ნავალნის დასასრული: სიკვდილი „პოლარულ მგელში“ - ლიკვიდაცია თუ ბუნებრივი სიკვდილი?!
კრემლის ბინადარ ვლადიმირ პუტინის შიდაოპოზიცია, ფაქტობრივად, განადგურებულია. ალექსეი ნავალნი, რომელსაც პერსპექტივაში, მეტ-ნაკლებად შეეძლო რეჟიმთან ბრძოლა, საპროტესტო აქციების ორგანიზება, კოლონიაში გარდაიცვალა...
რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ნავალნი ციხის ეზოში სეირნობისას მოულოდნელად ცუდად გახდა, გონება დაკარგა და გარდაიცვალა. რუსი ოპოზიციონერი სასჯელს გამოსასწორებელ კოლონია #2-ში იხდიდა, რომელსაც "პოლარულ მგელს" და "ტროიკასაც" უწოდებენ. კოლონია პოლარული წრის იქით მდებარეობს, იამალო-ნენეცკის ავტონომიურ ოლქში, დასახლებულ პუნქტ ხარპში. ის 1961 წელს გაიხსნა. მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელია პოლკოვნიკი ვადიმ კალინინი.
კოლონია #3 "წითელ ზონადაა" ცნობილი, სადაც კრიმინალის გავლენა შეზღუდულია. აქ მთელი მეთოდოლოგია აქვთ, რომ პატიმარს წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც კი დაუკარგონ. ზამთარში იქ მინუს 40 გრადუსია და ათ წუთში შეიძლება იმ ქვეყნად წერილი წაიღო, ზაფხულში კი კოღოების არმიების შემოსევაა. ნავალნი ამ ზონაში ვოლოგდის კოლონიიდან გადაიყვანეს.
მოკლეს თუ ეს ბუნებრივი სიკვდილი იყო?! ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცით, მოწამლეს თუ არა კოლონიაში ნავალნი (ადამიანების ასეთი გზით საიქიოს გასტუმრება პუტინისტური რუსეთის ხელწერაა). თუმცა ნავალნის სიკვდილი ლამის დაპროგრამებული იყო. კერძოდ, შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი 2020 წლის 20 აგვისტოს სასტუმროში "ნოვიჩოკით" მოწამლეს. ის ოთხი წლის წინ, პრინციპში, მკვდარი უნდა ყოფილიყო. კერძოდ, ნავალნი ცუდად თვითმფრინავში გახდა და ძალიან დაემთხვა ერთმანეთს ეკიპაჟის სასწრაფო რეაგირება და ქალაქ ომსკის ექიმების ასევე ოპერატიული მუშაობა.
ნავალნის მსგავსი ფიგურების ლიკვიდაციის ოპერაციები არ ტარდება პირადად პუტინის მითითების ან თანხმობის გარეშე. ოთხი წლის წინ რუსი ოპოზიციონერი გადარჩა. ის ბერლინში გადაიყვანეს და ძლივს დააყენეს ფეხზე. თუმცა ნავალნიმ რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა. მას ეუბნებოდნენ, არწმუნებდნენ, სთხოვდნენ, რომ არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომლის ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებით "ნოვიჩოკით" დაგდევენ. თუმცა ნავალნიმ არ გადაიფიქრა...
სავარაუდოდ, ნავალნის გათვლა იმაზე ჰქონდა, რომ მისი ლიკვიდაციის ჩაშლის შემდეგ პუტინი დიდ საერთაშორისო სკანდალს მოერიდებოდა და, ბოლოს და ბოლოს, "მეორედ აღარ მოკლავდა". გარდა ამისა, მას ჰქონდა დიდი პოლიტიკური გეგმები და შესაბამისად, საზღვარგარეთ დარჩენით ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა - საზღვარგარეთ მყოფი პოლიტიკოსის მოღალატედ გამოცხადება უფრო ადვილია პუტინის პროპაგანდისთვის.
2021 წლის 17 იანვარს ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა, სადაც აეროპორტშივე აიყვანეს. რუსი ოპოზიციონერისთვის ერთ წელიწადში ის შეიცვალა, რომ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და შესაბამისად, პუტინმა ფეხებზე დაიკიდა საერთაშორისო არენაზე კეთილშობილი სახით პოზირება. ამიტომაც სულაც არ არის გამორიცხული, რომ დიახ, რომელიღაც მომწამვლელი ნივთიერებით კოლონიაში ნავალნი მოკლეს. მეორეც - აუცილებელი არ არის, ადამიანი პირდაპირი ჩარევით მოკლა. მას შეგიძლია შეუქმნა ისეთი პირობები, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეს ლეტალურ შედეგს. ყოველ შემთხვევაში, ნავალნის სიკვდილი პუტინის მესიჯია, პირველ რიგში, რუსეთის მოსახლეობისთვის - "სხვაგვარად მოაზროვნეები" ცუდად დაამთავრებენ, ვინც არ უნდა იყოთ თქვენ და რომელი პოლიტიკური წრეებიც არ უნდა გგულშემატკივრობდნენ.
