„მამაჩემი რონალდ რეიგანი ცოცხალი რომ იყოს, ამერიკას დაიტირებდა“ - პოლარიზაცია ამერიკულად: ლეგენდარული პრეზიდენტის ქალიშვილის წერილი - კვირის პალიტრა

„მამაჩემი რონალდ რეიგანი ცოცხალი რომ იყოს, ამერიკას დაიტირებდა“ - პოლარიზაცია ამერიკულად: ლეგენდარული პრეზიდენტის ქალიშვილის წერილი

ამერიკის შეერთებული შტატების გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ (The New York Times) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „მამაჩემი რონალდ რეიგანი რომ ცოცხალი იყოს, ამერიკას დაიტირებდა“, რომლის ავტორია პეტი დევისი, აშშ-ის მე-40-ე პრეზიდენტის, რესპუბლიკელი რონალდ რეიგანის ქალიშვილი.

აქვე შევნიშნავთ, რომ ავტორს ახალგაზრდობაში მშობლებთან ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდა, ხშირად არ იზიარებდა მამისა და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკას, მათთან მწვავედ კამათობდა და მხოლოდ მაშინ შეურიგდა მშობლებს, როცა რონალდ რეიგანს ალცჰეიმერის ავადმყოფობა დაუდგინეს. სხვათა შორის, მალე გამოვა პეტი დევისის წიგნი სახელწოდებით - „ჩემი ძვირფასი დედ-მამა: წერილები ოჯახზე, ხსოვნაზე და იმ ამერიკაზე, რომელიც ოდესღაც ვიცოდით“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

"მამაჩემის, რონალდ რეიგანის სიკვდილის ღამეს მე მის საწოლთან, გვერდით ვიჯექი და მის მძიმე სუნთქვას ვუსმენდი, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ ჰგავდა იმ ადამიანის სუნთქვას, რომელსაც სპორტული აღნაგობა ჰქონდა, რომელიც ცხენზე ამხედრებული დადიოდა, აშენებდა რანჩოს, მესერს უკეთებდა, გაზონის ბუჩქებს კრეჭდა და რომელმაც საბჭოთა ლიდერს [ბერლინის კედლის გამო] მრისხანედ მიმართა: „მისტერ გორბაჩოვ, აიღეთ ეს კედელი!“.

ჩემში ერთმანეთშია გადაჯაჭვული დრო და ისტორია, ბავშვობის შორეული და ახლო მოგონებები - მამაჩემის ათწლიანი ყოფნა ალცჰეიმერის ავადმყოფობის ბნელ სამყაროში... მახსენდება ბევრი წინააღმდეგობრივი ნაბიჯი ჩემი მოქმედებიდან, მაგრამ ყოველთვის ვაცნობიერებ, ვინ ვარ და ვისი შვილი ვარ... ვაცნობიერებ მამაჩემის იმ ყურადღებას, რომელსაც იგი ამერიკას და ქვეყნის პრობლემებს უთმობდა.

ჩვენ შორის პოლიტიკური [უთანხმოება] არსებობდა იმ დღიდან, როცა მამამ პრეზიდენტის პოსტზე ბალოტირება გადაწყვიტა. ყველა საუბრობდა, რომ ამერიკას ცუდი მთავრობა ჰყავდა. მე ასეთი საუბრები არ მსიამოვნებდა და ამიტომ მათ მიმართ სიძულვილსაც ვგრძნობდი... მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი რამ გავიგე. თანდათან მწყინდა ის, რომ ჩემი ქვეყანა გადაჭარბებულად ბევრს ითხოვდა მამაჩემისაგან, რომელსაც ამერიკა ძალიან უყვარდა...

მე ახლა სწორედ მისი ამერიკისადმი სიყვარულის უკმარისობას ვგრძნობ. როცა მამაჩემი სიმღერას - „მშვენიერ ამერიკას“ უსმენდა ხოლმე, მას თვალები უცრემლდებოდა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო - იმაზე მეტი, რასაც უბრალოდ გრძნობა ჰქვია. მან იცოდა, თუ რამდენად მყიფეა დემოკრატია, თუ რამდენად იოლია მისი დანგრევა და ხშირად ჰყვებოდა ხოლმე გერმანიის მაგალითზე, თუ როგორ ხდება ქვეყნებში დიქტატორული რეჟიმების დამყარება.

