"ელისაშვილი არის სულგაყიდული ადამიანი, „ოცნებამ“ იყიდა და როგორც მოუნდება, ისე ათამაშებს"
"ხუთი წელია პრეზიდენტს შეწყალების კომისია არა აქვს. ასეთი ფიქრი გონებაში არც მე გამჩენია, არც საუბარი გვქონია - ვიღაც-ვიღაცებს ცუდი ზრახვები გაუჩნდათ, რის გამოც ცრუინფორმაციის გავრცელება დაიწყეს", - ასეთია ეკა ბესელიას პასუხი ალეკო ელისაშვილის ვერსიაზე, რომ ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალების კომისიის ამოქმედებასა და მის ხელმძღვანელად ეკა ბესელიას დანიშვნას გეგმავს.
- მთელ ამ ისტორიაში ყველაზე არამზადა ალეკო ელისაშვილია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ბევრჯერ იყიდა. საბოლოოდ ვაფრთხილებ, ფრთხილად იყოს, რადგან პასუხს მოვთხოვ ისე, როგორც იმსახურებს. მართლა არ ვიცი, რატომ მოიგონეს და რისთვის დასჭირდათ ასეთი ვერსიის გავრცელება.
- ელისაშვილი ამბობს, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო ასეთი ვერსიის მოსმენა და ყველაფერი ჟურნალისტებისგან გაიგო.
- არაფერი არ გაუგია ჟურნალისტებისგან. ნახეთ, ყველაფერი როგორ დალაგდა - ამ თემაზე საუბარი დაიწყო შალვა პაპუაშვილმა, შემდეგ ორკესტრირებულად აჰყვა ელისაშვილი და მაბრალებს იმას, რასაც თავად აკეთებს. ერთხელ მე, უფრო სწორად, მე და მანანა კობახიძემ, უკვე მოვუგეთ პროცესი ზუსტად ასეთი ცილისწამების გამო. ადამიანი ყოველგვარი ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე გვწამებდა ცილს. მესიჯებს მწერდნენო, ჩვენზე ამბობდა. რომ უთხრეს, წარმოედგინა, მისი პასუხი იყო, წამეშალაო. ხომ წარმოგიდგენიათ როგორი აბსურდია? ახლაც იმავეს იმეორებს. მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტპატიმრებს, გამოდის, ისინი ციხიდან მხოლოდ იმიტომ გამოვიდნენ, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს. ან რომელიმე პატიმარი მხოლოდ იმიტომ გამოვიდა ამნისტიით, რომ პარლამენტში მოვიდა და ფული გადაგვიხადა? გასცეს ახლა ბრალდებებს პასუხი, იყო თუ არა ვაჭრობის შედეგი "ქართული ოცნების" ამნისტია. მე პატიმრებისთვის ბევრი მაქვს გაკეთებული და მომავალშიც გავაკეთებ. მაშინ ელისაშვილს ამ ცრუბრალდებების გამო კომპენსაციის გადახდამაც მოუწია. ახლა უფრო მეტად მოვთხოვ პასუხს. მაშინ საჯარო მოხელე ვიყავი, თმენის ვალდებულება მქონდა და ვერ მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა. ახლა თმენის ვალდებულება აღარ მაქვს და ვურჩევ, ძალიან ფრთხილად იყოს!
- პაპუაშვილი თქვენგან განმარტებას ითხოვს, პოლიტიკოსი ხართ თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. მისი თქმით, თქვენი ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება და თუკი უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანი, მით უმეტეს, შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი გახდება, ეს უფრო დიდი დარღვევა იქნება.
- დიახ, მოვისმინე მისი ნასროლი სულელური ფრაზები. კი ბატონო, ვუპასუხებ, "მართლმსაჯულების სახლი", რომელზეც ის საუბრობს, საქველმოქმედო პროექტია, რომელსაც პირადად მეც ვაფინანსებ და USAID-იც. ეს არის საჩუქარი პროფესიონალებისთვის, რომელთაც სამართლის სფეროში ვამზადებთ, რათა ქვეყნის სასამართლოში კლანი არ იყოს, იყვნენ წესიერი იურისტები და მოხელეები. არც ამ და არც ერთ სხვა რომელიმე პროექტში არანაირ ანაზღაურებას არ ვიღებ. ლექციებს ქველმოქმედებით ვატარებ და შემიძლია პაპუაშვილსაც შევთავაზო ისარგებლოს. ძალიან წაადგებოდა, აშკარად სჭირდება, იმიტომ, რომ ისიც კი არ იცის, რომელ ინსტიტუციას წარმოადგენს. ჩემი დაწერილი სამაგიდო წიგნი, რომელიც პარლამენტს დავუტოვე, მოიკითხოს და წაიკითხოს, გამოადგება! მე ყველაფერს გამჭვირვალედ ვაკეთებ. თავიანთი შავი სალარო მოიკითხონ პაპუაშვილმაც, ელისაშვილმაც და ოხანაშვილმაც. გაასაჯაროონ ერთი ყველაფერი.
- რისთვის დასჭირდათ თქვენს წინააღმდეგ ახლა ანტიკამპანიის წამოწყება?
- ალბათ, იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვიცავ. სხვა რომ ვერაფერი მინახეს, ეს ყავლგასული ცრუბრალდებები გაიხსენეს. ელისაშვილზე სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ ის ცილისმწამებელია. კაცი, რომელმაც ერთხელ უკვე მომიბოდიშა, იმავეს მაბრალებს. აბა, მანანა კობახიძეზე თქვას რამე! ეს არის ცილისმწამებელი, სულგაყიდული, ფარისეველი ადამიანი, "ოცნებამ" იყიდა და ახლა როგორც მოუნდება, ისე ათამაშებს. ელისაშვილი, ოხანაშვილი, პაპუაშვილი - ნახეთ, როგორ დალაგდა სახელისუფლებო სამეული. მე მხოლოდ მეცინება ამ უბადრუკებზე, ვისაც მათი სჯერა, დღედაღამ მათი ყურება არ მოაკლოს ღმერთმა.
ხათუნა ბახტურიძე