“არ უნდა დაიხუროს ადგილი, სადაც ასე გვეღუპებიან შვილები? ვერ დავიჯერებ, რომ იქ ძალოვნებს არ ჰყავთ თავიანთი თანამშრომლები და არ იციან, შიგნით ვინ რას ყიდის და რა ხდება“
მამა შალვა: „ადგილი, სადაც ასე გვეღუპებიან შვილები, არ უნდა დაიხუროს? ვერ დავიჯერებ, რომ იქ ძალოვნებს არ ჰყავთ თავიანთი თანამშრომლები და არ იციან, შიგნით ვინ რას ყიდის და რა ხდება. დიახ, ყველაფერი იციან! ელენეს გარდაცვალების საქმეზე ხომ მიდის გამოძიება, აღძრულია საქმე და ნახავთ, არავის არ დააკავებენ...“
რამდენიმე დღის წინ კლუბ "ბასიანთან" მამა შალვა კეკელიამ მრევლთან ერთად პარაკლისი გადაიხადა. სწორედ ამ კლუბში გახდა ცუდად ახალგაზრდა მოდელი და მალევე გარდაიცვალა...
დეკანოზი შალვა კეკელია შეშფოთებულია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რაოდენობითაც და ხელისუფლებას მოუწოდებს მკაცრი კანონები აამოქმედოს და ქვეყნის ამ ორ დიდ პრობლემას მიხედოს.
- უკვე წლებია ვხედავთ, რა საგანგაშო მდგომარეობაა. თითქმის არ დარჩენილა ოჯახი, რომელსაც არ შეეხო ლუდომანია და ნარკომანია. კლუბური ნარკოტიკით ახალგაზრდების გარდაცვალების უამრავი შემთხვევაა. თითქმის ყოველდღე ვისმენთ ასეთ ტრაგედიებს. ყველა ხედავს, რომ კლუბებში თავისუფლად იყიდება ნარკოტიკი, მაგრამ ამაზე არავინ რეაგირებს. ჩემთან ტაძარში ბევრი ადამიანი დადის, რომელიც კლუბებში დადიოდა და ახლა აღარ დადის. ისინი ამბობენ, რომ კლუბში თავისუფლად იყიდება კოკაინი, ბიო და სხვა ნარკოტიკი. ბიოს, კოკაინს ყველა ვერ ყიდულობს, მაგრამ ყიდულობენ და იღებენ ამფეტამინს, რომელსაც ხშირად მოსდევს უმძიმესი შედეგი, დამოკიდებული ხდები და ვერაფრით გამოდიხარ მდგომარეობიდან... ხშირია თვითმკვლელობის შემთხვევებიც. რა ვქნათ, გავჩუმდეთ?! ამბობენ, მამა შალვა ახალგაზრდებს უკრძალავს გართობასო. წარმოიდგინეთ, ასე შეფუთეს. აქ გართობასა და ცეკვა-სიმღერაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ იმაზე, რომ გვეღუპებიან ადამიანები. ახლა უნდათ კლუბური ნარკოტიკი გამოყონ სხვა ნარკოტიკისგან და გაიძახიან, კლუბურ ნარკოტიკს ნარკოტიკი არ უნდა ეწოდებოდესო. აქამდეც კი მიჰყავთ საქმე. ეს საშინელებაა!
მე ყოველ პარასკევს ტაძარში ვიხდი პარაკლისს ლუდომანიასა და ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ახლა იძულებული გავხდი გავსულიყავი კლუბ "ბასიანთან", იქ ჩამეტარებინა და ასე გამომეხატა პროტესტი, ასე მაინც მიმექცია ჟურნალისტების ყურადღება, რათა ხმა აიმაღლონ ამ პრობლემაზე. ჩვენ კლუბში შესვლა არავისთვის არ აგვიკრძალავს. პარაკლისი გადავიხადეთ, ჩვენი სათქმელი ვთქვით და დავიშალეთ.
- ხშირად გვესმის, რომ ქვეყანაში მკაცრი ნარკოპოლიტიკაა, არადა, მართლა ბევრი შემთხვევაა, როცა კლუბური ნარკოტიკებით ადამიანები იღუპებიან. "სასწრაფოს" ექიმები ამბობენ, რომ ღამით უამრავ ასეთ ადამიანთან უწევთ გამოძახებაზე მისვლა. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?