ძალიან მინდა, ახლა ვკითხო მამაჩემს, თუ რატომ მივედით უფსკრულთან ასე ახლოს და როგორ შეუძლია ამერიკას ამ სიძულვილისა და დაუნდობლობის საფლობიდან ამოსვლა... როგორ უნდა გავარღვიოთ ძალადობის მანკიერი წრე - რეალურიც და სიტყვიერიც... როგორ უნდა გადავლახოთ ჩვენ შორის გაჩენილი წინააღმდეგობები ან ის პარტიული დაპირისპირება, რომლის გამოც პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს ერთმანეთი სძულთ? როცა მამას ესროლეს, წარმომადგენელთა პალატის მაშინდელი სპიკერი ტიპ ო’ნილი, მამაჩემის ერთ-ერთი ყველაზე შეურიგებელი პოლიტიკური ოპონენტი, საავადმყოფოში მივიდა დაჭრილთან, მუხლებზე დაეცა და 23-ე ფსალმუნის კითხვა დაიწყო, მისი გადარჩენისათვის. დღეს მსგავსი ჟესტი შეუძლებელია.

რას იტყოდა მამაჩემი ჩვენი დემოკრატიის ცივილიზაციურობის დაცემისა და მისი ავის მომასწავებელი მომავლის შესახებ? ვფიქრობ, იგი მიმართავდა არა თავისი [რესპუბლიკური] პარტიის ფავორიტს, არამედ მათ, ვინც მას მიტინგებზე ესალმება. მამაჩემი მათ გასაგონად იტყოდა, რომ დიქტატურას ერთი ადამიანი კი არ ქმნის, არამედ - ყველა, ვინც კი ლიდერთან დგას და მას ეთანხმება.

1967 წელს, როცა მამა კალიფორნიის გუბერნატორი გახდა, ჩვენი ოჯახი გუბერნატორის ტრადიციულ საცხოვრებელ სახლში გადავიდა - ძველ შენობაში, რომელიც ხალხმრავალ ქუჩაზე მდებარეობდა. იმ დროს 15 წლის ვიყავი და სრულიად არ მომწონდა, გუბერნატორის შვილი რომ გავხდი. ვფიქრობდი, რომ ხალხი ჩემზე სიძულვილით ილაპარაკებდა... ხშირად სახურავზე ავდიოდი და მაღლიდან დავცქეროდი გამვლელ ადამიანებს და ერთხელ, როცა შემამჩნიეს და ხელი დამიქნიეს, შემეშინდა და დავიმალე.

მაგრამ 37 წლის შემდეგ, როცა მამას უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ, მე ამერიკელების ჭეშმარიტი გრძნობები დავინახე - ის, რაც ჩვენ, ყველას გვაერთიანებს... ჩვენი ურთიერთობები ამერიკის სახელმწიფოსთან იმ დროშიც რთული იყო, მაგრამ რაც დავინახე იმ მძიმე დღეებში, ჩემს სულიერ ჭრილობებზე ბალზამივით იმოქმედა.

იმ პერიოდიდან დიდი დრო გავიდა - გავიზარდეთ და შევიცვალეთ. მამაჩემს სჯეროდა, რომ მიწიერი ცხოვრების - სააქაოს მიღმა საიქიოც არსებობს და შეიძლება მას ახლაც ესმის ჩემი ნათქვამი, შეიძლება იგი ხედავს მშობლიურ ამერიკაში შექმნილ ქაოსს - ქვეყანაში, რომელიც მას ძალიან უყვარდა. შეიძლება იმ ცრემლთაგან, რომელიც მე დღევანდელი ამერიკის შემხედვარეს მომდის, ნაწილი მისი ცრემლიც არის".

წყარო