ნავალნის დასასრული: სიკვდილი „პოლარულ მგელში“ - რა მოხდა გამოსასწორებელ კოლონია #3-ში:ლიკვიდაცია თუ ბუნებრივი სიკვდილი?!
კრემლის ბინადარ ვლადიმირ პუტინის შიდაოპოზიცია, ფაქტობრივად, განადგურებულია. ალექსეი ნავალნი, რომელსაც პერსპექტივაში, მეტ-ნაკლებად შეეძლო რეჟიმთან ბრძოლა, საპროტესტო აქციების ორგანიზება, კოლონიაში გარდაიცვალა.
რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ნავალნი ციხის ეზოში სეირნობისად მოულოდნელად ცუდად გახდა, გონება დაკარგა და გარდაიცვალა. რუსი ოპოზიციონერი გამოსასწორებელ კოლონია #2-ში იხდიდა, რომელსაც „პოლარულ მგელს“ და „ტროიკასაც“ უწოდებენ. კოლონია პოლარული წრის იქით მდებარეობს, იამალო-ნენეცკის ავტონომიურ ოლქში, დასახლებულ პუნქტ ხარპში. ის 1961 წელს გაიხსნა. მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელია პოლკოვნიკი ვადიმ კალინინი.
კოლონია #3 „წითელ ზონადაა“ ცნობილი, სადაც კრიმინალის გავლენა შეზღუდულია. აქ მთელი მეთოდოლოგია აქვთ, რომ პატიმარს წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც კი დაუკარგონ. ზამთარში იქ მინუს 40 გრადუსია და ათ წუთში შეიძლება იმ ქვეყნად წერილი წაიღო. ზაფხულში კი კოღოების არმიების შემოსევაა. ნავალნი ამ ზონაში ვოლოგდის კოლონიიდან გადაიყვანეს.
მოკლეს თუ ეს ბუნებრივი სიკვდილი იყო?! ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცით, მოწამლეს თუ არა კოლონიაში ნავალნი( ადამიანების ასეთი გზით საიქიოს გასტუმრება პუტინისტური რუსეთის ხელწერაა). თუმცა ნავალნის სიკვდილი ლამის დაპროგრამებული იყო. კერძოდ, შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი 2020 წლის 20 აგვისტოს სასტუმროში „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ის ოთხი წლის წინ, პრინციპში, მკვდარი უნდა ყოფილიყო. კერძოდ, ნავალნი ცუდად თვითმფრინავში გახდა და ძალიან დაემთხვა ერთმანეთს ეკიპაჟის სასწრაფო რეაგირება და ქალაქ ომსკის ექიმების ასევე ოპერატიული მუშაობა.
ნავალნის მსგავს ფიგურების ლიკვიდაციის ოპერაციები არ ტარდება პირადად პუტინის მითითებისა ან თანხმობის გარეშე. ოთხი წლის წინ რუსი ოპოზიციონერი გადარჩა. ის ბერლინში გადაიყვანეს და ძლივს დააყენეს ფეხზე. თუმცა ნავალნიმ რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა. მას ეუბნებოდნენ, არწმუნებდნენ, სთხოვდნენ - არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომლის ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებით „ნოვიჩოკით“ დაგდევენ. თუმცა ნავალნიმ არ გადაიფიქრა...
სავარაუდოდ, ნავალნის გათვლა ჰქონდა იმაზე, რომ მისი ლიკვიდაციის ჩაშლის შემდეგ, პუტინი დიდ საერთაშორისო სკანდალს მოერიდებოდა და ბოლოს და ბოლოს „მეორედ აღარ მოკლავდა“. გარდა ამისა, მას ჰქონდა დიდი პოლიტიკური გეგმები და შესაბამისად, საზღვარგარეთ დარჩენით ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა - საზღვარგარეთ მყოფი პოლიტიკოსის მოღალატედ გამოცხადება უფრო ადვილია პუტინის პროპაგანდის მიერ.
2021 წლის 17 იანვარს ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა, სადაც აეროპორტიდანვე აიყვანეს. რუსი ოპოზიციონერისთვის ერთ წელიწადში ის შეიცვალა, რომ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და შესაბამისად, პუტინმა ფეხებზე დაიკიდა საერთაშორისო არენაზე კეთილშობილი სახით პოზირება. ამიტომაც სულაც არ არის გამორიცხული, რომ დიახ, რომელიღაცა მომწამვლელი ნივთიერებით კოლონიაში ნავალნი მოკლეს. მეორეც - აუცილებელი არ არის, ადამიანი პირდაპირი ჩარევით მოკლა. მას შეგიძლია შეუქმნა ისეთი პირობები, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეს ლეტალურ შედეგს.
ყოველ შემთხვევაში, ნავალნის სიკვდილი პუტინის მესიჯია, პირველ რიგში, რუსეთის მოსახლეობისთვის - „სხვაგვარად მოაზროვნეები“ ცუდად დაამთავრებენ, ვინც არ უნდა იყოთ თქვენ და რომელი პოლიტიკური წრეებიც არ უნდა გგულშემატკივრობდნენ.
თუ რატომ ეშინოდა პუტინს მაინცდამაინც ნავალნის, ეს სხვა სტატიის თემაა.