- არ არის ნარკოპოლიტიკა მკაცრი. პირიქით, ისეთი კანონი მიიღეს, რომელიღაც ნარკოტიკები დაუშვეს კიდეც. რაც ეს კანონი მიიღეს, ამ 5 წელში უფრო გამწვავდა ვითარება. ჩვენ ამას მაშინაც ვაპროტესტებდით და არ მოგვისმინა სახელმწიფომ. ახლა უფრო გამარტივებას აპირებენ. ნარკოლიბერალიზაციას შედეგი არასდროს მოუტანია. "გირჩი" და მისთანანი გაიძახიან, ასე ხდება სხვა ქვეყნებშიო. აბა, მიდით და მოითხოვეთ სტატისტიკა და ნახავთ, რამდენი ადამიანი ჩამოასვენეს ამერიკიდან სწორედ ნარკოტიკების გამო გარდაცვლილი. ამერიკასა და ევროპაში რომ დაიღუპნენ ჩვენი მოქალაქეები ნარკოტიკებით, ამის სტატისტიკა ხომ აქვს ხელისუფლებას. დღე არ გადის, ერთი მიცვალებული არ ჩამოასვენონ ამერიკიდან ნარკოტიკით გარდაცვლილი. იქ ხომ არის ლიბერალიზაცია და ეს თუ კარგია, რატომ იღუპებიან მაშინ ადამიანები?! აქაც იგივე უნდათ მოხდეს?! ეს არ უნდა დავუშვათ. არც ის არის სწორი, სააკაშვილის დროს მათ რომ აკავებდნენ და ხოცავდნენ საპყრობილეებში, შუალედია დასაჭერი.
- თქვენი აზრით, უნდა დაიხუროს თუ არა "ბასიანი" და მსგავსი კლუბები?
- წლებია "ბასიანის" და საერთოდ, კლუბების პრობლემაა. შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ მწარე რეალობა. შაბათ დილით 6-7 საათზე გამოდით ქუჩაში და ნახავთ, კლუბების მიმდებარედ ჩვენი ახალგაზრდები ქუჩაში როგორ წვანან. აი, ეს არის კლუბური ნარკოტიკის შედეგი, იქიდან გამოსულები გარეთ იხოცებიან. კლუბების მეპატრონეები ამბობენ, ჩვენთან არავინ კვდებაო. იქიდან გამოსული რომ კვდება, ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ? ამფეტამინის მიღების შემდეგ ამდენი ადამიანი რომ შეიშალა და მძიმე ფსიქიკური პრობლემა აქვს, ეს არაფერია? ახლახან ახალგაზრდა მომიყვანეს, რომელმაც მხოლოდ ერთხელ მიიღო კლუბ "ბასიანში" ამფეტამინის შემცველი ნარკოტიკი და ფსიქიკა შეერყა. წარმოიდგინეთ, ერთი მიღებით რა დაემართა! დაჰყავს ახლა ოჯახს ტაძარში პარაკლისზე, რადგან მეტყველებაც დაეკარგა, ჯანმრთელობა შეერყა...
- მამაო, ბევრი ვერ ახერხებს ამ პრობლემის დაძლევას. თქვენთან დადიან ისეთებიც, რომლებმაც შეძლეს თავის დანებება?
- დიახ. მყავს ცოლ-ქმარი, რომლებიც ერთ დროს კლუბ "ბასიანში" დადიოდნენ. მათ 4 შვილი ჰყავთ. საბედნიეროდ, ცოლმა გააცნობიერა, რა საფრთხის წინაშე იდგა და დაანება თავი კლუბში სიარულს. ამბობს, რომ თვე-ნახევარი მოიხმარდა კლუბურ ნარკოტიკებს, შემდეგ კი 2 წელი დასჭირდა რეაბილიტაციისთვის. სამწუხაროდ, მისი მეუღლე დღესაც იქ დადის და ნარკოტიკს მოიხმარს. ამის გამო დაინგრა ეს ოჯახი, არადა, მათ უკან 4 ბავშვია.
სულ ვფიქრობ, ნუთუ ინტერესი არავის აქვს, რომ ამაზე საჯაროდ ისაუბროს? არც ერთ ტელევიზიაში ამ თემით არ დაწყებულა საინფორმაციო გადაცემა, თუნდაც იმ ამბით, ელენე რომ დაიღუპა კლუბში.
