როგორ გაშენდა კორპუსთან ტყე-ეზო ვაშლიჯვარში - კვირის პალიტრა

როგორ გაშენდა კორპუსთან ტყე-ეზო ვაშლიჯვარში

ვაშლიჯვრის დასახლებაში არის ადგილი, რომელიც ერთი კორპუსის ბინადრებმა დაასუფთავეს, გაამწვანეს და შესანიშნავი დასასვენებელი სივრცე შექმნეს. ამ ტერიტორიას დღეს სამი კაცი უვლის, მათ შორის არის პოლიტიკოსი აკაკი ბობოხიძე. თავდაპირველად ბატონმა აკაკიმ ინტერვიუზე უარი გვითხრა, საკუთარ გარემოზე ზრუნვა ხომ ჩვეულებრივი ამბავიაო, მაგრამ ჩვენი თხოვნის შემდეგ გაგვესაუბრა. შესაძლოა ეს ამბავი ქალაქის სხვა კორპუსების ბინადრებისთვისაც კარგი მაგალითი აღმოჩნდეს.

აკაკი ბობოხიძე:

- ჩვენი კორპუსის უკან ფიჭვნარი იყო. სამწუხაროდ, 2019-2020 წლებში თბილისში პრობლემა გაჩნდა, რომელიც ამ ფიჭვნარსაც შეეხო - ხეებმა მასობრივად დაიწყო გადახმობა. რადგან ტერიტორიაზე გამხმარი ხეების მოჭრის უფლება არ გვქონდა, მობინადრეებმა მერიას თხოვნით მივმართეთ, ხეები რაც შეიძლება მალე მოეჭრათ, რომ ახალი პარკი გაგვეშენებინა. მერიამ მოჭრა გამხმარი ხეები და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე სასწრაფოდ ახალი სკვერის გაშენება დავიწყეთ. ამ საქმეში მთელი კორპუსი მონაწილეობდა, ზოგი ფინანსურად, ზოგიც ფიზიკურად. დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტერიტორია კორპუსის უკან ხელახლა გაშენდა, ნაწილობრივ ეკალბარდებისგანაც გაიწმინდა, მხოლოდ მცირე ფართობი დავუტოვეთ ზღარბებსა და კუებს. მთლიანად რომ გაგვესუფთავებინა, საცხოვრებელი არეალი არ ექნებოდათ და იქ აღარ დარჩებოდნენ.

m03nbw8o-1708442686.jpg

- ამჟამად რა მცენარეებია გაშენებული?

- წიწვოვანი, ფოთლოვანი მცენარეები, ყვავილები... ჩვენი ტყე ვაშლიჯვრის დასახლებაშია. ეს ტერიტორია მწირნიადაგიანია, პრაქტიკულად, ფიქალი მიწაა, ამიტომ ჭირს მცენარის გახარება, მაგრამ შრომა დაგვიფასდა. მიმაჩნია, რომ თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ეზო გვაქვს.

ტყე-ეზოს რამდენიმე კაცი უვლის, გაშენებაში კი მთელი კორპუსი მონაწილეობდა. ეს ბატონ იაკობ თოდუას ინიციატივა იყო. ახლა ბატონი იაკობი, მურად ჭაუჭიძე და მე შეძლებისდაგვარად ვცდილობთ აქაურობას მოვუაროთ, დავამატოთ ნერგები, გავამწვანოთ.

სხვათა შორის, განაშენიანებაში კაჭკა­ჭებიც გვეხმარებიან. უამრავი მუხის ნერგია მათი მოტანილი რკოდან ამოსული. კაკლის ხეც ბევრი დგას და ესეც მათი დამსახურებაა.

d3fc796c-cafb-4540-9358-14f929423940-1708010280.jpg

- გამწვანების სამსახური ნერგებით არ დაგეხმარათ?

- მცირე რაოდენობით, რადგან მაშინ ბევრი ხე ჯერ არ იყო მოჭრილი, მერე კი 90% კორპუსის ინიციატივით, შეკრებილი ფულით გამწვანდა.

კარგი კორპუსია, არ მახსოვს, ვინმეს დაეწუწუნოს ან წინააღმდეგობა გაეწიოს. ამჟამად სამნი იმიტომ კი არ ვპატრონობთ, რომ სხვას არ სურს შრომა, უბრალოდ, საქმეს თავისუფლად ავუდივართ.

ზაფხულში 7 საათიდან 10-11 საათამდე ეზოში ვართ. ზამთარში 7 საათზე ბნელა და ამიტომ უფრო გვიან ჩავდივართ. საჭიროა ტერიტორიის გაწმენდა, გაზაფხულ-ზაფხულში ბალახის გაკრეჭა. ყვავილებს გაფხვიერება უფრო ხშირად სჭირდება, ვიდრე ხეებს. მორწყვა ცოტა გვიჭირს, რადგან წყალი ტერიტორიაზე არ არის, კორპუსიდან მოტანა კი რთულია, მაგრამ ახალ ნერგებს მაინც ვეხმარებით. მას შემდეგ, რაც გაიხარებს, მერე მცენარე თავს თვითონ პატრონობს.

