"პუტინისთვის ცოცხალი ნავალნი საფრთხე და გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო" - კვირის პალიტრა

"პუტინისთვის ცოცხალი ნავალნი საფრთხე და გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო"

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთში ხშირად აქტივისტების სიკვდილით მთავრდება. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ჟურნალისტების, პოლიტიკოსების თუ საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანების სია წლიდან წლამდე იზრდება. მოსკოვში მოკლეს ბორის ნემცოვი, ანა პოლიტკოვსკაია, დიდ ბრიტანეთში მოწამლეს და ამის შედეგად მოკლეს ალექსანდრ ლიტვინენკო. საწამლავით სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ მამა-შვილი სერგეი და იულია სკრიპალები დიდ ბრიტანეთში და ა.შ. ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სიკვდილს ორჯერ გადაურჩა... სამწუხაროდ, 16 თებერვალს დღის მეორე ნახევარში გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია - რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა. უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის გადარჩენა ვერ შეძლეს. სიკვდილის მიზეზი ჯერ უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ის სიკვდილამდე სწორედ კრემლის ავტორიტარულმა პოლიტიკამ მიიყვანა. ნავალნი სრულიად აბსურდული ბრალდებებით, პოლიტიკური ნიშნით აღმოჩნდა ციხეში, თანაც ერთ-ერთ ურთულეს კოლონიაში იყო გამწესებული. ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა X-ით დაადასტურა ალექსეი ნავალნის სიკვდილი და გაავრცელა მოკლე ცნობა, რომელშიც ვკითხულობთ: "ალექსეი ნავალნი მოკლეს". ცივილიზებული სამყარო მწუხარებით ეხმაურება მომხდარს და პირდაპირ თუ ირიბად პუტინის რეჟიმს ადანაშაულებს. გაიმართა აქციები რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ, სადაც კრემლის ავტორიტარული პოლიტიკა გააპროტესტეს. "პუტინი და მისი მთელი გარემოცვა აუცილებლად აგებენ პასუხს იმისთვის, თუ რა უქნეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს", - განაცხადა გარდაცვლილი ოპოზიციონერის მეუღლემ იულია ნავალნაიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. სწორედ მომხდარზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

- ნებისმიერ შემთხვევაში, ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლია, იმის მიუხედავად, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა თუ მოკლეს. ვფიქრობ, ამის გარკვევა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება, რადგან კრემლის რეჟიმი რასაც უნდა, იმას იტყვის, და ექსპერტიზის ისეთ დასკვნას დადებს.ერთი შეხედვით, პუტინს თითქოს არც აწყობდა ციხეში ნავალნის ლიკვიდაცია, რამაც დიდი აღშფოთება და საპროტესტო აქციები გამოიწვია რუსეთში თუ მის ფარგლებს გარეთ, ასევე რუსეთის ისედაც მიწასთან გასწორებული საერთაშორისო იმიჯი კიდევ უფრო მეტად გააჩანაგა, გააჩინა კიდევ მეტი არგუმენტი რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ, როგორც ამბობენ "Умом Россию не понять". არავინ იცის, როდის რას მოიმოქმედებენ. არ არის გამორიცხული, პუტინისთვის ცოცხალი ნავალნი საფრთხე და გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო, მით უფრო უკრაინასთან ომით შექმნილ ძალიან არასახარბიელო ვითარებაში, თანაც მომავალი არჩევნების გათვალისწინებით. ნავალნი იყო ძლიერი პოლიტიკური ფიგურა და მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთშიც და მის გარეთაც.

75f9a931-f86b-41fb-8f1f-6a4905a174cd-1708255214.jpg

ამას წინათ პუტინი სერიოზული სახით ლაპარაკობდა და კიცხავდა დასავლეთს ასანჟის ციხეში გამოკეტვის გამო, ისე, თითქოს თვითონ უარესის გამკეთებელი არ იყოს და პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავდეს, თან ამ ყველაფერს ისე უტიფრად ამბობდა.

