საოცარი ამბავი ომიდან: ტელეფონი "სიკვდილის მანქანის" წინააღმდეგ - "შაჰიდებთან" ბრძოლის უკრაინული "ნოუ-ჰაუ", რომლითაც პენტაგონიც კი დაინტერესდა - კვირის პალიტრა

საოცარი ამბავი ომიდან: ტელეფონი "სიკვდილის მანქანის" წინააღმდეგ - "შაჰიდებთან" ბრძოლის უკრაინული "ნოუ-ჰაუ", რომლითაც პენტაგონიც კი დაინტერესდა

მოწინააღმდეგის საფრენი აპარატის ჩამოგდებამდე ჯერ ცაში მისი აღმოჩენა, ფრენის სიმაღლის, სიჩქარისა და მიმართულების დადგენაა საჭირო... ამას, როგორც წესი, რადიოლოკაციური სადგურების საშუალებით აკეთებენ. თუმცა უკრაინის დამცველებმა ნამდვილი „ნოუ-ჰაუ“ აამოქმედეს -მობილური ტელეფონების გამოყენებით რუსი ოკუპანტების „შაჰიდ/გერანების“ ფრენის ადრეული დაფიქსირების სისტემა...

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი, გენერალი ჯეიმს ჰეკერი აცხადებს, რომ პენტაგონი სერიოზულად დაინტერესდა იმ ტექნიკური მიგნებით, რისი გამოყენებაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა კამიკაძე „შაჰიდების“ ფრენების ადრეულად დასაფიქსირებლად დაიწყეს...

ირანულმა „შაჰიდებმა“ უკრაინელებს თავი დაბალ სიმაღლეზე ფრენის დროს გამოცემული მაღალი სპეციფიკური ხმით დაამახსოვრეს, რომელიც მოტოციკლეტის ძრავის ხმას ძალზე წააგავს და მისი დაფიქსირება თითქმის ათი კმ-ის სიშორიდანაც კი შეიძლება.

„შაჰიდების“ სწორედ ეს ტექნიკური ნაკლი გამოიყენეს უკრაინელმა მეზენიტეებმა, რომლებსაც მთელი უკრაინის ტერიტორიაზე ამოქმედებული ჰყავთ რამდენიმე ათასი მობილური საზენიტო ჯგუფი - მაღალი გამავლობის პიკაპი, რომლის ძარაზეც დამონტაჟებულია მსხვილკალიბრიანი საზენიტო ტყვიამფრქვევი და მძლავრი პროჟექტორი ღამის ცაში, დაბალ სიმაღლეზე მფრენი „შაჰიდების“ გასანათებლად.

2-tel-1707986230.jpg
პირველი მსოფლიო ომის დროს ასეთ საინტერესო მოწყობილობებსაც იყენებდნენ, მოწინააღმდეგის აეროპლანების ძრავების ხმის დასაფიქსირებლად...

ამ ჯგუფის წევრებს, ისევე, როგორც სხვა სამხედროებსა და, სავარაუდოდ, სამოქალაქო პირებსაც, არანაკლებ 6 ათას მომხმარებელს, მობილურ ტელეფონებზე დაუყენეს სპეციალური პროგრამა, რომელიც შემდეგნაირად მოქმედებს - პირი რთავს მობილური ტელეფონის მიკროფონს (საჭიროა დამატებითი აკუმულატორები, რათა მობილურმა საათობით შეძლოს ამ რეჟიმში მუშაობა), რომელიც სხვა ხმაურთან ერთად აფიქსირებს „შაჰიდის“ ძრავის სპეციფიკურ ხმას, ეს ინფორმაცია, თავად მობილური ტელეფონის გეოლოკაციის კოორდინატებთან ერთად, დროის რეალურ რეჟიმში გადაეცემა შტაბში, სადაც გროვდება სხვა, ათასობით ასეთივე ტელეფონიდან მიღებული მონაცემები, რის საფუძველზეც სპეციალური პროგრამა უსწრაფესად თვლის „შაჰიდების“ ფრენის მარშრუტებს და მობილურ საზენიტო ჯგუფებს წინასწარ ატყობინებს, თუ საიდან შეიძლება ელოდონ მათ გამოჩენას...

აკუსტიკური მეთოდით მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების აღმოჩენა არახალია. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყეს პრიმიტიული მოწყობილობების გამოყენება ამისთვის, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს ეს მეთოდი ისე დაიხვეწა, რომ ბომბდამშენების მოახლოების ხმას რამდენი ათეული კმ-ის სიშორიდანაც კი აფიქსირებდნენ.

3-tel-1707986283.png
მეორე მსოფლიო ომში გერმანელების საზენიტო არტილერიის აკუსტიკური დამიზნების სისტემა

მაგრამ მაშინ ინფორმაციის გადაცემა საველე ტელეფონებით ან, საერთოდ, შიკრიკების საშუალებით ხდებოდა, დღეს კი ციფრული ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ „შაჰიდების“ მოსალოდნელ თავდასხმაზე სამხედროებიც და მოსახლეობაც ადრეულად იყოს გაფრთხილებული.

აკუსტიკური ლოკაციისა და გაფრთხილების მეთოდი, რა თქმა უნდა, არ იმუშავებს რუსული ბალისტიკური „ისკანდერების“ შემთხვევაში, თუმცა დაბალ სიმაღლეზე, მაგრამ დიდი სიჩქარით მფრენი ფრთოსანი რაკეტების შესახებ ინფორმაციის გადაცემის მოსწრება მაინც შესაძლებელია.

რაც შეეხება რადიოლოკაციური სადგურების გამოყენებით „შაჰიდების“ ფრენების ადრეულ დაფიქსირებას, აქ ორი პრობლემაა: პირველი - „შაჰიდები“ დაბალ სიმაღლეებზე დაფრინავენ, რაც ძალიან ართულებს მათ ადრეულ დაფიქსირებას რადიოლოკატორის მონიტორზე და მეორეც -„შაჰიდების“ ფრენის აღმოსაჩენად ჩართული უკრაინული რადიოლოკატორების გამოსხივებას მაშინვე აფიქსირებენ ჰაერში ბარაჟირებადი რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ეკიპაჟები და მათი მიმართულებით უშვებენ „ჰაერი-რადიოლოკატორის“ კლასის შორსმფრენ მართვად რაკეტებს...