ლაგოდეხელი პედაგოგის რთული გზა ფერმერობამდე - კვირის პალიტრა

ლაგოდეხელი პედაგოგის რთული გზა ფერმერობამდე

თამარ ენუქიძე აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგია, მასწავლებლობას მეორე პროფესიას - ფერმერობას უთავსებს. ლაგოდეხში ცხოვრობს და სკოლაშიც იქვე ასწავლის, 10 წელიწადია ინკლუზიურ განათლებაშია ჩართული. აქვს თხილის ბაღი სოფელ საქობოში, ლაგოდეხიდან 17 კილომეტრში. ფერმერობა 3 წლის წინ დაიწყო, მას მერე, რაც გადაწყვიტა მეუღლის საქმიანობის გაგრძელება. ბაღი 7 ჰექტარზეა, სადაც გავაზურას ჯიშის თხილი ხარობს...

თამარ ენუქიძე:

- თბილისიდან ლაგოდეხში საცხოვრებლად 22 წლის წინ წავედი. ჩემი მეუღლე ძალოვანი იყო, მაღალი თანამდებობის პირი. პენსიაში რომ გავიდოდა, უნდოდა თავისი საქმე ჰქონოდა. მგონი, პირველი იყო ლაგოდეხში, ვინც წლების წინ თხილის ბაღი 35 ჰექტარზე გააშენა. სახლი გაყიდა და იმ ფულით მიწა შეიძინა. ბაღს ქარსაცავი ზოლი ალვის ხეებით შეუქმნა. იმ ნერგებიდან ყველამ არ გაიხარა, მერე იქიდან ძირები 7 ჰექტარზე გადააჯგუფა. ავად რომ გახდა, ონკოლოგიასთან ბრძოლაში დიდი ფული დაგვეხარჯა და 20 ჰექტრის გაყიდვამ მოგვიწია... დღეს ჩვენი ბაღი უკვე 18 წლის მაინც არის. თავიდან ჩემგან დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა, არ დასცალდა ტექნიკის, ასაკრეფის, ტრაქტორის, დასამუშავებლის, სათიბის შეძენა. სამი წელია აღარ არის, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

- და ეს საქმე თქვენს თავზე აიღეთ.

- დიახ. ასაკოვანი მშობლები და ასევე ასაკოვანი დედამთილი მყავს, შვილები, მათ პატრონობა სჭირდებოდა. ცუდი ის იყო, რომ არასოდეს სკოლის იქით საქმე არ მქონია, სოფლის მეურნეობასთან ხომ შეხებაც არ მქონდა. მერე მამაჩემი, რომელიც მალე 78 წლის ხდება, ასევე ნათესავები გვერდით დამიდგნენ, დამეხმარნენ...

გარდაცვალების წინ მეუღლეც, რომელმაც იცოდა, რომ დიდი დრო არ ჰქონდა დარჩენილი, მეუბნებოდა, რა მექნა, თუ გამიჭირდებოდა, როგორ მემოქმედა. ნახაზიც კი გამიკეთა... 5 ჰექტარზე, რომელიც მარცვლოვნებისთვის ჰქონდა განკუთვნილი, 32 ტონაზე მეტი ხორბალი მოვიყვანე. იმ წელს უკრაინის ომის გამო ხორბლის დეფიციტი იყო და მაღალ ფასად გაიყიდა. თხილი მეწლეურია, ერთ წელიწადს მაძლევს, მეორეს - არა, ამიტომ ამით დავაბალანსე. წვალება-წვალებით რაღაცები შევძელი. რთულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.

e6577ad8-c35c-4075-b10d-e81ea32fbd24-1707739587.jpg

- მაგრამ საკუთარი თავი გამოცადეთ, თურმე შეგძლებიათ პრობლემების დაძლევა.

- სრულიად უცხო და ახალ საქმეში დიდი ნახტომი გამომივიდა. მოულოდნელად ჩემი საზრუნავი გახდა ეს ყველაფერი. რაც არ უნდა ხალხით ვიყო გარშემორტყმული, მაინც მარტო ვარ და დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. ხანდახან მგონია, მეუღლე სადღაც არის წასული და რომ ჩამოვა, ნამუშევარი უნდა დავახვედრო. სულ თავიდან კი შეგრძნება მქონდა, რომ დამიტოვა, დამირეკავს და ანგარიში უნდა ჩავაბარო. მერე მქონდა შეგრძნება, ნეტავ დამარეკვინა და მაკითხვინა, ეს როგორ გავაკეთო-მეთქი... ახლა უკვე ბევრი რამ ვიცი, საკუთარ შეცდომებზეც ვისწავლე.

- თქვენი გამოცდილებიდან რას გვეტყვით თხილის კულტურაზე?

- არაჩვეულებრივი კულტურაა, რომელმაც კახეთში მშვენივრად გაიხარა. ლაგოდეხშიც ხომ გამორჩეული მიწა და კლიმატია - ყველაფერი ხარობს და მოდის. ანაკლიური თხილი 1 ჰექტარზე გვაქვს. ხშირად ავადობს. დანარჩენ ფართობზე გავაზურაა და უფრო გამძლეა მავნებლების მიმართ. ხეებს გასხვლა და ფორმირება რამდენიმე წელიწადში ერთხელ სჭირდება. გავაზურას მძიმე გასხვლა უნდა, 5-7 ტოტზე უნდა დატოვო. ხანდაზმულები თუ არ მოაშორე და ახალგაზრდებს არ მიეცი გასაქანი, ნაყოფს არ მოისხამს, იავადმყოფებს. ისე უნდა გაისხლას, რომ შუაში ადგილი დარჩეს, ჰაერმა იმოძრაოს და მზემაც დახედოს. მერე სასურველია სასუქი მოვაყაროთ. გაზაფხულიდან მავნებლებზე შეწამვლა იწყება. სამჯერ აუცილებლად ვწამლავ. შემოდგომაზე, გასხვლის წინაც შევწამლე სპილენძით, რათა მავნებლებს ხეში შესვლა და დაბუდება არ მოესწროთ. ამინდიც მნიშვნელოვანია, ხარისხზე მოქმედებს.

