"გამოაქვეყნონ "დამალული" დადგენილებები, ახლა ხომ აღარ არის გახარია მათი გუნდის წევრი..."
"არარელევანტურია სააკაშვილისა და ნავალნის ერთმანეთთან შედარება", - ასე აფასებს პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახა ქემოკლიძე ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომ ის და ნავალნი პუტინს ერთნაირად ეზიზღებოდა და ორივე პუტინის პატიმრები იყვნენ. ნავალნის მაგალითის შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისევ მიმართა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და გაათავისუფლოს სააკაშვილი. ნავალნიზე, სააკაშვილზე, პრეზიდენტსა და ოპოზიციაში დაპირისპირებაზე კახა ქემოკლიძე ვრცლად გვესაუბრება.
- პრეზიდენტმა პუტინმა ოპოზიციონერ ნავალნის სასიკვდილო განაჩენი ჯერ კიდევ წლების წინ გამოუტანა, როდესაც სასიკვდილოდ მოწამლა. დღეს მან ჩანაფიქრი აღასრულა. რუსული რეჟიმისთვის ნავალნი დაპატიმრებულიც საფრთხეს წარმოადგენდა და პრეზიდენტმა პუტინმა ის გაანეიტრალა. სამწუხაროდ, ამ ქმედებას რუს საზოგადოებაში ტურბულენტური რეაქცია არ მოჰყვება. დღეს რუსები ცვლილებებისთვის მზად არ არიან, რა იქნება მომავალში, ეს დამოკიდებულია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. რაც შეეხება სააკაშვილს, "ქართულ ოცნებას" მის მიმართ სხვა პატიმრებისგან განსხვავებული, პრეფერენცირებული დამოკიდებულება აქვს. ამას შეგნებულად აკეთებენ, რადგან სააკაშვილი ქართველი საზოგადოების 70%-ისთვის ძალიან ეფექტური საფრთხობელაა და მმართველი გუნდი ამას პოლიტტექნოლოგიურად იყენებს ხელისუფლებაში დიდხანს დასარჩენად. ჩვენ გვაქვს კითხვა "ქართულ ოცნებასთან" - თუ ეს პოლიტიკური ძალა გულწრფელია ხალხთან, რატომ არ ექცევა სააკაშვილს ისე, როგორც ყველა სხვა პატიმრებს?! ჩვენ განსაკუთრებული ზიზღი კი არა გვაქვს პატიმარი სააკაშვილის მიმართ, უბრალოდ, ვაპროტესტებთ, რომ "ქართული ოცნება" ამას ხელისუფლებაში დასარჩენად აკეთებს.
- თქვენი აზრით, გაათავისუფლებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილს?
- ჩემი აზრით, სააკაშვილის შეწყალება საზოგადოებაში უფრო გაამწვავებს დაპირისპირებას, რასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი კარგად ხვდება. "ნაცმოძრაობა" ცდილობს შემოგვასაღოს, რომ სააკაშვილის შეწყალება ევროკავშირის ან საერთაშორისო საზოგადოების დაკვეთაა, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის! საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნაა, რომ მას მოექცნენ ღირსეულად. სააკაშვილის გათავისუფლება მხოლოდ ქართველი საზოგადოების პოლარიზებას კი არ გამოიწვევს, ხალხს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ დარაზმავს. ასე რომ, მისი გათავისუფლება თავად ხელისუფლებას უფრო აწყობს, ვიდრე ოპოზიციას. ქართული ელექტორატის 70%-ს, მათ შორის მათაც, ვინც "ქართულ ოცნებას" მხარს არ უჭერს, არ უყვართ სააკაშვილი, მეტიც, ეშინიათ მისი. სააკაშვილის ციხეში ყოფნის პარალელურად, "ნაცმოძრაობისადმი" ხალხის შიშის ხარისხი დაბლა იწევს, სამაგიეროდ, "ქართული ოცნების" ნერვიულობის ხარისხი მაღლდება. ეშინიათ, რომ წინასაარჩევნოდ სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობისგან" შექმნილი საფრთხობელა საპნის ბუშტივით შემოასკდებათ ხელში და გამოსავალს ეძებენ. მათი შეფასებით, გამოსავალია სააკაშვილის ნებისმიერი ხერხით თუ ფორმით ციხიდან გამოშვება. მმართველ გუნდს ახლა ძალიან სჭირდება ეფექტური საფრთხობელა, ასეთი კი გარეთ გამოშვებული სააკაშვილია. აი, ამაზე ფიქრობენ ახლა ივანიშვილი, კობახიძე და სხვები, რომელთაც ჭკუა მოეკითხებათ "ქართულ ოცნებაში".
