მილიარდერების სიკვდილის საიდუმლო: რობერტ მაქსველიდან ბადრი პატარკაციშვილამდე - ვინ იყო ბრეჟნევისა და გორბაჩოვის კაპიტალისტი მეგობარი? - კვირის პალიტრა

მილიარდერების სიკვდილის საიდუმლო: რობერტ მაქსველიდან ბადრი პატარკაციშვილამდე - ვინ იყო ბრეჟნევისა და გორბაჩოვის კაპიტალისტი მეგობარი?

დღეს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შესახებ უნდა ვისაუბრო. 2008 წლის 13 თებერვალს, დილით გავრცელებული ინფორმაცია მსოფლიო მასმედიის მთავარ თემად იქცა: იუწყებოდნენ, რომ ლონდონში, საკუთარ სახლში, მილიარდერი და პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი გვიან ღამით, გულის შეტევით, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი მოულოდნელი სიკვდილი დღესაც ისეთივე „ამოუცნობი განტოლებაა“, როგორიც ზურაბ ჟვანიასა და ნუგზარ საჯაიას ტრაგიკული აღსასრული. ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლეშივე მის სიკვდილზე, უფრო სწორად - მკვლელობის მცდელობებზე, არა ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია. გაბრიელ გარსია მარკესს რომ დავესესხო, პატარკაციშვილიც, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის“ რეჟიმში ცხოვრობდა. სათავგადასავლო რომანივით საინტერესოა მისი ბიოგრაფია (რა თქმა უნდა, არა მარტო ის, რაც ოფიციალურადაა ცნობილი): ბორის ელცინისა და ედუარდ შევარდნაძის „საპრეზიდენტო კარზე“ მიღებული მილიარდერი, ვლადიმერ პუტინის „გზაზე დამყენებელი“, მილიარდერი

badrii-1707755394.jpg

მედიამაგნატის, რუპერტ მერდოკის ბიზნეს-პარტნიორი, მეცენატი, სპორტსმენებისა და მსახიობების გულშემატკივარი და ა.შ. მტერ-მოწინააღმდეგეთა შეფასებით: ქართული პოლიტიკის „დონ კარლეონე“.

მის ცხოვრებაზე (თუნდაც მხოლოდ 2007 წლის 23 დეკემბრიდან, 2008 წლის 12 თებერვლამდე პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე) ჰოლივუდური ბლოკბასტერის გადაღება შეიძლება.

ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა თუ მოკლეს? – ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ არის. ბ. პატარკაციშვილის მოულოდნელი გარდაცვალება საოცრად წააგავს 1991 წლის 5 ნოემბერს მილიარდერი მედიამაგნატის, რობერტ მაქსველის იდუმალ სიკვდილს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველა შედარება, გარკვეულწილად, პირობითია და დღეს შეიძლება ბევრს აღარც კი ახსოვს რობერტ მაქსველი, რომელიც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ზეაქტიურად იყო ჩართული მსოფლიოს პოლიტიკაში.

ვინ იყო რობერტ მაქსველი?

კაცი, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, ძალზე სკანდალურად დაიღუპა. ჭეშმარიტებაა, რომ სიკვდილშიც კი გამართლება უნდა ადამიანს. ბრიტანელი მედიამაგნატი რობერტ მაქსველი საკუთარ იახტა “ლედი გისლეინზე” იმყოფებოდა და მის ირგვლივ შექმნილი ძალზე რთული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნას ცდილობდა. მაქსველი 1991 წლის 5 ნოემბერს კანარის კუნძულებთან, იახტიდან გაუჩინარდა. თოთხმეტსაათიანი ძებნის შემდეგ მისი გვამი შუა ზღვაში, უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი, შიშველი იპოვეს. ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ ეტყობოდა. პირველი დიაგნოზი უკვე ძალზე ნაცნობი და ტრაფარეტული: გულის შეტევით გარდაცვალება იყო. თუმცა მაქსველის პირადი ექიმი ამტკიცებდა, რომ ოლიგარქს კაჟივით გული და ჯანმრთელობა ჰქონდა. ის იერუსალიმში დაკრძალეს. სამგლოვიარო პროცესიაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იცჰაკ შამირმა ორაზროვნად განაცხადა: “მან ისრაელისთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე დღეს ამის თქმა შეიძლებაო”.

