ოქრო „მე ვარ ნათელი“, „მაცხოვრის ღვთიური წარმომავლობის, აბრეშუმის ძაფი კი ბიოლოგიური საწყისის სიმბოლოა - კვირის პალიტრა

ოქრო „მე ვარ ნათელი“, „მაცხოვრის ღვთიური წარმომავლობის, აბრეშუმის ძაფი კი ბიოლოგიური საწყისის სიმბოლოა

დღეს, ვიდრე ყველა გამოშიგნულ პოლიტიკურ პროცესებში ხართ „მაგრები“, გავიწყდებათ, რომ ბევრ რამეში საქართველო პირველია... საერთოდ, მივეჩვიეთ, რომ ბევრ რამეს არ ვაფასებთ...

დღეს გაგაცნობთ უნიკალურ მასალას ქარგვასთან დაკავშირებით და იმ უძველეს სიტყვებს, რომელიც ამ მიმართულებით გამოიყენებოდა და უშუალოდ ბიბლიიდან მომდინარეობდა.

ქარგვა საქართველოში და, ზოგადად, ყველგან ძირითადად ქალის საქმიანობად ითვლებოდა. მისი ცოდნა თითქმის ყველა ქალისთვის სავალდებულო იყო.

თავად ნაქარგობაზე არსებული საქტიტორო წარწერები, ეკლესია-მონასტრების ცხოვრების წესის აღმნუსხველი დოკუმენტები მონასტრებსა და დიდგვაროვანთა ოჯახებში იქმნებოდა.

მასალა, რაზეც და რითაც იქარგებოდა, ქრისტიანული სამყაროსთვის განსაზღვრული და დაკანონებული იყო (აბრეშუმი, ძირითადად, ატლასი, იშვიათად, ყანაოზი, ოქროქსოვილი - დიბა, ფარჩა და ხავერდი), საქარგავად გამოიყენებოდა აბრეშუმის, ოქროსა და ვერცხლის ძაფები.

სასურველ საქარგავ მასალას მქარგველი ოსტატები თვითონ ამზადებდნენ, ღებავდნენ გარკვეულ კანონიკას დაქვემდებარებულ ფერებში და შემდეგ ქარგავდნენ.

თავისებური იყო და არის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ღებვის ტექნოლოგიური პროცესი. ყველა ოსტატის მიზანი იყო ძაფი გახუნებულიყო, ამისთვის, ძაფს ტკეცავდნენ ძმრით, წიდითა და მარილით.

ქსოვილის ღებვისას იყენებდნენ ფიზიკური დამუშავების მეთოდებსაც, მაგალითად, ზემო რაჭაში იყო სპეციალური საჟეპი უროები, თოხმახები, რომლითაც უნდა გაეტკიცათ უროთი... ამ წესით შეღებილი და დამუშავებული ქსოვილი გამძლე იყო და მუდმივად ინარჩუნებდა ფერს. საქარგავად გამოყენებული აბრეშუმის ძაფი, ოქრომკედი და ვერცხლიმკედი სპეციალურად მზადდებოდა.

ქარგვისას გამოყენებული ძაფების სხვადასხვაგვარობა განაპირობებდა ქარგვის სახეობათა არაერთგვაროვნებას. ძირითადი საქარგავი მასალა არის ოქროსა და ვერცხლის თმა, ოქრომკედის, ვერცხლიმკედი და აბრეშუმის ძაფი.

ოქრომკედისა და ვერცხლიმკედის დამზადების ტექნოლოგია დღესაც უცნობია, მაგრამ ცხადია, რომ ქართველი ოქრომჭედლები უძველესი დროიდან ოქროსა და ვერცხლის თმის უწვრილესი გრეხილურით ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს ქმნიდნენ. მით უმეტეს, რომ ქართულ საოქრომჭედლო საქმეში გამოყენებული, ოქროსა და ვერცხლის თმის დასამზადებელი სპეციალური ხელსაწყო - ადიდა- დღესაც აუცილებელ სამუშაო იარაღად არის მოხსენიებული ოქრომჭედლის სახელოსნოში.

ადიდაში გამოტარებული ოქროსა და ვერცხლის „თმა“ საქარგავად უკვე ვარგისია, მაგრამ ოქრომკედის ან ვერცხლიმკედის დასამზადებლად ოსტატი მას გლუვზედაპირიან ორ ლილვს შორის გაატარებდა და ღებულობდა „განსტკეცილ სხეპლას“.

ისტორიულ წყაროებში დაცულია დოკუმენტი, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ გრამი ბაჯაღლო ოქროსგან ამოჰყავდათ 500 მეტრი ოქროს თმა.

ბიბლიაში „სხეპლა“ ასეა განმარტებული: „და დახიეს ოქრო იგი განჭედილი სხეპლად, რათა თანაშეექროოს იაკინთესა მას, და ძოწეულსა, და მეწამულსა სთულსა და ზეზსა მას ძახილსა“ (გამ. 39. 3)

მკედი, სულხან-საბას განმარტებით, არის „მომსხო ძაფი“ „არს წვრილად დართული აბრეშუმი, ყაჭი, სელი და მისთანანი, ხოლო მკედი მისთანავე ხოშრად დართული“

რკინის მაქოებს - დუფითილა ეწოდებოდა.

ქარგვის პროცესში დუფითილაზე დაეხვეოდა ოქრო ან ვერცხლის თმა და, შესაბამისად ოქრომკედი, ან ვერცხლიმკედი რკინის სიმძიმით იჭიმებოდა და ძაფით ჩამაგრებისას ოსტატი სამაგრ ძაფს მისთვის სასურველ მდგომარეობამდე მოჭიმავდა, ან მოუშვებდა, რაც ნაქარგის რელიეფურობას განაპირობებდა.