- როგორ აფასებთ კობახიძის, როგორც პრემიერის პირველ ნაბიჯებს?
- კობახიძე პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე მეტად მოწყვლადი და დაზიანებული ფიგურაა. ასეთი რომ არ იყოს, მას ივანიშვილი პრემიერად არ დანიშნავდა. რატომ სჭირდება კობახიძე? იმიტომ, რომ მას არა აქვს "პოლიტიკური კუნთების" ათამაშების რესურსი, ადვილად სამართავია. ამას გარდა, ივანიშვილს სჭირდებოდა ახალი ეფექტი საზოგადოებისათვის. თუმცა ჩემი ანალიტიკური აზროვნება მკარნახობს, რომ კობახიძე ვერ გაამართლებს ბატონი ბიძინას მოლოდინს, რადგან მეტისმეტად დაზიანებული ფიგურაა...
- პრემიერ კობახიძის განცხადებებს შორის ყველაზე მეტად ყურადღება მიიქცია კორუფციასთან ბრძოლის შესახებ განცხადებამ.
- არანაირი ბრძოლა არ იქნება. ძალიან მალე ნახავთ, რომ არ გამართლდება საზოგადოებაში შექმნილი მოლოდინი, რაც კორუმპირებული ჩინოვნიკების დაკავებას უკავშირდება. კობახიძის მთავრობა ვერც ერთ მსხვილკალიბრიან კორუმპირებულ ჩინოვნიკს ვერ დააკავებს. ერთი მათგანიც კი რომ დაიჭირონ, ის მეორეზე ალაპარაკდება, მეორე მესამეზე და მესამე მთელ სისტემაზე. დღეს საქართველოს სხეულში პოლიტიკურ კორუფციას მეტასტაზებივით ღრმად აქვს გადგმული ფესვები და მისი ამოჭრა "ქართულ ოცნებას" არ შეუძლია. ასეთი ოპერაციის გაკეთება ახალი ექიმებითა და ახალი ინსტრუმენტებით არის შესაძლებელი. ჩვენც ამის მოლოდინი გვაქვს 2024 წლის არჩევნებისთვის.
- კობახიძემ განაცხადა: "ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია, რომლის მიმართაც ლოიალური იყო გიორგი გახარია".
- საქმეში გამოჩნდება, ვინ რისი გამკეთებელია. იმ განცხადებით, რომლითაც ახლა კობახიძე სპეკულირებს, გიორგი გახარია რეფერირებას კორუფციულ გარიგებაზე კი არ აკეთებდა, არამედ კორონავირუსის კრიზისის დროს საშვების დაშვებაზე საუბრობდა. გულწრფელად გეტყვით, ეს განცხადება ტერმინოლოგიის თვალსაზრისით შეცდომა იყო. ამას ვამბობ როგორც გახარიას მეგობარი და გუნდის წევრი და სხვათა შორის, ამავეს ამბობს თავად გიორგიც. სინამდვილეში, მაშინ ვიღაცის ტენდერსა და ფულის კეთებაზე არ იყო საუბარი, ვიღაცას ვიღაცამ მისცა საშვი, რის შესახებაც იყო კითხვები. დიახ, ეს იყო შეცდომა, რომელსაც ახლა წამდაუწუმ ახსენებენ კონტექსტიდან ამოღებული ფრაზებით. იცით, გახარიას კორუფციასთან ბრძოლა და დამოკიდებულება რით იზომება? მისი და მისი გუნდის წევრების ქონებრივი დეკლარაციებით, შესაძლებლობებით, რა დონეზე შეეძლოთ ამ ადამიანებს ფულის კეთება ტენდერებით, მიწის ნაკვეთების გადაფორმებით ნათესავებზე. არ გეგონოთ, რომ გიორგი გახარიას გარემოცვასა და ნათესავებს არ ჰქონდათ ფულის კეთების შესაძლებლობა. პირადად მე შემეძლო მილიონერი გავმხდარიყავი. დიახ, რომ მომენდომებინა, იმდენ ფულს გავაკეთებდი, ესენი ნულებს ვერ დაითვლიდნენ. სხვათა შორის, ბევრად ხარისხიანადაც შემეძლო, ისე, რომ არც გამოჩენილიყო. თუმცა ეს არც მე და არც სხვას გახარიას გარემოცვიდან არ გაუკეთებია, იმიტომ, რომ პრემიერის დონიდან მოდიოდა ასეთი დაკვეთა. თავის მხრივ, მე ჩემს ქვემდგომებს ვაძლევდი ასეთ დაკვეთას, ისინი სხვებს და ა.შ.
