"ცეზარი" მოკლეს: რუსულ ხომალდს ქართველების ცოდვამ უწია - როგორ ჩაძირეს უკრაინელებმა ხომალდი, რომელიც 2008 წელს საქართველოს უტევდა - კვირის პალიტრა

"ცეზარი" მოკლეს: რუსულ ხომალდს ქართველების ცოდვამ უწია - როგორ ჩაძირეს უკრაინელებმა ხომალდი, რომელიც 2008 წელს საქართველოს უტევდა

ცეზარ კუნიკოვი“ - სახელი მუდმივად ასოცირდებოდა რუსულ სამხედრო აგრესიასთან საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამ დიდი სადესანტო ხომალდიდანაც, ოკუპირებულ ოჩამჩირესთან გადმოსხმული რუსი მედესანტეები და საზღვაო ქვეითები შემდეგ ზუგდიდსა და სენაკს შემოესივნენ და კოდორის ხეობაში აიჭრნენ...

ამიტომაც რუსეთ-უკრაინის ომის თითქმის ორი წლის განმავლობაში სულ იყო იმის მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან „ცეზარ კუნიკოვიც“ რუსეთის „წყალქვეშა ფლოტს“ შეუერთდებოდა შავი ზღვის ფსკერზე, სარაკეტო კრეისერ „მოსკვასთან“ ერთად...

და, აი, 2024 წლის 14 თებერვლის გამთენიისას ასეც მოხდა - ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროსთან, დასახლებულ პუნქტ კაციველიდან რამდენიმე საზღვაო მილში უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კამიკაძე-კატარღები თავს დაესხნენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 30-ე წყალზედა ხომალდების დივიზიის 197-ე სადესანტო ხომალდების ბრიგადის 775 პროექტის დიდ სადესანტო ხომალდ „ცეზარ კუნიკოვს“ და 4 ათას ტონა წყალწყვისა და 112 მ სიგრძის ეს ხომალდი გაანადგურეს...

აქამდე უკრაინელებს შავ ზღვაში 21 რუსული წყალზედა სამხედრო ხომალდი, კატარღა, ასევე, ერთი წყალქვეშა ნავი ჰყავდათ განადგურებული/დაზიანებული, მათ შორის იყო ხუთი დიდი სადესანტო ხომალდიც - ბერდიანსკის პორტში აფეთქებული და ჩაძირული 1171 პროექტის „სარატოვი“(„ტოჩკა-უ“-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტის „დამსახურება“), ასევე, 775 პროექტის ოთხი ხომალდი -„მინსკი“ (სევასტოპოლის სარემონტო ქარხანაში ფრთოსანი რაკეტა მოხვდა), „ნოვოჩერკასკი“ (ფრთოსანმა რაკეტამ ფეოდოსიის პორტში გაანადგურა) და კიდევ ორი დაზიანებული - ერთი ბერდიანსკის პორტში და ერთიც - „ოლენოგორსკი გორნიაკი“, ნოვოროსიისკის ტრავერსზე.

1-k-1707901138.jpg
რუსული დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ 1986 წელს ააგეს პოლონეთში. მისი სრული წყალწყვა 4 080 ტ-ს აღწევს, სიგრძე 112 მ-ს, ხოლო სიგანე კი 15 მ-ს შეადგენს. ცურვის მაქსიმალური სიჩქარე 18 კვანძია (33,3 კმ/სთ), ეკიპაჟი 87 კაცი. სადესანტო შესაძლებლობა - 150 მედესანტე და 10 ტანკი ეკიპაჟებით.

ომის დაწყების წინ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შვიდ დიდ სადესანტო ხომალდს მოითვლიდა, რომლებსაც 2022 წლის თებერვლის წინ კიდევ ექვსი დიდი სადესანტო ხომალდი დაემატა რუსეთის ბალტიისა და ჩრდილოეთის ფლოტებიდან, საზღვაო სწავლებების გამართვის საბაბით, სინამდვილეში კი, უკრაინის ოდესა-ოჩაკოვის სანაპირო ზოლზე ბრიგადის დონის (თითოეულ ასეთ დიდ სადესანტო ხომალდს 10 ტანკისა და 150 მებრძოლის გადასხმა შეუძლია მოწინააღმდეგის ნაპირზე) საზღვაო დესანტის გადასხმისათვის და უკრაინისთვის შავ ზღვაში გასასვლელის სრულად ჩასაკეტად...

"ცეზარ კუნიკოვის" ჩაძირვის კადრები, რომელიც უკრაინელებმა გაავრცელეს

საბედნიეროდ, კრემლის ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, რის შემდეგაც რუსი ადმირალები შავ ზღვაში „შეგროვებულ“ ამ 13 დიდ სადესანტო ხომალდს, ძირითადად, სატვირთო გადაზიდვებისთვის იყენებდნენ -ნოვოროსიისკის პორტიდან სევასტოპოლში რაკეტებს, ტყვია-წამალს ეზიდებოდნენ და პირადი შემადგენლობა გადაჰყავდათ.

2-k-1707901998.png
„ცეზარ კუნიკოვიდან“ სანაპიროზე ჯავშანტექნიკის დესანტირების პროცესი...

თუმცა მას შემდეგ, რაც ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპირო უკრაინულმა ფრთოსანმა რაკეტებმა, კამიკაძე-დრონებმა და კამიკაძე-კატარღებმა კარგად „გამოთოფეს“, რუსული ხომალდები და, პირველ რიგში კი - დიდი სადესანტო ხომალდები, სევასტოპოლიდან შედარებით უფრო უხიფათო ადგილას, ფეოდოსიასა თუ ნოვოროსიისკში „გაიქცნენ“ , მაგრამ როგორც ხედავთ, იქაც უწიათ...

untitled-1707905032.jpg
ეს ფოტო 1993 წლის სექტემბერში, აფხაზეთის ომის ბოლო დღეებში გადავუღე „ცეზარ კუნიკოვს“, როდესაც ის მაჭარის სანაპიროს მოადგა, სადაც საავტომობილო ხიდს ვიცავდით...

უკრაინული საზღვაო კამიკაძე-დრონების თავდასხმა რუსულ „ცეზარ კუნიკოვზე“, სავარაუდოდ, იმავე სცენარით განვითარდა, როგორც ეს 1 თებერვალს მოხდა, როდესაც ექვსმა უკრაინულმა კამიკაძე-კატარღამ რუსული დიდი სარაკეტო კატარღა „ივანოვეცი“ ჩაძირა, თუმცა დაველოდოთ იმ ვიდეოკადრებს, რომლებსაც უკრაინული კამიკაძეები აუცილებლად გადაიღებდნენ „ცეზარ კუნიკოვის“ ბორტებთან „ჩახუტების“ წინ...