SOS! - სად არის გამოსავალი?!
ექიმი-ნარკოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ნარკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ხათუნა თოდაძე იმ მანკიერებასთან ბრძოლის გზებს გვთავაზობს, რომელმაც საქართველოში უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.
- ჩვენ გვაქვს სამეცნიერო კვლევის შედეგად მიღებული სტატისტიკა, რომელსაც 2009 წლიდან ვახორციელებთ. საქართველოში 2009 წელს 40 ათასი კაცი იყო პრობლემური, ანუ მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელი, 5 წლის მერე 45 ათასზე ავიდა, მერე 52-ზე, ბოლო გამოკვლევით კი ეს რიცხვი 49 ათასზე ჩამოვიდა, რაც შესაძლოა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების დანერგვამაც განაპირობა. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, პრობლემური მომხმარებლების რიცხვმა იკლო იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც ინიექციურად აღარ მოიხმარენ ნარკოტიკს, მაგრამ იყენებენ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ისინი სტატისტიკაში არ შედიან და შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით ამ ტიპის ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა. სავარაუდოდ, მათი რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე პრობლემური მომხმარებლებისა.
მოგეხსენებათ, საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში შესაძლებელია იყოს კულტივირებული მცენარის ის ჯიში, რომელიც ველურადაც იზრდება და შეიცავს გაცილებით ნაკლებ - 1,5%-მდე ნარკოტიკულ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს – THC (იგივე Delta-9 THC). მაგრამ დღეს ბაზარზე არის სელექციის საშუალებით გამოყვანილი ისეთი ჯიშები, რომლებშიც THC 15-20%-ს აღწევს. გარდა ამისა, არსებობს კანაფის ფისი, ზეთი, რომელშიც ტეტრაჰიდროკანაბინოლის რაოდენობა 40 და 60%-ს აღწევს და მათი მოხმარება ძალზე სახიფათოა.
კანაფში, გარდა ტეტრაჰიდროკანაბინოიდებისა, შედის კანაბიდიოლი, რომელსაც აქვს სამკურნალო თვისებები და შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დაავადების, იმავე ეპილეფსიის სამკურნალოდ... თუმცა დღეს კანაფი გართობის მიზნით ნებადართულია ევროპის ბევრ ქვეყანაში, აშშ-ის ბევრ შტატში და მრავლდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისი მოხმარებისთვის კანონმდებლობა შედარებით ლმობიერია. სხვათა შორის, საქართველოც შედის ამ ქვეყნების ჯგუფში, რადგან გარკვეულ რაოდენობამდე კანაფის მოხმარება ჩვენთან არ ისჯება. თუმცა არის სამი ფაქტორი, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ:
1. სხვადასხვა ქვეყანაში გამოიკვლიეს ადამიანები, რომლებიც ბავშვობის (მოზარდობის) ასაკში იწყებდნენ მარიხუანას მოხმარებას, და იმავე პოპულაციის პირები, რომლებიც საერთოდ არ მოიხმარდნენ კანაფს. გაირკვა, რომ კანაფის აქტიური მომხმარებელი ახალგაზრდების ინტელექტუალური მონაცემები 8 ქულით დაბალია მათზე, ვინც მას საერთოდ არ მოიხმარს;
2. დადასტურებულია, რომ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ გარკვეული მიდრეკილება ფსიქიკური დაავადებებისკენ, ან მოწყვლადები არიან ფსიქიკური დაავადებების მიმართ, კანაფის მოხმარება შესაძლოა იქცეს გამშვებ მექანიზმად, რომლის ფონზეც წარმოჩნდება ესა თუ ის ფსიქიკური დაავადება;
3. მარიხუანას ხანგრძლივი და რეგულარული მოხმარება იწვევს დამოკიდებულებას, რაც გამოიხატება პირველ რიგში ფსიქიკურ დამოკიდებულებაში. ჯერ იწყება ჯგუფური ფსიქიკური დამოკიდებულება - მოხმარების ლტოლვა უჩნდებათ ჯგუფში, სადაც მიჩვეული არიან მის მიღებას, შემდეგ იწყება ინდივიდუალური ფსიქიკური დამოკიდებულება, როდესაც მარტო ეწევიან. წლების შემდეგ მათ ფიზიკური დამოკიდებულება უყალიბდებათ და კანაფის მოწევის შეწყვეტის შემდეგ იწყება აღკვეთის სინდრომი (ე.წ. ლომკა). ადრე პოპულარული იყო ე.წ. კარიბჭის თეორია, რაც გულისხმობდა, რომ ადამიანი, რომელიც მოიხმარს მარიხუანას, მერე იწყებს მძიმე ნარკოტიკის მოხმარებას. ზოგ შემთხვევაში ეს მართლაც ასეა, მაგრამ საერთაშორისო კვლევებით აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაც, ისევე, როგორც კანაფის, გარკვეული რისკია იმისთვის, რომ მოწყვლადი ადამიანი შემდგომში მძიმე ნარკოტიკებზე გადავიდეს. ამიტომაც მარიხუანა დღეს აღარ ითვლება ერთადერთ ე.წ. კარიბჭის ნარკოტიკად.