აბრაჰამ ჰოხი დაიბადა 1923 წლის 10 ივლისს ჩეხოსლოვაკიაში, ღარიბი ებრაელი ხელოსნის ოჯახში. მეორე მსოფლიო ომის დროს ახალგაზრდა აბრაჰამი უკვე იან ჰოხი გახდა. ის იბრძოდა საფრანგეთის პარტიზანულ რაზმებში, შემდეგ კი, გერმანული ენის კარგად ცოდნის გამო, დიდი ბრიტანეთის არმიის ერთ-ერთი დანაყოფის დაზვერვის ოფიცერი გახდა. მაშინ „ლესლი ჯონსად“ იცნობდნენ.

lesli-1707755474.png
„ლესლი ჯონსი“

ომის შემდეგ უკვე შოტლანდიურ ყაიდაზე შეიცვალა გვარი, “რობერტ მაქსველად” იქცა და კაპიტნის ჩინით ინგლისის კონტრდაზვერვაში ჩაირიცხა. თუმცა 1940-იანი წლების ბოლოს საგამომცემლო ბიზნესი დაიწყო და ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან ოფიციალურად ყველა კონტაქტი „გაწყვიტა“. მაქსველმა 1961 წელს შეიძინა საკმაოდ წარმატებული საგამომცემლო სახლი “პერგამონ-პრესი”. მისი მედიაიმპერია განსაკუთრებით 1980-იანი წლების დასაწყისში გაძლიერდა, როდესაც შეიძინა ექვსი ბრიტანული გაზეთი, მათ შორის - სკანდალური და დიდტირაჟიანი ”დეილი მირორი”, “სანდი მირორი”; ასევე, მისი საკუთრება იყო ნიუ-იორკის “დეილი ნიუსი”; 1990 წელს დააარსა საერთოევროპული გაზეთი “ეუროპიენ”; ფლობდა საფრანგეთის ტელეარხ “ტფ-1-ს”; ესპანეთის “კანალ-10-ს”; ბრიტანეთში – “ცენტრალ ტელევიზიონს”; აშშ-ში კონტროლს უწევდა გამომცემლობა “მაქმილანს”.

robert-maqsveli-1707755550.jpg
რობერტ მაქსველი პიარის დიდოსტატიც იყო

ბიზნესკონკურენტების შეუბრალებელი მეთოდებით განადგურების გამო, ზურგსუკან “მედიაზვიგენი” შეარქვეს. უყვარდა რუსული არაყი და, თურმე, ლიტრამდე სასმელს კარგად იტანდა. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობდა იტალიელ მილიარდერ მედიამაგნატ სილვიო ბერლუსკონისთან და ავსტრალიელ რუპერტ მერდოკთან (რომელიც შემდეგ მისი მთავარი კონკურენტი გახდა). ფლობდა გაზეთებს უნგრეთში, საბჭოთა “პერესტროიკის” დროს ცდილობდა უკრაინული გაზეთების შეძენასაც, თუმცა - ვეღარ მოასწრო.

პარალელურად, მაქსველი პოლიტიკაშიც აქტიურობდა: ექვსი წლის მანძილზე იყო ინგლისის პარლამენტის დეპუტატი, ლეიბორისტული პარტიიდან; ფლობდა ათ ენას; დედოფალმა ელისაბედ II-მ მას ლორდის ტიტული მიანიჭა.

princesadiana-1707755604.png
პრინცესა დაიანა, ლორდი რობერტ მაქსველი და პრინცი ჩარლზი

საერთო ჯამში, 400-მდე კომპანიის მფლობელი, უკანასკნელ წლებში დიდ ვალებში ჩავარდა. განსაკუთრებით დაიძაბა ორი მედიამაგნატის - მაქსველისა და მერდოკის ურთიერთობა. მერდოკმა დემპინგური ფასების საშუალებით შეძლო საკუთარ მედიაიმპერიაში შემავალი გაზეთების (უპირველესად - “სანდი ტაიმსის”) ტირაჟის გაზრდა და მაქსველის შევიწროვება. მკითხველს შევახსენებ, რომ ეს სწორედ ის რუპერტ მერდოკია, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი და ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი თუ თანამფლობელი გახდა, 2006 წელს.

მაქსველის მცდელობამ, შეეღწია დიდ პოლიტიკაში, შედეგი გამოიღო. ბევრ ქვეყანაში მას უმაღლეს სამთავრობო დონეზე დიდი პატივისცემით იღებდნენ პრეზიდენტები, მეფეები და გენერალური მდივნები, მათ შორის: ბრეჟნევი, მაო ძე-დუნი, ჩაუშესკუ და ა.შ.

