"მიძინებული არ ვარ, ჩართული ვარ თეატრალურ საქმიანობაში, თუმცა ძალზედ აქტიურად - არა, რადგან ახლა უფრო მეტად სიწყნარე მინდა, ვიდრე აქტიურობა" - კვირის პალიტრა

"მიძინებული არ ვარ, ჩართული ვარ თეატრალურ საქმიანობაში, თუმცა ძალზედ აქტიურად - არა, რადგან ახლა უფრო მეტად სიწყნარე მინდა, ვიდრე აქტიურობა"

თეატრის სცენაზე 1964 წლიდან დგას. თეატრი და სცენის მტვერი იმდენად უყვარს, რომ მასზე უარის თქმა ვერასდროს შეძლო. განსაკუთრებული ადამიანია, მეტიც - სანიმუშო, თუ როგორ უნდა იცხოვრო პროფესიაში, როგორ უნდა იყო ყოველთვის აქტუალური და სასურველი. როდესაც ქალბატონ ნანა ფაჩუაშვილს დავურეკე და ჩემი კითხვების შინაარსი მოკლედ გავაცანი, მთხოვა, რომ მიმდინარე მოვლენებზე და სიახლეებზე გვესაუბრა და არა - მის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე. ამბობს, რომ მის შესახებ უკვე ყველამ ყველაფერი იცის და არ სურს, მის საყვარელ და ერთგულ მაყურებელს, მსმენელსა თუ მკითხველს, თავი მოაბეზროს. სიახლეები ყოველთვის იყო და, რა თქმა უნდა, არც ახლაა ნაკლები.

- ქალბატონო ნანა, პირველ რიგში, მოგესალმებით. როგორ ხართ?

- გმადლობ, კარგად, ახლა უკეთესად. ცუდად ვიყავი, ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა და ვაგრძელებ თეატრალურ საქმიანობას, შეძლებისდაგვარად.

- სიახლეებზე მინდა გკითხოთ, რა ხდება თქვენს შემოქმედებაში ამ ეტაპზე?

- მინდა გითხრათ, რომ სპექტაკლები აქტიურად მიმდინარეობს, მეც ყველანაირად ვცდილობ, ფეხი ავუწყო და მონაწილეობა მივიღო. მაგალითად, რუსთაველის თეატრში წელს ერთი პრემიერა შედგა, ხოლო მეორე გახლდათ საბავშვო სპექტაკლი.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ რუსთაველის თეატრში რამაზ ჩხიკვაძისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა, ლეგენდარული მსახიობის დაბადებიდან 95 წლის იუბილე შედგა. წილად მხვდა დიდი ბედნიერება, რომ მასთან ერთად ვიდექი სცენაზე, შვიდ სპექტაკლში ვითამაშეთ ერთად. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ჩემთვის მისი ბოლო სპექტაკლი, რომელიც გახლდათ ავთანდილ ვარსიმაშვილის „სიკვდილის როკვა“. რამაზ ჩხიკვაძე არის მოვლენა ქართულ თეატრში და ვამაყობ, რომ მისი უშუალო პარტნიორი ვიყავი წლების განმავლობაში. იმ საღამოზე, რომელიც მე ვახსენე, ჩვენ გავაცოცხლეთ ეს სპექტაკლი, რა თქმა უნდა, რამაზის გარეშე. მე დავიწყე მონოლოგი და ეკრანზე გააცოცხლეს რამაზი, რომელმაც დაასრულა სიტყვა.

გარდა ამისა, 28 თებერვალს თელავში რამაზის დაბადების დღეზე ჩავდივართ სწორედ ამ სპექტაკლით. ამ ყველაფრის ორგანიზება მისმა შვილიშვილმა - უმცროსმა რამაზ ჩხიკვაძემ ითავა. გარდა ამისა, სულ ახლახან, 4 თებერვალს, სამტრედიაში ვიყავით სპექტაკლით და გავიხსენეთ ბატონი ეროსი მანჯგალაძე. მის პატივსაცემად ჩატარდა საღამო, რომელსაც გაუძღვა ბატონი ნიკოლოზ წულუკიძე, რომლის თაოსნობითაც მოხდა ეს ყოველივე. კარგია, რომ ასეთი, მართლაც ლეგენდა ადამიანების გახსენება ხდება. მეტსაც გეტყვით, საჭიროცაა, რადგან ახალგაზრდა თაობამ იცოდეს თავიანთი წარსული.

- სამომავლო გეგმებზე, რას გვეტყვით?

- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვფიქრობთ, ავთანდილ ვარსიმაშვილის თავისუფალ თეატრში აღვადგინოთ სპექტაკლი სახელწოდებით - „სკანდალური დღიური“.

რაც შეეხება განსაკუთრებულ და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეს, ეს გახლავთ პრემია, რომელიც გადმომეცა - კერძოდ, მარჯანიშვილის თეატრის პრემია, რაც ძალიან დიდი მოვლენაა მსახიობის ცხოვრებაში.

სულ ეს იყო ჩემს შემოქმედებაში არსებული სიახლეები და სამომავლო გეგმები. მინდა გითხრათ, რომ ჩართული ვარ თეატრალურ საქმიანობაში და მიძინებული არ ვარ. მართალია, ძალზედ აქტიურად - არა, რადგან ახლა უფრო მეტად სიწყნარე მინდა, ვიდრე აქტიურობა. ჩემს წარსულსა და ახალგაზრდობას რაც შეეხება, ეს უკვე ყველამ იცის, იმდენჯერ მოვყევი, შესაბამისად, არ მსურს, მაყურებელს, მკითხველსა თუ მსმენელს თავი მოვაბეზრო.

მარიამ ჭანტურია (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ, რას ჰყვებოდა ნანა ფაჩუაშვილი ინტერვიუში, რომელიც ინახება "კვირის პალიტრის" არქივში:

"...მეგობრები ანცს მეძახიან, რადგან მიყვარს ისეთი რამეების კეთება, რაც ჩემს ასაკს აღარ შეეფერება. მაგალითად, საჭესთან შეუფერებელი საქციელი მაქვს... არ მინდა, გარკვეული წლები ისე გავატარო, რომ დეპრესიული ვიყო", - ამბობს ცნობილი მსახიობი, ცოცხალი ლეგენდა ნანა ფაჩუაშვილი. წაიკითხეთ ვრცლად - "მას უფრო ვუყვარდი, ზოგჯერ ვფიქრობდი: ასეთმა ჭკვიანმა, ლამაზმა და გამორჩეულმა კაცმა რა ნახა ჩემში-მეთქი"