კარლსონი და კრემლის ბინადარი "ბაბუა" - „სასარგებლო იდიოტი" :ვისზე იძია პოლიტიკურად შური ამერიკელმა ჟურნალისტმა პუტინთან ინტერვიუს ჩაწერით?! - კვირის პალიტრა

კარლსონი და კრემლის ბინადარი "ბაბუა" - „სასარგებლო იდიოტი" :ვისზე იძია პოლიტიკურად შური ამერიკელმა ჟურნალისტმა პუტინთან ინტერვიუს ჩაწერით?!

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) 10 თებერვალს გამოქვეყნდა სტატია სათაურით - „როგორ გახდა თაკერ კარლსონი „სასარგებლო იდიოტი“ ვლადიმერ პუტინისათვის“ (ავტორი - გიდეონ რიხმანი, პოლიტიკური მიმომხილველი). მასში გაანალიზებულია როგორც ამერიკული ჟურნალისტის, თაკერ კარლსონის გახმაურებული ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან, ასევე - ინტერვიუსთან დაკავშირებული გარემოებები და ჟურნალისტის პიროვნული თვისებები, რომლებიც ახლოს დგას რუსეთის პრეზიდენტის პოზიციებთან.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ასი წელი გავიდა ვლადიმერ ლენინის გარდაცვალებიდან, მაგრამ „სასარგებლო იდიოტები“ (ამ გამონათქვამს სწორედ ბოლშევიკთა ბელადს მიაწერენ), ისევ მიდიან კრემლში, რომ რუსეთის გზავნილები და პოზიციები დასავლეთს გააცნონ. ერთ-ერთი მათგანია თაკერ კარლსონი, თვითმარქვია ჟურნალისტი, რომლის მიერ ვლადიმერ პუტინისგან აღებული ინტერვიუ გლობალურ საინფორმაციო ქსელში გავრცელდა.

„სასარგებლო იდიოტების“ დამახასიათებელ თვისებას საკუთარი თავის განდიდების მცდელობა, ზოგჯერ კი - შეზღუდულობა წარმოადგენს. როგორც წესი, მათ შინაგანი პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებთ. თავიანთი აკვიატებული აზრების დასადასტურებლად ისინი მიმართავენ რომელიმე უცხოელ ლიდერს, მაგალითად, ვლადიმერ პუტინის მსგავს პიროვნებებს (ვთქვათ, კუბელ ფიდელ კასტროს ან ჩინელ მაო ძედუნს, ცოცხლები რომ იყვნენ). თაკერ კარლსონმა ისარგებლა თავისი აუდიენციით ვლადიმერ პუტინთან, რათა მისთვის რიგი მისახვედრი კითხვები დაესვა, წინასწარ მოსალოდნელი პასუხით - იმ იმედით, რომ რუსეთის ლიდერი წითელი ხორცის ორიოდე ნაჭერს გადაუგდებდა MAGA-ის მხარდამჭერებს (იგულისხმება დონალდ ტრამპის მომხრეთა ლოზუნგის აბრევიატურა - Make America Great Again – „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“).

„როგორ ფიქრობთ - ვინ იღებს ამერიკაში გადაწყვეტილებებს?“, „თვლით თუ არა თავს ქრისტიან ლიდერად?“, „ძირს უთხრის თუ არა დოლარს ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია?“, „ცდილობდა თუ არა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი რუსეთთან ომის პროვოცირებას?", „ითვლება თუ არა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მარიონეტად?“ - აი, ამ კითხვებს უსვამდა თაკერ კარლსონი რუსეთის პრეზიდენტს.

ინტერვიუს დროს ვლადიმერ პუტინი ხშირად ცდილობდა, „ანკესს არ წამოგებოდა“ და თავს არიდებდა მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემას, მაგრამ ამას ჯო ბაიდენზე ზრუნვით ან სიმართლისადმი პატივისცემით არ აკეთებდა. ალბათ, ბევრმა შენიშნა თაკერ კარლსონის მზარდი პანიკა ვლადიმერ პუტინის გაჭიანურებული მონოლოგის დროს, როცა რუსმა ლიდერმა საშუალო ამერიკელის გასაგონად ლექცია წაიკითხა კიევის დიდი მთავრის - იაროსლავ ბრძენის მოღვაწეობის შესახებ, 1019 – 1054 წლებში. ზოგადად, ლექცია საკმაოდ გასართობი იქნებოდა, მას რომ ტრაგიკული პოლიტიკური სარჩული არ ჰქონოდა - რუსეთ-უკრაინის ომი.