მაქსველზე ლეგენდაც კი შეთხზეს - თავის გამომცემლობა “პერგამონ-პრესში” საბჭოთა ლიდერის, ლეონიდ ბრეჟნევის “გენიალური” ტრილოგიის: “მცირე მიწა”, “აღორძინება” და “ყამირის”, თარგმნა და ასეული ათასი ტირაჟით გამოცემა სულ რაღაც ათ დღეში მოახერხაო. ფაქტი კია, რომ 1978 წელს ბრეჟნევმა პირადად მიიღო მილიარდერი მედიამაგნატი და საბჭოთა მთავრობის ჯილდო გადასცა. მაქსველი გულს არც სხვა საბჭოთა “ბელადებს” წყვეტდა და ანდროპოვის, სუსლოვის, ჩერნენკოსა და გორბაჩოვის “გენიალურ ნაშრომებსაც” დიდი ტირაჟით ბეჭდავდა.

maqsvelissacguqaribrejnevs-1707755671.jpg
მაქსველის „საჩუქარი“ ბრეჟნევს

ოფიციალური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებთან ზოგჯერ არაფორმალურ კონტაქტებში გადაიზრდებოდა ხოლმე, რის შედეგადაც მაქსველს ბევრ საიდუმლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი. როგორ იყენებდა ის ამ ინფორმაციას? სპეცსამსახურების ზოგიერთი ისტორიკოსი და ექსპერტი ამტკიცებს, რომ მაქსველი ერთდროულად ოთხი ქვეყნის სპეცსამსახურის: დიდი ბრიტანეთის მი-6-ის, ისრაელის “მოსადის”, საბჭოთა კავშირის "კა-გე-ბეს" და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს “გავლენის აგენტი” იყო.

დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებში ერთ დროს, სულ რამდენიმე წლით, მაქსველი ოფიციალურად მართლაც მსახურობდა. რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ ის “მოსადის” აგენტი იყო (ოპერატიული ფსევდონიმი “პატარა ჩეხი”), ესეც შესაძლოა, სიმართლესთან ახლოს იყოს, რადგანაც ებრაელი ეროვნების მედიამაგნატს ისრაელის სპეცსამსახურები „უყურადღებოდ“ ნამდვილად არ დატოვებდნენ და მის გამოყენებას შეეცდებოდნენ. საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის “ოპერატიულ თამაშებში” არც მაქსველი რჩებოდა წაგებული, რადგანაც სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვისგან მიღებული ინსაიდერული ინფორმაცია მისი მედიაიმპერიის გაძლიერების მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო.

მაქსველის ახლო კავშირი საბჭოთა პოლიტბიუროს წევრებთან და დაზვერვასთან დოკუმენტურადაა დადასტურებული. არსებული ინფორმაციით, 1968 წლის 3 ივნისს მაქსველი "კა-გე-ბეს" ახალმა შეფმა იური ანდროპოვმა საიდუმლოდ მიიღო და დიდხანსაც ესაუბრა. ამის შედეგად, 1968 წლის აგვისტოში, ინგლისის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მედიამაგნატმა საჯაროდ დაუჭირა მხარი საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში შეჭრას.

მაქსველს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელებთან -ვლადიმერ კრიუჩკოვთან და ლეონიდ შებარშინთან. არსებული ინფორმაციით, მასთან ოპერატიული კონტაქტები სხვადასხვა წელს ჰქონდათ კა-გე-ბეს პოლკოვნიკებს: ვლადიმერ გოლოვინს, ვიქტორ ბერდიხინს და ვადიმ ბირიუკოვს. აშშ-ში ის, ასევე, ხვდებოდა საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტს გენერალ დიმიტრი იაკუშკინს.

ერთ-ერთი ინფორმაციით, მაქსველი საბჭოთა დაზვერვამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაიბირა ბერლინში და მომდევნო წლებში "კა-გე-ბე" ფარულად ეხმარებოდა ბიზნესის აწყობაში. თავად მედიამაგნატი კი საბჭოთა დაზვერვის უმნიშვნელოვანესი “გავლენის აგენტი” იყო. მისი გამომცემლობა “პერგამონ პრესი” "კა-გე-ბეს" მიერ დასავლეთ ევროპის კომუნისტური პარტიებისთვის ფულის ფარული გადაცემის არხად გამოიყენებოდა.

gorbachovi-1707755729.jpg
მიხეილ გორბაჩოვი და რობერტ მაქსველი. მოსკოვი. კრემლი.

საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის - მიხეილ გორბაჩოვის თანაშემწე ანატოლი ჩერნიაევი თავის მემუარებში იხსენებს, რომ 1991 წლის 26 ივნისს მოსკოვში მყოფი მაქსველი გორბაჩოვმა მიიღო. ჩერნიაევი არ მალავს, რომ მაგნატი იმდენად სკანდალური ფიგურა იყო, რომ მან “პერესტროიკის მამას” ურჩია, არ შეხვედროდა მაქსველს. გორბაჩოვი ჯერ დაეთანხმა, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ კი თავის თანაშემწეს უკვე მაქსველის მიღების საათი დაანიშნინა. ვინ შეაცვლევინა საბჭოთა პრეზიდენტს გადაწყვეტილება?

ეს პიროვნება "კა-გე-ბეს" შეფი ვლადიმერ კრიუჩკოვი იყო. ჩერნიაევის სიტყვებით, მაქსველს და კრიუჩკოვს ერთობლივი ბიზნესი ჰქონდათო(!). როცა მაქსველი საბჭოთა კავშირში ჩამოდიოდა, მას ყოველთვის უმაღლეს დონეზე შეხვედრას უხერხებდნენ. ამას კი "კა-გე-ბეს" მეტი ვერავინ შეძლებდა.

არსებობს ვერსია, რომ მაქსველი აქტიურად მონაწილეობდა 1991 წლის „პუტჩამდე“ ცოტა ხნით ადრე საბჭოთა კომპარტიის უზარმაზარი ფინანსური რესურსების დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადარიცხვისა და სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე გადამალვის პროცესში. „პუტჩის“ დამარცხების შემდეგ ის უკვე „ბევრის მცოდნე“

maqsvelisiaxta-1707755786.jpg
მაქსველის იახტა “ლედი გისლეინ”

და „არასასურველი მოწმე“ გახდა და „იატაკქვეშეთში“ წასული საბჭოთა კომპარტიის ყოფილი მაღალჩინოსნების დავალებით მოკლეს.

მეორე ვერსიით, მაქსველი ისრაელის დაზვერვამ მოიცილა თავიდან, რადგანაც, იყო რა წლების მანძილზე ისრაელის დაზვერვის აგენტი, საკუთარი ფინანსური პრობლემების მოგვარებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, იცხაკ შამირის და “მოსადის” დაშანტაჟების გზით შეეცადა. ამიტომაც ისრაელის სპეცრაზმის მებრძოლებმა მაქსველს იახტაზე სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს და შემდეგ ზღვაში გადააგდეს, ვითომდა, გემბანზე გული გაუხდა ცუდად და წყალში გადავარდა.

ამ ვერსიის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია “მოსადის” ყოფილი თანამშრომელი, შემდეგ კი ისრაელის დაზვერვის კრიტიკოსი ვიქტორ ოსტროვსკი. ის 1949 წელს კანადაში დაიბადა, შემდეგ კი ისტორიულ სამშობლოს – ისრაელს დაუბრუნდა. 1982 წელს, მრავალთვიანი, ურთულესი მომზადების შემდეგ ჩაირიცხა “მოსადში”. ოთხი წლის შემდეგ სკანდალურად დატოვა ისრაელის დაზვერვა და კანადაში გაიქცა. ამის შემდეგ ოსტროვსკიმ ისრაელის სპეცსამსახურების შესახებ რამდენიმე წიგნი გამოსცა, სადაც “მოსადის” მიერ ჩატარებულ მრავალ საიდუმლო სპეცოპერაციას ახადა ფარდა.

2003 წელს რუპერტ მერდოკის ინგლისურმა გამოცემა “სანდი ექსპრესმა” დიდი მასალა მიუძღვნა მაქსველს და ის “მოსადის” მნიშვნელოვან აგენტად დაასახელა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ მან ისრაელის დაზვერვას 400 მლნ ფუნტი სტერლინგი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის ცნობილი სიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებით დაემუქრა. გაზეთის მტკიცებით, ამის გამო “მოსადმა” ჩაატარა სპეცოპერაცია და მაქსველი თავიდან მოიცილა.

მაქსველი ხშირად იმეორებდა: “რაც უფრო ბევრ საიდუმლოებას წაიღებს კაცი სამარეში, მით უფრო ბევრი გაუკეთებია სიცოცხლეშიო”. თავადაც ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ბევრი კითხვა მისი გარდაცვალების შესახებ (მკვლელობა, თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?) დღესაც პასუხგაუცემელია. ასევე, კვლავ საიდუმლოა, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებზე მუშაობდა მილიარდერი მედიამაგნატი. ისე კი, ბევრი საიდუმლოს ცოდნა ჩახმახზე შეყენებული და დამიზნებული იარაღივითაა: ადრე თუ გვიან “გაისვრის”!

(მეთვრამეტე ნაწილის დასასრული)