ბოლო წლებში ნარკოლოგიური საზოგადოების დიდი თავსატეხი გახდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებმაც გარკვეული ქიმიური ფორმულის მცირედი მოდიფიცირების შედეგად, ახალი სახე თუ ფორმა შეიძინეს. ისინი არ არის შეტანილი ნარკოტიკების სიაში, მაგრამ ზემოქმედებენ როგორც ცნობილი ნარკოტიკული საშუალებები, ან შესაძლოა მათი მოქმედება კიდევ უფრო ძლიერიც იყოს. ამ ნივთიერებების მთელი პრობლემა ის არის, რომ საერთაშორისო კანონმდებელი ვერ ეწევა მათ სინთეზირებას (ოდნავი შეცვლილი სინთეზირებული ფორმულით ახალი ნივთიერება მიიღება, რომელიც ძველისგან მცირედით განსხვავდება, მაგრამ მას უკვე ახალი სახელი აქვს), ამიტომ ნარკოტიკების სიაში არ არის, თუმცა მერე შედის სიაში და ა.შ. აქედან ორი გამოსავალია:
1. საერთაშორისო ადრეული შეტყობინების სისტემა ყველა ქვეყანაში, რომლებიც მიერთებული არიან ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საერთაშორისო წესებს, მათ შორისაა საქართველოც. თუკი გამოჩნდა რაღაც ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მანამდე არ იყო მოხმარებაში და მის იდენტიფიცირებას ვერ ახდენდნენ, არსებობს ე.წ. ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელშიც ხდება ასეთი საშუალებების კუმულირება და გარკვეული რეაქციის გაცემა;
2. ახალგაზრდებს უყვართ კლუბური ცხოვრება, გართობა და საქართველოში მომხმარებელმა, როგორც წესი, არ იცის დილერისგან რა ნივთიერებას ყიდულობს (ვინაიდან მისი მოპოვება ხშირად ინტერნეტის საშუალებით ხდება). რაც მთავარია, მათ არ იციან შეძენილი ნარკოტიკის შემადგენლობა. შეიძლება მომხმარებელს ეგონოს, რომ ყიდულობს ექსტაზს, რომელიც მთლად მკვლელი ნარკოტიკიც არ არის, თუკი მისი მიღების დროს შესაბამისი ზომები დაიცვა, მაგრამ ყიდულობენ იმ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებიც მათთვის უცნობია, არ იციან, როგორ მიიღონ და... სამწუხაროდ, გვაქვს ლეტალური შედეგები, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
აღმოჩნდა, რომ, არცთუ იშვიათად, ფენტანილი ან სხვა მძიმედმოქმედი ნარკოტიკია შერეული გასართობ საშუალებებში, იმავე ექსტაზიში, რომელსაც კლუბებში იყენებენ იმისთვის, რომ უფრო ხალისიანად იყვნენ, მეტი იცეკვონ, სოციალური ურთიერთობები უფრო მარტივად დაამყარონ. თუმცა იშვიათად, მაგრამ მხოლოდ ექსტაზის გამოყენებასაც აქვს ლეტალური შედეგი, ვინაიდან იწვევს მაღალ ტემპერატურას, ცეკვისა და აქტიური მოძრაობის ფონზე იზრდება ოფლიანობა და ადამიანი სითხეს თუ არ მიიღებს, ყოფილა ჰიპოვოლემიური შოკით გარდაცვალების შემთხვევებიც. თუმცა თანამედროვე კლუბებში იციან რისკები და მომხმარებელს მათ შესახებ აფრთხილებენ. რაც მთავარია, როგორც აღმოჩნდა, ამ ნარკოტიკულ საშუალებებში შერეულია გაცილებით მძიმე ნარკოტიკი, ყველაზე ხშირად ფენტანილი, რომელიც ჰეროინზე 50-ჯერ ძლიერია. როგორც სხვა ქვეყნებში, არც ჩვენთანაა სახარბიელო მდგომარეობა, ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია კარგი პრევენციული პროგრამები, რომლებშიც დახარისხებული იქნებოდა, თუ როგორი ტიპის მოზარდს რა დახმარება სჭირდება.