- კობახიძე გვარწმუნებს, რომ მას კორუფციით ერთი თეთრიც არ უშოვია. თქვენ შეგიძლიათ საწინააღმდეგოში დაგვარწმუნოთ?
- კობახიძე იყო "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ტექნიკურ დონეზე, რაც ნიშნავს, რომ კობახიძე განკარგავდა იმ შავ ფულს, რომელიც გროვდებოდა პოლიტიკური კორუფციის შედეგად. ეს რას ნიშნავს? მაგალითად, სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირებული ბიზნესმენი ტენდერს იმ პირობით იგებდა, რომ საკუთარი მოგების მინიმუმ 1/3 ჩაერიცხა "ქართული ოცნების" შავ სალაროში. მე ვსვამ კითხვას - ადამიანი, რომელიც განკარგავდა შავ სალაროს, ათეულობით და ზოგჯერ ასეულობით შავ ფულს ითვლიდა, როგორ შეიძლება ლაპარაკობდეს კორუფციის დამარცხებაზე?! გახარიას შეიძლება ბევრი რამ დააბრალო, თუნდაც "ბასიანი", 20 ივლისის შესახებაც აქვთ კითხვის ნიშნები, მაგრამ ვერაფრით დააბრალებ კორუფციასთან რაიმე სახის კავშირს.
- რას იტყვით გახარიას პრემიერობის დროს გამოუქვეყნებელ სამთავრობო განკარგულებებზე, რომლებზეც, სხვათა შორის, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, მე ასეთი პრაქტიკა დამხვდაო... საგულისხმოა ისიც, რომ კობახიძემ მოინდომა ამ პრაქტიკის შეცვლა. თქვენმა გუნდმა კი გააკეთა ამ საკითხზე განმარტება, მაგრამ თითქოს ეს არ აღმოჩნდა დამაჯერებელი.
- მეათე კლასის მოსწავლე უკეთ იმართლებდა თავს, ვიდრე ღარიბაშვილი. ჩვენი პასუხი მარტივია - რაც გახარიას პრემიერობის დროს გაცემული განკარგულებებია, ყველა გამოაქვეყნონ, არც ერთი არ დამალონ. ამას ასე მყარად იმიტომ გეუბნებით, რომ ზედმიწევნით კარგად ვიცით, რა დადგენილებები მიიღებოდა მთავრობის სხდომაზე და იყო თუ არა დასამალი. ბურთი და მოედანი "ქართული ოცნების" ხელშია, გამოაქვეყნონ "დამალული" დადგენილებები, ახლა ხომ აღარ არის გახარია მათი გუნდის წევრი.
- ახლა აღარ არის, მაგრამ იმხანად იყო და შესაძლებელია არც "ქართულ ოცნებას" აძლევდეს ხელს კონკრეტული განკარგულებების გამოქვეყნება. მაგალითად, დღემდე არსებობს კითხვის ნიშნები ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების მიყიდვის თაობაზე.