გახსოვთ, რა ამბები მოჰყვა მაშინ კლუბ "ბასიანში" დაკავებებს? ქუჩაში გამოვიდნენ და ატყდა დიდი ამბები. გიორგი გახარიამ მერე ბოდიში მოუხადა მათ და დაშლისკენ მოუწოდა. მაშინ თქვა, ერთი ადამიანის სიცოცხლეც ძალიან ღირებულია ჩვენთვის და გთხოვთ დავიშალოთო. როცა ერთი ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, იქ, სადაც ამდენი ახალგაზრდა გვეღუპება, როცა ამდენი ახალგაზრდა შედის იმ კლუბში და ვიცით, რომ ჩვენი შვილების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, იმ ადგილას არ უნდა მივიდეთ მთელი ქვეყანა, არ უნდა დავდგეთ ერთად და არ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები? ამაზე არ უნდა ავტეხოთ განგაშის ზარები? ადგილი, სადაც ასე გვეღუპებიან შვილები, არ უნდა დაიხუროს? ვერ დავიჯერებ, რომ იქ ძალოვნებს არ ჰყავთ თავიანთი თანამშრომლები და არ იციან, შიგნით ვინ რას ყიდის და რა ხდება. დიახ, ყველაფერი იციან! ელენეს გარდაცვალების საქმეზე ხომ მიდის გამოძიება, აღძრულია საქმე და ნახავთ, არავის არ დააკავებენ...
- ნარკოლოგები ხშირად ამბობენ, რომ ზუსტი სტატისტიკაც კი არ არის, რადგან როცა ახალგაზრდები კლინიკებში იღუპებიან, დასკვნებში არ მიუთითებენ, რომ ეს გამოწვეული იყო ნარკოტიკული თრობით.
- თუ "კოვიდის" დროს შეგვეძლო ყველაფრის გაკონტროლება და ვითვლიდით ყველა ადამიანს, ახლა რატომ ვერ ვითვლით? ეს ხომ წარმოუდგენელია, ამიტომ ყველამ უნდა ავტეხოთ განგაში, ყველანი უნდა დავირაზმოთ!
- აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვიც ძალიან გაიზარდა. ამ ბიზნესს გასულ წელს 52-მილიარდიანი მოგება ჰქონდა. თითქოს განრიდების პროგრამა ამოქმედდა, მაგრამ მაინც შედიან კლუბებში ან ონლაინ სხვისი პირადობებით თამაშობენ.
- ესეც გადაულახავი პრობლემაა. ხომ მოერია ამას აზერბაიჯანი? როცა ილჰამ ალიევის შვილს შეეხო ეს პრობლემა, ქვეყანაში აკრძალეს სათამაშო ბიზნესი. ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც, როცა ვხედავთ ამდენი ადამიანია ამ წუმპეში და ვეღარ ამოდის. კარგია, რომ 25 წლამდე შეიზღუდა სათამაშოდD შესვლა, განრიდების სიებშიც წერენ ადამიანს, მაგრამ სხვისი ექაუნთებით მაინც თამაშობენ, სხვისი პირადობებით. სარეკლამო აკრძალვებია, მაგრამ სოციალურ ქსელში მაინც ნახავთ რეკლამებს. ისე ტექნიკურად აქვთ გაკეთებული "აჭარაბეთსა" და "კროკობეთს", რომ ჩავხედე, სულ ამომიგდო სლოტები და დავრეგისტრირდი ჩვეულებრივად. ეს კი კანონით აკრძალულია. ხომ იციან, ვინ არის ამ ბიზნესის უკან? რეაგირება რატომ არ არის? მარტო ჯარიმა ამას არ უშველის. ვერ უძლებენ ცდუნებას. ერთმა ახალგაზრდა ქალმა ონლაინთამაშში 3000 დოლარი წააგო. რეკლამა ნახა და კიდევ ითამაშა. ის შვილების დედაა და ამის გამო კინაღამ ოჯახიც დაენგრა. საქართველოში ხომ აკრძალულია ამის რეკლამირება, მაშინ რატომ არის ისევ შეფარული რეკლამები, რომელიც ვიდეოების ყურების დროს ამოვარდება? ამას ხომ ხედავენ? მათ აჯარიმებენ, თუმცა სათამაშო ბიზნესისთვის ეს მიზერული ჯარიმებია. ერთმა ახლობელმა ახლახან 17000 ლარი სესხად გამოიტანა ბანკიდან და სრულად წააგო. ამის გამო ოჯახები კარგავენ ერთადერთ საცხოვრებელს, ქუჩაში რჩებიან.
ისევე როგორც ნარკომანია, ლუდომანიაც დაავადებაა, ქვეყანაში კი არ არის ბევრი სერვისი, რაც სჭირდება მათ მკურნალობას. შენი თანხებით რომ იმკურნალო, ძვირი ჯდება. სად აქვთ ამხელა ფული? სახელმწიფო პროგრამებში ძალიან დიდი რიგებია. ადამიანი მეხვეწება, როგორმე ჩამსვი, მამაო, პროგრამაში, ვიღუპებიო. ვიღაცები ჩავრთეთ, ვიღაცები ვერა. არადა, იმდენი ითხოვს შველას.