რატომ ეშინოდა პუტინს ნავალნის?!
პუტინს რუსეთში, პრინციპში, ოპოზიცია არ ჰყავს. დიახ, იქ არის რამდენიმე პარტია, მაგრამ ისინი თავიანთ ბელადად მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ბინადარს აღიარებენ. ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში უკვე იმ დონემდე მივიდა მდგომარეობა, რომ უკვე კრემლი არჩევს, თუ ვინ იქნება პუტინის "კონკურენტი" საპრეზიდენტო არჩევნებში. რუსეთში პოლიტიკასთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებული ყველა სფერო ტოტალურად კონტროლდება.
თუმცა პუტინი ვერ აკონტროლებდა ნავალნის. პირველად კრემლის ბინადარმა შიში ჭამა 2013 წელს, როდესაც მოსკოვის მერის არჩევნებში 27,24% მიიღო. ეს იმის ფონზე, რომ კრემლის მთელი პროპაგანდისტული მანქანა მთელი ძალით მუშაობდა მის წინააღმდეგ. მოსკოვის მერის არჩევნების შემდეგ ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას, თუმცა რუსულმა ცენტრალურმა კომისიამ ყველა გზა გადაუკეტა (ელემენტარულად, არ არეგისტრირებდნენ კანდიდატად). ქარიზმატულ, ახალგაზრდა ლიდერში, რომელსაც შეეძლო მასებთან ურთიერთობა, პუტინი, სავარაუდოდ, საფრთხეს ხედავდა.
გარდა ამისა, ნავალნიმ კარგად იცოდა რუსული ელიტური კორუფციული სქემები და მასალებზე მუშაობა. მისთვის, რა თქმა უნდა, ფედერალური არხები დახურული იყო, თუმცა ნავალნიმ მოახერხა სოცქსელში პლატფორმების შექმნა, სადაც აქვეყნებდა მასალებს არა ზოგადად კორუფციაზე, რაც მაინცდამაინც არ აღელვებს რუსულ პოლიტელიტას, არამედ პირადად პუტინზე, მედვედევზე, შოიგუზე და ა.შ. თვალსაჩინოებისთვის - ნავალნის გუნდის მიერ სამი წლის წინ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს "პუტინის სასახლე" (გელენჯიკში აშენებულ აპარტამენტებზე, რომელზეც მილიარდები დაიხარჯა), "იუთუბზე" 129 მილიონი ნახვა აქვს. მშვიდობიანობის დროს რასაც იპარავდნენ, იპარავდნენ, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, ომის დროს რუსული ელიტა რამდენს ჩაიჯიბავდა?! შესაბამისად, კოლონიაში გამომწყვდეული ნავალნი, რომელიც ადვოკატების მეშვეობით მაინც ახერხებდა თავის გუნდთან კონტაქტს, არ იყო განეიტრალებული.
მოხდება თუ არა რუსეთში რაიმე ძვრები ან აღზევდება თუ არა საპროტესტო მოძრაობა ნავალნის სიკვდილის შემდეგ?! თქვენი მონა-მორჩილის აზრით, არა. პირიქით, შიში უფრო გაიზრდება და ჯანსაღად მოაზროვნე რუსეთის მოქალაქეები ან გაიქცევიან საზღვარგარეთ, ან კიდევ უფრო ჩაიმალებიან თავიანთ სოროებში.
ქართული "ხინჯი"
სოცქსელებში არაერთხელ გაიხსენეს, თუ რა უწოდა ნავალნიმ ქართველებს 2008 წლის აგვისტოს ომისას. შეგახსენებთ, რომ ის საქართველოს სრულ ბლოკადას და რუსეთიდან ქართველი ეროვნების მოქალაქეების დეპორტაციასაც ითხოვდა. თუმცა ნავალნი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია იმ რუსებიდან, რომლებსაც საქართველოსთვის ბოდიში მოუხდიათ. პირველად ეს 2013 წელს გააკეთა. თუმცა მაშინ განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ პოზიცია არ შეუცვლია და თუ ის რუსეთის პრეზიდენტი გახდებოდა, სამხედრო ბაზებს იქიდან არ გაიყვანდა. ორიოდე წლის წინ უკვე ციხეში მყოფმა ნავალნიმ ბოდიში საბოლოოდ მოიხადა და ამჯერად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ უკვე აღარ დაუყენებია.