- რომელი განკარგულებაც არ გამოქვეყნებულა (იმ მიზეზით, რომ "კოვიდი" იყო და თან ვებგვერდი რეკონსტრუქციის გამო არ მუშაობდა კიბერუსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე), ყველაფერი იდებოდა "საკანონმდებლო მაცნეში". რაც შეეხება ხიდაშელს და რაჭის ტყეებს, ამ საკითხზე ოფიციალური განკარგულება გახარიას გადადგომიდან 9 თვის შემდეგ გამოსცეს. გახარიას არავისთვის არაფერი, მით უფრო ხიდაშელისთვის, არ მიუცია.
- ამ საკითხზე გახარიასთან მხოლოდ "ქართულ ოცნებას" არ გამოუთქვამს პრეტენზია, აქტიურობდა "ლელოც" და საერთოდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ აგრესიული კამპანიითა და ერთმანეთის დისკრედიტაციით არიან დაკავებული.
- ჩვენ გვინდა "ლელომ" მოახერხოს "ნაცმოძრაობისგან" გამიჯვნა და იდენტიფიცირება ოპოზიციურ ველზე. ჩვენ ამ ძალას განვიხილავთ სტრატეგიულ მოკავშირედ, ჩვენი ინტერესები არ არის მისი დაზიანება. სამწუხაროდ, თავად "ლელომ" ვერ გაითავისა, თუ რა არის მისთვის მომგებიანი. არა მგონია, გახარიას დაზიანება ხელს აძლევდეს. ჩვენი მიზანია "ქართულმა ოცნებამ" ისე დაკარგოს ძალაუფლება, რომ "ნაცმოძრაობა" არ მოვიდეს ხელისუფლებაში, რაც ნიშნავს, რომ ერთზეც და მეორეზეც გაბრაზებული ხალხი ჩვენ მივიმხროთ.
- ამისთვის კარგი საშუალება იყო ზურაბიშვილის ინიციატივა "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის", თუმცა თქვენ მხოლოდ იმიტომ თქვით უარი, რომ იქ "ნაციონალებიც" იქნებოდნენ. არადა, გვახსოვს თქვენი და "ნაციონალების" თანამშრომლობა ადგილობრივ არჩევნებში, საკრებულოებში...
- საკრებულოებში "ქართულ ოცნებასთან" ორჯერ მეტად ვითანამშრომლეთ, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობასთან", მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს.
- როგორ არ ლაპარაკობენ, ოპოზიციის ნაწილი დღემდე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ფარული პროექტი ხართ, "ქართული ოცნება"-2".
- მათ არა აქვთ გაცნობიერებული, როგორ უნდა გააკეთო ისე, რომ დააბალანსო ორი რადიკალური ძალა, ერთი არაპროფესიონალი და კორუმპირებული, "ქართული ოცნების" სახით და მეორე - აგრესიული და რევანშისტი "ნაციონალური მოძრაობის" სახით. რაც შეეხება ზურაბიშვილის ინიციატივას, ძალიან ბუნდოვანი იყო. იქ მიდიოდა ისეთი ხალხი, რომელიც აპრიორი ეწინააღმდეგებოდა იმ იდეას, რის ირგვლივაც შეიქმნა ეს პლატფორმა. ამიტომაც მივიჩნიეთ, რომ ამ პროცესში ჩვენი მონაწილეობა უფრო მეტად დააზიანებდა პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ მკაფიოდ ვახდენთ ჩვენს იდენტიფიცირებას პოლიტიკურ ველზე, ჩვენ გვინდა საქართველოს ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ მიუჯდე გვერდით, ვინც სამი თვის განმავლობაში დადიოდა ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო და კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღებას სააკაშვილს უკავშირებდნენ. ამ ხალხთან შეუძლებელია რაციონალური დისკუსია. ჩვენ შევუერთდებით მათ განცხადებებს, არც ხელმოწერა იქნება პრობლემა, თუ დასჭირდებათ, მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით ამ პლატფორმაზე.
ხათუნა ბახტურიძე