ასეა თუ ისე, პუტინისთვის ნავალნი ნამდვილად გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო, ამიტომ ვერც ერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ - შეიძლება ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და შეიძლება მოკლეს კიდეც.

მოსკოვი დასავლეთის პროვოცირებას სხვადასხვა გზით მუდმივად ცდილობს. რომ გადახედოთ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას, ნახავთ, რა ინტრიგებს ხლართავს კრემლი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად ქვეყანა ურთულეს მდგომარეობაშია, საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის ხარჯზე მაინც ცდილობენ იაქტიურონ სამხედრო ჩარევით თუ პოლიტიკურად მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ასე რომ, პუტინის რეჟიმისგან არც გასაკვირია რამე და არც მოულოდნელი.

- ცნობილია, რომ 2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ციმბირის ქალაქ ომსკიდან, სადაც მან ოპოზიციის კანდიდატებთან ადგილობრივ არჩევნებამდე შეხვედრა გამართა, მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ავარიულად ომსკში დაეშვა. ალექსეი ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 2020 წლის 22 აგვისტოს, ომსკის საავადმყოფოს ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად, კომაში მყოფი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. მალევე გერმანიის მთავრობამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც, ნავალნი "ნოვიჩოკის" ნერვული აგენტით იყო მოწამლული. ამ ყველაფრის მიუხედავად, 4-თვიანი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ, ის მაინც დაბრუნდა რუსეთში, რაც მისთვის საბედისწერო გამოდგა. ის მშვენივრად იცნობდა, პუტინის მართვის სტილს, იცოდა რა სასიცოცხლო საფრთხის წინაშე შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, თუმცა მაინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. იყო თუ არა ეს შეცდომა?

- რთული სათქმელია, იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა, ეს შეიძლება ვინმემ შეცდომად მიიჩნიოს, მაგრამ საქმე ის არის, ნავალნის დასავლეთში დარჩენა, რუსეთში მისი პოლიტიკური რეიტინგიდან აღარაფერს დატოვებდა. ის ვეღარ იქნებოდა ისეთი დონის პოლიტიკური მოთამაშე, როგორიც სურდა ყოფილიყო. ნავალნი იყო ამბიციური და ემოციური ადამიანი. მაგალითად, მისგან 2008 წლის ომის შეფასება უფრო ემოციური იყო, ვიდრე პოლიტიკიდან გამომდინარე და პრაგმატული. მას სურდა ყოფილიყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, პიედესტალზე... ეს იქნებოდა ციხეში თუ მის გარეთ, მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა სურდა. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა განაპირობა მისი სამშობლოში დაბრუნება.

36209ce8-264c-45d5-90ff-ca830fbdbb45-1708255214.jpg

დაახლოებით იგივე ნაბიჯი გადადგა სააკაშვილმაც, თუმცა ნავალნისგან განსხვავებით, მასზე ამბობენ, რომ თითქოს მოატყუეს. ნავალნი არავის მოუტყუებია, მან ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა, რადგან სურდა რუსეთში პოლიტიკური პროცესების ცენტრში ყოფილიყო, ეს კი დასავლეთიდან არ გამოვიდოდა. მისი რუსეთში ჩასვლა რუსეთის ხელისუფლებისთვის მძიმე მორალური დარტყმა იყო, ერთგვარი გამოწვევა, ჩვენება, რომ არ ეშინოდა რეჟიმის, რომ გაბედა და ჩავიდა რუსეთში სასიცოცხლო საფრთხის დროსაც. ეს ანტისახელისუფლებო წრეებში ძალიან დადებითად შეფასდა, მის გარშემო დაიწყო საპროტესტოდ განწყობილი ადამიანების კონსოლიდაცია. სხვაა, რომ მათ ვერ შეძლეს უფრო სერიოზულად მოქმედება.

- რას შეცვლის მისი გარდაცვალება რუსულ პოლიტიკაში?