"მე ჩემდა სამარცხვინოდ ძალიან ცუდად მესმოდა ქართული პოლიტიკა და შემეძლო რაღაც ისე არ მეთქვა. ასევე, ჩემდა უფრო მეტად სამარცხვინოდ, იმის გავლენის ქვეშ, რომ ჩემი მეგობარი ცხინვალში დაბომბვაში მოყვა, 2008 წელს გამოვაქვეყნე შეურაცხმყოფელი პოსტი ქართველებზე. ამის გამო ბოდიში მოვიხადე და კვლავ ბოდიშს ვიხდი", - წერდა ნავალნი.
არაპოლიტიკური კანონპროექტი
ორიოდე სიტყვა ქართულ საკითხებზეც ვთქვათ... ძალიან კარგია, როდესაც რომელიმე არაპოლიტიკური კანონპროექტი ან ინიციატივა მძაფრი განხილვის საგანი ხდება ხოლმე. კერძოდ, ეს არის ნიშანი, უფრო ზუსტად, სურვილი, რომ შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს თავი დავაღწიოთ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკა ყველას და ყველაფერს ჭამს. დიახ, პოლიტიკა სუფევს ყველგან და ყველაფერში და ამ დროს საზოგადოებას შესაძლოა გამორჩეს მნიშვნელოვანი საკითხები ჯანდაცვაში, ეკოლოგიაში, სატრანსპორტო საკითხებში და ა.შ.
გასულ კვირას საზოგადოება კამათობდა კანონპროექტზე შინაური ცხოველების შესახებ. ყველაზე მძაფრი ჰაი-ჰუი ატყდა კანონპროექტის შემდეგ მუხლებზე: თუ ძაღლს ან კატას ქუჩაში გააგდებთ, 3000 ლარით დაჯარიმდებით; თუ სამზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა გსურთ, მეზობლების თანხმობაა საჭირო; იკრძალება ძაღლებისა და კატების მიკედლება ბაღის, სკოლის, სპორტული და საბავშვო მოედნების, მეტროპოლიტენის, ბაზრისა და სამედიცინო კლინიკების ტერიტორიებზე. ცხოველების მოყვარულთა ნაწილმა ეს რეგულაციები ლამის აპოკალიფსად მონათლა, რაზეც "მეორე მხარისგან" მიიღეს პასუხი, რომ მაწანწალა ძაღლებისგან უკვე საშველი არ არის.
თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, კანონპროექტს უნდა შევხედოთ "ზემოდან", რადგან იდეაში მისი მიზანი ხომ ის არის, მაწანწალა ცხოველები აღარ იყვნენ თბილისის ქუჩებში (ხაზს ვუსვამთ - ეს უნდა მოხდეს ჰუმანურად და არა "ყასაბურად"). "შევსებას" ქუჩები სწორედ ზოგიერთი ჩვენი იმ თანამოქალაქის გამო იღებს, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს მოჰბეზრდა ცხოველი (ან ოჯახის რომელიმე წევრს ალერგია აღმოაჩნდა) და გააგდო გარეთ. 3000 ლარი არ არის პატარა ჯარიმა და, დიდი ალბათობით, ჩვენი თანამოქალაქეები ჯერ კიდევ მაშინ დაფიქრდებიან კარგად, სანამ ცხოველის სახლში მიყვანას გადაწყვეტენ. ასევე, ზემოთ ჩამოთვლილი ტერიტორიები, სადაც იდეაში ცხოველების მიკედლება უნდა აიკრძალოს, ტრადიციულად, თბილისში ის ადგილებია, სადაც თავს იყრიან მიუსაფარი ძაღლები და კატები. იმ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ღამით, გავლა კი ლატარიაა, რადგან ზოგი მშვიდია, ზოგი კი გააგრესიულდება ხოლმე. რაც შეეხება "მეზობლების საკითხს", კანონპროექტში წერია: მეზობლების უმრავლესობა და არა ყველა. შესაბამისად, თუ მეზობელთა უმრავლესობამ ანგარიში არ გაგიწია, პრობლემა ან შენშია, ან მათში და ჯობს, სახლი გაყიდო და უფრო კეთილმოსურნე გარემოში გადახვიდე.
თუ გვინდა ევროპული მოდელი საქართველოს ქალაქებშიც გადმოვიტანოთ, ის უნდა შეეხოს ყველა სფეროს, მათ შორის ცხოველებსაც. გვახსოვს, როდესაც მანქანაში ღვედის ტარების რეგულაცია შემოვიდა, მაშინაც დიდი ვნებათაღელვა იყო. თუმცა არა უშავს, მივეჩვიეთ და დღეს მის გარეშე უკვე წარმოუდგენლად მიგვაჩნია ქუჩაში გასვლა.
გიორგი კვიტაშვილი