888b4742-25df-40fa-8e36-06c5a73a91c8-1707739588.jpg

- ფაროსანას საფრთხე არ არის?

- ფაროსანა გავაზურას ჯიშს ნაკლებად აწუხებს, უფრო კვირტის ტკიპაა. ხარაბუზამაც შემოგვიტია. ამიტომ გასხლული ტოტები უნდა დაიწვას. მთავარია, ხარაბუზა არ გამეპაროს და არ გამიფუჭოს. ისხვლება ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში, როცა ხე იძინებს.

მოსავლის აღებას სექტემბერში ვიწყებ, მერე გარჩევა და გაშრობა უნდა, ნოემბრის ბოლოდან კი ვყიდი. კლიენტები თვითონ მოდიან და მიაქვთ. თხილი 6%-ზე უნდა იყოს გამომშრალი.

- ამგვარად, ფერმერად გარდაისახეთ...

- დიახ. სოფლის მეურნეობით ჩემი დაინტერესება ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა. ბაღი დამენანა გასაყიდად, დიდი დრო და ენერგია ჰქონდა მეუღლეს დახარჯული. შეძენა ბევრს უნდოდა. როცა გადავწყვიტე საქმის გაგრძელება, არ ვიცოდი, გამომივიდოდა თუ არა. ახლა დამოუკიდებლად ვუძღვები, შეძლებისდაგვარად, მეტ-ნაკლები წარმატებით. ვუვლი თხილის ბაღს და მარცვლოვანი კულტურები მომყავს, ხან ხორბალი, ხან სიმინდი, მაგრამ მთავარი კულტურა მაინც თხილია. ტექნიკაც შევიძინე. ბაღის ტერიტორიაზე ნაგებობა ავაშენე, შუქი შევიყვანე. ზედა ნაწილში მაყვლის ბარდები იყო და გავასუფთავე, ქარსაცავი ზოლი კაკლებით შევქმენი.

ცოდნა გამოცდილებითაც გროვდება, მხოლოდ წიგნებიდან ვერ შეიძენ. არის კომპანია, რომელიც მეხმარება, ასევე ოჯახის წევრები, ნათესავები. სეზონზე 40 კაცი მყავს დასაქმებული... ცოდნა-გამოცდილებით ისე აღარ მეშინია, როგორც 3 წლის წინ.

მთავარია, მოსავალი იყოს ხარისხიანი. ხარისხიანი პროდუქტი ყოველთვის იყიდება და თან მაღალ ფასად. ამიტომ ვმუშაობთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ამას გამოცდილებიდანაც მივხვდი.

- მოსავალს სად ყიდით?

- აქვე, ლაგოდეხში.

5d5122b5-33ef-4ddd-acc9-77d2541ef102-1707739587.jpg

- მასწავლებლობას როგორ უთავსებთ ფერმერობას?

- დილით ადრე, 5 საათზე მივდივარ ბაღში, იქიდან სკოლაში, სკოლის დასრულების შემდეგ კვლავ ბაღში ვბრუნდები. არის პერიოდი, როცა ერთი თვე ასეთ რეჟიმში მიწევს მუშაობა, მაგრამ სკოლა და ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, შეუძლებელი არაფერია.

კარგ მოსავალზე 17-დან 20 ტონამდე ვიღებ, თუმცა ეს არ არის საუკეთესო მაჩვენებელი და უნდა გაიზარდოს...

თანამედროვე ფერმერს თავისი საქმე უნდა უყვარდეს. მეტი ინტერესი ჰქონდეს, განვითარებაზე იყოს ორიენტირებული, სიახლეებს მუდმივად ეძებდეს, იცოდეს, ამ სფეროში რა ხდება, თუნდაც რა პრეპარატები შემოდის. სოფლის მეურნეობა ვითარდება და არ უნდა ჩამორჩე. ძველი მეთოდებით საქმის გაკეთება ისეთი ეფექტური არ არის. ახალ-ახალი მავნებლებიც ჩნდება, ამიტომ თანამედროვე ტექნოლოგიებით, წამლებით შეიძლება უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღება. რაც უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი გაქვს, მით მომგებიანია.

- მოსავალს როგორ იღებთ?

- 18 წლის ხეებია, მაღალი, ამიტომ ხიდან ვერ დაკრეფ. ხეს ვარხევთ და ძირიდან ვკრეფთ. მეც ისევე ვმუშაობ, როგორც ჩემი დაქირავებული მუშახელი. მერე მიდის აწონა, დახარისხება, ზოგჯერ მოდის სარჩევი აპარატი და ვარჩევთ. საღამოს 5-6 საათისთვის შინ უკვე ძალიან დაღლილი მივდივარ. ვისვენებ და შემდეგ დღეს იგივე იწყება. აზარტულიც არის - რაც უფრო კარგად ვიმუშავებ და უკეთ გავაკეთებ ჩემს საქმეს, ყველაფრისთვის უკეთესია.

- მაინც ღირს თხილის ბაღის გაშენება?

- მთლად წარმატებული ფერმერი არა ვარ, მაგრამ ვინც დაინტერესებულია, ვეტყვი, რომ უნდა გარისკონ, ამის გარეშე საქმე არ გამოდის, ოღონდ რისკი კარგად გათვლილი და გონივრული უნდა იყოს.

ლალი ფაცია