მაგრამ სწორად ვერ ჩავთვლით ვარაუდს, რომ თაკერ კარლსონი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთთან მხოლოდ გასართობად საუბრობდნენ. გავიხსენოთ, რომ ამ ორ ადამიანს ნამდვილად აქვს საერთო მიზნები და ჰყავს საერთო მტრები. ჯერ კიდევ თავის ტელეარხზე („ფოქს ნიუსის“ ეთერში) გამოსვლების დროს თაკერ კარლსონმა მოუწოდა აუდიტორიას საკუთარი თავისთვის კითხვა დაესვა: „მიწოდებდა თუ არა მე ოდესმე რასისტს ვლადიმერ პუტინი?“, „დამემუქრებოდა თუ არა იგი ოდესმე სამუშაოდან გათავისუფლებით?“. როგორც თაკერ კარლსონმა განაცხადა, საშუალო ამერიკელის მიმართ ვლადიმერ პუტინს არასოდეს მუქარა და მტრობა არ გამოუმჟღავნებია, ნამდვილ მტერს წარმოადგენენ ისეთი „გამოღვიძებული“ ლიბერალები, რომლებსაც აშშ-ის მიგრანტებით გავსება აქვთ განზრახული და რომლებსაც ამერიკული დემოკრატიისადმი ძირის გამოთხრა და ტრანსგენდერთა უფლებების ხელშეწყობა სურთ.

თაკერ კარლსონმა თავის დროზე მიკიბულ-მოკიბულად დაგმო ვოლოდიმირ ზელენსკი და იგი „დიქტატორად, სახიფათო და ავტორიტარ ლიდერად“ მოიხსენია. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ამერიკელ ცნობად სახეს კრემლში გულთბილად შეხვდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, თაკერ კარლსონმა მიანიშნა ვლადიმერ პუტინს, რომ ეთქვა - „ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მთავრობის ბრძანებებს ასრულებსო“, მაგრამ ვლადიმერ პუტინი ამ იდეას არ დაეთანხმა - პირიქით, ისე ჩანდა, რომ იგი უშვებდა შესაძლებლობას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, პარტნიორი იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებაში.

მაგრამ სხვა მომენტებში ვლადიმერ პუტინმა აჩვენა, რომ იგი საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული ამერიკელი ულტრამემარჯვენეების იდეოლოგიური საფრთხეების შესახებ და რომ მზადაა, მათი გულის მოსაგებად იმოქმედოს. კრემლმა კარგად იცის, როგორ იპოვოს მოკავშირეები ამერიკელ და ევროპელ ულტრამემარჯვენეებში.

2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ბევრი ევროატლანტიკური ქვეყანა თავიანთი ტრადიციებისა და ფესვების უარყოფის გზით წავიდა, ქრისტიანულ ფასეულობებზე უარის თქმის ჩათვლით და ამიტომ მათმა ტრანსფორმაციამ ნეგატიური სახე შეიძინა. ფაქტობრივად, ინტერვიუს დროს თაკერ კარლსონმაც იგივე გაიმეორა - ორივემ აბორტებისა და „ლგბტ“-პროპაგანდის წინააღმდეგ მტრული დამოკიდებლება გამოავლინა.

ვლადიმერ პუტინს და თაკერ კარლსონს ერთი და იგივე მოკავშირეები ჰყავთ: მოსკოვიდან თაკერი ბუდაპეშტში გაემგზავრა, რომ ინტერვიუ უნგრეთის პრემიერისათვის - ვიქტორ ორბანისთვის ჩამოერთმია. როგორც ცნობილია, უნგრელი ლიდერი რუსი პრეზიდენტის მიმართ სიმპათიით არის გამსჭვალული. თაკერ კარლსონმა აქო და ადიდა ილონ მასკი და ამ დროს ვლადიმერ პუტინმაც კვერი დაუკრა, - „ილონ მასკი ძალიან ჭკვიანი კაცია, მას ვერავინ შეაჩერებს, მასთან მოლაპარაკებაა საჭიროო“.

თაკერ კარლსონი შეთქმულების თეორიას „აწვებოდა“, რომლის თანახმად, ამერიკელ დემოკრატთა ელიტა შეგნებულად ხელს უწყობს და აქეზებს მასობრივ მიგრაციას, რომ პოტენციური ამომრჩევლები ჰყავდეს. სხვათა შორის, ამას წინათ ილონ მასკმაც დაგმო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიგრაციული პოლიტიკა და ივარაუდა, რომ დემოკრატიული პარტია აშშ-ში მიგრანტების შეშვებით სამომავლო მხარდამჭერებს (ამომრჩევლებს) აგროვებს.

ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან აშშ-ის პოლიტიკისათვის გადამწყვეტ მომენტში გამოქვეყნდა - ინტენსიური ხდება საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია, ხოლო კონგრესში რესპუბლიკელების მიერ უკრაინისადმი დახმარების გამოყოფა იბლოკება. ვლადიმერ პუტინმა ერთგვარი სიამოვნებით თქვა თაკერ კარლსონთან საუბარში, რომ თუ ამერიკა უკრაინას იარაღის მიწოდებას შეუწყვეტს, ომი რამდენიმე კვირაში დამთავრდება.

რუსმა ლიდერმა ისარგებლა შანსით, რომ კიდევ უფრო მეტად „პრორუსული“ გახადოს კონგრესში მიმდინარე დებატები, მაგრამ მე, პირადად, საეჭვოდ მიმაჩნია, რომ მისმა ექსცენტრიულმა ლექციამ ისტორიიის საგანში ბევრ კონგრესმენზე გავლენა მოახდინა. ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინის ადგილზე იაროსლავ ბრძენი უფრო უკეთესად გამოვიდოდა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო