"ისევ ვადასტურებ, რომ ბესელია პატიმრების ბედით ვაჭრობდა, მთელი თავისი ცხოვრება ფულს აკეთებდა" - კვირის პალიტრა

"ისევ ვადასტურებ, რომ ბესელია პატიმრების ბედით ვაჭრობდა, მთელი თავისი ცხოვრება ფულს აკეთებდა"

„ნამდვილად არ მინდა ნავალნის ბედის გაზიარება“

"ნავალნის ბედი სანატრელი მექნება,­ ისეთ დღეში ჩამაგდებენ რუსები, თუ დამიჭი­რეს, მაგრამ რა ვქნა, მეამაყება ეგ ამბავი!" - ასე ეხმაურება პარტია "მოქალაქე­ების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, ერთი მხრივ, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს, და მეორე მხრივ, ნავალნის მკვლელობის­ ფაქტს­. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა­ რუსული საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, "მედიაზონამ" მოიპოვა რუსეთის შსს-ს დოკუმენტები, სადაც მათ სხვადასხვა ქვეყნის­ მოქალაქეების ძებნა აქვთ გამოცხადებ­ული, რადგან მათ რუსეთის მტრებად მიიჩნევენ. აპსნყ-ს მიხედვით, სიაში მოხვდნენ ალეკო ელისაშვილი და ირაკლი ოქრუაშვილიც, ასევე, საქართველოს სხვა მოქალაქეები.

- ჩემი ქვეყნის ოკუპანტმა, კაცობრიობის მტერმა, მე, ალეკო ელისა­შვილი, ოფიცი­ალურად მაღიარა მტრად. ეს დიდი მიღწევაა და ძალიან ამაყი ვარ, თუმცა უფრო ფრთხილიც გავხდი, დავრწმუნდი, რომ რუსეთში არ უნდა ჩავიდე, სანამ ცოცხალი ვარ. ისედაც რა ჯანდაბა მინდოდა იქ და მით უფრო, ახლა. ნამდვილად არ მინდა ნავალნის ბედის გაზიარება.

- ფიქრობთ, რომ ის პუტინმა მოკლა?

- რა თქმა უნდა, ერთხელ მოწამლა და მეორედ სული ამოხადა ჯან-ღონით სავსე კაცს. ფაქტია, მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ არ დამვიწყებია, რა ეპითეტებით გვამკობდა ქართველებს­, აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება და თბილისის დაბომბვა რომ უნდოდა, მაგრამ მტერსაც უნდა აღიარება. ვაჟკაცი ბიჭი იყო და სერიოზულ თავსატეხად იქცა პუტინისთვის. ერთხელ მოწამლა, მეორედ კი წამებით­ ამოხადა სული. რა თქმა უნდა, კრემლში ამას არ აღიარებენ, მაგრამ ფაქტია, გატეხეს, მოკლეს. ნახეთ, როგორი ერია, წამებით ამოხადეს ადამიანს სული მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი ჰქონდა. ერთი იმათ ტვინში ჩამახედა, ვისაც რუსეთი საქართველოში უნდა. ძალიან ვწუხვარ, რომ რუსების პირისპირ ფრონტზე ყოფნის შესაძლებლობა მხოლოდ ოთხი დღით მომეცა. უფრო მეტი რუსი ოკუპანტი უნდა მომეკლა, მაგრამ რას ვიზამთ, არმიას თავისი წესები აქვს.

- რაც შეეხება ქართულ პოლიტიკას, რატომ გადაეკიდეთ ეკა ბესელიას? ჯერ კიდევ 2016 თუ 2017 წელს, როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყავით, კორუფციაში­ დაადანაშაულეთ და საჯაროდ განაცხადეთ, რომ ამა თუ იმ პატიმრის ინტერესების გატარების მიზნით სატელეფონო შეტყობინებებს გიგზავნიდათ. მაშინ ბესელიამ გიჩივლათ და სასამართლოც მოგიგოთ.