- ნავალნი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებში და ჩემი აზრით, მომხდარი ამ ახალგაზრდულ ენერგიას უფრო რადიკალურს გახდის, თუმცა ამ პროცესების მეთაური ჯერ არ ჩანს. ნავალნი მეტად საინტერესო და წინააღმდეგობრივი ფიგურა გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ ის აღიქმებოდა დასავლური, ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობების ფლაგმანად, ასევე იყო ნაციონალისტი. ეს უცნაური მოვლენა იყო. მათშიც კი, ვინც მემარჯვენე პოზიციაზე დგანან რუსეთში, ე.წ. ტრადიციონალისტებშიც კი იწვევდა პატივისცემას, მიუხედავად იმისა, რომ მათი მტერი იყო.

- რუსეთ-უკრაინის ომზეც მინდა ვისაუბროთ. 17 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა ძალებმა დატოვეს ქალაქი ავდეევკა, რომლისთვის ბრძოლაც გასული წლის ოქტომბრიდან ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა. რუსეთმა როგორც სამხედრო ტექნიკა, ისე დიდი ცოცხალი ძალა დაკარგა ამ ბრძოლებში, დიდია უკრაინის დანაკარგიც...

- ამ ომის ერთ მიმართულებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება - ეს არის რუსეთის ცდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები უკრაინული ძალებისგან გაწმინდოს საბჭოთა კავშირის რუკის მიხედვით არსებული საზღვრების ფარგლებში და სრულად დაამყაროს კონტროლი უკრაინის ამ ორ რეგიონზე. ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ კრემლის დიდი მიზნები უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის თაობაზე წარსულს ჩაჰბარდა.

5227b93f-7c38-428c-8b74-f7b89a542ec6-1708255214.jpg

ავდეევკის საკითხიც სწორედ ამ თემაშია განსახილველი. ეს პატარა ქალაქი შედის დონეცკის ოლქში, ამიტომ ცდილობდნენ მის აღებას რუსები თავგამოდებით, ამდენი ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეწირეს ამას. რაც შეეხება უკრაინელებს, არც მათი დანაკარგია ცოტა. მიმაჩნია, რომ შეიძლებოდა ამ ქალაქის პოზიციურად უფრო ადრეც დათმობა. ამის ნაცვლად ავდეევკაში ელიტური ნაწილი შეიყვანეს, რასაც, ჩემი აზრით, შეეწირა ზალუჟნი, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არ იყო სამხედრო ხელმძღვანელობის შეცდომა, უფრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაჟინებული მოთხოვნის შედეგი მგონია. მანევრული ომის შემთხვევაში, ჩემი აზრით, უკრაინელებს შეეძლოთ უკეთესი მდგომარეობით გამოსულიყვნენ ამ კონკრეტული დაპირისპირებიდან.

ამ ომში ყველაფერი ჯერ წინაა და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, როგორ მოიქცევა დასავლეთი. დღეს გერმანელები შოლცის ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებენ, რომ მდგომარეობა შეინარჩუნონ. ამერიკის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა კი ლამის პოლიტიკურ კონიუნქტურას გადააყოლოს უკრაინის დახმარება. ახლა კიდევ დასვენება გამოაცხადა კონგრესმა, რაც უკრაინის დახმარების საკითხის გადაწყვეტას უფრო გააჭიანურებს.

რესურსების ომის პრობლემა აქვთ უკრაინასაც და რუსეთსაც, და თუ დროულად არ გადაწყდა უკრაინის მასშტაბურად დახმარების საკითხი, მაშინ პროცესები დასავლეთისთვის ძალიან ცუდად შეიძლება წარიმართოს.

cd004fe8-0fed-4a6d-a166-1815e4fd1bc4-1708255214.jpg

კი, რუსეთში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. შეიძლება ეს ჯერ კიდევ არ იგრძნობა ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც მოსკოვი და პეტერბურგია. თანაც კრემლი პროპაგანდით ყველაფერს აკეთებს ფასადის შესანარჩუნებლად, მაგრამ დანარჩენ რუსეთში როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და მორალურად უმძიმესი ვითარებაა. სხვადასხვაგვარი განწყობაა, მაგალითად, პეტერბურგსა და ციმბირში. პერიფერიებში ხალხს ძალიან უჭირს, ლამის გათბობისა და საკვების პრობლემა უდგათ, მაგრამ რუსი ხალხი მაინც მხარს უჭერს პუტინს, ეს კი რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა და შექმნა დასავლეთისგან მტრის ხატი. რუსებს დღეს აქვთ განწყობა, რომ მთელი მსოფლიო მათ უპირისპირდება.

- ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით აფხაზების უკმაყოფილებამ რუსეთი გააღიზიანა. ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ გაავრცელა: "არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო ნოტა მიიღო. კანონში ცვლილებები (რატიფიკაციის შესახებ), რომელიც სახელმწიფო აგარაკების მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს, ვიღაც ძალიან კონკრეტულს არ აწყობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს. ეს ინფორმაცია არც ვებგვერდზე და არც ტელეგრამზე არ არის ხელმისაწვდომი", - დაწერა მან სოციალურ ქსელში. როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოს აქვს ბერკეტები, რომ აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე რამენაირად იმოქმედოს?

- თქვენი კითხვის ბოლოდან დავიწყებ და გეტყვით, რომ აქვს... სამწუხაროდ, ყველაფერს ვერ ვიტყვი. რაც შეეხება ბიჭვინთის აგარაკებზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს მართლაც აფხაზი საზოგადოების ზეწოლის შედეგია. დღეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ცაიტნოტში არიან. რუსეთს ჰყავს აფხაზეთში წარმომადგენელი, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, რომელიც ვეღარ "ქაჩავს"... თავიდან აფხაზი საზოგადოების ერთი ნაწილი თბილად შეხვდა მის ჩამოსვლას, როგორც ცნობილი გვარის წარმომადგენელსა და განათლებულ ახალგაზრდას, მაგრამ დღეს მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია. ასე რომ, რუსული პოლიტიკა ვერ მუშაობს ისე, როგორც კრემლს სურს. მათ სურთ კოლონიასთან ჰქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ ასე არ გამოდის. კოლონია არის ე.წ. სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთში კი სხვა ვითარებაა... ვფიქრობ, ამ ნოტას აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური სანქციები და ტრანშების დამუხრუჭება. აფხაზეთში ენერგეტიკის პრობლემები ისევ მწვავედ დგას. ტყუილად კი არ იყო ამას წინათ ერთ-ერთი აფხაზი მაღალჩინოსანი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული და ცდილობდა ეს პრობლემები ჩვენი დახმარებით მოეგვარებინა.რუსებს აფხაზების პოზაში დგომა მოჰბეზრდათ, ხომ ხედავთ, ძებნაც კი გამოაცხადეს ახრა ავიძბაზე, რომელიც რუსეთის გმირია. ავიძბა სრულად პრორუსია, მაგრამ ის, რასაც აკეთებს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე, რუსებს ყელში ამოუვიდათ - ბანდიტიზმსა და ფულის შოვნაზეა გადასული. ისინი ფიქრობენ, ეს ურჩი აფხაზები უნდა დავსაჯოთ, ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური პროექტები კი განვახორციელოთო.

იმის თქმა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, არ შეიძლება, მაგრამ საკითხავია, რამდენად შედეგიანად. უკვე რამდენი ხანია ვამბობ, რომ საქართველომ რბილი ძალის აქტიურად გამოყენება უნდა დაიწყოს. ეს იქნება სოციალური ქსელები, საინფორმაციო სივრცე, სხვადასხვა ტიპის ყოფილი თუ ახალი კავშირები, მათ შორის ეკონომიკური თუ ადამიანური, თან ეს ყველაფერი უნდა მუშაობდეს სისტემურად. ძალიან კარგად მუშაობს ჯანდაცვის სისტემის პროექტები, მაგრამ საკმარისი არ არის. საჭიროა უფრო მეტი მიმართულებით აქტიურობა.