- თქვენს განცხადებებს ახალგაზრდების ერთი ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
- ყველას დავლოცავ, ღვთის კურთხევა და სიკეთე არ მოაკლოს მათ ღმერთმა. მათაც ისე ვუყურებ, როგორც ჩემს შვილებს, მათზეც ვლოცულობ. მათ ვეტყვი, რომ ეს გართობა მარადიული ცხოვრების დაკარგვად არ ღირს. ამაზე თვალის დახუჭვა როგორ შეიძლება? ღვთის წინაშე რომ წარვდგები, რა ვთქვა?! ღმერთმა მომცა სიტყვა და ამ სიტყვას ვიტყვი. ბავშვობიდან მინდოდა ჩემი ერის მსახური ვყოფილიყავი. ელენეს 10 მეგობარი ამ ამბის შემდეგ "ბასიანიდან" ჩემთან მოვიდა. ყველა მომხმარებელი არ არის, ზოგი გასართობად შევიდა საცეკვაოდ და არ შეხებია ნარკოტიკს, თუმცა სასმელს სვამენ. როგორც ისინი ამბობენ, თუ თრობის ქვეშ არა ხარ, იმ მუსიკას ვერ მოისმენ. ელენეს მეგობრები ღვთის მადლით წამალდამოკიდებულები არ არიან და უნდათ ცხოვრების წესი შეცვალონ.
ჩვენ კარგი თაობა გვყავს, ჩვენს შვილებს უნდა დავანახოთ, რომ ეს სამყარო თრობის გარეშეც ულამაზესია. ამის დანახვას არ სჭირდება არც ალკოჰოლი და არც ნარკოტიკი. ძალიან მძიმეა მოძღვრისთვის, როცა იგებ, რომ ვიღაცას ვეღარ გაუძლო ფსიქიკამ და თავი მოიკლა. მოდიან მერე შენთან და შენ წესსაც ვეღარ უგებ. მაგალითად, საბურთალოზე ბიჭი რომ დაიღუპა, მან ჯერ ვენები გადაიჭრა, მერე ყელში დანა გამოისვა და მეხუთე სართულიდან გადახტა, მას წესიც ვერ ავუგეთ. რატომ არ უგებთ წესსო, ამაზეც მეკამათებიან ისეთი ადამიანები, ვისაც შეხებაც არა აქვთ ეკლესიასთან. ადამიანის ცხონება-არცხონება ღმერთზეა დამოკიდებული. როცა ადამიანი თავს იკლავს, ის საკუთარი ნებით უარს ამბობს ამ მსახურების ჩატარებაზე, ღვთისმსახურებაზე. ღვთის იმედი არა აქვს და იმიტომ იკლავს თავს. ასე გარდაცვლილის ოჯახს პირადი ლოცვა შეუძლია, მაგრამ პანაშვიდის გადახდა არ შეიძლება. კიდევ ერთს გეტყვით - იმ კლუბებში ვინც ნარკოტიკს არ მოიხმარს და მხოლოდ სასმელს სვამს, მათაც უყრიან რაღაცებს სასმელში. რამდენიმე თვის წინ ერთ გოგონას "ბასიანში" კოქტეილში რაღაც ჩაუყარეს და ისე გაითიშა, არაფერი ახსოვს. ბიჭებმა მთელი ღამით წაიყვანეს სადღაც და მერე ქუჩაში დატოვეს. ამბობს, დილით რომ გავიღვიძე, მთელი სხეული მტკიოდაო. ამაზეც დავხუჭოთ თვალი?ხელისუფლება იმიტომ არსებობს, რომ ჩვენს შვილებს მიხედოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანაში მსგავსი რაღაცები არ ხდებოდეს. ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ეს ერის გენოციდია. ის ახალგაზრდები ჩვენი შვილები არიან. ეს უნდა გაიაზროს მთავრობამ, ოპოზიციამ. ჩვენ დასაღუპავი შვილები არა გვყავს. ლუდომანიასა და ნარკომანიას არ უნდა შევწიროთ ისინი, უნდა მივხედოთ.
P.S. ჩვენ ვცადეთ კლუბ "ბასიანის" წარმომადგენლებთან დაკავშირება, თუმცა ჩვენ სატელეფონო ზარებსა თუ მესიჯებს პასუხი არ გასცეს და საუბარს თავი აარიდეს.