- ძალიან კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას აღადგენს. დიდი შეცდომა დაუშვა ამ კომისიის გაუქმებით და ამის გამო დიდ შარშიც გაეხვია - ხან პოლიციის მკვლელები­ შეიწყალა­ და ხან გამოუსწორებელი ბოროტმოქმედები. შესაბამისად, კომისიის აღდგენას მივესალმები, მაგრამ კატასტროფა იქნება, თუ თავმჯდომარედ ეკა ბესელიას დანიშნავს. ისევ ვადასტურებ, რომ ბესელია პატიმრების ბედით ვაჭრობდა, მთელი თავისი ცხოვრება ფულს აკეთებდა. ერთხელ რაღაცას გემოს რომ გაუსინჯავ, მერე სულ გინდა, მით უფრო, როდესაც იოლად იშოვება ფული. ახლაც ერთი სული აქვს, როდის მიეცემა ფულის კეთების საშუალება, შორიდან უტრიალებს ამ ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდეს, ასეთ შარში თავის თავს, ქვეყანას, პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს ნუ გახვევს. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, მაშინ ბესელია "ქართული ოცნების" გავლენიანი ლიდერი იყო და ყველაფერი ჩაიფარცხა. მურუსიძის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, ტვინში სისხლი ჩამიქციეს.

- ბესელია ამბობს, რომ პატიმრების ბედით სწორედ თქვენ ვაჭრობდით, ახლა კი "ქართული ოცნების" დაკვეთას ასრულებთ მისი დისკრედიტაციის მიზნით. ბესელია იმასაც ამბობს, რომ ცილისწამების გამო შესაძლოა კიდევ გიჩივლოთ.

- ბესელიას ბრალდებას არანაირი საფუძველი არა აქვს. გული გამისკდა, კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ეკა ბესელიას სავარაუდო დანიშვნის ამბავი რომ გავიგე. ძალიან მინდა ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ მექრთამეებით, "ნაციონალებითა" და რუსეთუმეებით არა.

- გაქვთ მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს?

- გამორიცხულია. გასაგებია, რომ სააკაშვილს ძალიან უნდა ციხიდან გამოსვლა, მაგრამ ვერ გამოვა, სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებს. თქვენც ხომ იცით, ორი ბრალი აქვს წაყენებული, რომელზედაც განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ. თუ ზურაბიშვილი შეიწყალებს, სამართალდამცავები კარში დახვდებიან და უკან შეატრიალებენ. მე ის მაინტერესებს, ვინ აიმედებს პატიმარ კაცს ასეთ აბსურდში. ამდენი პროკურორი, იუსტიციის მინისტრი და სხვა სერიოზული თანამდებობის ხალხი ჰყავს გუნდში. მათ არ იციან, რომ ზურაბიშვილს მისი შეწყალება არ შეუძლია?

- რას იტყვით ზურაბიშვილის ინიციატივაზე "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის"?

- მე ძალიან მინდა ასეთი ერთობა შედგეს, თუმცა ძალიან მკაფიო წითელი ხაზები მაქვს, მაგრამ არ მინდა წინასწარ ულტიმატუმებით ვილაპარაკო. ჩემთვის სამუშაო პროცესი უფრო საინტერესოა. მე და ჩვენი პარტია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გამოვიდეს, თუმცა დიდი იმედი არა მაქვს.

- რატომ?

- მთავარი პრობლემა ისევ ქართველი პოლიტიკოსების ამბიციებია. მეც მაქვს ამბიცია, ამპარტავნება, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს. ძალიან ბევრი რამისთვის ვარ მზად, დაველოდოთ პროცესს და ვიტყვი კიდეც, რისთვის ვარ მზად, რა შეიძლება გავაკეთო ერთობისთვის, მაგრამ არა ყველასთან. როგორც უკვე გითხარით, მექრთამეებთან, პრორუსებსა და "ნაცმოძრაობასთან" მე საქმე არა მაქვს. მივქარე და ვიჯექი იმ ფანჩატურში. მე თვითონ ვედროთი დიდი მონდომებით ტალახს ვისხამდი თავზე, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მე სწორი დასკვნა მაინც გამოვიტანე და იმავე წუმპეში შესვლას აღარ ვაპირებ.

ხათუნა ბახტურიძე