ნარკოტიკების მოხმარება არ იწყება მაშინ, როცა ადამიანი პირველად მოიხმარს, არამედ უფრო ადრე, როდესაც მას უჩნდება გარკვეული პრობლემები და მათი გადაჭრა არ შეუძლია (შეიძლება იყოს არა მარტო ფსიქოლოგიური, ფიზიკური დაავადებები და ა.შ.), ამიტომ აუცილებელია მშობლებსაც მეტი კავშირი ჰქონდეთ შვილებთან, რათა გაარკვიონ, რა პრობლემის წინაშე დგანან ისინი. როცა ბავშვი ეკითხება მშობელს ან მასწავლებელს, რა არის ნარკოტიკი, რას იწვევს მისი მოხმარება და სხვა, მათ უნდა შეეძლოთ გასცენ სათანადო პასუხი და არა მარტო ის, რომ დაგიჭერენ, მოკვდები და ა.შ. უფროსები კარგად უნდა ერკვეოდნენ საკითხში, რათა მოზარდთან შეძლონ პოზიტიურად საუბარი, ვინაიდან ადრე თუ მოზარდის მთავარი საინფორმაციო წყარო უბანი და უბნის ნარკომომხმარებლები იყვნენ, ახლა ისინი ინტერნეტით და სიკვდილის ქსელად წოდებული დარქნეტის საშუალებით ჩანაცვლდა, სადაც უამრავი რეკლამა, მაცდური სტატიაა ნარკოტიკებთან დაკავშირებით და არ არის გასაკვირი, რომ მოზარდი, რომელიც თავის ადგილს ეძებს სამყაროში, მოხიბლოს ამ ყველაფერმა.
გამოსავალი მრავალმხრივია... ვიცით ტოტალიტარული სახელმწიფოები, მაგალითად, საბჭოთა კავშირი, სადაც მკაცრად იყო აკრძალული ნარკოტიკის მიღება და ამაზე იყო ხანგრძლივი პატიმრობაც. მიუხედავად ამისა, სწორედ 70-იან წლებში ფართოდ დაიწყო გავრცელება ოპიუმის მოხმარებამ (მაშინ ჰეროინი არ შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში). იმხანად ნარკომანია "პრესტიჟულად" ითვლებოდა და 80-იან წლებში ცნობილი და შეძლებული ოჯახის შვილები იყვნენ მომხმარებლები. დღეს ეს გაცილებით მასობრივი გახდა და ვფიქრობ, არც ზედმეტად მკაცრი მიდგომა თამაშობს დადებით როლს. ერთ მაგალითს მოვიყვან: 2007-2008 წლებში მაქსიმალურად შეზღუდეს საზღვარგარეთიდან არალეგალური გზით ბუპრენორფინის შემოტანა. მაშინ ძალიან ბევრი მოიხმარდა ბუპრენორფინს, ამიტომ მაშინდელი მთავრობის სტრატეგია იყო, ამით ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობა შეემცირებინა. ბაზრიდან გაქრა ბუპრენორფინი, შემცირდა ჰეროინის შემოტანა. მართლაც ებრძოდნენ ამ მანკიერებას და ეს კარგი იყო, მაგრამ თუ საპირწონედ ამ ადამიანებს მკურნალობას არ დაუნიშნავ, ან პრევენციულ ზომებს არ გაატარებ (მაშინ მეტადონის პროგრამებში მომხმარებლების რაოდენობა შეზღუდული იყო), ბრძოლას აზრი არა აქვს. ამ სტრატეგიამ მოიტანა ის, რომ ადამიანები გადავიდნენ გაცილებით მავნე ნარკოტიკების მოხმარებაზე, ე.წ. კრაკადილს ხარშავდნენ ("კრაკადილი" რუსეთიდან შემოვიდა), გახშირდა ე.წ. ჯეფისა და ვინტის მოხმარება და მივიღეთ ის, რომ რეალურად გაიზარდა იაფი და უფრო მავნე ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი. ამან უფრო მძიმე შედეგები მოიტანა და დღეს რომ თბილისის ქუჩებში უამრავ დაინვალიდებულ ადამიანს ვხედავთ, ისინი იმ პერიოდის მსხვერპლნი არიან. ამიტომ არ შეიძლება ცალსახად მარტო აკრძალვაზე ვილაპარაკოთ, ეს უნდა იყოს ერთიანი სისტემა, ანუ აკრძალვას მკურნალობა უნდა მოჰყვეს. აკრძალვა აუცილებელია, სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ნარკომანიის გავრცელებას, მაგრამ ამავე დროს უნდა არსებობდეს პრევენცია. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე დამოკიდებულები არიან, უნდა ჰქონდეთ მკურნალობის საშუალება, მათ შორის, უფასო მკურნალობის, ვინაიდან ბევრ ნარკომომხმარებელს არ შეუძლია იმ თანხების გადახდა, რასაც კერძო სამკურნალო ან სარეაბილიტაციო დაწესებულებები ითხოვენ.