საქარგავი ძაფები სპეციალურ ფირფიტებზე დახვეული ძაფები და საქარგავი ხელსაწყოები „ხაიათის“ ანუ ქალის ხელსაქმის სპეციალურ ყუთებში ინახებოდა.

აბრეშუმის ძაფთან ერთად, ჩვენი წინაპრები ინტენსიურად იყენებდნენ საქარგავ მასალას, რომელიც საეკლესიო ნაქარგობებზე, ძირითადად სახის, ხელებისა და სხეულის შიშველი ნაწილებისა და ფერადი აქცენტების შესაქმნელად გამოიყენებოდა.

ეს არის ზეზი. ეს ტერმინი ბიბლიური წარმოშობისაა და სიჭრელეს უკავშირდება. საქარგავ მასალად ზეზი მხოლოდ საქართველოში დასტურდება. ცნობილი მეცნიერი ინგებორგ პეტრაშეკ ჰეიმი, რომელიც ნაქარგობის ტექნიკასა და ტექნოლოგიებს შეისწავლის, თავის ნაშრომში ასეთი დასკვნების შედეგს აქვეყნებს: „ სიცილიაში აღმოაჩინეს 1181 წელს საქარგავად გამოყენებული ოქრომკედი. ამავე პერიოდშია აღმოჩენილი საქართველოშიც, მაგრამ მკვლევარი აღნიშნავს, რომ საქართველოში 1312 წლის ანჩის ოლარზეცაა გამოყენებული ოქრომკედი, მაგრამ აქ გვხვდება ძაფი, რომელიც მიიღება ორი სახეობის ძაფის გრეხილით (იგულისხმება ზეზი). საქმე ეხება მის თავისებურ შეგრეხას.

ძირითად საქარგავ საშუალებებთან ერთად, არის მეორე ჯგუფი მასალისა, რომელიც ნაქარგობის სამკაულად გამოიყენებოდა. ესაა ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები და ფერადი ლითონი. ქვათაგან, უმეტესად, ხუთი ფერის ქვა იხმარებოდა წითელი, მწვანე, თეთრი, ცისფერი და ყვითელი.

ქარგვას უძველესი დროიდან „სითვა“ ეწოდებოდა. ტერმინი „სითვი“ ანუ „ორმხრივი სითვი“, გვირისტით გაკერვის შესატყვისია. ქარგვის ტექნიკასთან დაკავშირებული წერილობით-დოკუმენტური მასალის უქონლობის გამო, საქართველოში ქარგვის ტექნიკური ხერხების სხვადასხვა სახეობის წარმოშობასა და მათ სახელწოდებათა შესახებ მსჯელობა, მხოლოდ იდენტური სახეებისა და მათი სახელწოდებების გათვალისწინებითაა შესაძლებელი.

ოქროქსოვილის, ოქროსა და ვერცხლის დომინირება საეკლესიო ქარგულობაში განპირობებულია ლითონი -ოქროსა და ვერცხლის ფიზიკური თვისებებით, ასევე მათში მოაზრებული სიმბოლიკით;

ოქრო, ძველი აღთქმის მიხედვით, ემბლემაა დიდებისა. ძველებრაული სიტყვა „კაადად“ სიმძიმეს, დიდებას ნიშნავს, რომელიც თვალისთვის მისი ბრწყინვალებით აღიქმება, მაგრამ ბრწყინვალება მოდის არა გამჭვირვალობიდან, არამედ თვით ლითონის მასიდან (შიგნიდან), ანუ „ბრწყინვალება“ არის სიმძიმე, რომელიც „დიდებას“ უკავშირდება.

ქრისტიანული სიმბოლიკის თანახმად, ოქროს ბრწყინვალების ნათელთან, თეთრ ფერთან გაიგივება საეკლესიო სამოსში თეთრი ფერისა და ოქროსფრის იდენტურობას ხსნის; ოქროთი ან ვერცხლით ნაქარგობის შესრულების ტრადიცია კი - ამ სიმბოლიკის საეკლესიო კანონისადმი მქარგველ ოსტატთა დამორჩილებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოქროსა და ვერცხლის აბრეშუმის ერთმანეთთან შეგრეხა, წყალთან შეზავებულ ღვინოს, ანუ საზიარებელ სითხეს შეიძლება შევადაროთ. როგორც ეს სითხეა მაცხოვრის ღვთიური და ბიოლოგიური საწყისის სიმბოლო, ასევე ოქრომკედსა და ვერცხლიმკედში მკედისა და ოქროს ან ვერცხლის თმის „ურთიერთ სითვა“ ანუ წარმომავლობათა ერთიანობა. ეს ყოველივე განპირობებულია ოქროსა და აბრეშუმის ძაფის სემანტიკით.

ოქრო „მე ვარ ნათელი“, „მაცხოვრის ღვთიური წარმომავლობის, აბრეშუმის ძაფი კი ბიოლოგიური საწყისის სიმბოლოა. როგორც მაცხოვრის განგმირული ფერდიდან გადმომდინარე სისხლი და წყალი ღვთაებრივისა და ბიოლოგიურის ერთიანობაა, ასევე ეს ორი საწყისი, ორი სხვადასხვა მასალა, განსახიერებული ერთ ძაფში. ამ ტექნიკური ხერხების გამოყენებით მიიღება ის ეფექტები და თავისებურებანი, რაც ქართული მხატვრული ქარგულობისთვისაა დამახასიათებელი. ეს თავისებურებები აისახება, როგორც ნაქარგობის შესრულების სპეციფიკაში, ასევე გამოყენებულ მასალაში.