუნიციპალიტეტებში არ არის. სპეციალისტების სერიოზული დეფიციტია. ასეთი პროცესები უფრო აჩქარდება. ამიტომაც არა გვაქვს ლოდინის დრო, არ მოგვცემს ბუნება ამოსუნთქვის საშუალებას. საფრთხე კიდევ არის მოსალოდნელი. თოვლმა დნობა დაიწყო და სიფრთხილე გვმართებს, უნდა ვიმოქმედოთ ერთდროულად, ყველა მიმართულებით, მკაფიო უნდა იყოს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, წინასწარი გაფრთხილების სისტემა არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ ინფორმაციას გზავნიან მუნიციპალიტეტებში. არადა, მუდმივ კოორდინაციაში უნდა იყვნენ გარემოს დაცვის სამინისტროსთან. პრევენციული ღონისძიების გატარება მარტო აპარატურა არ არის, ადგილებზე სპეციალისტების ყოფნის გარეშე არაფერი გამოვა. ჩემს დროს უმაღლეს სასწავლებლებს ვედავებოდით, რომ საგნობრივად არ იყო ეფექტური ის, რასაც გვასწავლიდნენ. თვეობით გავდიოდით პრაქტიკას, მაგრამ ამითაც უკმაყოფილო ვიყავით, ახლა შეიძლება სტუდენტს ერთკვირიანი პრაქტიკა გაატარონ და მორჩა. ვინმეს რომ წაეკითხა 2023 წლის ბიულეტენი, ის ხალხი იქიდან გაყვანილი იქნებოდა. მუდმივად უნდა იყოს ჩართული მოსახლეობა, თვითონ უნდა აკვირდებოდეს, რა ხდება მთის ფერდებზე. ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. 7 თვე გავიდა შოვის ტრაგედიიდან და ვინმე დაინტერესდა, თუნდაც მედია, რამე თუ გაკეთდა? ამ უდიდესი ტრაგედიის შემდეგ მხოლოდ ის ითქვა, გამოვყოთ ზონები, სადაც რისკები ყველაზე მაღალიაო. სპეციალისტები საუბრობენ, მაგრამ როდემდე ვისაუბრებთ? დატრიალდება ტრაგედია და მერე ატყდება ვაი-ვიში.
- თქვენი აზრით, ამ საფრთხის დანახვა რამდენიმე დღით ადრე შეიძლებოდა?
- უცებ მოწყდა დიდი მასა დიდი ნალექის გამო. ნალექი თოვლის სახით უნდა მოსულიყო, მაგრამ არ მოვიდა, რადგან ქვევით მაღალი ტემპერატურა დახვდა და წამოვიდა ინტენსიური წვიმა, თან თებერვალში. ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთო, ხალხის დროულად გაყვანაა, რათა მსხვერპლი ავიცილოთ თავიდან, მაგრამ ამას ცოდნა და ფინანსური რესურსი სჭირდება.
ადგილებზე მონიტორინგია საჭირო, თუ დაკვირვების სისტემა იარსებებს, ის შეაფასებს რისკებს. უკვე ეროზიული პროცესებიც დაიწყო. ამიტომაც უნდა შექმნა მძლავრი სამსახურები, დრო აღარ ითმენს, გვეღუპება ხალხი.
- რას ურჩევთ მათ, ვინც მეწყერსაშიშ ზონებში ცხოვრობს?
- როცა იციან, რომ მოსალოდნელია საფრთხე, უნდა გაერიდონ. შოვის ტრაგედიიდან ერთ თვეში ტრაგედია დატრიალდა გურიაში, სანამ ბაღდათის ტრაგედია დატრიალდებოდა, მანამდე იყო ქედაში. უკვე გასაგები იყო, სამდღიანი ინტენსიური წვიმა რასაც გამოიწვევდა. განსაკუთრებულად საფრთხის შემცველ ზონებს ესაჭიროებოდა მუდმივი დაკვირვება, რაც ვერ გაკეთდა, რადგან ამას სპეციალისტები სჭირდება, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობას არა ჰყავს. ჩვენ ვრეაგირებთ მომხდარზე, პრევენციული ღონისძიებები არა გვაქვს. არადა, შეიძლებოდა ბევრი რამის გაკეთება: ნაკადის შეცვლა, გადაგდება, მოცილება და ა.შ. როცა ამხელა მასა მოდის, მთლიანი მთა, ვეღარაფერს მოასწრებ. გლობალურ დათბობას ვერ გავექცევით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მეთოდოლოგიის შეცვლა. მუნიციპალიტეტმა უნდა დაიწყოს პრობლემაზე მუშაობა და ადგილზე უნდა იყვნენ სპეციალისტები. დიახ, ამას დიდი მობილიზება სჭირდება, მაგრამ ვერ დაველოდებით სისტემის აწყობას, პარალელურად უნდა ვიმოქმედოთ. 60-იანი წლების ერთ მაგალითს მოვიყვან, რაც ძველი გეოლოგებისგან ვიცი - 2 საათით ადრე გაიყვანეს სოფელი, 2 საათში მეწყერი ჩამოწვა და ხალხი გადარჩა. თბილისში არსებული სიტუაცია ცალკე თემაა. იქ ვაშენებთ კორპუსებს, სადაც არ შეიძლება. შეიძლება მდინარის კალაპოტებში კორპუსების ჩადგმა? ფასანაურში პირდაპირ კალაპოტში რომ ააშენეს სასტუმრო, ეს ვიდეოფირიც ხომ ყველამ ნახა? ბახმაროს პროექტიც პრობლემურია - მთა გამოჭრილია, ამით კი ის მდგრადობას კარგავს. ამიტომ გამაგრებები უნდა გააკეთო.
- დაცვის სიგნალების დამონტაჟება რაიმე შედეგს გამოიღებს?
- სიგნალების დამონტაჟება მოგვცემს გაფრთხილებას, მაგრამ ხალხი ვერ მოასწრებს გასვლას. ხომ ხვდებით როგორი სამუშაოა? სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. უკვე ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ. სხვათა შორის, სადაც სისტემები დგას, იქაც პრობლემებია. წყნეთთან დგას სისტემა, გავსებულია ბადეები ჩამონაშალით, მაგრამ არავინ წმენდს, არადა, ნაშალი დააწვება და მოწყვეტს ყველაფერს. ერთია დააყენო სისტემები და მეორეა გაკონტროლება, გაწმენდა. ეროზირებულ მიწებზე ძალიან მოქმედებს ტემპერატურის სხვაობა - როცა დღისით მაღალი, ხოლო ღამით დაბალი ტემპერატურაა, ნიადაგის გამოფიტვა იწყება. იცის ეს ვინმემ? დაინტერესდნენ, რომ მობილურით მაინც გადაიღონ პრობლემური ადგილები და ატეხონ განგაში, ხელისუფლება შეაწუხონ. ნერგეეთში ხალხს რომ სცოდნოდა, ასეთი საფრთხე ემუქრებოდა, არ დარჩებოდა ასეთ საშიშ ადგილას.