- სკამები და საჩრდილობელი ნაკლებად გაქვთ...

- ძველი ხეები რომ მოჭრეს, მათი მორები სკამებად დავდგით და ქალები შვილებთან თუ შვილიშვილებთან ერთად რომ სეირნობენ, იმ მორებზე სხდებიან დასასვენებლად. რაც შეეხება სკამ-მერხებს, მაინცდამაინც დიდად მოწადინებული არა ვართ, რომ მოვიტანოთ, ან თვითონ გავაკეთოთ. აქ ბუნებრივი გარემოა, ბაღსაც რაიმე განსაკუთრებული, წინასწარ გამიზნული მონახაზის ფორმა არა აქვს, თან აქაურობას ბაღს კი არა, ტყეს ვეძახით. იმის მიხედვითაა ნერგები განაწილებული, სად მეტი მზეა და სად ნაკლები. ეზო, მგონი, უკვე გადაგვევსო, მაგრამ ნერგებს მაინც ვამატებთ.

ადამიანები გარემოს, სადაც ცხოვრობენ, უნდა უვლიდნენ. ბავშვებისთვის ასეთი სივრცე საუკეთესო რამ არის.

mhrynb33-1708442686.jpg

- კარგია, როცა ბავშვები ხედავენ, როგორ ზრუნავენ უფროსები გარემოზე.

- სხვათა შორის, თვითონაც გვთავაზობენ დახმარებას, აბა, რა შეიძლება გავაკეთოთო. ჩვენც ვცდილობთ მსუბუქი საქმე მივცეთ, რათა ძალიან არ დაიტვირთონ. უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ბაღი მათია და ვალდებულებები მათაც აქვთ.

ნიდერლანდელების კარგი გამონათქვამი მახსენდება: `ღმერთმა შექმნა სამყარო, ნიდერლანდები შექმნეს ნიდერლანდელებმა~. იმას კი არ ამბობენ, თუ როგორი შექმნეს, არამედ როგორსაც მოვინდომებთ, ისეთი იქნებაო. თავიანთ პასუხისმგებლობას წინა პლანზე სწევენ. კარგი იქნება, ამას თუ ქართველებიც მივეჩვევით და საქართველოს მხოლოდ ღვთისგან ბოძებულ მიწად არ ჩავთვლით. ღვთის ნაჩუქარ მიწას უნდა მოვუაროთ, ვუპატრონოთ და უფრო უკეთესი გავხადოთ.

მახსოვს, 2006-2007 წელში თბილისის კამპანია დაიწყო. გოგო-ბიჭები დასუფთავებაში ენთუზიაზმით ჩაერთვნენ და უცებ აღმოაჩინეს, რომ მეეზოვე სამარცხვინო, დასამალი პროფესია კი არ არის, პირიქით, საამაყოა. იმ აქტივობამ ამ საქმეზე გავლენა მოახდინა.

სიბინძურესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება დასუფთავებაა. შეგონება არ შველის, მაგრამ გარემო თუ სუფთაა, ადამიანები დაბინძურებას ერიდებიან, ხოლო ნაგავი თუ ყრია, უმეტესობა ფიქრობს, რა მოხდა, ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლებიო, და ისიც დააგდებს.

sfa3ldzn-1708442686.jpg

თუ სუფთა გარემოს შექმნა გვინდა, ყველამ ერთად უნდა ვცადოთ - ჯერ დავასუფთაოთ და მერე დავიცვათ.

- მგონი, ამას რეგულაციები და მონიტორინგი უშველის.

- ალბათ, ყველაფერი ერთად... რეგულაციები აუცილებელია, ოღონდ გარემოც აუცილებლად ახდენს ადამიანზე გავლენას. როცა ხედავ, რომ ძალიან სუფთაა, ძალიან მიუჩვეველი უნდა იყო, რომ მისი დაბინძურება დაიწყო, ან ერთხელ თუ დააბინძურებ და ვინმე შენიშვნას მოგცემს, ან ბევრი თვალი მოგაჩერდება, ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდები და მიხვდები, რომ ფრთხილად უნდა იყო. რეგულაციები, ჯარიმები საჭიროა, მაგრამ საზოგადოების განწყობა უფრო მნიშვნელოვანი მგონია.

- გამოდის, მიწაზე მუშაობის სამეურნეო გამოცდილება გაქვთ.

- სოფელში დავიბადე და გავიზარდე და რაც უფრო ასაკში შევდივარ, მიწაზე მუშაობა მსიამოვნებს. სოფელი გორდში, ხონის რაიონში მაქვს, სადაც დადიანების საზაფხულო რეზიდენციაა. იქ მამაპაპისეული მიწა გვაქვს და ჩემს ძმასთან ერთად ვუვლი. გორდში ბევრი საოცარი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც შრომობენ, იბრძვიან და ცდილობენ, რომ ცხოვრების გამოწვევებს წარმატებით გაუმკლავდნენ.